¹ბს-997-989(გ-11) 5 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. ს-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების – 900,40 ლარის ანაზღაურება (იხ. ტ.1; ს.ფ. 1-9).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ს-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1; ს.ფ. 57-61).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-შვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 65-73).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინებით დ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგი მოტივაციით:
სასამართლოს განმარტებით, სადავო პერიოდში - 1998-2003 წლებში, რა დროის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასაც ითხოვდა მოსარჩელე, სამართლებრივი ურთიერთობები მხარეებს შორის წესრიგდება ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ვინაიდან მოსარჩელე - დ. ს-შვილი იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან – აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებასთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რის გამოც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირებისას მასზე უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონის მოთხოვნები.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივი ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას (იხ. ტ.2; ს.ფ. 62-64).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2011 წლის 16 მაისის განჩინებით არ დაეთანხმა სამოქალაქო საქმეთა პალატას და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხლშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
სასამართლოს განმარტებით, დავის საგანია 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სტატისტიკური ეროვნული სამსახურის მიმართ.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას.
,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, რეორგანიზაციის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკური დეპარტამენტი ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურად – საქსტატად. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საქსტატი არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკური დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ¹72 ბრძანებულების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით. საქსტატი არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, სტატისტიკის სერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების, ოფიციალური სტატისტიკის შესახებ» საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» საქართველოს კანონის, ამ დებულების, საქსტატის საბჭოს დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, საქსტატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი. საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტი.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს დავალიანების ანაზღაურებას არა ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან, დავა ასკ-ის 2.2 მუხლის ,,გ» ქვეპუნტის შესაბამისად, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველს, მართალია დავალიანების წარმოშობის მომენტისათვის ,,საქსტატი» ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა, მაგრამ საქმის სასამართლოში განახილვისას უკვე აღარ განეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას და საქმე განსახილველად ექვემდებარება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (იხ. ტ.2; ს.ფ. 70-72).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ დ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატას განსჯად ადმინისტრაციულ დავად. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დასკვნას და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რითაც დაირღვა სსსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 2.3 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ამდენად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 მუხლებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 და 2.3 მუხლებში, ამასთან აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებას და საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ დ. ს-შვილი, იმ პერიოდში, როდესაც მის მიმართ წარმოიშვა სახელფასო დავალიანება და რა პერიოდის დავალიანების ანაზღაურებასაც ითხოვს აპელანტი ანუ 1998-2003 წლებში, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან – სახელმწიფო სტატისტიკის ხობის რაიონული განყოფილებასთან, რაც დასტურდება საქმეში არსებული შრომის წიგნაკით (იხ. ტ.1; ს.ფ.15-18). აღნიშნულ პერიოდებში კი სახელმწიფო სტატისტიკის ხობის რაიონული განყოფილება იყო სტატისტიკის დეპარტამენტის რაიონულ განყოფილება, ხოლო სტატისტიკის დეპარტამენტი კი, წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა» ქვეპუნტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველოს ან მმართველობის ორგანო, ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.
საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1.1 მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ცნებას, განმარტავს, რომ საჯარო სამსახური (შემდგომ სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს საჯარო მოსამსახურის ცნებას, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ანაზღაურებად საქმიანობას ეწევა სახელმწიფო ან ადგილობრივ თვითმმართველობის დაწესებულებაში.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულების ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ» მე-7 თავის შესაბამისად, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებთან არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლები ითვლებიან საჯარო მოხელეებად.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დ. ს-შვილი 1998-2003 წლებში მუშაობდა რა სახელმწიფო სტატისტიკის ხობის რაიონული განყოფილებაში იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და იგი ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს განმარტებით, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისას მასზე უნდა გავრცელდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოქმედება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, რამდენადაც ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს. შესაბამისად, განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი _ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო ის გარემოება, რომ 2009 წლის 11 დეკემბრის ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურად – საქსტატად, რომლის დებულებაც დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ¹72 ბრძანებულებით, დავას ვერ აკუთვნებს სამოქალაქო სამართალწარმობის წესით განსახილველ კატეგორიას, ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება რა დროსაც აპელანტი – დ. ს-შვილი მუშაობდა ადმინისტრაციულ ორგანოში – სახელმწიფო სტატისტიკის ხობის რაიონულ განყოფილებში, რომელიც იყო სტატისტიკის დეპარტამენტის რაიონული განყოფილება და წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო სადავო სამართალურთიერთობა მოწესრიგებას ექვემდებარება ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26), კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.
ამდენად, არასწორია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დასკვნა მოცემული დავის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის შესახებ, შესაბამისად, დ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.