Facebook Twitter

3გ-ად-105-კ-02 15 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ბინის პრივატიზების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

სახალხო დეპუტატთა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა 1988წ. 16 ივნისს ვ. დ-ის სახელზე გასცა ბინის ორდერი ¹........., თბილისში, ...... სახლში მდებარე სადავო ¹12 ბინაზე, საფუძველი – 1988წ. 4 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებით ქ. სურგუტში მცხოვრებ ვ. დ-სა და სადავო ბინის მობინადრე პ. მ-ს შორის განხორციელებული ბინების გაცვლა. 1993წ. 14 სექტემბერს ვ. დ-მა ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად, მოახდინა სადავო ბინის პრივატიზება სამგორის რაიონის ¹103 საბინაო-საექსპლუატაციო უბანთან და 1993წ. 15 სექტემბერს ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება რეგისტრაციაში გაატარა თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროში. ბინის პრივატიზების შემდეგ ვ. დ-ი ოჯახის წევრებთან ერთად გადასახლდა რუსეთში.

...... მდებარე არასაცხოვრებელი სახლი, მათ შორის, ¹12 ბინა არის გარდაბნის რაიკოოპკავშირის საუწყებო ბინა. რაიკოოპკავშირის კომისიის მიერ წლების მანძილზე რამდენჯერმე ჩატარდა შემოწმება და დაფიქსირდა, რომ ვ. დ-ი და მისი ოჯახის წევრები უკანასკნელ წლებში აღარ ცხოვრობდნენ აღნიშნულ ბინაში და გადაუხდელი ჰქონდათ ბინის ქირა. 1997წ. 21 იანვარს გარდაბნის რაიკოოპკავშირმა სარჩელი აღძრა სამგორის რაიონულ სასამართლოში ვ. დ-ის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ, ვინაიდან საუწყებო ბინა რაიკოოპკავშირს ესაჭიროებოდა თანამშრომელთა დასაკმაყოფილებლად. 1997წ. 3 თებერვალს სამგორის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცეკავშირის გარდაბნის რაიკოოპკავშირის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ. დ-ი ცნობილ იქნა ფართზე უფლებადაკარგულად.

1998წ. 5 ნოემბერს გარდაბნის რაიკოოპკავშირის გამგეობამ კვლავ აღძრა სარჩელი ვ. დ-ისა და თბილისის ¹27 სახელმწიფო სანოტარო კანტორის მიმართ და მოითხოვა 1993წ. 14 სექტემბრის ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება იმ მოტივით, რომ ბინის პრივატიზაცია მათი წერილობითი ნებართვის გარეშე მოხდა. რაიკოოპკავშირის მეპაიეთა ქონება უსასყიდლოდ პრივატიზებას არ ექვემდებარება, ამასთან ვ. დ-ს გადასახდელი ჰქონდა უკანასკნელი 2წ. ქირა. სამგორის რაიონული სასამართლოს 1998წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება და სადავო ბინა აღირიცხა ცეკავშირის გარდაბნის რაიკოოპკავშირის სახელზე.

1999წ. 1 დეკემბერს ვ. დ-მა განცხადება შეიტანა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში სამგორის რაიონის სასამართლოს 1998წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, რაც ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 17 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

გარდაბნის რაიკოოპკავშირის გამგეობამ ისევ მოითხოვა ვ. დ-ის მიერ განხორციელებული ბინის პრივატიზაციის გაუქმება. რაიკოოპკავშირის გამგეობის სარჩელს მხარი დაუჭირა საქმეში მესამე პირად ჩართულმა ლ. ჯ-მა, რომელზეც გარდაბნის რაიკოოპკავშირის 1997წ. 4 თებერვლის დადგენილებით გაცემულია სადავო ბინა.

მოპასუხე ვ. დ-მა სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით გარდაბნის რაიკოოპკავშირის სარჩელი პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებაზე არ დაკმაყოფილდა და ბინის მესაკუთრედ დარჩა ვ. დ-ი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გარდაბნის რაიკოოპკავშირმა.

საქმე რამდენჯერმე იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო ორგანოების მიერ. საბოლოოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეტა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილებით გარდაბნის რაიკოოპკავშირის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი 1993წ. 14 სექტემბრის ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” სსრ მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელი სახლი (ბინა). გარდაბნის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის კავშირის 2000წ. 26 თებერვლის ¹5 ცნობით დადასტურებულია, რომ საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მდებარეობს სადავო ბინა, საუწყებო საცხოვრებელი სახლია და ირიცხება რაიკოოპკავშირის ბალანსზე. იგი არ წარმოადგენს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ფონდის საცხოვრებელ სახლს, რის გამოც დაუშვებელი იყო მისი უსასყიდლოდ გასხვისება;

2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რადგან სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულება დადებული იყო 1993 წელს, ამიტომ სკ-ს 1507-ე მუხლის საფუძველზე, მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რომლის 89-ე, 97-ე მუხლების თანახმად, კოოპერატიული ორგანიზაციები განკარგავენ თავიანთ საკუთრებაში არსებულ ქონებას. ვინაიდან სადავო ბინა იმყოფებოდა გარდაბნის რაიკოოპკავშირის ბალანსზე, მისი პრივატიზების უფლება სამგორის ¹103 საბინაო-საექსპლოატაციო უბანს არ ჰქონდა;

3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ბინის პრივატიზაცია განხორციელდა გარდაბნის რაიკოოპკავშირის წერილობითი თანხმობის გარეშე. აღნიშნული წერილობითი თანხმობა საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი, ხოლო სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად, სხვა მტკიცებულებები პრივატიზაციის ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად ვერ გამოდგება;

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გარდაბნის რაიკოოპკავშირს არ გაუშვია სასამართლოში მიმართვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის მიხედვით, საერთო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იყო 3 წელი. მე-80 მუხლის თანახმად ეს ვადა იწყებოდა იმ მომენტიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის თაობაზე. გარდაბნის რაიკოოპკავშირმა პრივატიზაციის ხელშეკრულების თაობაზე შეიტყო 1997წ. 10 ივლისს ლ. ჯ-ისაგან და ხანდაზმულობის ვადაც ამ მომენტიდან უნდა აითვალოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან სარჩელი წარმოებაშია მიღებული 1998წ. 5 ნოემბერს, ამიტომ გარდაბნის რაიკოოპკავშირს არ გაუშვია ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს ვ. დ-ის წარმომადგენელი დ. ჩ-ი, რომელიც შემდეგი მოტივით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ვ. დ-ის მიერ განხორციელებული ბინის პრივატიზების ძალაში დატოვებას, ასევე იგივე ბინაზე ლ. ჯ-თან დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობას:

1. კასატორი მიუთითებს, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე, პრივატიზაციას ექვემდებარება ყველა საცხოვრებელი შენობა, სახელმწიფო, საზოგადო ფონდის, მათ შორის, საუწყებო სახლები და ბინები. ამის თაობაზე ცეკავშირის მიერ მიღებულია უამრავი დადგენილება და დებულება კოოპერატიული საკუთრებისა და საუწყებო საცხოვრებელი ბინების გაყიდვის, პრივატიზების წესების შესახებ;

2. კასატორის თქმით, სამგორის ¹103 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორას უფლება ჰქონდა მოეხდინა სადავო ბინის პრივატიზაცია, რადგან იგი გარდაბნის რაიკოოპკავშირის ნებართვის საფუძველზე ახდენდა ორხევის დასახლებაში, ..... მდებარე ბინების პრივატიზებას;

3. დ. ჩ-ის განმარტებით, სადავო ბინის პრივატიზაცია მოხდა გარდაბნის რაიკოოპკავშირის წერილობითი ნებართვით, მაგრამ შემდეგ ეს საბუთი დაიკარგა. წერილობითი ნებართვის არსებობის ფაქტი დაადასტურეს ცოლ-ქმარმა დ-ებმა, მოწმეებმა ა. ი-მა და ე. ბ-მა, ¹103-ე კანტორის უფროსმა მ. ს-მა, გარდაბნის რაიკოოპკავშირის ყოფილმა თავმჯდომარემ დ. კ-ემ. კასატორი ეყრდნობა თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის წერილს იმის შესახებ, რომ, როდესაც არსებობს ორდერი ბინის გაცვლაზე, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1979წ. 19 დეკემბრის ¹827 დადგენილების თანახმად, ბინის პრივატიზაციისათვის უწყების თანხმობა საჭირო არ არის;

4. კასატორს მიაჩნია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გარდაბნის რაიკოოპკავშირისათვის იწყება არა 1997წ. 10 ივლისიდან, არამედ 1993წ. სექტემბრიდან, რადგან სწორედ ამ დროს შეიტანა ვ. დ-მა განცხადება ბინის პრივატიზაციის თაობაზე და საჭირო თანხა გარდაბნის რაიკოოპკავშირში.

საკასაციო საჩივარს არ ეთანხმება გარდაბნის რაიკოოპკავშირის წარმომადგენელი ტ. კ-ი, რომელიც უსაფუძვლობის მოტივით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.

საკასაციო საჩივარი არ ცნო ასევე მესამე პირმა ლ. ჯ-მა, რომელიც ითხოვს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას, ხოლო მოპასუხე – შპს ,,ს-ის” (სამგორის რაიონის ¹103 საბინაო-საექსპლოატაციო უბნის უფლებამონაცვლე) წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა, რადგან მისი განმარტებით, ვ. დ-ის მიერ სადავო ბინის პრივატიზება განხორციელებულია იმჟამად მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. დ-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატის აზრით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილია სწორედ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სახელდობრ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვ. დ-ის მიერ განხორციელებული ბინის სადავო პრივატიზება ეწინააღმდეგება საქართველოს სსრ მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების დებულებებს, რადგან სადავო ბინა წარმოადგენდა მოსარჩელის, გარდაბნის რაიკოოპკავშირის, საკუთრებას და სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 89-ე, 97-ე მუხლების მიხედვით სადავო ბინის პრივატიზებისათვის საჭირო იყო მესაკუთრის – გარდაბნის რაიკოოპკავშირის – თანხმობა, რაც ვ. დ-ის წარმომადგენლის მიერ ვერ იქნა მოპოვებული და წარმოდგენილი. მესაკუთრის თანხმობის გარეშე არაუფლებამოსილი პირის, ¹103 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორის, მიერ განხორციელებული პრივატიზება სასამართლომ ბათილად ცნო.

საკასაციო წარმოების დროს კასატორის წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოადგინა თბილისის ისანი-სამგორის რაიპროკურატურის 2002წ. 10 აპრილის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹103 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორის თანამშრომლების მიმართ, მაგრამ პროკურატურამ დაადგინა, რომ გარდაბნის რაიკოოპკავშირის მიერ მართლაც იქნა გაცემული მინდობილობა ვ. დ-ის განცხადების საფუძველზე, რის შემდეგაც მოხდა ბინის პრივატიზება. მინდობილობა გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა ჯერ კიდევ 1997 წელს, დაუდევრობის გამო. პროკურატურის აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა გარდაბნის რაიკავშირის გამგეობის მიერ, რის გამოც საკასაციო წარმოება შეჩერდა სსკ-ს 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მაგრამ ზემდგომი სასამართლოს განჩინებებით დადგენილება არ გაუქმებულა.

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა ასევე გარდაბნის რაიონის პროკურატურის 2002წ. 15 აგვისტოს დადგენილება, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ლ. ჯ-ის (მესამე პირი) მიმართ ყალბი დოკუმენტების შექმნის, გამოყენებისა და დოკუმენტების გადამალვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ასევე დადგენილია, რომ გარდაბნის რაიკავშირის მიერ თავის დროზე გაიცა მინდობილობა მათ ბალანსზე რიცხული ბინის პრივატიზების შესახებ. ლ. ჯ-ი პირადი ინტერესებით მოქმედებდა და მან უკანონოდ გადამალა ვ. დ-ის ბინის პრივატიზაციის დოკუმენტები, რომლებიც მასთან ინახებოდა და რისი მეშვეობითაც მიაღწია ბინის თავის საკუთრებაში მიღებას.

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი გარდაბნის რაიონის საგამოძიებო განყოფილების 2003წ. 14 სექტემბრის დადგენილებით გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. დ-მა 1993წ. სექტემბერში შეიტანა განცხადება გარდაბნის რაიკოოპკავშირში; ორი ქვითრით ....... ბანკში გარდაბნის რაიკოოპკავშირის ანგარიშზე შეიტანა შესაბამისი თანხა; მიიღო გარდაბნის რაიკოოპკავშირის მინდობილობა და სხვა აუცილებელი საბუთების საფუძველზე მოახდინა ბინის პრივატიზება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი პროკურატურის დადგენილებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება და ისე მიიღოს გადაწყვეტილება;

2. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე ხელახლა უნდა იმსჯელოს სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზეც, რადგან სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე გარდაბნის რაიკოოპკავშირისათვის ვ. დ-ის მიერ 1993 წელს განხორციელებული ბინის პრივატიზების შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ 1997წ. 10 ივლისიდან, როცა ლ. ჯ-მა ნოტარიუსისაგან პირადად წაიღო სადავო პრივატიზაციის საბუთები. გარდაბნის რაიონის საგამოძიებო განყოფილების 2003წ. 14 სექტემბრის დადგენილებით დადგენილია, რომ ვ. პ-ამ და ვ. დ-ის ნათესავმა, ზ. დ-მა, ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ასლი მიიტანეს და ჩააბარეს გარდაბნის რაიკოოპკავშირში, ხოლო თავმჯდომარემ მდივანს დაავალა ხელშეკრულების ჟურნალში რეგისტრირება, რაც დადგენილების მიხედვით, ასევე დაადასტურა მოწმე ს. გ-მა. ამდენად, სარჩელის ხანდაზმულობის საკითხიც, საკასაციო პალატის აზრით, ხელახალ მსჯელობას და შეფასებას საჭიროებს;

3. კასატორი საკასაციო საჩივრით ასევე ითხოვს სამგორის რაიონული სასამართლოს 1997წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასაც, რომლითაც ვ. დ-ი თბილისში, ...... ქ. ¹9-ში მდებარე ¹12 ბინის ფართზე უფლებადაკარგულად არის ცნობილი. საკასაციო სასამართლო კასატორის აღნიშნულ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, რადგან სსკ-ს 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო პალატა პროცესუალურად უფლებამოსილია შეამოწმოს სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილებები, როგორიც თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილებაა, ხოლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრება მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დაუშვებელია და აღნიშნული საკითხი წესრიგდება სსკ-ს LII თავით _ ,,განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი”, 426-432-ე მუხლები.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. დ-ის წარმომადგენლის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.