ბს-1105-944-კ-04 9 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: დაკავებული ფართიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
განათლების სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ინდივიდუალური მეწარმე “გ-ს” მიმართ და მოითხოვა დაკავებული ფართიდან გამოსახლება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ინდმეწარმე “გ-უს” სადავო ფართზე იმყოფებოდა დაარსების დღიდან, რომელსაც ევალებოდა ატესტატების გაცემა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით ინდ მეწარმე “გ-უს” ჩამოერთვა ატესტატების გაცემის უფლება და იგი გადაეცა სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს. ამ დროიდან არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მოპასუხე, რომ გაეთავისუფლებინა დაკავებული 92 კვ.მ, მაგრამ ეს უკანასკნელი ნებაყოფლობით არ ათავისუფლებდა ფართს. სკ-ის 161-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ინდმეწარმე “გ-მა” და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: საქართველოს განათლების სამინისტროსთან 1992წ. 29 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით დაევალა განათლების დოკუმენტებით უზრუნველყოფა. ხელშეკრულება დაიდო 15 წლის ვადით, რომელიც შეიძლებოდა გაგრძელებულიყო იმავე ვადით, თუ სახელშეკრულებო ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე ერთ-ერთი მხარე არ აცნობებდა მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
ხელშეკრულების პირველი პუნქტის მიხედვით მიმწოდებელს ურთიერთანგარიშსწორების საფუძველზე უნდა უზრუნველეყო განათლების სისტემას დაქვემდებარებული ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულება განათლების დოკუმენტებით. აღნიშნული ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, სამინისტრო იღებდა ვალდებულებას, იჯარით გადაეცა მიმწოდებლისათვის საიჯარო ფართი ასევე, შეთანხმდნენ, რომ “მიმწოდებელს” ექნებოდა უპირატესი უფლება იჯარით აღებული ქონების პრივატიზებისას. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა ქონებრივი პასუხისმგებლობა 10000 აშშ დოლარის ეკვივალეტი ეროვნული ვალუტით, თუ ხელშეკრულების რომელიმე მხარე ცალმხრივად, ბრალეულად დაარღვევდა ხელშეკრულების პირობებს. ინდმეწარმე “გ-უ” მიუთითებდა, რომ სამინისტროს მხრიდან მისი უფლებების ხელყოფა დაიწყო 1996 წლიდან, როდესაც სამინისტროს კოლეგიის 1996წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი უფლებების ნაწილი _ უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების ბეჭდვა, გადაეცა უმაღლეს სასწავლებლებს. მისი უფლებების ხელყოფის მცდელობა გამოიხატა 1999წ. 22 აპრილს გამოცხადებული ტენდერითაც და გრძელდებოდა შემდგომშიც. სკ-ის 316-317-ე, 407-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე ითხოვდა საქართველოს განათლების სამინისტროსათვის 310442 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას.
სასამართლოს სარჩელით მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ მოპასუხე ინდმეწარმე “გ-უს” მიმართ და მოითხოვა განათლების სამინისტროსა და მცირე საწარმო “გ-უს” შორის 1992წ. 29 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა განათლებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროების სარჩელები, ასევე არ დაკმაყოფილდა ინდმეწარმე “გ-უს” შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა ინდმეწარმე “გ-უს” დაკავებული ფართიდან გამოსახლებაზე და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება _ ინდმეწარმე “გ-ს” გამოსახლდა დაკავებული ფართიდან.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის არ გაფორმებულა ფართის იჯარის ხელშეკრულება, როგორც ეს მითითებული იყო 1992წ. 29.05. ხელშეკრულებაში და მიიჩნია, რომ სადავო ფართით სარგებლობის საფუძველს არ წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, რომელიც მხარეთა შორის საქმიანობას ეხებოდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების ინიციატორი უნდა ყოფილიყო განათლების სამინისტრო და იჯარის ხელშეკრულების არარსებობა არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული ინდმეწარმე “გ-უს” ბრალად და მიუთითა, რომ განათლების სამინისტროს მიერ იჯარის ხელშეკრულების დადების შეუსრულებლობა ინდმეწარმე “გ-უს” არ გადააქცევდა სადავო ფართის კეთილსინდისიერ მფლობელად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტროს მოთხოვნა ინდმეწარმე “გ-უს” დაკავებული ფართიდან გამოსახლების შესახებ საფუძვლიანი იყო სკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ინდმეწარმე “გ-უმ”, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, სამინისტროს ევალებოდა შესაბამისი ფართის გამოყოფა. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ აღნიშნული პირობა შეასრულა და ფართი გამოუყო, იჯარის ხელშეკრულება არ გაუფორმებია და შესაბამისად, იჯარის ქირაც არ გადაუხდია. მიაჩნია, რომ 1992წ. 29.05 ხელშეკრულების საფუძველზე იგი კანონიერად ფლობს ფართს. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქონების მართვის სამინისტროს უარი ეთქვა ხელშეკრულების გაუქმებაზე, არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, ძალაში იყო აღნიშნული ხელშეკრულებაც, რომლის საფუძველზეც იგი მართლზომიერად ფლობდა დაკავებულ ფართს.
კასატორს მიაჩნია, რომ მან ყველა ღონე იხმარა, რათა სამინისტროსთან გაეფორმებინა იჯარის ხელშეკრულება, მაგრამ სამინისტრო თავს არიდებდა პასუხის გაცემას და ხელშეკრულების გაფორმებას. აღნიშნულ გარემოებებზე კი სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ინდსაწარმო “ს. ა-ე გ-უს” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ივლისის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრსა და მცირე საწარმო “გ-უს” შორის 1992წ. 29 მაისს დაიდო ხელშეკრულება განათლების დოკუმენტებით უზრუნველყოფის თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი (მცირე საწარმო “გ-ს”) ვალდებული იყო, უზრუნველეყო განათლების სისტემას დაქვემდებარებული ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულება განათლების დოკუმენტებით. მიმწოდებელი მომხმარებელზე პროდუქციას გასცემდა განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნიმუშებისა და მათი წარმოების შესახებ არსებულ დებულებათა შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, განათლების სამინისტრო “მიმწოდებელს” სახელშეკრულებო ვადაში იჯარით გადასცემდა განათლების დოკუმენტების საცავს მიმდებარე ტერიტორიითა და ამ სამსახურთან დაკავშირებული ძირითადი ფონდებით.
საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით ასევე დადგენილია, რომ სადავო 92 კვ.მ-ის საცავზე სამინისტროსა და მცირე საწარმო “გ-უს” შორის საიჯარო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, მიუხედავად მისი მცდელობისა, განათლების სამინისტრომ არ გააფორმა მასთან იჯარით ხელშეკრულება. აღნიშნულის დასადასტურებლად კასატორი უთითებს 01.09.1999წ. და 01.06.2000წ. წერილებზე.
მითითებული წერილებით იგი მიმართავდა განათლების მინისტრს და სთხოვდა იჯარა-გამოსყიდვის წესით, 5წ. ვადაში შენობის პრივატიზებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული წერილები ვერ ჩაითვლება მისი მოსაზრების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კასატორმა განცხადებით მიმართა უფლებამოსილ სამინისტროს იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად, რადგან ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ (ამოქმედდა 30.05.1997 წელს) განათლების სამინისტრო აღარ წარმოადგენდა უფლებამოსილ ორგანოს იჯარის ხელშეკრულების დადებისათვის. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე (1997 წლამდე) კასატორმა მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების დადება და მან ასეთზე უარი მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია კასატორის მსჯელობა იმის შესახებ, რომ, მიუხედავად მისი მცდელობისა, განათლების სამინისტრომ თავი აარიდა მასთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას, რის გამოც იგი დაკავებული ფართის კეთილსინდისიერ მფლობელს წარმოადგენს 29.05.1992წ. ხელშეკრულების საფუძველზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ 29.05.1992წ. ხელშეკრულება, როგორც თვით ხელშეკრულების სახელწოდებიდან ჩანს, ეხება მხარეთა შეთანხმებას საქმიანობის (განათლების დოკუმენტებით უზრუნველყოფის) შესახებ და იგი ვერ ჩაითვლება იჯარის ხელშეკრულებად, რადგან არ შეესაბამება იმ დროს მოქმედი “სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების’’ მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სარჩელის ინდსაწარმო “გ-უს” გამოსახლებაზე, არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დასტურდება სადავო ფართზე მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა. უფრო მეტიც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ სწორედ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მხარეებს შორის არ დადებულა იჯარის ხელშეკრულება და სასამართლო ვერ იმსჯელებდა არარსებული ხელშეკრულების ბათილობაზე. იჯარის ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე მითითებულია საქართველოს კონტროლის პალატის 1999წ. 2 მარტის აქტშიც, რომელშიც აღინიშნულია, რომ ინდსაწარმო “გ-ს” კანონიერი საფუძვლის გარეშე ფუნქციონირებდა სამინისტროს შენობაში და ფლობდა სახელმწიფო ქონებას, თუმცა ფართში ფუნქციონირებისათვის არანაირი ქირა გადახდილი არ ჰქონდა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს მოთხოვნა ინდსაწარმოს იმ ფართიდან გამოსახლების შესახებ, რომელიც სამინისტროს ბალანსზე ირიცხება, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სკ-ის 161-ე მუხლის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდივიდუალური საწარმო “ს. ა-ე გ-უს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ინდივიდუალური საწარმო “ს. ა-ე გ-უ” გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.