Facebook Twitter

ბს-984-977(კ-11) 1 აგვისტო, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.11 წ. გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.11 წ. გადაწყვეტილებით ლ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 11.08.09 წ. გადაწყვეტილება. ლ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 21.04.09 წ. ¹8820090699602 გადაწყვეტილება. ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ლ. გ-ას მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება. ასევე ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.04.09 წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურმა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ასევე საკასაციო საჩივარი ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.11 წ. განჩინებით კასატორებს _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალათ ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი (დედანი), ასევე საკასაციო საჩივრის შეტანის სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი. კასატორებს განემარტათ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურებიდან ირკვევა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი 07.07.11 წ., ხოლო ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს _ 11.07.11 წ. ჩაჰბარდათ. მიუხედავად ამისა, კასატორების მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ლ. გ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 74-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.