¹ბს-998-990(კ-11) 21 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 17 დეკემბერს დ. წ-ურმა, რ. ტ-ძემ, ჯ. ვ-ოვამ, ქ. დ-შვილმა, თ. დ-ძემ, შ. შ-ძემ და გ. ჩ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მათ სასარგებლოდ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. წ-ურის, რ. ტ-ძის, ჯ. ვ-ოვას, ქ. დ-შვილის, თ. დ-ძის, შ. შ-ძისა და გ. ჩ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ. წ-ურის სასარგებლოდ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასის _ 140 ლარისა და 51 თეთრის, 1999 წლის ხელფასის _ 203 ლარისა და 67 თეთრის, 2000 წლის ხელფასის _ 211 ლარისა და 40 თეთრის ანაზღაურება, რ. ტ-ძის სასარგებლოდ 1998 წლის ხელზე გასაცემი ხელფასის _ 223 ლარისა და 61 თეთრის, 1999 წლის ხელფასის _ 381 ლარისა და 90 თეთრის, 2000 წლის ხელფასის _ 396 ლარისა და 26 თეთრის ანაზღაურება, ჯ. ვ-ოვას სასარგებლოდ 1998-1999 წლების ხელფასის _ 277 ლარისა და 92 თეთრის ანაზღაურება, ქ. დ-შვილის სასარგებლოდ 1998-1999 ხელფასის 50 ლარის ანაზღაურება, თ. დ-ძის სასარგებლოდ 1998-2000 წლების ხელფასის _ 397 ლარისა და 92 თეთრის ანაზღაურება, შ. შ-ძის სასარგებლოდ 1998 ხელფასის 202 ლარისა და 12 თეთრის, 1999 წლის ხელფასის _ 241 ლარისა და 27 თეთრის, 2000 წლის ხელფასის _ 205 ლარისა და 91 თეთრის ანაზღაურება, გ. ჩ-ძის სასარგებლოდ 1998 წლის ხელფასის _ 117 ლარისა და 64 თეთრის, 1999 წლის ხელფასის _ 211 ლარისა და 80 თეთრის, 2000 წლის ხელფასის _ 210 ლარისა და 86 თეთრის ანაზღაურება დაეკისრა; მოსარჩელეებს პრემიის, ჯილდოს, კვების კომპენსაციის, დახმარებისა და დანამატის ანაზღაურებაზე უარი ეთქვათ ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. წ-ურმა, რ. ტ-ძემ, ჯ. ვ-ოვამ, ქ. დ-შვილმა, თ. დ-ძემ, შ. შ-ძემ და გ. ჩ-ძემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში; დ. წ-ურის, რ. ტ-ძის, ჯ. ვ-ოვას, ქ. დ-შვილის, თ. დ-ძის, შ. შ-ძისა და გ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება პრემიის, ჯილდოს, კვების კომპენსაციის, დახმარების, დანამატის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. წ-ურის, რ. ტ-ძის, ჯ. ვ-ოვას, ქ. დ-შვილის, თ. დ-ძის, შ. შ-ძისა და გ. ჩ-ძის სარჩელი პრემიის, ჯილდოს, კვების კომპენსაციის, დახმარების, დანამატის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ. წ-ურის სასარგებლოდ პრემიის სახით 492,06 ლარის, მატერიალური დახმარების სახით 129,24 ლარის, დანამატის სახით 127,39 ლარის, რ. ტ-ძის სასარგებლოდ პრემიის სახით 274,64 ლარის, მატრიალური დახმარების სახით 117,92 ლარის, დანამატის სახით 22,97 ლარის, ჯ. ვ-ოვას სასარგებლოდ ფულადი ჯილდოს სახით 166,02 ლარის, მატერიალური დახმარების სახით 36,58 ლარის, ქ. დ-შვილის სასარგებლოდ ფულადი ჯილდოს სახით 160,25 ლარის ანაზღაურება, მატერიალური დახმარების სახით 33,35 ლარის, თ. დ-ძის სასარგებლოდ ფულადი ჯილდოს სახით 156,14 ლარის, მატერიალური დახმარების სახით 32,70 ლარის, შ. შ-ძის სასარგებლოდ პრემიის სახით 258,60 ლარის, მატერიალური დახმარების სახით 170,20 ლარის, დანამატის სახით 200,54 ლარის, გ. ჩ-ძის სასარგებლოდ პრემიის სახით 156,47 ლარის, მატერიალური დახმარების სახით 28,88 ლარის და დანამატის სახით 142,31 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; დ. წ-ურის, რ. ტ-ძის, ჯ. ვ-ოვას, ქ. დ-შვილის, თ. დ-ძის, შ. შ-ძისა და გ. ჩ-ძის სარჩელი კვების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რ. ტ-ძის სასარგებლოდ 80 ლარის და დ. წ-ურის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა დაეკისრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება საადვოკატო ხარჯების დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.