Facebook Twitter
¹ბ-1457-3(გან-11) 13 ივლისი, 2011 წ

¹ბ-1457-3(გან-11) 13 ივლისი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. შ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 1 თებერვლის ¹23339 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.

2011 წლის 14 ივნისს მ. შ-შვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.

განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსთხოვა საჩივრის განხილვამდე აღედგინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც გაუქმდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იმ მოტივით, რომ მას დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, უარს აცხადებს გადაწყვეტილების იმ ნაწილის აღსრულებაზე, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მას აქვს იურიდიული ინტერესი, საჯარო რეესტრის მიერ ადმინისტრაციულ საჩივარზე ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე აღიდგინოს საკუთრების უფლება, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იწვევს თუ არა ამ აქტის გამოცემამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო მ. შ-შვილის შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე და თვლის, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური აუცილებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსს და განმარტავს, რომ მითითებული ნორმა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მითითებული ნაწილი არ არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული, შეიცავს ურთიერთ გამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს. ამასთან განმარტების ძირითად და მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 1 თებერვლის ¹23339 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია გასაგებად, არ შეიცავს ბუნდოვან მითითებებს, ხოლო რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას, განემარტოს თუ რა სამართლებრივი შედეგი უნდა მოჰყვეს მის მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, საკასაციო პალატის მოსაზრებით სცილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოსათვის დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებს, რის გამოც განმცხადებლის შუამდგომლობა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. შ-შვილის შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.