ბ-1757-2 (ბ-11) 29 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ბ-იანის განცხადების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინებით გ. ბ-იანის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის და 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებები.
2011 წლის 19 ივლისს გ. ბ-იანმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ბ-იანის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობის წესების დაცვით, უნდა გადაეცეს უფლებამოსილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განსჯადობის საკითხს, განცხადება შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში, განცხადება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს განსჯადია იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, გ. ბ-იანი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობას, რომლითაც მისი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-იანის მიერ განცხადება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის წესების დარღვევით, რადგან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სსსკ-ის 424-ე მუხლის მოთხოვნის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ გ. ბ-იანის განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-იანის განცხადება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელიც უფლებამოსილია იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობასა და მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლების მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-იანის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განსახილველად გადაეცეს უფლებამოსილ _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.