Facebook Twitter
¹ბს-1664-1620(კ-10)

¹ბს-1664-1620(კ-10) 8 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო გ. ბ-შვილის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2009 წლის 6 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში გ. ბ-შვილის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 24366,10 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 7309,83 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის – 2795,47 ლარისა და სანივთე ქონების დავალიანების სახით _ 404,77 ლარის გადახდის დაკისრება (იხ. ს.ფ. 1-12; ტ.I).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ ცნო მოპასუხე _ გ. ბ-შვილმა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 33-42; ტ.I).

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე გ. ბ-შვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით – 24366,10 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 7309,83 ლარის, სანივთე ქონების დავალიანების სახით _ 404,77 ლარის ანაზღაურება, ხოლო ზიანის სახით – 2795,47 ლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარის უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 62-67; ტ.I).

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 72-82; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 10-18; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 23-30; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 42-43; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ კასატორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების, კერძოდ ბ) ქვეპუნქტების თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში დაუშვებელია, არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს მითითებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში კომპეტენტურად იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, უზრუნველყოფილ იქნა მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული. საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა იზიარებს კასატორის მითითებას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობის არსებობასთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ბ» ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ ექვემდებარება განხილვას, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;

2. დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;

3. საკასაციო საჩივარის განხილვა საკასაციო სასამართლოში დაინიშნოს 2011 წლის 10 მაისს, ზეპირი განხილვის გარეშე;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

მოსამართლის ნათია წკეპლაძის

გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი ა ზ რ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის გამო გ. ბ-შვილის მიმართ ჯილდოს, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.

საკასაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული განჩინების გამოტანისას ვიხელმძღვანელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 27-ე და 243-ე მუხლებით მინიჭებული უფლებით - არ ვეთანხმები კოლეგიური სასამართლოს უმრავლესობას და ვრჩები განსხვავებულ აზრზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მიმაჩნია, რომ კასატორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავდა მართლზომიერ არგუმენტაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე. ამასთან, მიმაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი მიდგომა სადავო საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით არის იურიდიულად სწორი და ლოგიკური. სავსებით ვიზიარებ განჩინებაში ჩამოყალიბებულ იურიდიულ კვალიფიკაციას, რის გამოც მიმაჩნია, რომ საკასაციო საჩივრით კასატორი საკასაციო სასამართლოსგან ითხოვს კანონის ნორმის არასწორ ინტერპრეტაციას, რისი შესაძლებლობაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის პირობებში იურიდიულად გამოირიცხებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის წინაპირობებს, რის გამოც საკასაციო საჩივარი ექვემდებარებოდა დაუშვებლად ცნობას.