¹ბს-901-894(კს-11) 19 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ დ. შ-ია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს მთავრობა
მესამე პირები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 19 აგვისტოს დ. შ-იამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს მთავრობის მიმართ და მოითხოვა «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის ¹96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის ¹178-ე დადგენილების ნაწილობრივ გაუქმება (იხ. ს.ფ. 1-9; ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური (იხ. ს.ფ. 51-52; ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 დეკემბრის საოქმო განჩინებით დ. შ-იას სასარჩელო მოთხოვნა «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის ¹96 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის ¹178 დადგენილების 23-ე და 41-ე პუნქტების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება (იხ. ს.ფ. 113; ტ.I).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. შ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 121-126; ტ.I).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. შ-იამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 141-149; ტ.I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით დ. შ-იას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 3691, 70-78-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. დ. შ-იამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაიბარა 2011 წლის 19 თებერვალს, რაც დასტურდება საქმეში არსებული შეტყობინების ბარათითა და აქტით. საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება 2011 წლის 24 მარტს გაასაჩივრა დ. შ-იამ.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 75.1 მუხლით და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების თარიღად მიიჩნია 2011 წლის 19 თებერვალი, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 20 თებერვალს, რომელიც დასრულდა 2011 წლის 7 მარტს, 22 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2011 წლის 24 მარტს, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით (იხ. ს.ფ. 3-5; ტ.II).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. შ-იამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მისთვის არ იყო ცნობილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი, რადგან არ დასწრებია გადაწყვეტილების გამოცხადებას. ასევე არასწორია მითითება, რომ მან 2011 წლის 19 თებერვალს არ ჩაიბარა სასამართლოს გადაწყვეტილება, რამდენადაც აქტი შედგენილია კურიერის მიერ, რომელიც არ არის ხელმოწერილი და არ უნდა ჩაითვალოს მტკიცებულებად (იხ. ს.ფ. 15; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. შ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული მისი გაუქმების პროცესუალური საფუძველი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა შესახებ კერძო საჩივრის ავტორს არ წამოუყენებია დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია, კერძოდ, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება გაეგზავნა დ. შ-იას 2011 წლის 4 თებერვალს, მაგრამ არ ჩაჰბარდა იმის გამო, რომ 2011 წლის 9 თებერვალს არ იმყოფებოდა თბილისში. შპს «...» კორესპონდენციის დამტარებლის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, მითითებულ მისამართზე მივიდა რამოდენიმეჯერ, ადრესატი არ დახვდა, დაუტოვა შეტყობინება, მაგრამ არ გამოეხმაურა, ტელეფონის მეშვეობით დ. შ-იამ აცნობა, რომ იმყოფებოდა ქუთაისში, იყო ავად და ჯერ-ჯერობით ვერ ჩამოვიდოდა (იხ. ს.ფ. 133-134; ტ.II). 2011 წლის 14 თებერვალს დ. შ-იას განმეორებით გაეგზავნა გადაწყვეტილება, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათის თანახმად, ადრესატმა გადაწყვეტილება არ ჩაიბარა, რასაც დართული აქვს კორესპოდენციის დამტარებლის – დ. ნ-იანის აქტი, რომლის მიხედვით, მითითებულ მისამართზე მივიდა რამოდენიმეჯერ, ადრესატი არ დახვდა, შეტყობინების დატოვების მიუხედავად არ ეხმაურება, ტელეფონი გამორთული აქვს, შემთხვევით შეხვდა ქუჩაში და უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე (იხ. ს.ფ. 138-139; ტ.I).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით მართებულად დატოვა განუხილველად დ. შ-იას სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობის გამო.
საკასაციო სასამართლო გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 75.1 მუხლით, რომლის შესაბამისად, ადრესატის მიერ ჩაბარებაზე უარის თქმა კანონმდებლობის შესაბამისად, უთანაბრდება ჩაბარების ფაქტს. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივს, რომ ვინაიდან აქტი არ იყო ხელმოწერილი კორესპოდენციის დამტარებლის მიერ, სასამართლოს არ უნდა მიენიჭებინა აქტისათვის მტკიცებულების ძალა, რამდენადაც აღნიშნული აქტის ბლანკი შევსებულია ხელით კორესპოდენციის დამტარებლის მიერ, რაც იძლევა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
გარდა აღნიშნულისა, სსსკ-ის 71.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 71.2 მუხლის შესაბამისად, თუ მხარეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73.11 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. სსსკ-ის 73.11 მუხლის შესაბამისად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. შ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.