Facebook Twitter
¹ბს-1022-871-კ-04 24 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია

დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 9 ოქტომბერს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ხელვაჩაურის რაიონულმა განყოფილებამ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც ა. ს-ე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად იქნა აღიარებული.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ა. ს-ე 1965 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზაქათალას რაიონში დაიბადა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის გადაწყვეტილებით იგი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად იქნა აღიარებული და 45 ლარის ოდენობით პენსია დაენიშნა.
განმცხადებლის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან ა. ს-ის დედა _ ა. ს-ე-ლ-ა, რომელიც 1945 წელს საქართველოდან ყაზახეთის რესპუბლიკაში გადაასახლეს, გადასახლებიდან საქართველოში აღარ დაბრუნებულა, საცხოვრებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში წავიდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის განჩინებით სოცუზრუნველყოფის ფონდის ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების განცხადება უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონულმა განყოფლებამ იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 13 ივლისის განჩინებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის განჩინება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ა. ს-ის დედა _ ა. ს-ე სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956წ. 28 აპრილის ბრძანებულების საფუძველზე სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან მოხსნის შემდეგ, თავისი ნება-სურვილით წავიდა საცხოვრებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
სასამართლომ მიუთითა, რომ სპეცკომენდატურიდან 1956 წელს გათავისუფლებულ საქართველოს არაქართველ მოქალაქეებს მათ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც ა. ს-ე თავისი ნება-სურვილით საქართველოში ვერ დაბრუნდებოდა. ზემოთ მითითებული შეზღუდვები საქართველოს არაქართველ მოქალაქეებს მოეხსნათ და საქართველოში დაბრუნების ნება მიეცათ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974წ. 9 იანვრის ბრძანებულებით, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, თათრებს, ბალყარებს, თურქებს და სხვებს, რომლებიც სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1856წ. 28 აპრილის ბრძანებულებით სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან მოიხსნენ, თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შეზღუდვა მოეხსნათ.
აღნიშნული განჩინება სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის ფილიალმა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულება, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ხელვაჩაურის ფილიალის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 13 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონი, რომლის 1-ლი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921წ. 25 თებერვლიდან 1990წ. 28 ოქტომბრამდე. ამასთან, ეს კანონი არ ვრცელდება 1921წ. 25 თებერვლიდან 1990წ. 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ, ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, რომელთა რეაბილატაციის წესი ცალკე განისაზღვრება.
ზემოთ მითითებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება: არის თუ არა ა. ს-ე “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, ხომ არ წარმოადგენს იგი 1921წ. 25 თებერვლიდან 1990წ. 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ, ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირს, რომელზედაც აღნიშნული კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
როგორც საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება 1945 წელს ა. სუსანიძის დედა _ ა. ს-ე-ლ-ა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე საქართველოდან ყაზახეთის რესპუბლიკაში იქნა გასახლებული. იგი 1956 წლამდე სპეცკომენდატურაში იმყოფებოდა აღრიცხვაზე, შემდეგ გათავისუფლდა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზაქათალის ოლქში წავიდა საცხოვრებლად, სადაც 1965 წელს მისი შვილი _ ა. ს-ე დაიბადა, რომელიც 1983 წელს რეგისტრირებული ქორწინებით ხელვაჩაურის რაიონში მცხოვრებ ა. ს-ეს გაჰყვა ცოლად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მას შემდეგ, რაც ა. ს-ის დედა, ა. ს-ე, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956წ. 28 აპრილის ¹135/42 ბრძანებულების საფუძველზე სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან მოიხსნა, მას საქართველოში დაბრუნების სრული უფლება მიეცა, რადგან 1956 წელს სპეცკომენდატურიდან გათავისუფლებულ საქართველოს არაქართველ მოქალაქეებს საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც ა. ს-ე საკუთარი ნება-სურვილით საქართველოში ვერ დაბრუნდებოდა. აქვე ნიშანდობლივია ისიც, რომ, მართალია, ა. ს-ე 1956 წელს, დედის სპეცგადასახლებიდან გათავისუფლების შემდეგ, დაიბადა, მაგრამ ა. სუსანიძეს იმ პერიოდში საქართველოში, თავის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების უფლება არ გააჩნდა, რადგან საქართველოს არაქართველ მოქალაქეებს შეზღუდვები მოეხსნათ და საქართველოში დაბრუნების ნება მიეცათ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974წ. 9 იანვრის ბრძანებულებით
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 13 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.