Facebook Twitter
¹ბს-951-944(კს-11) 19 ივლისი, 2011 წელი

¹ბს-951-944(კს-11) 19 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. დ-შვილი, წარმომადგენელი გ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერია

მესამე პირი _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 21 მარტს მ. დ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 11 თებერვლის ¹256 განკარგულების დადგენილებითი ნაწილის მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-12; ტ.I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით მ. დ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 263-268; ტ.I).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-შვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 275-285; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 მაისის განჩინებით მ. დ-შვილის სააპელაციო საჩვარი დარჩად განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 12.1, 12.2, 13.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1, 70-78-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განემარტათ მისი გასაჩივრების ვადა და წესი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება მ. დ-შვილს ჩაჰბარდა 2011 წლის 14 აპრილს, ხოლო 2011 წლის 15 აპრილს _ მ. დ-შვილის წარმომადგენელს – გ. მ-ძეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა 2011 წლის 29 აპრილს.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 59.1, 60.1, 60.2, 61.3 მუხლებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან მ. დ-შვილს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2011 წლის 14 აპრილსმ გასაჩივრების ვადა დაიწყო 2011 წლის 15 აპრილს, რომელიც დასრულდა 2011 წლის 28 აპრილს, 24 საათზე (იხ. ს.ფ. 3-5; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. დ-შვილის წარმოამდგენელმა – გ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 5 მაისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სსსკ-ის 70.1, 72.1 მუხლის «ბ» ქვეპუნქტზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლზე და მიუთითა, რომ სათანადოდ გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენს მ. დ-შვილს, აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს რიგ უფლებებზე, მათ შორის სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შეტანაზე. საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება მას ჩაჰბარდა 2011 წლის 15 აპრილს და სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2011 წლის 29 აპრილს, კანონით განსაზღვერული 14-დღიანი საპროცესო ვადის დაცვით.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლების შესაბამისად, სასამრთლოს გადაწყვეტილება ეგზავნებათ მხარეს ან მის წარმომადგენელს. კანონმდებლობა არ ავალდებულებს სასამართლოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს მხარესაც და მის წარმოამდგენელსაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში არც სამოქალაქო და არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში არ არის მითითებული გასაჩივრების ვადის ათვლა იმ მომენტიდან, თუ ვის ჩაბარდა იგი პირველად.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა მ. დ-შვილსაც და მის წარმომადგენელსაც. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა ეფიქრა, რომ წარმოადგენლისათვის გაგზავნა ითვლებოდა მხარისათვის გაგზავნად და გასაჩივრების ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 16 აპრილიდან, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მეორე დღიდან. ამასთან, გადაწყვეტილების ჩაბარების დროს სასამართლოს მისთვის არ უცნობებია ვალდებულება გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ მხარისათვის შეტყობინების თაობაზე (იხ. ს.ფ. 8-10; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. დ-შვილის წარმომადგენლის – გ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2011 წლის 5 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული მისი გაუქმების პროცესუალური საფუძველი.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა შესახებ კერძო საჩივრის ავტორს არ წამოუყენებია დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია, კერძოდ, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება გაეგზავნათ მხარეს _ მ. დ-შვილს და მის წარმომადგენელს _ გ. მ-ძეს. გადაწყვეტილების ასლი მხარეს – მ. დ-შვილს ჩაჰბარდა 2011 წლის 14 აპრლს, ხოლო მის წარმომადგენლეს – გ. მ-ძეს – 2011 წლის 15 აპრილს (იხ. ს.ფ. 269-272; ტ.I). სააპელაიცო სასამართლომ სააპელაციო წესით საქალაქო სასამართლოს გაადწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების თარიღად მიიჩნია მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თარიღი – 2011 წლის 14 აპრილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 5 მაისის განჩინებით მართებულად დატოვა განუხილველად მ. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობის გამო.

საკასაციო სასამართლო გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის მითითება, სასამართლო აქტების ან მხარისათვის ან წარმომადგენლისათვის გაგზავნის შესახებ და ორივესათვის გაგზავნის იმპერატიული ვალდებულების მიუთითებლობის შესახებ, არ ართმევს უფლებამოსილებას სასამართლოს ნებისმიერი სახის გზავნილი გაუგზავნოს როგორც მხარეს, ასევე მის წარმომადგენელს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც იგზავნება სასამართლოს აქტი, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას და კანონმდებლობა მისი ჩაბარების თარიღს უკავშირებს გასაჩივრების ვადის ათვლას, მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის სასამართლოს აქტის გაგზავნა ხელს შეუწყობს ჩაბარების უზრუნველყოფას რაც არ უნდა იქნეს გაგებული მხარის უფლებების შელახვად და უკანონო საპროცესო მოქმედებად.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ იგი არ იყო ვალდებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ ეცნობებინა თავისი მარწმუნებლისათვის, რამდენადაც ასეთი ვალდებულება დადგენილია სსსკ-ის 70.1 მუხლით, რომლის თანახმად, წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 მაისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. დ-შვილის წარმომადგენლის გ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.