ბს-103-85-კ-04 14 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 6 მარტს თ. ტ.-მ თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხის 2003წ. 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანების არაკანონიერად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1998წ. 7 სექტემბრიდან საბაჟო დეპარტამენტში მუშაობდა, ხოლო 2000წ. 20 ოქტომბრიდან იმავე დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დისპეტჩერიზაციის სამმართველოს სამორიგეო-სადისპეტჩერო განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა და საჯარო მოსამსახურედ ითვლებოდა.
მოსარჩელის მითითებით, იგი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და იმავე სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურედ გადაიყვანეს. კადრების სამსახურს კი შტატგარეშე მოსამსახურეებთან ორთვიანი შრომითი ხელშეკრულების (2003წ. 20 თებერვლიდან 20 აპრილამდე) გაფორმება დაევალა, რის შემდეგაც მას ხელშეკრულება შეუწყდებოდა.
თ. ტ.-ე აღნიშნავდა, რომ გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებული ნორმატიული აქტები გათავისუფლების საფუძვლად არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ¹358 ბრძანებულება, აგრეთვე, საბაჟო დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის “ვ” ქვეპუნქტი ზოგადად საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაციის განხორციელების საჭიროების თაობაზე მიუთითებდნენ. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას, ხოლო ამავე კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაცია ვალდებული იყო, მოხელისათვის დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე ეცნობებინა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იმ განყოფილებაში, სადაც იგი მუშაობდა, შტატების შემცირება არ მომხდარა, პირიქით, შტატები გაიზარდა და ექვსი თანამშრომლის ნაცვლად ცხრა საშტატო ერთეული დამტკიცდა. ამასთან, რეორგანიზაციის შედეგად მისი შტატი არ გაუქმებულა. მისი თანამდებობა სხვა პირმა დაიკავა მაშინ, როცა მას, “საქართველოს შკკ-ის” 36-ე მუხლის შესაბამისად, კვალიფიკაციისა და შეძენილი გამოცდილების გათვალისწინებით, სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ჰქონდა. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მის მიმართ “საქართველოს შკკ-ის” 30-ე, 34-ე მუხლებისა და “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე, 97-ე და 108-ე მუხლების მოთხოვნები უხეშად დაირღვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულებით საბაჟო სისტემაში სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია განხორციელდა. ამავე ბრძანებულების მე-5 პუნქტის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტს დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების უფლებამოსილება შეწყდა და ახალი სტრუქტურა ამოქმედდა, საბაჟო ორგანოებში მომუშავე მოხელეები, მათ შორის, თ. ტ.-ც, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გათავისუფლდნენ.
მოპასუხე აღნიშნავდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრის 2002წ. 29 აგვისტოს ¹269 ბრძანებით საბაჟო დეპატამენტის დებულება დამტკიცდა, რომლის შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის მიერ 2002წ. 5 სექტემბრის ¹297 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტის ძველი საშტატო განრიგი, რის საფუძველზეც საბაჟო დეპარტამენტის მთელი პირადი შემადგენლობა იყო დანიშნული, გაუქმდა და ახალი დამტკიცდა. ამდენად, თ. ტ.-ე 2002წ. 10 სექტემბრიდან გათავისუფლებულად ითვლებოდა, რადგან მისი სამმართველო და, შესაბამისად, თანამდებობაც უკვე აღარ არსებობდა.
მოპასუხე მიუთითებდა, რომ საბაჟო დეპატამენტში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდა, მაგრამ 1207 ადამიანისათვის ერთ დღეში კონკრსის ჩატარება შეუძლებელი იყო. ამიტომ, თ. ტ.-ს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სხვა თანამდებობა შესთავაზეს, რითაც ადმინისტრაცია შეეცადა მისი ინტერესები დაეცვა და კონკურსის ჩატარებამდე სამუშაო ადგილი და მყარი ხელფასის გარანტია უზრუნველეყო. შემდეგ კი, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში იგი შესაბამის თანამდებობაზე უპრობლემოდ დაინიშნებოდა. ამასთან, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ თ. ტ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს “საქართველოს შკკ-ის” 34-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტიც წარმოადგენდა, ვინაიდან აღნიშნული მუხლით განსაზღვრული ერთ-ერთი პირობა – რეორგანიზაცია სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად _ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ტ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 6 თებერვლის ¹41-კს ბრძანება არაკანონიერად იქნა ცნობილი და თ. ტ.-ე აღდგენილ იქნა პირვანდელ ან სხვა ტოლფას თანამდებობაზე.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 აპრილის განჩინებით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ. ტ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 19 ნოემბრის ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა და თ. ტ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. ტ.-ე სწორად იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან და დანიშნული სხვა თანამდებობაზე, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლონ შტატებით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირებისას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე და 77-ე მუხლების შესაბამისად, მოხელის თანხმობა სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას ან სამსახურებრივი დაწინაურებისას იყო საჭირო და არა დანიშვნისას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ტ.-ე შტატების შემცირებით რეორგანიზაციის თაობაზე გაფრთხილებულ იქნა და მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც შტატგარეშე მოსამსახურედ სხვა თანამდებობაზე დაინიშნა, ამით საბაჟო დეპარტამენტისაგან მისთვის ახალი თანამდებობა იქნა შეთავაზებული.
აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ტ.-მ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ თ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი და სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებები კანონის დარღვევის გარეშეა გამოკვლეული და საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია, საქმეზე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი:
თ. ტ.-ე 1998წ. 7 სექტემბრიდან საბაჟო დეპარტამენტში მუშაობდა, ხოლო 2000წ. 20 ოქტომბრიდან იმავე დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დისპეტჩერიზაციის სამმართველოს სამორიგეო-სადისპეტჩერო განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანებით იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და ორთვიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იმავე სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურედ გადაიყვანეს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებელია შემდეგი ნორმების მოხმობა: “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის სამსახურიდან გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამავე კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.
ამავე კანონის 97-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას.
როგორც აღვნიშნეთ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საბაჟო დეპარტამენტში შტატების შემცირება არ მომხდარა, არამედ მხოლოდ რეორგანიზაცია განხორციელდა, რომელსაც სისტემაში შტატების საერთო რაოდენობა არ შეუცვლია. აღნიშნულს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე – საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელი მ. ქ.-ც ადასტურებს.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებული ნორმატიული აქტები გათავისუფლების საფუძვლად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ¹358 ბრძანებულება, აგრეთვე, საბაჟო დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის “ვ” ქვეპუნქტი ზოგადად საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაციის განხორციელების საჭიროების თაობაზე მიუთითებენ და ისინი მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების კანონისმიერ საფუძვლად ვერ იქნებიან მიჩნეული. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების თაობაზე აღნიშნულ აქტებში არაფერია ნათქვამი.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულებით საბაჟო სისტემაში არა შტატების შემცირება, არამედ სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია განხორციელდა, ხოლო თვით მოსარჩელის განყოფილებაში – საბაჟო გადაზიდვების ზედამხედველობისა და დისპეტჩერიზაციის სამმართველოს სამორიგეო-სადისპეტჩერო განყოფილებაში – რეორგანიზაციის შედეგად შტატები არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა – 6-ის ნაცვლად 9 შტატი გახდა. ამასთან, არც მისი თანამდებობა გაუქმებულა და მის ადგილზე სხვა პირი დაინიშნა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, თ. ტ.-ის სამსახურიდან გათავისუფლება, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უმართებულო იყო.
საკასაციო სასამართლო აქვე იზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ თუნდაც შტატების შემცირების დროს მას, “საქართველოს შკკ-ის” 36-ე მუხლის თანახმად, როგორც შესაბამისი კვალიფიკაციისა და მუშაობის გამოცდილების მქონეს, თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლება ჰქონდა. აქვე, ნიშანდობლივია, რომ, მართალია, ამავე კოდექსის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის დებულება სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად რეორგანიზაციისას მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესაძლებლობას ითვალისწინებს, მაგრამ საჯარო მოსამსახურეზე, “საქართველოს შკკ-ის” 1-ლი მუხლის თანახმად, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები უპირატესად ვრცელდება, ეს უკანასკნელი კი პირის სამუშაოდან დათხოვნას მხოლოდ შტატების შემცირებისას ითვალისწინებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, თ. ტ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანება, როგორც კანონშეუსაბამო, არაკანონიერად უნდა იქნეს ცნობილი, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. ტ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანება თ. ტ.-ის გათავისუფლების თაობაზე არაკანონიერად იქნეს ცნობილი;
5. თ. ტ.-ე აღდგენილ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვების ზედამხედველობისა და დისპეტჩერიზაციის სამმართველოს სამორიგეო სადისპეტჩერო განყოფილების (ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დაცვის სამმართველოს სამორიგეო განყოფილების) უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.