Facebook Twitter
¹ბს-886-879(კს-11) 5 ივლისი, 2011 წელი

¹ბს-886-879(კს-11) 5 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველო

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ა-ი

დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 5 აგვისტოს მ. ა-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების _ 796,36 ლარის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 1-9; ტ.I).

მ. ა-შვილის სარჩელი არ ცნო მოპასუხე შსს ქ. თბილისის მთავრმა სამმართველომ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 28-35; ტ.I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ა-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შსს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 383,36 ლარის ოდენობით, ხოლო 1998-1999 წლების კვების კომპენსაციის სახით – 413 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი (იხ. ს.ფ. 36-41; ტ.I).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-შვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება 1998-2000 წლების კვების კომპენსაციის – 413 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 43-51; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ა-შვილის სარჩელი კვების ულუფის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა; შსს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კვების კომპენსაციის ანაზღაურება 413 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 9-15; ტ.II).

2011 წლის 3 თებერვალს შსს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტება _ უნდა მოხდეს თუ არა კვების კომპენსაციის თანხიდან _ 413 ლარიდან კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გამოკლება (იხ. ს.ფ. 19; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს განცხადება დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: მოპასუხე საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს მოსარჩელე მ. ა-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა კვების კომპენსაციის ანაზღაურება 413 ლარის ოდენობით, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 262-ე მუხლით და განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების მიზანია არ შეფერხდეს მისი აღსრულება. შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია მხარეთა ან აღმასრულებლის, ანუ იმ პირების მოთხოვნით, ვინც მონაწილეობას იღებენ გადაწყვეტილების აღსრულებაში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა 1998-1999 წლების კვების ფულადი კომპენსაციის – 413 ლარის ანაზღაურება. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული 2010 წლის 14 ივნისის ¹218605 ცნობის თანახმად, მოსარჩელის მიმართ არსებული ასანაზღაურებელი კვების ულუფა შეადგენდა 413 ლარს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით.

სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის განმარტების შესახებ, რაც განიმარტა შემდეგნაირად: მოპასუხე საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს მოსარჩელე მ. ა-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999 წლების კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურება 413 ლარის ოდენობით, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით (იხ. ს.ფ. 20-23; ტ.II).

შსს ქ. თბილისის მთავარმა სამმართველომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი განჩინებით სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის განმარტება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება საქმეში წარმოდგენილ ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2010 წლის 14 ივნისის ¹218605 ცნობას, რომლის თანახმად, მ. ა-შვილისათვის დაკმაყოფილებული 413 ლარი წარმოადგენს 1998-1999 წლების კვების ულუფის კომპენსაციას დარიცხული ოდენობით, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. აღსრულების პროცესში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით დაკმაყოფილებული კვების ულუფის კომპენსაციიდან _ 413 ლარიდან უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული გადასახადების დაანგარიშება და დაქვითვა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ 2011 წლის 4 მარტის განჩინებით გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის განმარტებით პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა (იხ. ს.ფ. 28-29; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის სწორი გაგება საჭიროებს თავად სასამართლო აქტის სტრუქტურისა და მისი შინაარსის გადმოცემის სამართლებრივი კულტურის სტანდარტის სწორ გაანალიზებას. საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა პასუხობდეს გარკვეულ მოთხოვნებს. იგი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული, აგრეთვე, უნდა პასუხობდეს უფრო კონკრეტულ მოთხოვნებსაც, სასამართლო აქტი უნდა იყოს სრული, ამომწურავი. მისი შინაარსი ისე მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს, რომ გამოირიცხოს სასამართლო დასკვნებისა და დადგენილების ორაზროვნება, ბუნდოვანება. დაუშვებელია დადგენილებითი ნაწილის ალტერნატიულობა (მაგ: “გადაეცეს ნივთი ან გადახდილ იქნეს მისი ღირებულება”), სასამართლო აქტი არ უნდა შეიცავდეს რაიმე სახის პირობით დათქმებს, რადგან მისი აღსრულება არ უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ პირობის შესრულება-შეუსრულებლობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის დადგენა ემსახურება სასამართლო აქტის, როგორც აღსასრულებელი ოფიციალური დოკუმენტის, სიცხადეს, რათა აღმოიფხვრას მისი შინაარსის ბუნდოვანება. სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობა დგება მაშინ, როცა გადაწყვეტილების შინააარსის გაურკვევლობა, ბუნდოვანება შეიძლება მისი აღსრულების დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს.

სსსკ-ის 262-ე მუხლის I ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობებს:

1. მხარის ან აღმასრულებლის განცხადება;

2. გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული;

3. გადაწყვეტილების აღსრულების ვადა არ უნდა იყოს გასული;

4. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.

ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულებისა და აღსრულების ვადის გასვლის ფაქტის არსებობა გამორიცხავს განცხადების დაშვებას განსახილველად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური უფლებამოსილება – სამართლის ნორმის ინტერპრეტაციის თაობაზე გულისხმობს სასამართლოს მოვალეობას კანონის ტექსტის ლოგიკური, პროგრესული და დინამიკური განმარტების თაობაზე.

კანონმდებელი სრულიად ლოგიკურად უკავშირებს გადაწყვეტილების განმარტებას მისი აღსრულების სტადიას და მის მიზნად სწორედ აღსრულების ხელშეწყობას მიიჩნევს, რამდენადაც გადაწყვეტილების განმარტების ფარგლები გულისხმობს, რომ განმარტებამ არ უნდა გამოიწვიოს გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს აღსრულებული გადაწყვეტილების სახეცვლილება, რაც ეწინააღმდეგება ერთ საქმეზე მრავალჯერადი მართლმსაჯულების განხორციელების დაუშვებლობის პრინციპს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ბუნდოვანობაზე, რომ განჩინებით 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის იმგვარი განმარტებით, რა სახითაც ჩამოყალიბდა 2011 წლის 4 მარტის განჩინებაში, არაფერი შეცვლილა და ფაქტობრივად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება, რამდენადაც არ დგინდება მოპასუხისათვის დაკისრებული თანხიდან უნდა მოხდეს თუ არა დაქვითვა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანობის თვალსაზრისით ასანაზღაურებელი Aთანხის გამოანგარიშებასთან დაკავშირებით, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კვების კომპენსაცია _ 413 ლარი არის კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით, ანუ 413 ლარი მოიცავს დასაქვით გადასახადებსაც, აღნიშნული თანხა წარმოადგენს დარიცხულ და არა ხელზე მისაღებ თანხას. ამგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა სწორედ ის მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც იქნა სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული, კერძოდ, 2010 წლის 14 ივნისის ¹218605 მიმართვას და რომელიც თავად მოპასუხე ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიერაა გაცემული (იხ. ს.ფ. 12; ტ.I).

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა იქნეს გაზიარებული უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1, 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე