ბს-1100-940-კ-04 5 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავისი საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 12 იანვარს ა. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ 2002წ. 16 ოქტომბრიდან მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის მეორე განყოფილების ...ის მოვალეობის შემსრულებლად, საიდანაც გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 3 დეკემბრის ¹408-კს ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
მოსარჩელეს სამსახურიდან განთავისუფლება მიაჩნდა უკანონოდ, ვინაიდან მის ადგილზე გ. კ-ი აღგენილ იქნა ისე, რომ ამ უკანასკნელის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო შესული კანონიერ ძალაში, ამასთან, მას სამსახურიდან დათხოვნისას არ შესთავაზეს სხვა თანამდებობა, თანახმად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის 2 ნაწილისა.
მოსარჩელის მოსაზრებით, გ. კ-ი აღდგენილი უნდა ყოფილიყო იმ თანამდებობაზე, რომელზეც მუშაობდა აღდგენამდე და არა იმ თანამდებობაზე, რომელზეც მას არ უმუშავია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2003წ. 3 დეკემბრის ¹408-კს ბრძანების გაუქმებას, სამუშაოზე აღდგენასა და მთელი პერიოდის მანძილზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
მოპასუხემ _ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე კანონიერად იყო დათხოვნილი სამუშაოდან და ის არგუმენტები, რომლებზეც მოსარჩელე აფუძნებდა თავის სასარჩელო განცხადებას, არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული სასამართლოს მიერ უსაფუძვლობის მოტივით.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჩ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ მისი თანამდებობაზე დანიშვნისას ფინანსთა მინისტრის 2002წ. 5 სექტემბრის ¹279 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, სამსახურს ეწოდებოდა საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დაცვის სამსახური, რომლის II განყოფილებაშიც დაინიშნა იგი, დაახლოებით 1 წლის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის 2003წ. 30 ოქტომბრის ¹548 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგით ხსენებულ სამმართველოს ეწოდა საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახური, რომელშიც კვლავ გათვალისწინებული იყო II განყოფილება, სადაც მუშაობას აგრძელებდა 2003წ. 3 დეკემბრამდე.
იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა 2003წ. 3 დეკემბერს, გ. კ-ი, კი რომელიც მის ადგილზე იქნა აღდგენილი, სამსახურიდან განთავისუფლდა 2003წ. 20 თებერვალს შტატების შემცირების მოტივით.
ამდენად, აპელანტის მითითებით, 2002წ. 7 ოქტომბრიდან, როდესაც იგი დაინიშნა თანამდებობაზე, 2003წ. 20 თებერვლამდე, როდესაც გ. კ-ი განთავისუფლდა თნამდებობიდან, ერთ პერიოდში მუშაობდნენ საბაჟო დეპარტამენტში იმ განსხვავებით, რომ თვითონ მუშაობდა II განყოფილებაში, გ. კ-ი კი I განყოფილებაში, საიდანაც განთავისუფლდა კიდეც 2003წ. 20 თებერვალს.
აპელანტის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ II განყოფილება მდებარებს დ. აგარაში, ხოლო ანალიზის განყოფილება კი თბილისში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 მარტის გადაწყვეტილება; ახალი გადაწყვეტილებით ალ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფინანსთა სამინისტრის საბაჟო დეპარტამენტის 2003წ. 3 დეკემბრის ¹468-კს ბრძანება ალ. ჩ-ის ნაწილში და მოსარჩელე ალ. ჩ-ი დაუყოვნებლივ აღდგენილ იქნა საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის მეორე განყოფილების ...ის მოვალეობის შემსრულებლად და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური მთელი დროის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელე უნდა აღდგეს იმ თანამდებობაზე, რომელზეც იგი გათავისუფლებამდე მუშაობდა, რაც უპირობოდ ქმნის იმ მოხელის გათავისუფლების საფუძველს, რომელსაც მანამდე დაკავებული ჰქონდა არაკანონიერად გათავისუფლებული და აღდგენილი პირის თანამდებობა.
გ. კ-ი კი სამსახურიდან დათხოვნილ იქნა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანებით შტატების შემცირების მოტივით. აღნიშნული დროისათვის ა. ჩ-ი მუშაობდა მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე და ამდენად, არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ა. ჩ-ს ეკავა გ. კ-ის ადგილი და გ. კ-ის სამსახურში აღდგენას უნდა მოჰყოლოდა ა. ჩ-ის გათავისუფლება.
სააპელაციო პალატა არ იზიარებდა საბაჟო დეპარტამენტის არგუმენტაციას ა. ჩ-ის კანონიერად გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებასა და საშტატო განრიგის შეცვლას შესაძლოა გამოეწვია ალ. ჩ-ის გათავისუფლება, მაგრამ არა იმ საფუძვლით, რაც გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში მუშაკმა დაიკავა უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის ადგილი, რაც მისი აღდგენის შემთხვევაში მის უპირობო გათავისუფლებას გამოიწვევდა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ თუ მოხელე თანახმაა ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ თანამდებობაზე, იგი არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან ადმინისტრაციას არ გააჩნდა ვაკანტური თანამდებობა, ბუნებრივია, ის ვერ შესთავაზებდა ა. ჩ-ს შესაბამის თანამდებობას.
რაც შეეხება მოასარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ გ. კ-ის სამსახურში აღდგენა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, კასატორი მიუთითებდა, რომ სამუშაოზე აღდგენის საქმეზე გამოტანილი იყო გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების თაობაზე და საბაჟო დეპარტამენტი ვალდებული იყო, აღესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2002წ. 7 ოქტომბერს მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ჩ-ი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ¹7-419 ბრძანებით დაინიშნა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დაცვის სამსახურის მე-2 განყოფილების ...ის მოვალეობის შემსრულებლად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
საბაჟო დეპარტამენტის 2003წ. 3 დეკემბრის ¹408-კს ბრძანებით ა. ჩ-ი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის I პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ამავე ბრძანებით ა. ჩ-ის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე, “საჯრო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლზე მითითებით, დაინიშნა (აღდგენილი) გ. კ-ი.
კასატორი _ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი _ საკასაციო საჩივრის ძირითად საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს წარმოადგენს არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა.
საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება მითითებული პრეტენზია და საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოსაზრება ემყარება კანონის არასწორ განმარტებას, კერძოდ, როგორც საქმის მასალებით დასტურდება და აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები კასატორის მხრიდან წარმოდგენილი არაა საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე, გ. კ-ი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹41-კს ბრძანებით დათხოვნილ იქნა სამსახურიდან შტატების შემცირების მოტივით 2003წ. 20 თებერვალს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ა. ჩ-ი თანამდებობაზე დაინიშნა 2002წ. 7 ოქტომბერს და მუშაობას განაგრძობდა 2003წ. 3 დეკემბრამდე. ამდენად, ეს უკანასკნელი მითითებულ თანამდებობაზე მუშაობდა გ. კ-ის სამსახურიდან დათხოვნამდე, რაც უდავოს ხდის იმ გარემოებას, რომ ა. ჩ-ი ვერ დაიკავებდა გ. კ-ის ადგილს.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან დაწესებული შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.
კანონის ეს უკანასკნელი დებულება ითვალისწინებს იმ პირის გათავისუფლებას, რომელმაც უკანონოდ გათავისუფლებული პირის თანამდებობა დაიკავა და აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იყოს იმდაგვარად, თითქოს უკანონოდ გათავისუფლებული პირის აღდგენა დასაშვებია ნებისმიერი სხვა პირის უფლებების შელახვის სანაცვლოდ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასაბუთება ემყარება კანონის ნორმათა სწორ ინტერპრეტაციას და არ არსებობს კასაციის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.