¹ბს-999-991(კს-11) 4 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძეზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ფ. M-ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინება;
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2009 წლის 3 თებერვალს ი/მ «ფ. მ-ძემ» სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 20 იანვრის (სხდომის ოქმი ¹3/225) გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹4080 ბრძანების, თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2008 წლის 24 ოქტომბრის ¹დ/334 ბრძანებისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 27 ოქტომბრის ¹29 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ი/მ «ფ. მ-ძის» სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალაში შესვლის დღიდან, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2008 წლის 24 ოქტომბრის ¹დ/334 ბრძანება, აგრეთვე თბილისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 27 ოქტომბრის ¹29 საგადასახადო მოთხოვნა; მოპასუხეს - თბილისის რეგიონალური ცენტრს დაევალა საქმისათვის არსებუითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (აქტები: ბრძანება, ასაგადასახადო მოთხოვნა) ი/მ «ფ. მ-ძის» მიერ შპს «...» 2007 წლის განმავლობაში სასაქონლო ზედნადებით 65449 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ფაქტთან დაკავშირებით, მოსარჩელის საგადასახადო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ საკითხის გადაწყვეტის მიზნით; ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის - შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹4080 ბრძანება, აგრეთვე დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 20 იანვრის (სხდომის ოქმი ¹3/225) გადაწყვეტილება; მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1472,00 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ მოპასუხეებს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინსიტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ «ფ. მ-ძის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «ფ. მ-ძემ», რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ი/მ «ფ. მ-ძის» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
2010 წლის 15 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა «ფ. მ-ძემ” და გადაწყვეტილების აღსრულების გადადება მოითხოვა, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინებით ფ. მ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა, შემდეგი საფუძვლით:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის I ნაწილი და მიუთითა, რომ სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, უფლება აქვს მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათავალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
ასევე, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლით დადგენილია აღსრულების შეჩერების საფუძვლები, კერძოდ, თუ აღსრულების ადგილზე შექნილი განსაკუთრებული ვითარების გამო ამ მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, მოვალის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია არა უმეტეს 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება. იგი ასევე უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს კიდევ 6 თვით. თუ ამ მუხლის I პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვითარება არ შეიცვალა, მოვალის განცხადების საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს იძულებითი აღსრულების ღონისძიება, აკრძალოს ან დროებით შEაჩეროს ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს 3 თვის ვადით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებლის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების გადადების განსაკუთრებული ვითარების დასასაბუთებლად ირ იყო მტკიცებულებები წარმოდგენილი, შესაბამისად არ არსებობდა საკმარისი საფუძვლები იმისათვის, რომ დაკმაყოფილებულიყო ფ. მ-ძის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ფ. მ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების გადადების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ერთჯერადად გადადოს გადაწყვეტილების აღსრულება. მოცემული ნორმა არ ითვალისწინებს ვალდებულებას იმის თაობაზე, რომ განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვის დროს განცხადებას თან უნდა დაერთოს საცხოვრებელ სახლზე აუქციონის დანიშვნის ან დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შესახებ დოკუმენტები, თუმცა აღნიშნული ერთვის საქმეს. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მისი მეუღლის უმუშევრობა და თავის კმაყოფაზე არასრულწლოვანი შვილების ყოფნა სწორედ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ შეტანილი აქვს განცხადება. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაელოდოს მისი განცხადების განხილვას, რათა არ აღმოჩნდეს მისი ქონება ნაადრევად გაყიდული. ამის თავიდან აცილების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს სადავო გადაწყვეტილების აღსრულების გადადება 3 თვით მაინც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ფ. მ-ძის კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლით დადგენილია აღსრულების შეჩერების საფუძვლები, კერძოდ, თუ აღსრულების ადგილზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) გამო ამ მოქმედების გაგრძელება არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს, მოვალის განცხადების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია არა უმეტეს 6 თვის ვადით გადადოს იძულებითი აღსრულების ესა თუ ის ღონისძიება. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი ვადა ერთჯერადად გააგრძელოს კიდევ 6 თვემდე ვადით. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ფაქტობრივი ვითარება არ შეიცვლება, მოვალის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს იძულებითი აღსრულების ღონისძიება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს ესა თუ ის ღონისძიება არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამავე კანონის 36-ე მუხლში მოცემულია აღსრულების შეჩერების სპეციალური შემთხვევები.
კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს აღსრულების შეჩერებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის საფუძველზე იმ მოტივით, რომ სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, შეუძლია მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით ერთჯერადად გადადოს გადაწყვეტილების აღსრულება. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მისი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობა, სწორედ არსრულების შეჩერების საფუძველს ქმნიდა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების გადადების განსაკუთრებული მდგომარეობის დასასაბუთებლად არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით, თბილისის რეგიონალური ცენტრის წარმომადგენლის მიერ, დაყადაღებული იქნა ფ. მ-ძის საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა (იხ. ტ. II ს.ფ. 288). განცხადებას არ ერთვის საცხოვრებელ სახლზე აუქციონის დანიშვნის ან დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შესახებ შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენის, ასევე განმცხადებლის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის განსაკუთრებული გარემოება, რაც სსსკ-ის 263-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების საფუძველს შექმნიდა, თუნდაც შეზღუდული ვადით. შესაბამისად, არ არსებობს ფ. მ-ძის განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და პროცესუალური წინამძღვრები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ. მ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.