ბს-1054-900-კ-04 23 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერის ბათილად ცნობა. ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. კ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: თელავის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურისა და ლ. კ-ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოპასუხე ლ. კ-ე არის მისი ძმა. .......-ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1967წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამაყოფილდა ლ. კ-ის თხოვნა და იგი ცალკე კომლად გამოიყო მათი მამის _ შ. კ-ის კომლიდან. 1968წ. 2 იანვარს შედგა გაყრილობის განაჩენი, რის შედეგად ლ. კ-ეს ერგო სახლის შუა ნაწილი _ ძველი სახლის გამართული 1 ოთახი შუშაბანდით და დაბლა მარანი 30 _ ვედროიანი ქვევრით. ........-ის კოლმეურნეობის გამგეობის 1968წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. კ-ის თხოვნა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ და დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გამოჰყოფოდა მშობლების მიწის ნაკვეთიდან, ხოლო თუ არ იქნებოდა დადგენილ ნორმამდე, სხვაობა Aშეევსებოდა კოლმეურნეობის ჩამონაჭერი ნაკვეთებიდან.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ლ. კ-ის ცალკე კომლად გამოყოფა გამოწვეული იყო მიწის ნაკვეთის მისაღებად, თუმცა გაყოფის განაჩენში მიწის ნაკვეთის თაობაზე არაფერი იყო ნათქვამი და 1988 წლამდე ისევ ერთ კომლად ცხოვრობდნენ.
1988 წელს ლ. კ-ემ მემკვიდრეობით მიიღო მამიდის მთელი ქონება და საცხოვრებლად იქ გადავიდა. მშობლებთან დარჩა თვითონ (მოსარჩელე).
1988-89 წლებში სოფ. .......-ში ჩატარდა ინვენტარიზაცია და 1988წ. 30 ნოემბრის ჩანაწერით, სახლის მამისეული ნაწილი აღირიცხა მამის _ შ. კ-ის სახელზე, ხოლო მეორე ნაწილი ბიძის _ მ. კ-ის სახელზე. ინვენტარიზაციისას მოპასუხე ლ. კ-ეზე სახლის რაიმე ნაწილი არ აღრიცხულა, მასზე აღირიცხა მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებული სახლი. ლ. კ-ეს 2001 წლამდე პრეტენზია არ განუცხადებია გაყრის აქტით მიღებულ წილზე. 1996 წელს გარდაიცვალა მამა _ შ. კ-ე, რის შემდეგაც შ. და მ. კ-ეების წილობრივი საკუთრების სახლი მთლიანად აღირიცხა მის სახელზე.
1999 წელს ლ. კ-ემ დავა დაიწყო ჯერ მიწის ნაკვეთზე, ხოლო შემდეგ მისგან ფარულად ცვლილება შეიტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერში და თავის სახელზე აღრიცხა გაყრის აქტით მიღებული სახლის ნაწილი. მიაჩნია, რომ განხორციელებული ცვლილებები არ შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ კანონმდებლობას და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
მოპასუხე ლ. კ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მშობლების კომლს გამოეყო 1968 წლიდან. 1988 წლამდე, სანამ მამიდისაგან მემკვიდრეობით მიიღებდა სახლ-კარს, მანამდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გამოყოფილ ნაწილში და აწარმოებდა დამოუკიდებელ მეურნეობას. 1988-89 წლებში, როდესაც სოფ. ..... მიმდინარეობდა ინვენტარიზაცია, იმის გამო, რომ იგი იმყოფებოდა მემკვიდრეობით მიღებულ სახლში, მისმა ძმამ შეცდომაში შეიყვანა კომისია, რადგან დამალა, რომ სახლის ნაწილი მის სახელზე ირიცხებოდა. აღნიშნულის შემდეგაც იგი ჩვეულებრივ სარგებლობდა თავისი კუთვნილი წილით, ხოლო 2001 წელს, როდესაც მოსარჩელემ აუკრძალა თავისი წილი ოთახებით სარგებლობა, მათ შორის გამწვავდა ურთიერთობა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიბრუნა თავისი ოთახები. შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი საჯარო რეესტრის ჩანაწერში.
თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. კ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ტექინვენტარიზაციის სამსახურის 2001წ. 11 იანვრის ჩანაწერი ლ. კ-ის სახელზე სახლის ნაწილის აღრიცხვის შესახებ და მ. კ-ეს დაუბრუნდა ლ. კ-ის უკანონო მფლობელობიდან მის მიერ დაკავებული ფართი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება მ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ 1968წ. 2 იანვრის გაყრის განჩინებისა და სოფ. ......-ის გამგეობის 8.01.01წ. ¹4 ცნობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სახლის ნაწილი აღირიცხა ლ. კ-ის სახელზე. კერძოდ, სახლის შუა ნაწილი, ერთი ოთახი შუშაბანდით და დაბლა მარანი. მ. კ-ეს გაყრილობის განაჩენისა და ........-ის საკრებულოს მითითებული ცნობების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი არ აღუძრავს. თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 18 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. კ-ის სარჩელი და მ. კ-ეს მასთან მყოფ პირებთან ერთად აეკრძალათ ლ. კ-ისათვის გაყრილობის განჩინებით მიკუთვნებული ქონებით სარგებლობდა და მიუთითა, რომ სსკ-ის 266-ე მუხლის საფუძველზე მხარეებს არ შეეძლოთ სადავო გაეხადათ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. სკ-ის 170-ე მუხლის საფუძველზე ლ. კ-ე უფლებამოსილია, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს სადავო ქონებით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-ემ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
კასატორს მიაჩნია, რომ საქმე განხილულ იქნა განსჯადობის წესების დარღვევით, რადგან განსახილველი საქმე წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას. ამასთან, მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
საკასაციო სასამართლოში რამდენჯერმე იყო დანიშნული მ. კ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა, რა დროსაც არ გამოცხადდნენ პროცესში მონაწილე მხარეები. გამოცხადებულმა მხარეებმა იშუამდგომლეს საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა. სასამართლომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება და ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
მოსარჩელე მ. კ-ე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ 1988-89 წლებში სოფ. ...... ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად სახლის ნაწილი აღირიცხა მამის _ შ. კ-ის სახელზე, ხოლო მეორე ნაწილი ბიძის _ მ. კ-ის სახელზე. ინვენტარიზაციისას ლ. კ-ის სახელზე სადავო სახლის რაიმე ნაწილი არ აღრიცხულა. 1996 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, შ. და მ. კ-ეების წილობრივი საკუთრების სახლი მთლიანად აღირიცხა მის სახელზე. 1999 წელს მისმა ძმამ _ ლ. კ-ემ მისგან ფარულად ცვლილებები შეიტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერში და თავის სახელზე აღრიცხა სახლის ნაწილი. მიაჩნდა, რომ სახლი მთლიანად მის საკუთრებას წარმოადგენდა და ლ. კ-ის მიერ სახლის ნაწილის მის სახელზე აღრიცხვა უკანონო იყო, რის გამოც საჯარო რეესტრის ჩანაწერი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. მოსარჩელემ მოპასუხეებად დაასახელა თელავის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო და ლ. კ-ე.
წარმოდგენილი სარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დავის საგანს წარმოადგენს სახლზე საკუთრების უფლების აღიარება და არა ადმინისტრაციული აქტის ბათილობა, რაც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას წარმოადგენს, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს _ თელავის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მარტოოდენ პროცესში მონაწილეობა არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავად მიჩნევის საფუძველს, ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის სამსახური უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს არანაირ ადმინისტრაციულ აქტს არ გამოსცემს, იგი დროის კონკრეტული მომენტისათვის აფიქსირებს უძრავი ქონების ფაქტობრივ-სამართლებრივ დოკუმენტებს (ტექნიკური პასპორტი, ნახაზი, ცნობა-დახასიათება), რომლებიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტებს, ვინაიდან ისინი გამოცემული არ არის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ _ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ. არაგანსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევაა და დავა არსებითად სწორადაც რომ იყოს გადაწყვეტილი, სსკ-ის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება და ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.