Facebook Twitter

ბს-10-10-კ-04 22 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ლ.-მ სარჩელით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: წყალტუბოს რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის და წყალტუბოს რაიონის მიწის მართვის სამმართველოების მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მან 2001წ. სექტემბერში ხელშეკრულება გააფორმა წყალტუბოს რაიონის გამგეობასთან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით აღების შესახებ. ხელშეკრულება გაფორმდა 50ჰა მიწის ნაკვეთზე, რომელზეც შეასრულა საგაზაფხულო სამუშაოები, კერძოდ, შემორაგვითი სამუშაოები 1,50მ _ 1,20მ, 50 ჰა-ზე, რისთვისაც სს წყალტუბოს სოფლტექნიკას გადაუხადა 2800 ლარი. მის მიერ იჯარით აღებული 50 ჰა მიწის ნაკვეთი შემდგომში მოსახლეობის მიერ გახდა სადავო, რის გამოც მისი თანხმობით მას ჩამოეწერა 20 ჰა მიწის ნაკვეთი და გაფორმდა იჯარის ახალი ხელშეკრულება 30 ჰა-ზე 49 წლის ვადით. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მის მიერ შემორაგვით სამუშაოებზე გაწეული ღირებულება უნდა აენაზღაურებინა ან მომავალ გადასახადებში ჩაეთვალა მოპასუხეს.

წყალტუბოს რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველომ და წყალტუბოს რაიონის მიწის მართვის სამმართველომ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ წყალტუბოს რაიონის გამგეობის 2001წ. 18 დეკემბრის ¹76 დადგენილებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 50 ჰა სახნავი მიწა იჯარით გადაეცა მ. ლ.-ეს. მოიჯარემ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე აწარმოა შემორაგვითი სამუშაოები თხრილის სახით. მისი თანხმობით 2002წ. მარტში იჯარით აღებული 50 ჰა შემცირდა 20 ჰა-ით.

2002წ. ივლისში მ. ლ.-ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემ რაიონულ კომისიას, რომლითაც მოითხოვა სათანადო ცვლილებების შეტანა საიჯარო ხელშეკრულებაში და 20 ჰა-ზე გადახდილი შემორაგვითი სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯისა და გადახდილი გადასახადის მომდევნო წლის გადასახადებში ჩათვლა. კომისიამ განიხილა მ. ლ.-ის განცხადება და ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი, კერძოდ, იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი შეამცირა 20 ჰა-ით და ამ ნაკვეთზე გადახდილი გადასახადი 600 ლარი ჩაუთვალა მომდევნო წლის გადასახადში.

მოპასუხეები მიუთითებდნენ, რომ 2001წ. 27 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა მოიჯარის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას მეიჯარის მხრიდან.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით მ. ლ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ.-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ლ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ 2200 ლარი ჩაითვალა იჯარის გადასახადში.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული გაწეული ხარჯების ანაზღაურება და მიუთითა, რომ ხელშეკრულების მე-3 თავის პირველი მუხლის “დ” პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, მოიჯარეს უფლება ჰქონდა, განეხორციელებინა თხრილების, სადრენაჟე არხების, ღობეებისა და მიწის გამოყენებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები და მოეთხოვა იმ ხარჯების კომპენსაცია, რომელიც გასწია დასახელებულ ღონისძიებათა განსახორციელებლად, თუ ვადამდე ხელშეკრულების მოშლის მიზეზი არ იყო მოიჯარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა, ვინაიდან 20 ჰა-ზე იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა არ იყო გამოწვეული მოიჯარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით, ამიტომ მეიჯარე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა საიჯარო ქონებაზე გაწეული აუცილებელი ხარჯები სკ-ის 598-ე მუხლის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს წყალტუბოს რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის და წყალტუბოს რაიონის მიწის მართვის სამმართველოებმა.

კასატორები მიუთითებენ, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ იყო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ამ უკანასკნელის მიერ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის გაუმჯობესებისათვის გატარებულ სამუშაოთა ნამდვილობას და ოდენობას.

მოსარჩელის მოთხოვნა ემყარებოდა მხოლოდ მის ზეპირ განცხადებას, რომელიც სათანადო მტკიცებულებით არ იყო დადასტურებული და სააპელაციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ გააჩნდა, ამიტომ ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი.

საკასაციო სასამართლოში წყალტუბოს რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის და წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოების საკასაციო საჩივრის განხილვა რამდენჯერმე იყო დანიშნული, რა დროსაც არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე. სასამართლომ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წყალტუბოს მიწის მართვისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ლ.-ეს სკ-ის 598-ე მუხლისა და საიჯარო ხელშეკრულების მე-3 თავის პირველი მუხლის “დ” ქვეპუნქტის ბოლო წინადადების საფუძველზე, უფლება ჰქონდა მოეთხოვა საიჯარო ნაკვეთზე გაწეული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება და ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულება, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა, გაფორმებული იყო 30 ჰა მიწის ნაკვეთზე, ხოლო 50 ჰა-ზე გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება საქმის მასალებში არ მოიპოვება.

ამიტომ დაუდგენელია, არსებობდა 50 ჰა მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულება სათანადო წესით გაფორმებული, თუ მ. ლ.-ე თავის მოთხოვნას ამყარებდა წყალტუბოს რაიონის გამგეობის 2001წ. 18 დეკემბრის ¹76 დადგენილების მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტზე, რომლითაც დამტკიცდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის რაიონული კომისიის 2001წ. 5 ნოემბრის სხდომის ოქმი ¹8. სააპელაციო სასამართლომ მ. ლ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998წ. 20 აგვისტოს ¹2-372 ბრძანებით დამტკიცებულ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულების მე-3 თავის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის ბოლო წინადადებაზე, რომლის თანახმად, მოიჯარეს უფლება აქვს, მოითხოვოს თხრილების, სადრენაჟე არხების, ღობეებისა და მიწის გამოყენების გაუმჯობესებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებებზე გაწეული ხარჯების კომპენსაცია და ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ამავე ნორმის მიხედვით, მოიჯარეს საიჯარო ქონებაზე გაწეული გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა იჯარის ვადის გასვლისას. ამასთან, ხელშეკრულების III თავის I პუნქტის “დ” ქვეპუნქტში განსაზღვრული გაუმჯობესების ფაქტის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს მოიჯარისა და იჯარის ობიექტების მესაკუთრის მიერ ხელმოწერილი ოქმით. ასეთი მტკიცებულება კი საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ნამდვილად იყო გაწეული ხარჯები საიჯარო ქონების გაუმჯობესებაზე, თუმცა საქმის მასალებში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. ლ.-ის მიერ საიჯარო ნაკვეთზე შემორაგვითი სამუშაოების ღირებულების გადახდას, კერძოდ, თანხის გადახდის ქვითარი, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება ან სამუშაოს შემსრულებლის მიერ (სს წყალტუბოს სოფლტექნიკა) შესრულებული სამუშაოს ღირებულების შემოსავალში აღრიცხვა და სხვა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯების ნამდვილობა დადასტურებულად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მიერ სასარჩელო განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი, ე.წ. “გამოკითხვის ოქმების” საფუძველზე, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს აზრით, გაურკვეველია, რომელ საპროცესო დოკუმენტებს განეკუთვნება, თუ სააპელაციო სასამართლო თვლიდა, რომ აღნიშნული, ე.წ. “გამოკითხვის ოქმები”, მიესადაგებოდა ახსნა-განმარტებას, მაშინ იგი ვალდებული იყო, ახსნა-განმარტებების მიმცემი პირები მოწმედ მოეწვია სასამართლო სხდომაზე და მიეღო მათგან ახსნა-განმარტებები.

მოსარჩელე მ. ლ.-ე სასარჩელო განცხადებაზე მიუთითებდა, რომ მან შემორაგვითი სამუშაოები გასწია 50 ჰა მიწის ნაკვეთზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 2200 ლარი. სააპელაციო სასამართლომ მთლიანად დააკმაყოფილა რა სარჩელის მოთხოვნა, ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ აღნიშნული 50 ჰა მიწის ნაკვეთიდან 30 ჰა-ზე საიჯარო ხელშეკრულება საქმის განხილვის დროისათვის ძალაში იყო და მოსარჩელეს მხოლოდ 20 ჰა მიწის ნაკვეთზე გაწეული ხარჯების კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ჰქონდა თუ დადასტურდებოდა მის მიერ აღნიშნული თანხის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განჩინებაში მითითებული გარემოებები საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რის გამოც საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე პუნქტით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. წყალტუბოს რაიონის მიწის მართვისა და წყალტუბოს რაიონის სოფლის მეურეობისა და სურსათის სამმართველოების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.