Facebook Twitter

¹ბს-1025-1017(გ-11) 13 ივლისი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა მ. რ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. რ-მა 19.08.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე – საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც შემოსავლების სამსახურის უფროსის 20.07.10წ. ¹გ-995 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

Fთბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.09.2010წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.11.10წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. რ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ 20.07.10წ. ¹გ-995 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.02.11წ. განჩინებით მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.11.10წ. გადაწყვეტილებაზე საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სამოქალაქო პალატამ სზაკ-ის მე-2 მუხლზე, აგრეთვე სასკ-ის 2.1 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე მითითებით მიიჩნია, რომ დავის საგანი ეხება ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან. მ. რ-ის გათავისუფლების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 20.07.2010წ. ¹გ-995 ბრძანებას სამართლებრივ საფუძვლად დაედო „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 17.05.2010წ. ¹388 ბრძანება, „საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართვეოლს ფინანსთა მინისტრის 31.03.2010წ. ¹257 ბძრანება, „შემოსავლები სამსახურის სისტემაში ატესტაციის ჩატარების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 10.06.2010წ. ¹698 ბრძანება, „შემოსავლების სამსახურის სისტემის თანამშრომელთა ატესტაციის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 12.07.2010 წ. ¹971 ბრძანება. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანებები გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი ადმინისტრაციული დავის საგანს განეკუთვნება. შესაბამისად, აღნიშნული აქტების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების გამო წარმოშობილი დავა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და სამოქალაქო პალატის მოსაზრებით განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.11წ. განჩინებით მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 31.03.10წ. ¹248 ბრძანებით დამტკიცდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის“ დებულება და ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტის და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტროს 02.03.07წ. ¹170 ბრძანება, ბრძანების ამოქმედების ვადად 01.04.10წ. განისაზღვრა. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. ხსენებული კანონის მე-9-მე-12 მუხლებზე მითითებით ადმინისტრაციული კატეგორიის დავას და შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის არა რიგითი მუშაკის, არამედ ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება, რაც უკანასკნელის ფუნქციებით, თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების წესით არის განპირობებული. ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია აგრეთვე იმაზე, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი საერთოდ არ არის ნახსენები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლში, სადაც მოცემულია სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ცნება და მათი ამომწურავი ჩამონათვალი, სსიპ თანამშრომელზე მითითებას არ შეიცავს აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ. ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრი“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სამსახურის უფროსის 20.07.10წ. ¹გ-995 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “ა” მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, მართლაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის დებულება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.03.2010წ. ¹248 ბრძანებით არის დამტკიცებული, თუმცა, აღნიშნული არ არის განსახილველი დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების საკმარისი კრიტერიუმი. “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1.1 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის ცნებას, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითად ამოცანას საჯარო ხელისუფლების განხორციელება წარმოადგენს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, სსიპ შემოსავლების სამსახურში საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო სამსახურად, რამდენადაც ეს დაწესებულება ამ ნუსხაში არ მოიაზრება, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან მხოლოდ სსიპ ეროვნულ ბანკში სამსახური ჩაითვლება საჯარო სამსახურად. გარდა ამისა, “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ ბრძანებულებით განსაზღვრულ საჯარო თანამდებობათა რეესტრში, რომელიც საჯარო მოხელეთათვის სტატუსის კიდევ ერთ ნორმატიულ დადასტურებას წარმოადგენს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, როგორც საჯარო მოსამსახურე, რეესტრში არ ფიგურირებს, შესაბამისად ის განხილული ვერ იქნება საჯარო მოსამსახურედ.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.03.10წ. ¹257 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირი_შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესი” არ ეყრდნობა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე_36-ე და ამავე კანონის 81-ე_87-ე მუხლებს, შესაბამისად სადავო სამართალურთიერთობა ვერ მოექცევა მითითებული სამართლებრივი ნორმების რეგულირების სფეროში.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის მომსახურების სამმართველოს გურჯაანის სერვის-ცენტრის ოფიცრის მ. რ-ის გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას არ გამოიყენება “საჯარო სამსახურის შესახებ”' კანონის დებულებები, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ ექცევა მითითებული კანონის რეგულირების სფეროში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. რ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შედეგად შეწყდა კერძო სამართლებრივი_შრომითი ურთიერთობა, ერთის მხრივ საჯარო სამართლის იურიდულ პირსა და მეორე მხრივ - ფიზიკურ პირს შორის, რომლის კანონიერების შეფასების უფლებამოსილება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის უფლებამოსილებას განეკუთვნება, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიაზე შრომით-სამართლებრივ და მის თანმდევ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსი, თუ შრომითი ურთიერთობა განსხვავებულად არ არის დარეგულირებული სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.

აღსანიშნავია, რომ თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც საქმეთა განსაზღვრის პრინციპად აღიარებს არა დავის სუბიექტებს, არამედ, სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ, სსკ-ის 11.1. “ა” მუხლის მიხედვით: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, იურიდიულ პირებს შორის.

მოცემულ შემთხვევაში დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბრძანების ფორმით მიღება, ასევე სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული კანონმდებლობის ზოგიერთი ნორმის გამოყენება თავისთავად არ ადასტურებს დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი კუთვნილებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხი საბოლოო ჯამში უკავშირდება მუშაკთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტაზე, თუნდაც ბრძანების ფორმით ნების გამოხატვას მუშაკის არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო, დამსაქმებლის ნება შრომითი ურთიერთობის შეწყყვეტის თაობაზე, ისევე როგორც სამუშაოზე მიღების ნება შესაძლოა დადასტურდეს დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტით (საქართველოს შრომის კოდექსის 6.3 მუხ., ამჟამად მოქმედი ორგანული კანონის – საქართველოს შრომის კოდექსის 6.3 მუხ.), შრომითი ურთიერთობის ერთ-ერთი მონაწილის (დამსაქმებლის) ურთიერთობის შესაწყვეტად ნების გამოვლენა, მის კანონიერებაზე დავა თავისი იმანენტური ბუნებით განეკუთვნება არა საჯარო, არამედ კერძო-სამართლებრივ სფეროს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი _ დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. რ-ის სარჩელი მოპასუხე _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და 26-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე და 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართოლს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.11.2010წ. გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს იზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.