Facebook Twitter

ბს-1071-912-კ-04 21 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დავალება.

აღწერილობითი ნაწილი:

ჟ. ს-ის, ე. კ-ი-მ-ას, ტ. გ-ის, ნ. შ-ის, მ. გ-ის, რ. ბ-ის წარმომადგენლებმა გ. ხ-მა და ვ. მ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების: ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის ¹1 საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვისული ცენტრის, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის და ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვეს ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის ¹1 საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვისული ცენტრის დავალდებულება ადმინისტრაციული გარიგების დადების თაობაზე მათ მფლობელობაში არსებულ ბინებსა, მდებარე ქ. თბილისში, ..., და იმ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში მათ საკუთრებად აღრიცხვაზე, რომელზედაც მათი ბინებია განლაგებული.

მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის წერილით ეცნობათ, რომ მათი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე აბანოს დაუმთავრებელი ნაგებობის პრივატიზება მოახდინა მ. ხ-ამ და ამავე აბანოს შრომითი კოლექტივის წევრებმა, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რის გამოც ფერხდებოდა მათ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ბინების პრივატიზება. გამგეობა პრივატიზების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევდა ბინების სარეკონსტრუქციო ზონაში არსებობას. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მათი მოთხოვნის უარსაყოფად გამგეობის მიერ მითითებული გარემოებები უსაფუძვლო იყო, რადგან, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ფონდის ბინები, მათ შორის, ავარიული, სარეკონსტრუქციო ან კაპიტალურად გასარემონტებელ სახლში შეუსახლებელი ბინა, აგრეთვე, გამოთავისუფლებული ბინა. ბინის პრივატიზება ამ დადგენილების მიხედვით არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთის კუთვნილების ფორმასთან. “მშენებარე აბანოსათვის დაკავებული მიწის ნაკვეთის გადაფორმების შესახებ”, თბილისის მუნიციპალიტეტის 1996წ. 12 სექტემბრის დადგენილებას კავშირი არ ჰქონდა მათი ბინების პრივატიზაციასთან. მიწის მართვის დეპარტამენტის 17.08.99 წერილით, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, უარი ეთქვათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე, რასაც არ ეთანხმებოდნენ და მიუთითებდნენ, რომ მითითებული კანონის 2.2 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც სკ-ის ამოქმედებამდე ითვლებოდა ფიზიკურ პირთა საკუთრებად, ამავე კოდექსის 1513-ე მუხლის მიხედვით.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 ოქტომბრის განჩინებით მ. ხ-ა ჩართულ იქნა საქმეში მესამე პირად. ამავე სასამართლოს 2000წ. 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ხ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 4 დეკემბრის განჩინებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა შეამცირეს სარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, იმ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში საკუთრებად აღრიცხვის ნაწილში, რომელზედაც მათ მფლობელობაში არსებული ბინებია განთავსებული და საბოლოოდ მოითხოვეს გამგეობისათვის ბინების პრივატიზაციის გარიგების დადების დავალება.

საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლითY მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა ბინების პრივატიზაციის გარიგების დადების დავალების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სახალხო დეპარტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1983წ. 31 იანვრის ¹02.12.34 გადაწყვეტილებით, კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ...... ქუჩიდან ¹6 აბანოს გადასატანად და აბანო-სამრეცხაოს ასაშენებლად რკინიგზისა და ჩოდრიშვილის ქუჩების კუთხეში გამოეყო მიწის ნაკვეთი, შედგა და დამტკიცდა პროექტი, დადგინდა მიწის ნაკვეთის საზღვრები და წითელი ხაზები. აღნიშნულ საზღვრებში მოჰყვა მოსარჩელეთა მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი. ქ. თბილისის ლენინის რაისაბჭოს აღმასკომის 23.05.90 ¹11.63.1350 გადაწყვეტილებით დამტკიცდა რეკონსტრუქციის ზონაში ჩაწერილი 15 ოჯახის პირველადი აღწერილობითი სია, რომელთა რიცხვში შედიოდნენ მოსარჩელეებიც. თბილისის სახალხო საბჭოს აღმასკომის 25.04.90 ¹508 განკარგულებით, თბილისის პრეფექტის 20.05.91 ¹58 და 25.06.91 ¹185 ბრძანებებით, რეკონსტრუქციის ზონიდან მოსახლეობის გასაყვანად გამოყოფილ იქნა 14 ბინა. გამოყოფილი ბინებით დაკმაყოფილდა 9 ოჯახი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ...... ¹1-ში ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა:

1. ჟ. ს-ი _ 1 სული. ბინა გამოყოფილი არ ჰქონდა. ბინა ირიცხებოდა ლ. ს-ის (დის) სახელზე, რომელიც ამოეწერა ბინის მიღების გამო;

2. ნ. შ-ი _ 1 სული. ბინა გამოყოფილი არ ჰქონდა ბინა ირიცხებოდა ლ. შ-ზე (დედის) სახელზე, რომელმაც მიიღო ბინა ოთხ სულზე;

3. მ. გ-ე _ 4 სული, შეთავაზეს ოროთახიანი იზოლირებული ბინა, რომელზეც უარი განაცხადა. ბინა ირიცხებოდა გ. ბ-ის სახელზე, რომელიც ამოეწერა 1982 წელს. ბინა მიიღო ზ. მ-ის ოჯახმაც;

4. ე. კ-ი _ 1 სული. ბინა ირიცხება მ. მ-ას სახელზე, რომელსაც სამ სულზე (თვითონ, შვილი, რძალი, ე. კ-ი (მოსარჩელე)) გამოეყო ოროთახიანი იზოლირებული ბინა ზაჰესის დასახლებაში. ნაძალადევის საკრებულოს გამგეობის 06.09.91 ¹291 განკარგულებით, ბინა ირიცხება მ-ი მ. სახელზე (გარდაცვლილი), გარდაიცვალნენ მ. და ვ. მ-ებიც;

5. ვ. ბ-ი _ 4 სული. ნაძალადევის რაიონის გამგეობის 15 აპრილის 1992წ. ¹371 დადგენილებით ვ. ბ-ს 4 სულზე (თვითონ, მეუღლე რ. ბ-ი, ორი შვილი) გამოეყო სამოთახიანი იზოლირებული ბინა დ/დიღომში. ბინა ირიცხება ვლ. ბ-ის სახელზე. ერთი ოთახი გამოეყო მის შვილს;

6. მ. გ-ე (გარდაცვლილი) _ 2 სული. ნაძალადევის საკრებულოს გამგეობის 06.09.1991წ. ¹291 განკარგულებით მ. გ-ეს ორ სულზე (თვითონ და შვილი ტ. გ-ე (მოსარჩელე) გამოეყო ოროთახიანი ბინა ზაჰესის დასახლებაში. ბინა ირიცხება მ. გ-ის სახელზე (გარდაცვლილი).

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ჩაწერილი იყვნენ და ცხოვრობდნენ ზემოაღნიშნულ ბინებში, მაგრამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ წარმოადგენდნენ ბინის ძირითად დამქირავებლებს და ეს უფლება შენარჩუნებული ჰქონდათ.

სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიის 05.10.92წ. ¹1358 განკარგულებით ქ. თბილისის გამგეობას დაევალა არ დაეშვა იმ ბინების პრივატიზაცია, რომელთა მეპატრონეებსაც საცხოვრებელი ბინები გამოყოფილი ჰქონდათ მშენებარე სახლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა ახალი ბინების გამოყოფის შესახებ არსებული გადაწყვეტილებები. მოსარჩელეები სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უარს აცხადებდნენ მათთვის გამოყოფილ ბინებზე.

საქართველოს რესპუბლიკის 1992წ. 11 აგვისტოს ¹825 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, მათ ბალანსზე რიცხული საბინაო ფონდიდან, საკუთრების უფლებით, უსასყიდლოდ გადასცენ მოქალაქეებს, სურვილისამებრ, მათ მიერ დაკავებული ბინები ავარიულ და საკონსტრუქციო სახლებზე, სადაც მოქალაქეები თავიანთ ხარჯზე შეასრულებენ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მითითებული ნორმის მიხედვით, ..... მდებარე ბინების პრივატიზაცია დასაშვები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუU მოსარჩელეები ააშენებდნენ აბანო-სამრეცხაოს შენობას დადგენილი პროექტითა და მოცულობით. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელეების მხრიდან ასეთი პირობა შეთავაზებული არ ყოფილა. დამტკიცებული პროექტის თანახმად, ასაღები სახლის ადგილას გათვალისწინებულია საქვაბის განთავსება და მშენებლობის დამტკიცებულ პროექტში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა მოსარჩელეებს არ დაუყენებიათ. ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეების მიერ სადავოდ არ იყო გამხდარი ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა საფუძველზე მ. ხ-ამ შეიძინა საკუთრების უფლება მშენებარე ობიექტსა და მიწის ნაკვეთზე, რის გამოც მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. ს-ის, ე. კ-ის, ტ. გ-ის, ნ. შ-ის, მ. გ-ის და რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989წ. 31 იანვრის ¹02.14.34 გადაწყვეტილებით კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ...... ¹6 აბანოს გადასატანად და აბანო-სამრეცხაოს ასაშენებლად გამოეყო მიწის ნაკვეთი რკინიგზისა და ..... ქუჩების კუთრეში. შედგა და დამტკიცდა პროექტი, დადგინდა მიწის ნაკვეთის საზღვრები და წითელი ხაზები. გამოყოფილ მიწის ნაკვეთში მოჰყვა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი. ლენინის რაიონის აღმასკომის 23.05.90 ¹11.63.1350 გადაწყვეტილებით დამტკიცდა რეკონსტრუქციის ზონაში ჩაწერილი 15 ოჯახის პირველადი აღწერილობითი სია, რომელთა რიცხვში შედიოდა მოსარჩელეთა ოჯახები.

თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990წ. 25 აპრილის ¹508 განკარგულებით, თბილისის პრეფექტის 1991წ. 20 მაისის ¹58 და 1991წ. 25 ივნისის ¹185 ბრძანებებით რეკონსტრუქციის ზონიდან მოსახლეობის გასაყვანად გამოყოფილ იქნა 14 ბინა. გამოყოფილი ბინებით დაკმაყოფილდა 9 ოჯახი. დანარჩენმა მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს გამოყოფილ ბინებზე.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეები აგრძელებენ ცხოვრებას სადავო ბინებში, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან ისინი არ ითხოვენ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების შესრულებას, მათ მოთხოვნას წარმოადგენს დაკავებულ საცხოვრებელ ბინებზე პრივატიზაციის უფლების მინიჭება. უფრო მეტიც, საქმეზე წარმოდგენილი ნოტარიულად დამტკიცებული თანხმობებით ისინი უარს აცხადებენ ბინების მიღებაზე მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელ სახლში მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზაციის უფლების მინიჭების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც სკ-ის ამოქმედებიდან ითვლება ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებად, მაგრამ კასატორთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სკ-ის ამოქმედების დროისათვის (1997წ. 25 ნოემბერი) მათ არ გააჩნდათ საკუთრების უფლება მათ მიერ დაკავებულ ბინებზე და ასეთი უფლება არც დღეისათვის გააჩნიათ, მათი მოთხოვნა სწორედ საკუთრების უფლების მინიჭებას წარმოადგენს. ასევე, უსაფუძვლოა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად სკ-ის 1513-ე მუხლზე მითითება, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს საკუთრების უფლების მინიჭებას იმ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელეები წარმოადგენენ მრავალბინიან სახლში მცხოვრებლებს, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთრების უფლება დაკავებულ ფართებზე (ბინებზე).

საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მიერ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989წ. 31 იანვრის ¹02.14.34 გადაწყვეტილების, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 18 აგვისტოს ¹570 დადგენილების, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 31 სექტემბრის ¹469 განკარგულების და “თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ..... ქუჩაზე მშენებარე აბანოს მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის გადაფორმების შესახებ” თბილისის მუნიცეპალიტეტის კაბინეტის 1996წ. 12 ოქტომბრის ¹14.23.917 განკარგულების გაუსაჩივრებლობა და აღნიშნული აქტების კანონიერ ძალაში არსებობა გამორიცხავს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ვინაიდან თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989წ. 31 იანვრის ¹02.14.34 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ...... ქუჩიდან ¹6 აბანოს გადასატანად გამოეყო რკინიგზისა და ...... ქუჩების კუთხეში დოსააფის რაიონული კომიტეტისა და საცხოვრებელი სახლით დაკავებული მიწის ნაკვეთი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996წ. 12 სექტემბრის ¹14.23.917 დადგენილებით მიღებულ იქნა მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება და .... ქუჩიდან აბანოს გადასატანად რკინიგზისა და ..... ქუჩების კუთხეში, კაპიტალური მშენებლობის სამმართველოსათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი დაუმაგრდა აბანოს მუშა-მოსამსახურეთა ამხანაგობას. ამდენად, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე გამოყოფილი და შემდეგში დამაგრებული მიწის ნაკვეთი მოიცავს იმ მიწის ნაკვეთსაც, რომელზეც კასატორთა (მოსარჩელეთა) მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლია განთავსებული. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის 1995წ. 13 სექტემბრის ¹35.10.876 გადაწყვეტილებით. ...... ქუჩაზე ყოფილი აბანო-სამრეცხაოს მუშაკებისაგან შემდგარ ამხანაგობას უფლება მიეცა პირდაპირი წესით შეესყიდა ამავე მისამართზე მშენებარე აბანო-სამრეცხაოს დაუმთავრებელი შენობა. აბანო-სამრეცხაოს დროებითი ამხანაგობის მიერ შენობის პრივატიზების შემდეგ, ამხანაგობის წევრებმა გამოსყიდული წილი დაუთმეს მ. ხ-ას, რის შემდეგაც იგი წარმოადგენს ობიექტის მესაკუთრეს. “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის ამოქმედებით ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ კერძო საკუთრების უფლება, პრივატიზებულ (კერძო) საწარმოთა სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი). ამდენად, ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე, მ. ხ-ამ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც კასატორთა საცხოვრებელი ბინებია განთავსებული, შეიძინა საკუთრების უფლება. საქმეზე წარმოდგენილი ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის 17.08.99წ. ¹364 წერილით დასტურდება, რომ მ. ხ-ამ 1999წ. 7 ივნისს მიმართა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ¹1 თბილისის რეგისტრატურას და “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის საფუძველზე მოითხოვა ..... მდებარე მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭება.

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისთვის საჭიროა კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთი. განსახილველ შემთხვევაში, ..... მდებარე დაუმთავრებელ შენობაზე საკუთრების უფლება გააჩნია მ. ხ-ას.

სკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან. ამავე კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის შემადგენელ ნაწილზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორთა მოთხოვნა მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზაციის უფლების მინიჭების შესახებ, ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებს, რადგან დაუშვებელია ნივთზე (მიწაზე) საკუთრების უფლება ეკუთვნოდეს ერთ პირს, ხოლო ნივთის შემადგენელ ნაწილზე (შენობის ნაწილზე) _ სხვა პირებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ. ს-ის, ე. კ-ის, ტ. გ-ის, ნ. შ-ის, გ. გ-ისა და რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება;

3. კასატორები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.