Facebook Twitter
ბს-1296-7(ა-11)

ბს-1296-7(ა-11) 26 ივლისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი _ ე. ა-იანი

მოწინააღმდეგე მხარე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი _ ლ. ბ-ოვა

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 13 მაისს ე. ა-იანმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 20 აპრილის ¹98761 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე ქ. თბილისში, ... ქ. ¹3 «ბ» კორპუსში მდებარე, ბინა ¹18-ში არსებული 48 კვ.მ ლოჯიდან 18 კვ.მ ფართის მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ (იხ. ს.ფ. 1-10).

მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 მარტის ¹882010462734-07 გადაწყვეტილების ბათიალდ ცნობა (იხ. ს.ფ. 44).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. ბ-ოვა (იხ. ს.ფ. 45).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ა-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 116-119).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ა-იანმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 130-138).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ე. ა-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 176-180).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ა-იანმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 186-192).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით ე. ა-იანის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარზე სსსკ-ის 58-ე მუხლის «ზ» და 39.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ასევე საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 მუხლის «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნას, რამდენადაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა დასაბუთებას თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლელბრივი საფუძველი და მითითებას სსსკ-ის 393-394-ე მუხლების რომელ პუნქტებზე ამყარებდა კასატორი თავის მოთხოვნას. გარდა აღნიშნულისა, სსსკ-ის 368.2 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში. შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზის შესავსებად კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 196-198).

ხარვეზის შევსების მიზნით 2011 წლის 28 აპრილს კასატორმა საფოსტო განყოფილების მეშვეობით წარმოადგინა განცხადება, სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კასაციის მიზეზად მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც შეუძლებელი იყო მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება (იხ. ს.ფ. 211-214).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განჩინებით ე. ა-იანის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც საკასაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 59-ე მუხლით, დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის განჩინება კასატორს _ ე. ა-იანსა და მის წარმომადგენლებს _ მ. ა-შვილსა და შ. ჭ-ძეს გაეგზავნათ საპროცესო კოდექსის 13.2 და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. განჩინება ე. ა-იანისათვის გადასაცემად ჩაჰბარდა მის ნათესავს – ზ. მ-ოვს 2011 წლის 27 აპრილს, ე. ა-იანის წარმომადგენელს – მ. ა-შვილს – 2011 წლის 15 აპრილს, ხოლო მეორე წარმომადგენელს – შ. ჭ-ძეს 2011 წლის 18 აპრილს. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 13.2, 70.1 მუხლებით და მიიჩნია, რომ ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2011 წლის 26 აპრილს, რამდენადაც ვადის ათვლა უნდა მოხდეს კასატორის წარმომადგენლისათვის განჩინების ჩაბარებიდან _ 2011 წლის 15 აპრილიდან. განცხადება ხარვეზის შევსების მიზნით კი საფოსტო განყოფილებაში შეტანილ იქნა 2011 წლის 28 აპრილს, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დარღვევით.

გარდა აღნიშნულისა, კასატორს ხარვეზი სრულყოფილად არ ჰქონდა შევსებული, რამდენადაც ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო დასაბუთებული საკასაციო საჩივარი კასაციის მიზეზისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლების მითითებით კასატორს არ წარმოუდგენია (იხ. ს.ფ. 215-218).

2011 წლის 30 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა _ ე. ა-იანმა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი მოტივით:

განმცხადებლის მითითებით, საკასაციო საჩივარი მას შეტანილი ჰქონდა თავისი სახელით, საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლები არ ჰყოლია, შესაბამისად, მათ არ უნდა გაგზავნოდათ ხარვეზის მითითების შესახებ განჩინება.

განმცხადებლის მითითებით, ე. ა-იანის ეკონომიური მდგომარეობის გაუარესების გამო ორივე მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა წარმომადგენლებთან გაფორმებული ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო საკასაციო საჩივრის წარმოდგენილის დროისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების მოტივების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. ა-იანის განცხადება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423.1 მუხლის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი არსებობს, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. 423.3 მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მითითებული საფუძვლით დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სსსკ-ის 264-265-ე მუხლების შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილების გაუქმებას და დასრულებული საქმის წარმოების განახლებას ახალი გარემოებების წარმოშობის პირობებში. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა უშვებს არა ყოველი ახალი გარემოების ან მტკიცებულების შეტყობის პირობებში საქმის ხელახლა გადასინჯვის შესაძლებლობას, არამედ მხოლოდ ისეთი გარემოებები შეიძლება დაედოს საფუძვლად დასრულებული საქმის წარმოების განახლებას, რომლებიც მხარისათვის მისი ბრალის გარეშე არ იყო ცნობილი საქმის წარმოების პროცესში და ამასთან, აღნიშნული გარემოებები ან მტკიცებულებები ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას გამოიწვევდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის არგუმენტი, რომ ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 8 აპრილის განჩინება არ უნდა გაგზავნოდა მის წარმომადგენებს, არ უნდა იქნეს გაიზარებული, რამდენადაც საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 401.1 მუხლის შესაბამისად, ამოწმებს რა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების, ფორმალური დასაშვებობის საკითხს, ხელმძღვანელობს საქმის მასალებით. საქმეში წარმოდგენილი იყო 2010 წლის 25 მაისის სანოტარო აქტი, რომლის თანახმად, ე. ა-იანი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ანიჭებდა შ. ჭ-ძესა და მ. ა-შვილს, ანიჭებდა ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობისა და მარწმუნებლის სახელით კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოქმედებისა და პროცედურის განხორციელების უფლებამოსილებას. აღნიშნული რწმუნებულება გაცემული იყო ერთი წლის ვადით და ძალაში იყო 2011 წლის 25 მაისამდე (იხ. ს.ფ. 40). აღნიშნული წარმომადგენელები თავიანთი მარწმუნებლის ინტერესებს იცავდნენ საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში, საქმეში წარმოდგენილი იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი ვადიანი რწმუნებულება და საკასაციო სასამართლოს არ ჰქონდა ამგვარ უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანისა და მისი გაუქმებულად მიჩნევის საფუძველი, რამდენადაც მხარესა და მის წარმოამდგენლებს შორის იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება, ან კასატორის მიერ აღნიშნულზე მითითება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ ხარვეზის მითითების შესახებ განჩინების გაცნობის უზრუნველყოფის მიზნით, განჩინების ასლი გაუგზავნა მხარესაც და მის წარმომადგენლებსაც. ამასთან, ხელშეკრულების გაუქმების დასადასტურებლად განცხადებლის მიერ წარმოდგენილია ხელშეკრულების დედანი, რომელზეც მინაწერია გაკეთებული ხელშეკრულების მოშლის შესახებ, თუმცა არც თარიღია მითითებული და არც დადასტურებულია ბეჭდით ან სანოტარო წესით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტს საკასაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე. მით უფრო, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ასევე წარმოადგენდა ხარვეზის სრულყოფილად შეუვსებლობა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოუდგენლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობისა და გაუქმებისათვის, რის გამოც ე. ა-იანის განცხადება საქმსი წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ა-იანის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.