Facebook Twitter

ბს-1019-868-კ-04 25 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ც. ფ-ის, დ. და ა. დ-ეების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მას სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ¹....... სამხედრო ნაწილის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის, ქ. ბათუმში, ..... მდებარე ბინა საცხოვრებელი 15,36 კვ.მ. აღნიშნული ბინა უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული ც. ფ-ეს, დ. და ა. დ-ეებს, რომელთაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან რაიმე სამსახურებრივი ურთიერთობა არ გააჩნიათ. მოპასუხეები გაფრთხილებულ იქნენ ბინის გამოთავისუფლების თაობაზე, მაგრამ ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ ბინას. მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეების გამოსახლებას სადავო ბინიდან და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოსათვის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.12.01წ. გადაწყვეტილებით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები: ც. ფ-ე, დ. და ა. დ-ეები გამოსახლებულ იქნენ ქ. ბათუმში, ...... მდებარე ¹15 ბინიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა ბინის თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის ჩაბარება.

ც. ფ-ემ, ა. და დ. დ-ეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვეს მისი გაუქმება და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართოლს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.07.02წ. გადაწყვეტილებით ც. ფ-ეს, დ. და ა. დ-ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.12.01წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ სკ-ის 143-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ვინაიდან აპელანტი 1990 წლიდან ცხოვრობდა სადავო ბინაში და განვლილ პერიოდში მათ მიმართ არავითარი პრეტენზია არ გამოთქმულა. უფლებრივი წინამორბედების მფლობელობაში გასული ხანდაზმულობის ვადა გამოიყენებოდა უფლებამონაცვლის მიმართაც.

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, მოპასუხეების გამოსახლება სამმართველოს კუთვნილი სამსახურებრივი ბინიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 20 მარტის განჩინებით გაუქმდა აჭარის ა/რ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაბურუნდა იმავე სასამართლოს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 3 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა ნამდვილად ირიცხება სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სახელზე, რაც დასტურდებოდა ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობით.

ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1989წ. 15 მაისს გაცემული ორდერის საფუძველზე, ქ. ბათუმში, ..... მდებარე ¹15 ბინაში შესახლებულ იქნა სამხედრო მოსამსახურე ვ. ხ-ო ოჯახთან ერთად, რაც ადასტურებდა მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ბინა აშენებისთანავე სამხედრო ნაწილის საცხოვრებელ ფონდს წარმოადგენდა, რომელიც სამსახურებრივი დანიშნულებით გაიცემოდა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია ასევე, რომ სარჩელი ხანდაზმულობის ვადის დაცვით იყო აღძრული, რადგანაც ც. ფ-ე ბინაში შესახლდა 1990 წელს. სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელი გამოსახლების შესახებ აღძრა 2000წ. 20 ოქტომბერს. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სამსახურებრივი დანიშნულების ბინები ¹...... სამხედრო ნაწილიდან გადაეცა 1999წ. 10 სექტემბერს. ხანდაზმულობის ვადის გაცდენის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს სსკ-ის 143-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ნივთი, რომლის მიმართაც არსებობს სანივთო მოთხოვნა, უფლებამონაცვლეობის გზით მესამე პირის მფლობელობაში აღმოჩნდება, მაშინ უფლებრივი წინამორბედის მფლობელობაში გასული ხანდაზმულობის ვადა გამოიყენება, აგრეთვე, უფლებამონაცვლის მიმართაც.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ც. ფ-ემ, დ. და ა. დ-ეებმა, რომლებიც მოითხოვენ სააპელაციო პალატის 2004წ. 3 მაისის განჩინების გაუქმებას, ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ც. ფ-ე, დ. და ა. დ-ეები საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებენ შემდეგ საფუძვლებზე:

1. მათ მრავალსულიან ოჯახს სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია;

2. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ რუსეთის ჯარებიდან მიღებული ბინების სიაში მათ მიერ დაკავებული ბინა არ ფიგურირებს;

3. 1990 წელს მათ ბინა შეიძინეს სამხედრო მოსამსახურისაგან, რა დროსაც ¹6 საბინაო განყოფილების უფროსმა განუმარტა, რომ ბინაში ცხოვრების ძირითადი პირობა იყო ბინაში ჩაწერა;

4. 1994 წლიდან მისი მეუღლე მუშაობდა სასაზღვრო რაზმში. 1998 წელს, გაფართოების მიზნით, რუსეთის ჯარის ნაწილმა მისცა სამსახურებრივი ოროთახიანი ბინა. 2000 წელს, სასამართლოს დაწყების შემდეგ, იძულებული შეიქმნა წასულიყო არჩევანზე და ჩაებარებინა აღნიშნული ბინა, რის შემდეგაც მიატოვა მუშაობა სასაზღვრო რაზმში;

5. რადგან ჩაწერილია სადავო ბინაში კანონიერად, რატომ არ შეიძლება, რომ დაუკანონდეს ბინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ფ-ის, დ. და ა. დ-ეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 მაისის განჩინება.

სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა ან არასწორად განმარტა იგი. ც. ფ-ის, ა. და დ. დ-ეების საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ არც ერთი საფუძველზე. ასევე, კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიმართ. უფრო მეტიც, საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის შესახებ, რომ კასატორებს ბინაზე არ გააჩნდათ ბინით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი – ორდერი და რომ მათ ბინა შეიძინეს სამხედრო მოსამსახურე ვ. ხ-ოსაგან. ასევე ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოსთან არ იმყოფებიან სამსახურებრივ ურთიერთობაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია შემდეგ გარემოებათა გამო:

ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1989წ. 15 მაისს გაცემული ორდერის საფუძველზე, ქ. ბათუმში, ..... მდებარე ¹15 ბინაში შესახლებულ იქნა სამხედრო მოსამსახურე ვ. ხ-ო ოჯახთან ერთად. 1989 წლისათვის მოქმედი საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებას სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის გაცემის შესახებ იღებდნენ იმ საწარმოს დაწესებულების პროფკავშირული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანოები, ჯარის ნაწილის სარდლობა, რომელთა გამგებლობაშიც იყო სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი გასცემდა ბინის ორდერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ ქ. ბათუმში, ..... მდებარე ¹15 ბინაზე ორდერი გასცა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა, არ წარმოადგენს სადავო ბინის კომუნალური ფონდის ბინად მიჩნევის საფუძველს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამიერკავკასიის რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სარდლის 1996წ. 11 იანვრის ¹5 ბრძანების პირველი პუნქტით, საქართველოში რუსეთის ფედერაციის ჯარების კუთვნილი მთლიანი საბინაო ფონდი ჩაითვალა სამსახურებრივ თანრიგში.

1999წ. ოქტომბრიდან, რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის საქართველოს ტერიტორიიდან გასვლასთან დაკავშირებით, სამსახურის საცხოვრებელი ბინები სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს. საქმეზე წარმოდგენილი ტექაღრიცხვის სამსახურის ცნობით დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლები რეგისტრირებულია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სახელზე.

საქმის მასალებით დადგენილია და საკასაციო საჩივარში კასატორებიც ადასტურებენ, რომ მათ ბინა შეიძინეს სამხედრო მოსამსახურე ვ. ხ-ოსაგან. მათ სადავო ბინაზე ორდერი არ გააჩნიათ და არც ბინის მიმღებთა რიგში ყოფილან შეყვანილი. იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის, საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, ბინაში შესახლების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ორდერი, რომელიც მოპასუხეებზე არ გაცემულა. პირად ბარათში მითითებული ¹...... ორდერი გაცემულია სადავო ბინაში ადრინდელ მცხოვრებ ვ. ხ-ოს სახელზე. ბინაში ცხოვრების სამართლებრივ საფუძვლად ვერ იქნება მიჩნეული ც. ფ-ის სახელზე გახსნილი ბინის პირადი ბარათი, ვინაიდან იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა ბინაში შესახლების საფუძვლად ასეთს არ ითვალისწინებდა.

უსაფუძვლობის გამო, არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მათ უნდა დაუკანონდეთ სადავო ბინა, რადგან შეიძინეს იგი ვ. ხ-ოსაგან და ჩაეწერნენ მასში. დადგენილია, რომ ბინა წარმოადგენს სამსახურებრივი დანიშნულების ბინას და ვ. ხ-ოს, რომელიც წარმოადგენდა ბინის დამქირავებელს (მოსარგებლეს), ბინის გაყიდვის უფლება არ გააჩნდა. ამასთან, იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული იყო სამსახურებრივი დანიშნულების ბინების გასხვისება (გაყიდვა). ამ გარემოებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ კასატორების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. სკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე, მესაკუთრეს უფლება აქვს, გამოითხოვოს ნივთი უკანონო მფლობელობიდან, რადგან დადგენილია, რომ კასატორები სამსახურებრივ ურთიერთობაში არ იმყოფებიან საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოსთან, ამიტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კანონიერად დაკმაყოფილდა საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ფ-ის, დ. და ა. დ-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 მაისის განჩინება;

3. კასატორებს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.