Facebook Twitter

¹ბს-987-980(კ-11) 21 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 25 ოქტომბერს ვ. გ-ოვმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2010 წელს მიმართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას/საკრებულოს და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73-ე ბრძანებულების საფუძველზე, ქ. ზესტაფონში ... ¹4-ში მდებარე ბინის პრივატიზება მოითხოვა. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მან წარადგინა მხოლოდ ბინაში ჩაწერის ბარათი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის მიერ წარდგენილი ჩაწერის ბარათი ვერ გაიცემოდა, ბინაში შესახლების თაობაზე გაცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ბინის ორდერის გარეშე. შესაბამისად, მისი განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებდა მის კანონიერ მფლობელობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 19 აგვისტოს ¹1183 გადაწყვეტილების და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, აგრეთვე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის (გამგებლისათვის) ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება და ბინის მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა.

2010 წლის 7 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე ვ. გ-ოვმა მესაკუთრედ ცნობის ნაწილში გაიხმო სარჩელი და ამ ნაწილში მისი სარჩელი დარჩა განუხილველი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ვ. გ-ოვის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 19 აგვისტოს ¹1183 პასუხი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება; მოპასუხეს _ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს ქ. ზესტაფონში, ... ქ. ¹4-ში მდებარე ბინა ¹3-ის ვ. გ-ოვისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.