ბს-935-928(კს-11) 13 ივლისი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი – შპს «...»;
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინება;
დავის საგანი –სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს «...»-ის მიმართ 2007 წლის 16 ოქტომბრის განვადება-ნასყიდობის ¹12 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეზე პირგასამტეხლოს 47821.02 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს «...»-ს მოსარჩელე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 12783,62 ლარის ოდენობით გადახდა.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...»-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინებით შპს «...»-ის სააპელაციო საჩივარი გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით მხარეებს განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება 2011 წლის 9 მარტს ჩაბარდა შპს «...»-ის დირექტორს ი. ო-შვილს. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრებულ იქნა შპს «...»-ის დირექტორის ი. ო-შვილის მიერ. სააპელაციო საჩივარზე არსებულ გარდაბნის რაიონული სასამართლოს შტამპზე დაფიქსირებულია 2011 წლის 30 მარტი, ხოლო კონვერტზე არსებულ შტამპზე დაფიქსირებული თარიღია 2011 წლის 24 მარტი.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის მე-60-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ადრესატს ჩაბარდა 2011 წლის 9 მარტს, გასაჩივრების ვადა დაიწყო 2011 წლის 10 მარტს, რომელიც დასრულდა 2011 წლის 23 მარტს 24 საათზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ გაშვებულია სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (თოთხმეტი დღე).
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «...»-ის დირექტორმა ი. ო-შვილმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმება.
Kკერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2011 წლის 9 მარტს არ ჩაბარებია შპს «...»-ის დირექტორს ი. ო-შვილს. გზავნილები სასამართლოდან დატოვებულ იქნა სოფ. ... მდებარე სასურსათო მაღაზიის გამყიდველთან, რომელმაც ი. ო-შვილთან გადასაცემად გადმოსაცემად გზავნილები გაატანა სამარშრუტო ტაქსის მძღოლს, რომელსაც მისთვის ზემოაღნიშნული წერილები დღემდე არ ჩაუბარებია.
Kკერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე და მიაჩნია, რომ შპს «...»-ის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადა დაცულია, ვინაიდან გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების მხარისათვის ხელზე გადაცემის დღიდან, მოცემულ შემთხვევაში კი ორგანიზაციის წარმომადგენელს ე. ქ-იას გადაწყვეტილების ასლი განცხადების საფუძველზე ხელზე ჩაბარდა 2011 წლის 24 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ შპს «...»-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
წინამდებარე საჩივრის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სწორედ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მას გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა სსიპ «ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს» 2011 წლის 15 ივნისის დასკვნა, რომლის შესაბამისადაც, «ხელმოწერა, ი. ო-შვილის სახელით, განლაგებული: შეტყობინებაზე გზავნილის ჩაბარების შესახებ, 09.03.11 წლის თარიღი, გრაფაში: «ჩაბარდა» შესრულებულია არა ი. ო-შვილის, არამედ სხვა პირის მიერ».
Dდასკვნის კატეგორიული ხასიათიდან გამომდინარე და მხარის საპროცესო უფლებების უზრუნველყოფის მიზნით, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება მისცეს მითითებულ მტკიცებულებებს, დაადგინოს რამდენადაა დასაშვები არსებულ პირობებში გასაჩივრების ვადის ათვლის «გზავნილის ჩაბარების შესახებ» დასტურიდან დაწყება და არის თუ არა მხარის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული გასაჩივრების 14 დღიანი ვადა დაცული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მტკიცებულებების შემოწმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების გარეშე შეუძლებელია სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განსაზღვრა, რა მიზნითაც საქმე უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს «...»-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 აპრილის განჩინება;
2. საქმე შპს «...»-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.