¹ბს-1013-1005(კს-11) 21 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ ნ. და რ. ს-ძეები
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი _ დ. მ-შვილი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 5 ოქტომბერს კ. ს-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ თბილისის სააღსრულებო ბიუროს, შპს «...», თბილისის ნოტარიუსის _ ე. შ-შვილის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, შპს «...», თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ო. ჩ-შვილის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ადვოკატის _ გ. გ-ძის, იპოთეკარის _ გ. მ-შვილისა და მესამე პირის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოტანილი სააღსრულებო ფურცლის, აუდიტორული შეფასების, იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელე კ. ს-ძის სარჩელი შპს «...», თბილისის ნოტარიუსის _ ე. შ-შვილის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს, შპს «...», თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ო. ჩ-შვილის, ადვოკატის _ გ. გ-ძის, გ. მ-შვილის და მესამე პირის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოტანილი სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის, აუდიტორული შეფასების ბათილად ცნობის თაობაზე საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება დ. მ-შვილი.
2006 წლის 4 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქმის სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ან დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ან დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 მარტის განჩინებით განახლდა მოცემული საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით თბილისის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დამთავრებამდე შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით განახლდა მოცემული საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით კ. ს-ძის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება; კ. ს-ძის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ნ. და რ. ს-ძეები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქმის განხილვაში თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფლებამონაცვლედ ჩაება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ს-ძის უფლებამობამონაცვლეების _ ნ. და რ. ს-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და რ. ს-ძეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 მარტის განჩინებით ნ. და რ. ს-ძეების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 7 დღე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინებით ნ. და რ. ს-ძეებს 5 დღით გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებით ნ. და რ. ს-ძეების სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტების წარმომადგენელს ნ. ს-ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2011 წლის 27 აპრილს ჩაბარდა, შესაბამისად, ხარვეზის შევსების 5 _ დღიანი ვადა 2011 წლის 2 მაისის 24 საათზე ამოიწურა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2011 წლის 4 მაისს ნ. და რ. ს-ძეების წარმომადგენლმა _ მ. ა-შვილმა ფოსტის მეშვეობით განცხადებით მიმართა სასამართლოს. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განცხადების ფოსტაში ჩაბარების თარიღად მითითებული იყო 2011 წლის 3 მაისი, რაც დასტურდება კონვერტზე არსებული ფოსტის ბეჭდით (ს.ფ. 29).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლზე და განმარტა, რომ საპროცესო მოქმედება სრულდებოდა კანონით დადგენილ ვადაში. თუ საპროცესო ვადა კანონით არ იყო დადგენილი, მას განსაზღვრავდა სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახამად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდებოდა კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ; საჩივრები ან საბუთები, რომლებიც შეტანილი იყო საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩებოდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განჩინებით განსაზღვრული ვადა 2011 წლის 2 მაისს იწურებოდა, ხოლო მხარის მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ფოსტას 2011 წლის 3 მაისს ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი 5 დღიანი ვადის დარღვევით ჩაბარდა, რაც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ნ. და რ. ს-ძეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტებმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ფოსტას 2011 წლის 3 მაისს ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დარღვევით წარუდგინეს.
კერძო საჩივრის ავტორებმა აღნიშნეს, რომ მათ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ფოსტას 2011 წლის 2 მაისს ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინეს, რაც დასტურდებოდა შპს «...» მიერ გაცემული ქვითრების ასლებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით ნ. და რ. ს-ძეების კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ნ. და რ. ს-ძეების კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინების ასლი ნ. და რ. ს-ძეების წარმომადგენელს ნ. ს-ძეს 2011 წლის 27 აპრილს ჩაბარდა (ტ. II, ს.ფ. 14), შესაბამისად, ნ. და რ. ს-ძეებს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების წარდგენის უფლება 2011 წლის 2 მაისის ჩათვლით ენიჭებოდათ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორების მიერ საქმეში წარმოდგენილი შპს ,,...“ მიერ გაცემული ქვითრების ასლების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის გზავნილი ფოსტას 2011 წლის 2 მაისს ჩაბარდა (ტ. II, ს.ფ. 41).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ. და რ. ს-ძეების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ხელახლა უნდა შეამოწმოს, ვინაიდან, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოიკვლიოს ახალი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. და რ. ს-ძეების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. და რ. ს-ძეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.