ბს-987-843-კ-04 16 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ბინის თანამესაკუთრედ ცნობა. პრივატიზაციისა და იპოთეკის ხელშეკრულებებისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ჯ. მ-ის მიმართ და მოითხოვა ქორწინების პერიოდში შეძენილი ბინის თანამესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1977 წლიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მოპასუხესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი _ შ. მ-ე. ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ..... სადავო ბინაში მისი დროებით არყოფნის პერიოდში, 2000წ. 12 მაისს მეუღლემ და შვილმა მოახდინეს ბინის პრივატიზაცია და ბინა აღრიცხეს თავიანთ სახელზე. სკ-ის 1158-ე მუხლის საფუძველზე ითხოვდა ბინის, როგორც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების, თანამესაკუთრედ ცნობას.
მოსარჩელემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ ბინის პრივატიზაციის შემდეგ მის ცოლ-შვილს მისგან ფარულად აუღია სესხი და ბინა დაუტვირთავთ იპოთეკით. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ბინას ედო ყადაღა, სასამართლოს აღმასრულებელმა ბინა გაყიდა იძულებით აუქციონზე. ითხოვდა ბინის პრივატიზაციის, იპოთეკის ხელშეკრულებებისა და იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას.
მოპასუხე ჯ. მ-ემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ ბინა მიიღო საჩუქრად და მასში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ბინის პრივატიზება და იპოთეკით დატვირთვა მოხდა მეუღლესთან შეუთანხმებლად. თანახმა იყო ბინის .......-ის თანამესაკუთრედ ცნობილი ყოფილიყო ბ. მ-ე. სასარჩელო მოთხოვნას მხარი დაუჭირა შ. მ-ემაც. სარჩელი არ ცნო თბილისის სააღსრულებო ბიურომ და აღნიშნა, რომ იძულებით აუქციონზე ბინის გასხვისება მოხდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ბინაზე ყადაღის დადების ან აუქციონის შეჩერების შესახებ განჩინება სააღსრულებო სამსახურს არ მიუღია იძულებითი აუქციონის ჩატარებამდე. სარჩელი არ ცნო ქონების შემძენმა ნ. თ-ემ, რომელმაც განმარტა, რომ მან ბინა შეიძინა იძულებით აუქციონზე, გადაიხადა შეთავაზებული თანხა სრულად, მაგრამ მესაკუთრედ ვერ დარეგისტრირდა, რადგან სასამართლომ შეაჩერა იძულებითი აუქციონის შედეგები.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ბ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბ. მ-ე 1987 წლიდან რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, ....... მდებარე საერთო საცხოვრებელში და ..... მდებარე სადავო ბინის პრივატიზების დროისათვის იგი ამ მისამართზე რეგისტრირებული არ ყოფილა, ამიტომ იგი მონაწილეობას ვერ მიიღებდა ბინის პრივატიზებაში და, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მისი მოთხოვნა ამ გარიგების ბათილად ცნობის შესახებ იმ მოტივით, რომ პრივატიზება განხორციელდა მისი მონაწილეობის გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ჯ. და შ. მ-ეები, როგორც ბინის მესაკუთრენი, უფლებამოსილი იყვნენ, იპოთეკით დაეტვირთათ მათ საკუთრებაში არსებული ბინა. ასევე უსაფუძვლო იყო ბ. მ-ის მოთხოვნა იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან აუქციონი ჩატარდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იძულებითი აუქციონი შეჩერებული იყო თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 მარტის განჩინებით და აღმასრულებელს უფლება არ ჰქონდა, ჩაეტარებინა აუქციონი და მიუთითა, რომ სასამართლოს 1.03.02 განჩინება და ამავე თარიღით გაცემული სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროში წარდგენილ იქნა 2002წ. 1 მარტს, 13 საათსა და 30 წუთზე, რა დროსაც საჯარო ვაჭრობა უკვე დამთავრებული იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. მ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო ბინა შეძენილი იყო მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში და იგი თანასაკუთრებას წარმოადგენდა სკ-ის 1158-ე-1172-ე მუხლების საფუძველზე. ის გარემოება, რომ იგი რეგისტრირებული არ ყოფილა სადავო ბინაში, არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან იგი 1947 წლიდან ცხოვრობდა სადავო ბინაში. ბინას გაუკეთა კაპიტალური რემონტი და ლოჯიაც მიაშენა. სკ-ის 1160-ე მუხლის შესაბამისად, ჯ. მ-ეს უფლება არ ჰქონდა, მისი თანხმობის გარეშე მოეხდინა ბინის პრივატიზება, რაც გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოში ბ. მ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა რამდენჯერმე იყო დანიშნული, რა დროსაც არ გამოცხადდა კასატორი. სასამართლომ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებლობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივნისის განჩინება.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ბ. მ-ე და ჯ. მ-ე ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფებიან 1977წ. აპრილიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი _ შ. მ-ე. ქ. თბილისში, ... მდებარე 19 კვ.მ-ის ოროთახიან ბინაში ჯ. მ-ე რეგისტრირებული იყო 1979 წლიდან, ხოლო შ. მ-ე _ 1993 წლიდან. ბ. მ-ე ჩაწერილია ქ. თბილისში, ... აღნიშნულ ბინაზე მთაწმინდის რაიონის საბინაო მეურნეობის სამსახურის ფილიალის ¹3 სახაზინო საწარმოს დირექტორსა და ჯ. და შ. მ-ეებს შორის 2000წ. 12.05 გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელებს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მათ მფლობელობაში არსებული ბინა. პრივატიზაციის ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში 05.06.2000წ. ჯ. და შ. მ-ეებმა 2001წ. 13 აპრილს დ. კ-ესთან გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და იმის გამო რომ ჯ. და შ. მ-ეებმა ვერ უზრუნველყვეს სესხის დაბრუნება, მათ საკუთრებაში არსებული ბინა აღმასრულებლის მიერ გაყიდულ იქნა იძულებით აუქციონზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნა (გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია). პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1.02.¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადეცემა საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის დამქირავებლები არიან.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ, ქ. თბილისში, ..... მდებარე სადავო ბინის პრივატიზებისას, ბ. მ-ე აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული არ ყოფილა, რის გამოც მას მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების საფუძველზე არ წარმოეშვა უფლება, მიეღო ბინა სახელმწიფოსაგან უსასყიდლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნა სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან სკ-ის 1148-ე-1172-ე მუხლების შესაბამისად ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა, ამიტომ მისი, როგორც სადავო ბინის თანამესაკუთრის, თანხმობის გარეშე, იპოთეკის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორს, რომ სკ-ის 1158-ე-60-ე მუხლების თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მათ თანასაკუთრებას წარმოადგენს და აღნიშნული გარემოება არც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის სხვაგვარად გაგებული, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ბინის შეძენას, არამედ სახელმწიფომ, ზემოხსენებული ¹107 დადგენილების თანახმად, უსასყიდლოდ გადასცა ბინა _ ამ ბინის დამქირავებლებს. უსასყიდლოდ გადაცემა სკ-ის 524-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს ჩუქებას _ ჩუქების ხელშეკრულებით მაჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებაში მისი თანხმობით. ამდენად, დადგენილია და სადავო არ არის, რომ მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ბინის პრივატიზაცია წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულებას, რომლითაც სახელმწიფომ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ბინა იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ აღნიშნული ბინის მისამართზე. სკ-ის 1161-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ბინა, როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილი, წარმოადგენდა მეუღლეთა (მისი და ჯ. მ-ის) თანასაკუთრებას და მისი თანხმობის გარეშე ჯ. და შ. მ-ეებს უფლება არ ჰქონდათ, დაედოთ იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნულ გარემოებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში ბინის მესაკუთრეებად რეგისტრირებული იყვნენ ჯ. და შ. მ-ეები და კასატორს აღნიშნული საფუძვლით არ მოუთხოვია ბინის თანამესაკუთრედ დარეგისტრირება იმ მომენტამდე, ვიდრე სადავო ბინის რეალიზაცია არ მოხდა იძულებით აუქციონზე.
საქმეზე წარმოდგენილი სააღსრულებო საქმის წარმოების მასალებით დადგენილია, რომ იძულებითი აუქციონი გაიმართა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ, იძულებითი აუქციონის დაწყებისა და სადავო ბინაზე ყადაღის დადების შესახებ წერილობით ეცნობა ჯ. და შ. მ-ეებს და წინადადება მიეცათ სესხის ნებაყოფლობით გადახდის შესახებ. მათთვის ასევე ცნობილი იყო იძულებითი აუქციონის ჩატარების დღე და საათი. იძულებითი აუქციონის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა საჯაროდ გაზეთ “ ...... “ 2002წ. 22-24 თებერვლის ¹39-ში. აუქციონის კანონდარღვევით ჩატარების თაობაზე ვერც კასატორი ვერ უთითებს. აუქციონის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ აღმასრულებელმა გაასხვისა დაყადაღებული ქონება, თუმცა კასატორის აღნიშნული მოსაზრება საქმის მასალებით არ დასტურდება, რადგან დადგენილია, რომ სადავო ბინის იძულებით აუქციონზე გასხვისება მოხდა 2002წ. 1 მარტს და ამავე რიცხვით დათარიღებული კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განჩინება და სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო სამსახურში წარდგენილ იქნა 1 მარტს, 13 საათსა და 30 წუთზე, რა დროისთვისაც იძულებითი აუქციონი უკვე დამთავრებული იყო.
საკასაციო პალატის აზრით, გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა, ბ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს სკ-ის 185-ე მუხლის მოთხოვნაც-შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ იპოთეკის ხელშეკრულების დადებისა და იძულებითი აუქციონის ჩატარების დროისათვის სადავო ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ჯ. და შ. მ-ეების სახელზე. სკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ვინაიდან კასატორმა ვერ შეძლო დაედასტურებინა სადავო ბინაზე მისი საკუთრების უფლება, ამიტომ მისი მოთხოვნა ბინის პრივატიზაციის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და იძულებითი აუქციონის შედეგების გაუქმების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივნისის განჩინება;
3. ბ. მ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.