¹ბს-976-831-კ-04 22 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: 12 თვის საპენსიო დავალიანების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 26 სექტემბერს გ. ჭ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რუსთავის საქალაქო ფილიალის მიმართ და მიუთითა, რომ იგი არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, 75 წელს გადაცილებული, II ჯგუფის ინვალიდი და ღებულობს ინვალიდობის პენსიას _ 45 ლარს. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ეკუთვნის ინვალიდობის პენსიაზე დანამატი მოხუცებულობის პენსია – 14 ლარი და ორი მინიმალური პენსია – 28 ლარი, სულ – 42 ლარი, რის თაობაზეც მან შესაბამისი წესით მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას, მაგრამ 2003წ. 10 სექტემბერს მიიღო წერილობითი უარი.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე ორგანიზაციას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ინვალიდობის პენსიაზე (45 ლარი) დამატებული მოხუცებულობის პენსია _ 14 ლარი და მოხუცებულობის პენსიაზე დანამატი _ 28 ლარი ე.ი. სულ ყოველთვიურად 87 ლარი, ასევე ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობის, 504 ლარის, ანაზღაურება “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად.
მოპასუხე _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რუსთავის საქალაქო ფილიალის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მოსრაჩელეს უნდა დაენიშნოს ორი სახეობის პენსია და მასზე დანამატი სასამართლოში მიმართვის დღიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ორგანიზაციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ინვალიდობის პენსიასთან /45 ლარი/ ერთად მეორე სახის პენსია მოხუცებულობის გამო /14 ლარი/ და მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის დანამატი /28 ლარი/, ე.ი. სულ 87 ლარის 2003წ. 10 სექტემბრიდან და ერთი წლის მიუღებელი პენსიის – 504 ლარის ანაზღაურება.
რუსთავის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ გ. ჭ-ი არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, II ჯგუფის ინვალიდი ომის დროს მიღებული ჭრილობების გამო, 80 წლის., დანიშნული აქვს ომის ინვალიდობის პენსია 45 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურს, რომელზეც უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული კანონის მე-60 მუხლით დადგენილი შეღავათი და ამასთან, მოსარჩელეს უნდა მიეცეს 12 თვის დავალიანება ამავე კანონის 48-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენისია დაინიშნება მასზე უფლების წარმოშობის დღიდან და გაიცემა არაუმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რუსთავის საქალაქო ფილიალმა. აპელანტი მიუთითებდა, რომ იგი არ ეთანხმებოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სოცდაზღვევის რუსთავის საქალაქო ფილიალისათვის ერთი წლის მიუღებელი პენსიის, 504 ლარის, დაკისრების ნაწილში, ვინაიდან, მოხუცებულობის (შრომის წელთა ნამსახურობის) გამო პენსია, რომელიც გ. ჭ-ს დაენიშნა ინვალოდობის პენსიასთან ერთად წარმოადგენს პენსიას სამოქალაქო ხაზით, რომლის დანიშვნის წესს არეგულირებს “მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1990წ. 15 მაისის კანონი, რომლის 103-ე მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნა ხდება პენსიის დასანიშნად მიმართვის დღიდან. საქალაქო სასამართლომ დანიშნა რა მეორე სახის პენსია და დანმატი “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლზე დაყრდნობით, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. მოსარაჩელს პენსია დანიშნული აქვს “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის საფუძველზე და მის ოდენობას ყოველწლიურად განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რუსთავის საქალაქო ფილიალს დაეკისრა გ. ჭ-ის სასარგებლოდ დანიშნული პენსიისა და დანამატის გადახდა 12 თვის უკანდახევით და მას მეორე სახის – ასაკის გამო პენსია 14 ლარი და მასზე დანამტი _ 28 ლარი დაენიშნოს სასამართლოში მიმართვის დღიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 აპრილის გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რუსთავის საქალაქო ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო პალტის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადწყვტილება, რომლითაც გ. ჭ-ის სარჩელი მოხუცებულობის პენსიისა და მისი ორმაგი ოდენობის დანამატის თანხის გასული 12 თვის დავალიანების, 504 ლარის, ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მოხუცებულობის გამო შრომის წელთა ნამსახურობისათვის პენსიის დანიშვნა ხდება “მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1990წ. 15 მაისის კანონის საფუძველზე, რომლის 103-ე მუხლის თანახმად პენსია დაინიშნება პენსიის დასანიშნად მიმართვის დღიდან. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996წ. საქართველოს კანონის 48-ე მუხლის თანახმად კი “თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს”, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეს მუხლი, ვინიდან იგი შეეხება ამ კანონით დანიშნული პენსიის ოდენობაში ცვლილებების შეტანას და არა “მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1990წ. 15 მაისის კანონით დანიშნულ მოხუცებულობის გამო (წელთა ნამსახურობისათვის) დანიშნულ პენსიასა და მის დანამატს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გ. ჭ-ს პენსიისა და დანამატის მიღების უფლება წარმოეშობა მოპასუხისათვის მიმართვის დღიდან ე. ი. 2003წ. 10 სექტემბრიდან.
არ დაეთანხმა რა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, გ. ჭ-ის, მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომელიშიც მხარე მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ვინიდან, იგი არის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, რადგან აღნიშნული პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებით და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული, ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები.
კასატორის მოსაზებით, იგი წარმოადგენს აღნიშნული კანონის სუბიექტს მასზე უნდა გავრცელდეს მითითებული კანონის მე-60 მუხლით დადგენილი შეღავათები, კერძოდ, უკვე დანიშნულ ინვალიდობის პენსიასთან ერთად უნდა მიეცეს მოხუცებულობისათვის დაწესებული პენსია ორო მინიმალური პენსიის ე.ი სულ 87 ლარის ოდენობით და ამავე მუხლის 48-ე მუხლის თანახმად, 12 თვის დავალიანიება – 504 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვტილებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რუსთავის საქალაქო ფილიალს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 404-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მითითებული მუხლის დებულებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გ. ჭ-ის ყოველთვიურად 87 ლარის დაკისრების ნაწილში საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი არ არის, საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, გადაწყვეტილება შეამოწმოს ზემოაღნიშნულის კანონიერების ნაწილში და მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ძველსა და ახალ პენსიებს შორის ერთი წლის სხვაობის _ 504 ლარის ანაზღაურების თაობაზე, მითითებულს საკასაციო სასამართლო მიიჩნევს საფუძვლიანად და თვლის, რომ აღნიშნული ექვემდებარება დაკმაყოფილებას შემდეგი მოსაზრების გამო:
“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტისა და 50-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანისას გადაანგარიშება წარმოებს მომდევნო თვის პირველი ნახევრიდან. თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, მაშინ მას სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის მიეცემა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის თვეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გ. ჭ-ი წარმოადგენს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს, რომელსაც მე-60 მუხლით გათვალისწინებული მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის უფლება წარმოეშვა კანონის ამოქმედების დღიდან.
გამომდინარე იქიდან, რომ კასატორს არ უსარგებლია კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით, მიეღო ორი სახეობის პენსია, მას აქვს უფლება სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რუსთავის საქალაქო ფილიალისათვის პენსიის მისაღებად მიმართვის დღიდან მოითხოვოს პენსიებს შორის სხავაობის, 504 ლარის, ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის III ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 აპრილის გადაწყვეტილება, გაუქმდეს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რუსთავის საქალაქო სასამართლოს გ. ჭ-ის სასარგებლოდ ძველსა და ახალ პენსიებს შორის ერთი წლის სხვაობის, 504 ლარის, დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მითითებულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. ჭ-ს სარჩელი სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რუსთავის საქალაქო ფილიალისათვის ძველსა და ახალ პენსიებს შორის სხვაობის, 504 ლარის, ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
4. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რუსთავის საქალაქო ფილიალს გ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ძველსა და ახალ პენსიებს შორის 1 წლის სხვაობის, 504 ლარის, ანაზღაურება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.