Facebook Twitter

ბს-1109-910-კ-04 5 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: თანამდებობის პირის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის პროკურატურის 2004წ. 6 იანვრის დადგენილებით ლ. მ.-ე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის III ნაწილის “გ" და “დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, კერძოდ, ჯ. პ.-ისაგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე, ხოლო თბილისის პროკურატურის 2004წ. 8 იანვრის დადგენილებით ლ. მ.-ზე გამოცხადდა ძებნა.

2004წ. 23 ივნისს ქ. თბილისის პროკურორმა სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების: ლ. და ლ. მ.-ეების, ვ. პ.-ის, მ. ქ.-ის მიმართ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371 მუხლის საფუძველზე და შემდეგი მოტივით მოითხოვა მოპასუხეთა დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა:

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ლ. მ.-ე 1994წ. 14 ნოემბრიდან 2003წ. 17 სექტემბრამდე მუშაობდა პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად ქვემო ქართლში და ამ პერიოდში ხელფასის სახით სულ მიღებული აქვს 16754 ლარი. მოსარჩელეს საფუძვლიანი ეჭვი აქვს ივარაუდოს, რომ ასეთი ანაზღაურების პირობებში დაუსაბუთებელია მოპასუხეთა ქონება და სახელმწიფოს უნდა გადაეცეს, კერძოდ:

1. გარდაბნის რაიონის ... მდებარე ექვსოთახიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის საცხოვრებელი ფართია 149,49 კვ.მ, დამხმარე ფართი _ 120,89 კვ.მ, რომელიც 1998წ. 26 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხება ლ. მ.-ის დედის, ვ. პ.-ის, სახელზე;

2. გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე 0,12 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც 2000წ. 15 მაისიდან რეგისტრირებულია ლ. მ.-ის მამის _ ლ. მ.-ის სახელზე (ს.ფ. 142);

3. გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე 0,15 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც ლ. მ.-ის სახელზე ირიცხება (ს.ფ. 175);

4. თბილისში, ... მდებარე 5-ოთახიანი ბინა ¹70, რომლის მესაკუთრენი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, არიან მეუღლეები: ლ. მ.-ე და მ. ქ.-ე (ს.ფ. 9);

5. თანამდებობის პირის საფინანსო დეკლარაციის მიხედვით, ლ. მ.-ის საკუთრებაა თანხა 9500 ლარისა და 4000 დოლარის ოდენობით, ხოლო მისი მეუღლის _ მ. ქ.-ის _ 21000 ლარი და 17000 დოლარი, რაც მოსარჩელეს ასევე დაუსაბუთებელ ქონებად მიაჩნია.

სასამართლოში დავის განხილვისას გაირკვა, რომ თბილისში, ... მდებარე ბინა ¹70, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ლ. მ.-ის ბიძის, ვ. პ.-ის, სახელზე და თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 23 ივლისის საოქმო განჩინებით ამ ნაწილში მ. ქ.-ე ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ და სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, სათანადო მოპასუხედ ჩაება ვ. პ.-ე.

მოპასუხეების წარმომადგენელმა სარჩელი დაუსაბუთებლობის გამო არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, რადგან ლ. მ.-ისათვის ინკრიმინირებული დანაშაული 1997წ. აგვისტოშია ჩადენილი, ხოლო სადავო ქონება უფრო ადრეა შეძენილი. ამასთან, დანაშაულის შედეგად მიღებული თანხა სადავო ქონების შესაძენად საკმარისი არ არის. ... მდებარე ¹70 ბინასთან დაკავშირებით მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობაში ვ. პ.-ე 1997 წელს შევიდა თ. ხ.-ის ნაცვლად, რადგან თ. ხ.-მ 1993წ. 10 თებერვალს ვ. პ.-ისგან აიღო სესხი _ 18000 აშშ დოლარი, რომელიც ვერ დაფარა შეთანხმებულ ვადაში _ 1996წ. 10 თებერვალს და 1997წ. 15 ივნისის შეთანხმებით, სესხის სანაცვლოდ დაუთმო ... მშენებარე 5-ოთახიანი ბინა. წარმომადგენლის მითითებით, ვ. პ.-ე იმ პერიოდისათვის იყო ორი კომერციული ბანკის ხელმძღვანელი და მეპაიე. დაბა კოჯორში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხეებმა იგი ფაქტობრივად შეიძინეს 1989 წელს, ლ. მ.-ის კომერციული ფირმა “გ.-იდან" მიღებული შემოსავლებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილებით თბილისის პროკურორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეების _ ლ. და ლ. მ.-ეების, ვ. და ვ. პ.-ეების ქონება: გარდაბნის რაიონის დაბა კოჯორში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, თბილისში, ... მდებარე ბინა ¹70, სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ცნობილ იქნა დაუსაბუთებლად და გადაეცა სახელმწიფოს, ხოლო ლ. მ.-ის საკუთრებაში არსებული თანხის _ 9500 ლარისა და 4000 აშშ დოლარის, ასევე მ. ქ.-ის თანხის _ 21000 ლარისა და 17000 აშშ დოლარის დაუსაბუთებლად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ.-ს 1994 წლიდან 2003წ. ნოემბრამდე ქვემო ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე ყოფნის მთელი დროის განმავლობაში მიღებული აქვს 16754 ლარი, რაც არ იძლეოდა სადავო ქონების შეძენის შესაძლებლობას და მოპასუხეებმა სადავო ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები ფაქტობრივად ვერ წარმოადგინეს.

სასამართლომ დაუსაბუთებლობის გამო არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება გარდაბნის რაიონის ... მდებარე 6-ოთახიანი საცხოვრებელი სახლის ვ. პ.-ის მიერ 1989 წელს შეძენის შესახებ, ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, სადავო ქონების შეძენა 1989 წელს რომც მომხდარიყო, მისი შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებები ვერ იქნებოდა კომერციული ფირმა “გ.-ის" მიერ 1991 წელს განხორციელებული საქმიანობით მოპოვებული თანხები.

... მდებარე ბინა ¹70, მართალია, თბილისის მუნიციპალიტეტის 1997წ. ¹413 განკარგულებისა და ვაკის რაიონის გამგეობის 1998წ. ¹4.13.16 გადაწყვეტილების საფუძველზე ლ. მ.-ის ბიძის _ ვ. პ.-ის სახელზე ირიცხება, მაგრამ მან ასევე ვერ წარმოადგინა აღნიშნული ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები, რის გამოც სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტის შესაბამისად მიიჩნია, რომ იურიდიულად ვ. პ.-ის სახელზე რიცხული საკუთრება – სადავო საცხოვრებელი სახლი, ფაქტობრივად, მოპოვებულია თანამდებობის პირის, ლ. მ.-ის, არაკანონიერ ქმედებათა შედეგად, ამ ქონებით სარგებლობდნენ ლ. მ.-ე და მისი ოჯახის წევრები. ვ. პ.-ის ოჯახს აღნიშნულ ბინაში არ უცხოვრია, რასაც თავადაც ადასტურებს. ამასთან, სადავო ბინა, როგორც საკუთრება, ფიქსირებულია ლ. მ.-ის მიერ 2001-2003 წლების თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.

სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად ცნო ლ. მ.-ის სახელზე რიცხული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონის სოფ. ... და მისი მამის _ ლ. მ.-ის საკუთრებაში არსებული 1200 კვ.მ ნაკვეთი სოფ. შ.-ში, რადგან მოპასუხეთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი სადავო ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ვინაიდან ლ. მ.-ეს 2003წ. ნოემბრამდე ქვემო ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად მუშაობის პერიოდში ხელფასის სახით მიღებული აქვს სულ 16754 ლარი, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა არ იძლეოდა სადავო ქონების შეძენის შესაძლებლობას, რომელთაგან ... მდებარე სახლი, მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი ინდივიდუალური აუდიტის ცნობით, 35640 დოლარად არის შეფასებული, შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის ცნობით კი _ 167437 ლარად. ... მდებარე ბინა 70-ის ღირებულება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დაკლარაციით შეადგენს 150000 ლარს, ინდივიდუალური აუდიტის ცნობით _ 48900 დოლარს, ხოლო შსს ექსპერტიზის ცნობით _ 216000 ლარს. სოფ. ... ლ. მ.-ის კუთვნილი 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი დეკლარაციით შეფასებულია 15000 ლარად, შსს ექსპერტის ცნობით _ 5000 ლარად. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, სოფ. ... მდებარე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულებაა 4000 ლარი. სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან მოპასუხე მხარემ ვერ წარადგინა სადავო ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებლი მტკიცებულებები, ზემოაღნიშნული ქონება ცნო დაუსაბუთებელ ქონებად და ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადასცა სახელმწიფოს.

თანამდებობის პირის საფინანსო დეკლარაციაში ლ. მ.-ისა და მ. ქ.-ის საკუთრებად ფიქსირებული ფულადი თანხების დაუსაბუთებლად ცნობის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ. ქ.-ემ 2000წ. 26 ოქტომბრის ხელშეკრულებით 15000 დოლარად გაყიდა რუსთავში, ... მდებარე ბინა და, სასამართლოს აზრით, აღნიშნული თანხა შესაძლოა იყოს დეკლარაციაში ფიქსირებული ფულადი თანხის ნაწილი. ამასთან, კოლეგიამ ვერ დაადგინა ამ თანხის, 2004წ. ივლისის მდგომარეობით, არსებობის ფაქტი.

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხეთა წარმომადგენლის მიერ, რომელმაც შემდეგი საფუძვლით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა:

1. კასატორის მითითებით, დავაში მთავარ მოპასუხეს ლ. მ.-ე წარმოადგენს, რადგან სარჩელი და პროკურატურის ეჭვები ქონების დაუსაბუთებლობაზე უკავშირდება მის თანამდებობრივ საქმიანობას. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ლ. მ.-ეს შესაძლებლობა უნდა მისცემოდა, დაეცვა თავისი ინტერესები. ამასთან, მართალია, წარმომადგენელი ოჯახის წევრთა თანხმობით ახორციელებდა ლ. მ.-ის ადვოკატის ფუნქციას, მაგრამ მან ვერ შეძლო ლ. მ.-სთან დაცვის პოზიციის შეთანხმება, ამიტომ, სსკ-ის 280-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება, რადგან დავის საგანს ნახევარ მილიონამდე ღირებულების ქონება წარმოადგენდა და ლ. მ.-ს, როგორც მთავარ მოპასუხეს, უნდა მისცემოდა დაცვის საშუალება, რითაც იმავდროულად უზრუნველყოფილი იქნებოდა “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნა. კასატორის აზრით, დავის სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობა არც არსებობდა, რადგან ყველა სადავო ქონება დაყადაღებული იყო, ამიტომაც საქმის წარმოების შეჩერებაზე უარი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით აღიარებული დაცვის უფლების დარღვევას;

2. კასატორს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვ. პ.-ის მიმართაც ხელყვეს დაცვის უფლება, რადგან საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაბმის შემდეგ, მას მიეცა მხოლოდ 2 დღე პროცესზე მოსამზადებლად და ... ქუჩაზე მდებარე სადავო ბინის შეძენის კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარსადგენად. ვ. პ.-ის განმარტება, რომ იგი 90-იან წლებში ორი ბანკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო, სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან ეროვნულ ბანკში არსებული დოკუმენტაციის მოსაპოვებლად 2 დღე არ აღმოჩნდა საკმარისი. დროის სიმცირის გამო ასევე ვერ მოხერხდა ლ. მ.-ის კომერციული ფირმა “გ.-ის" საქმიანობისა და შემოსავლების ამსახველი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა. წარდგენილი დოკუმენტაციით კი ირკვევა, რომ 1991 წელს ფირმა “გ.-მა” მოსკოვიდან 500000 მანეთი მიიღო, რაც სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენდა, მაგრამ სასამართლომ არ გაიზიარა;

3. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ვ. პ.-ის სახელზე რიცხული, ... მდებარე ექვსოთახიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ოფიციალურად ვ. პ.-მ 1998 წელს შეიძინა ი. ჭ.-იასაგან, მაგრამ, ფაქტობრივად, სახლის შეძენა მოხდა 1989 წელს, რაც დასტურდება 1994წ. გენერალური მინდობილობით, რომლითაც სახლის იურიდიული მესაკუთრე ი. ჭ.-ია აბსოლუტურ უფლებებს აძლევს ვ. პ.-ს მის ქონებასთან დაკავშირებით. ამ დროისათვის ლ. მ.-ე ერთი თვის დანიშნულიც არ იყო ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად და, ბუნებრივია, მისი წვლილი ამ გარიგებაში ვერ იქნებოდა. 1989 წლიდან სადავო სახლის ფაქტობრივი მფლობელი და მესაკუთრე რომ ვ. პ.-ე იყო, დასტურდება გადასახადების გადახდის დოკუმენტებით. 1989 წელს სახლის ი. ჭ.-იაზე გაფორმება გამოწვეული იყო სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 105-ე მუხლის მოთხოვნით, რომელიც კრძალავდა ოჯახისათვის ერთზე მეტი საცხოვრებელი სახლის ქონას;

4. დაუსაბუთებელია ... ვ. პ.-ის სახელზე რიცხული ბინის დაუსაბუთებელ ქონებად მიჩნევის შესახებ სასამართლოს მოსაზრება, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ვ. პ.-მ აღნიშნული ბინა თ. ხ.-ისაგან მიიღო 18000 აშშ დოლარის სესხის დაუფარავობის გამო. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ა.-89-ის” გამგეობის 1997წ. 15 ივნისის განკარგულებით დასტურდება, რომ ამხანაგობიდან გასული თ. ხ.-ის ნაცვლად მის ადგილს იკავებს ვ. პ.-ე, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა. მხოლოდ 2001-2003 წლების თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ლ. მ.-ის მითითება, რომ იგი სადავო ბინის მესაკუთრეა და ამ ბინაში მისი ოჯახის ცხოვრება, კასატორის აზრით, არ არის საკმარისი ლ. მ.-ის ამ ბინის მესაკუთრედ ცნობისთვის და ამ ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. კასატორს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლო გადაწყვეტილება სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთების დაუსაბუთებელ ქონებად მიჩნევის ნაწილშიც, რადგან კასატორისათვის გაურკვეველია, 16754 ლარით რატომ ვერ შეძლებდა ლ. მ.-ე 4000 და 5000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთების შეძენას. კასატორის აზრით, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. მ.-ისა და მ. ქ.-ისათვის ფინანსურ დეკლარაციაში მითითებული თანხის არდაკისრების ნაწილშიც;

5. კასატორის აზრით, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, ემსჯელა იმ ქონებათა შეძენის კანონიერებაზე, რომლებიც ლ. მ.-ისათვის წარდგენილი ბრალიდან არ გამომდინარეობს, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლი პროკურორის ეჭვს ქონების მოპოვებასთან დაკავშირებით მხოლოდ დანაშაულის ჩადენას უკავშირებს. ამ მხრივ, ლ. მ.-ის მიმართ წაყენებულ ბრალს და სარჩელს შორის კავშირი არ არსებობს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

წარმომადგენელმა ა.კ.-მ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა დამატებითი საკასაციო საჩივარი და წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც ირკვევა, რომ ვ. პ.-ე 1992წ. 17 თებერვლიდან იყო კ/ბ “თ.-ის" გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო 1992წ. 3 ივნისიდან _ კ/ბ “ე.-ს" გამგეობის თავმჯდომარე. ამასთან, ირკვევა, რომ ერთი პირის საწარმო “ს.-ა", რომლის მფლობელი ვ. პ.-ა, არის კ/ბ “ე.-ს" დამფუძნებელი 6.5 მლნ მანეთის შენატანით, ხოლო კ/ბ “ე.-ს" 1996წ. 25 აპრილს დამფუძნებელთა კრების ოქმით დგინდება, რომ ვ. პ.-ის შენატანი 31384 ლარს შეადგენდა, ბანკის ხელახალი რეგისტრაციის დროს კი მისი შენატანი 24907 დოლარი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ 1993წ. 10 თებერვლისათვის ვ. პ.-ეს ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა, 18000 აშშ დოლარი სესხად გაეცა თ. ხ.-ისათვის. 1991 წელს 50 და 100-მანეთიანი კუპიურების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვ. პ.-ის მიერ მოძიებული ვერ იქნა, რადგან საქართვევლოს ეროვნული ბანკის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტაცია განადგურებულია. კასატორმა დამატებით წარმოადგინა 1998წ. 24 თებერვალს თბილისში, ... მდებარე ბინის გაყიდვის დამადასტურებელი ხელშეკრულება, რომელიც ვ. პ.-ემ შეიძინა 1996წ. 5 მარტს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავლები.

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნეს წარმომადგენელ ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმომადგენელ ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა თბილისის საოლქო სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისის პროკურატურის 2004წ. 6 იანვრის დადგენილებით კასატორი ლ. მ.-ე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის III ნაწილის “გ" და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, სახელდობრ, მოქალაქე ჯ. პ.-ისაგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, 35000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომანქანა “შევროლე-ბლეიზერის", გამოძალვის ფაქტზე. თბილისის პროკურატურის 2004წ. 8 იანვრის დადგენილებით ლ. მ.-ეზე ძებნა გამოცხადდა. ლ. მ.-ე 1994წ. 14 ნოემბრიდან 2003წ. 17 სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულად ქვემო ქართლში და ამ პერიოდში ხელფასის სახით სულ მიღებული აქვს 16754 ლარი. 2004წ. 23 ივნისს ქ. თბილისის პროკურატურამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლების საფუძველზე სარჩელი აღძრა ლ. მ.-ისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ, რადგან დასაბუთებული ეჭვი გააჩნდა, რომ ლ. მ.-ის მიერ ლეგალურად მიღებული 16754 ლარი არ იძლეოდა სარჩელში მითითებული შემდეგი ქონების შეძენის შესაძლებლობას:

ა) გარდაბნის რაიონის დაბა კოჯორში, ... მდებარე ექვსოთახიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ლ. მ.-ის დედის, ვ. პ.-ის, საკუთრებად ირიცხება და მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი ინდივიდუალური აუდიტის ცნობის მიხედვით, შეფასებულია 35640 აშშ დოლარად, ხოლო შსს საექსპერტო კრიმინალური მთავარ სამმართველოს ექსპერტის ცნობით, მისი ღირებულება შეადგენს 167437 ლარს;

ბ) თბილისში, ... მდებარე 5-ოთახიანი ბინა ¹70, რომელიც ლ. მ.-ის ბიძის, ვ. პ.-ის, სახელზეა აღრიცხული, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მისი ღირებულება თავად ლ. მ.-ის მიერ 150000 ლარად არის განსაზღვრული, ხოლო შსს ექსპერტის ცნობით, იმავე სახლის მე-5 სართულზე მდებარე ანალოგიური ბინის ღირებულება 216000 ლარია;

გ) გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც ლ. მ.-ის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში 15000 ლარად არის შეფასებული, ექსპერტების დასკვნით, მისი ღირებულება 5000 ლარია;

დ) გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც ლ. მ.-ის მამის, ლ. მ.-ის სახელზე ირიცხება, ექსპერტების ცნობის მიხედვით მისი ღირებულება შეადგენს 4000 ლარს.

2. საკასაციო პალატა უსწორობის გამო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, ემსჯელა ზემოაღნიშნული ქონების შეძენის კანონიერებაზე, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლი პროკურორის ეჭვს ქონების უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით მხოლოდ დანაშაულის ჩადენას უკავშირებს და ამ მხრივ, ლ. მ.-ის მიმართ წაყენებულ ბრალსა და სარჩელს შორის კავშირი არ არსებობს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებული თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული ქონება შეიძლება იყოს მოპოვებული ამავე კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში მითითებული დანაშაულის ჩადენის შედეგად. 44-ე მუხლის 47-ე ნაწილის მიხედვით, თანამდებობის პირი არის “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ასეთი თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე, რომელსაც ბრალად ედება თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში სამოხელეო და სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, გამოძალვა, მითვისება ან გაფლანგვა, გადასახადებისაგან თავის არიდება, ან საბაჟო წესების დარღვევა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე და 44-ე მუხლის 47-ე ნაწილის განმარტებიდან გამომდინარე, ვინაიდან ყოფილი თანამდებობის პირი _ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში, ლ. მ.-ე მხილებულ იქნა სამოხელეო დანაშაულის ჩადენაში კერძოდ, მოქალაქე ჯ. პ.-ისაგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით (35000 აშშ დოლარი) ქრთამის გამოძალვაში, ამასთან, ლ. მ.-ის ლეგალური შემოსავალი სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სულ შეადგენდა 16754 ლარს, ხოლო თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში ლ. მ.-ისა და მისი ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულება გაცილებით მეტს შეადგენდა (თავად ლ. მ.-ის მითითებით, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი 150000 ლარად იყო შეფასებული, 5000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი სოფ. ... საცხოვრებელი სახლი და სხვა), საკასაციო პალატის აზრით, ასეთ ვითარებაში პროკურორს, ბუნებრივია, წამოეშობოდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებული თანამდებობის პირისა და მისი ახლობლების მფლობელობაში არსებული ქონება დაუსაბუთებელ ქონებას წარმოადგენდა და პროკურორი, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, უფლებამოსილი იყო, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით აღეძრა სარჩელი დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის თაობაზე.

საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლი პროკურორის ეჭვს დაუსაბუთებელი ქონების მოპოვებასთან დაკავშირებით მხოლოდ ამ ქონებასთან დაკავშირებული კონკრეტული დანაშაულის ჩადენას უკავშირებს. საკასაციო პალატა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214-ე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლების და 44-ე მუხლის 47-ე ნაწილის ანალიზიდან გამომდინარე განმარტავს, რომ კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში თანამდებობის პირის მხილებისას, თუ პროკურორს გაუჩნდა დასაბუთებული ეჭვი ამ პირის საკუთრებაში არსებული ქონების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, მას შეუძლია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით აღძრას სარჩელი თანამდებობის პირის დაუსაბუთებელი ან უკანონო ქონების ჩამორთმევის თაობაზე და მოპასუხე თანამდებობის პირი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულია, სასამართლოს წარუდგენოს ქონების, ან ამ ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ან ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ სარჩელის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისას გამოვლინდა თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, პროკურორი ამ თანამდებობის პირის მიმართ აღძრავს ახალ სისხლის სამართლის საქმეს ადმინისტრაციულ დავაში გამოვლენილ ახალ დანაშაულის ფაქტზე.

3. უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით საკასაციო პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსითა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული დაცვის უფლების ხელყოფით საქმის განხილვისა და საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაცვის უფლება ყველასათვის გარანტირებულია და სსკ-ის მე-4 მუხლის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, დაიცვან თავი სარჩელისგან. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მიხედვით, მოქალაქეებს შეუძლიათ სასამართლოში საქმე აწარმოონ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, რითაც კონკრეტულ შემთხვევაში ისარგებლეს კიდეც ლ. მ.-ემ და მისი ოჯახის წევრებმა (მშობლები), რომლებიც საქმეს დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის თაობაზე შეუზღუდავად აწარმოებდნენ წარმომადგენლის, ადვოკატ ა. კ.-ის მონაწილეობით. საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, მიუხედავად არაერთი მოწვევისა, მოპასუხე მხარეები (კასატორები) საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ და საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მათი წარმომადგენლის, ადვოკატ ა. კ.-ის უშუალო მონაწილეობით. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილით გარანტირებული დაცვის უფლების ხელყოფას თბილისის საოლქო სასამართლოში ადგილი არ ჰქონია, მოპასუხეები ისევე, როგორც ლ. მ.-ე, უზრუნველყოფილი იყვნენ დაცვით და საქმეს აწარმოებდნენ წარმომადგენლის მეშვეობით, რაც მათი პროცესუალური უფლებაა.

საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლო, სსკ-ის 280-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, შეეჩერებინა საქმის განხილვა, რადგან ე.წ. მთავარ მოპასუხეზე, ლ. მ.-ზე გამოცხადებული იყო ძებნა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის თანახმად, მოპასუხის ძებნის გამოცხადების გამო საქმის წარმოების შეჩერება წარმოადგენს სასამართლოს უფლებას და შეჩერების საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, განსხვავებით ამავე კოდექსის 279-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როცა მოპასუხის გარდაცვალების, ქმედუნარიანობის დაკარგვის ან შეირაღებულ ძალებში გაწვევის გამო სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოების განხილვა.

ლ. მ.-ის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავაა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციული დავების განხილვისას სსკ-ის ნორმები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ადმინისტრაციული პროცესით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2111-ე მუხლის პირველი ნაწილი კი დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ დავებზე, თუ მოპასუხე თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის, ან ნათესავის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ზოგადად კრძალავს ადმინისტრაციულ დავებში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს ძებნილი პირის, ლ. მ.-ის, მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გამოუტანია. მოპასუხე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით, კერძოდ, საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის, ადვოკატ ა. კ.-ის მონაწილეობით, ამიტომ მოპასუხის მოძებნამდე საქმის განხილვის შეჩერების აუცილებლობა არ არსებობდა და საკასაციო პალატაც იზიარებს საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმას;

4. რაც შეეხება არსებითად დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის საკითხს, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ამ ნაწილშიც ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, კერძოდ, საოლქო სასამართლო კოლეგიამ დაუსაბუთებელ ქონებად მიიჩნია ..., მდებარე ექვსოთახიანი საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებელი 149,29 კვ.მ, სამეურნეო _ 276,8 კვ.მ, რომელიც ნასყიდობის შესახებ ხელშეკულების თანახმად, 14000 ლარად არის შეფასებული. საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტების ცნობით, მისი ღირებულება 167437 ლარს შეადგენს, ხოლო მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი ინდივიდუალური აუდიტის ცნობით, სახლი შეფასებულია 35640 დოლარად.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ... მდებარე სახლის 1/6 ნაწილი, სამი ოთახი 63,46 კვ.მ ფართით, ნ. ა.-ისაგან 1274 მანეთად შეუძენია ი. ჭ.-ს 1989წ. პირველ სექტემბერს. გარდაბნის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1990წ. 25 იანვრის ¹31 გადაწყვეტილებით ი. ჭ.-იას თანამესაკუთრეთა თანხმობით უფლება მიეცა დაბა კოჯორში მის სახელზე რიცხული სახლის ნაწილის დანგრევასა და არა უმეტეს 60 კვ.მ საცხოვრებელი სახლის აშენებაზე. 1994წ. 14 დეკემბრის მინდობილობით ი. ჭ.-მ ლ. მ.-ის დედას, ვ. პ.-ს, სრული უფლებამოსილება მიანიჭა თავისი ქონების 3წ. ვადით მართვა-განკარგვაზე, ხოლო 1998წ. 26 დეკემბრს ნასყიდობის ხელშეკრულებით ვ. პ.-ემ 14000 ლარად შეიძინა ი. ჭ.-საგან დაბა კოჯორში, ... მდებარე ექვსოთახიანი საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებელი ფართი 149,29 კვ.მ.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “ვ" ქვეპუნქტის დეფინიციის მიხედვით, დაუსაბუთებელია ქონება, რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია. ვინაიდან მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა სადავო სახლის კანონიერი ფინანსური საშუალებებით შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნული ქონების დაუსაბუთებლად ცნობისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. საოლქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება ვ. პ.-ის მიერ 1989 წელს სადავო სახლის შეძენის და, იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 105-ე მუხლის აკრძალვიდან გამომდინარე, მისი ი. ჭ.-იას სახელზე გაფორმების თაობაზე. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, მართალია, თუ მოქალაქეს ან მის ოჯახის წევრს საკუთრებად აღმოაჩნდებოდა ერთზე მეტი სახლი, უფლება ჰქონდა აერჩია და საკუთრებაში დაეტოვებინა ერთ-ერთი მათგანი, ხოლო სხვა სახლი ერთი წლის ვადაში უნდა გაესხვისებინა. ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხეების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება, რომ ... ვ. პ.-ეს ან მის ოჯახს კიდევ ჰქონდა საკუთრების უფლებით მეორე სახლი და ამიტომ მოხდა აღნიშნული სახლის სხვა პირის, ი. ჭ.-იას, საკუთრებად აღრიცხვა.

კასატორის მიერ მითითებული სამოქალაქო სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენდა, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდებოდა მეორე შენობაზე, რომელიც მოქალაქეს პირადი საკუთრების უფლებით აქვს და გამოყენებულია დასასვენებლად ან მკურნალობის მიზნით, საკურორტო თუ სააგარაკო ადგილას ან სოფლად. ვინაიდან ... წარმოადგენს დასასვენებელ (სააგარაკო ადგილს, გნებავთ სოფ.ს) ადგილს და მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ ამ ადგილზე სხვა სახლზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ ვ. პ.-ე მეუღლესთან, ლ. მ.-ესთან, ერთად ცხოვრობს თბილისში, ... პროსპექტზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული 105-ე მუხლი ვ. პ.-ისათვის არ წარმოადგენდა ამკრძალავ ნორმას და მას 1989 წელს დაუბრკოლებლად შეეძლო თავის საკუთრებად დაერეგისტრირებინა სადავო სახლი, მაგრამ დოკუმენტაციის მიხედვით ვ. პ.-ის საკუთრებად აღნიშნული სახლი გახდა 1998 წლიდან, მისი ვაჟის _ ლ. მ.-ის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. მხარეებმა ვერ წარმოადგინეს სადავო სახლის შესაძენად ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამიტომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. პ.-ის საკუთრებად რიცხული, დაბა კოჯორში, ... მდებარე ექვსოთახიანი სახლის დაუსაბუთებელ ქონებად მიჩნევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. ამასთან, საკასაციო პალატა საოლქო სასამართლოს იმ არგუმენტსაც ეთანხმება, სადავო სახლის შეძენა 1989 წელს რომც მომხდარიყო, მისი შეძენისათვის საჭირო თანხა ვერ იქნებოდა ვ. პ.-ის მეუღლის, ლ. მ.-ის მამის, ლ. მ.-ის, კომერციული ფირმა “გ.-ის" მიერ 2წ. შემდეგ _ 1991 წელს განხორციელებული კომერციული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ფინანსური საშუალება;

5. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარს თბილისში, ... მდებარე 5-ოთახიანი ბინის ნაწილში და სრულად ეთანხმება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნული ბინის დაუსაბუთებელ ქონებად ცნობის და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. საქმეში არსებული მტკიცებულებების, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ა.-89-ის” 1997წ. 15 ივნისის გამგეობის კრების ¹6 ოქმისა და განკარგულების, ასევე თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის 1997წ. 3 ივლისის ¹183/4-03 განკარგულების მიხედვით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ა.-89-იდან” საკუთარი განცხადების საფუძველზე გამოყვანილ იქნა ამხანაგობის წევრი თ. ხ.-ე და მის ნაცვლად ამხანაგობის წევრად შეყვანილ იქნა ლ. მ.-ის ბიძა ვ. პ.-ე. ვაკის რაიონის გამგეობის 1998წ. 12 თებერვლის ¹4.13-16 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა.-89"-ის ბინების განაწილება და ვ. პ.-ს მიეცა ... მდებარე ახლად აშენებულ სახლში ხუთოთახიანი ბინა ¹70. საოლქო სასამართლოში ვ. პ.-ის განმარტების მიხედვით, აღნიშნული ბინით წლების მანძილზე სარგებლობდა მისი დისშვილი _ ლ. მ.-ე და მისი ოჯახი. 2001-2003 წლების თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, ... მდებარე ბინა ¹70 მითითებულია ლ. მ.-ისა და მისი მეუღლის, მ. ქ.-ის თანასაკუთრებად და შეფასებულია 150000 ლარად.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტის მიხედვით, დაკავშირებული პირი არის პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი მოპოვებულია თანამდებობის პირის არაკანონიერ ქმედებათა შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს თანამდებობის პირი. განსახილველ შემთხვევაში ... მდებარე ბინა ¹70 იურიდიული დოკუმენტაციით 1998წ. 12 თებერვლიდან ლ. მ.-ის ბიძის, ვ. პ.-ის, საკუთრებაა, მაგრამ როგორც ვ. პ.-ე აღიარებს, ბინით წლების მანძილზე სარგებლობდა ლ. მ.-ის ოჯახი. საქმეში არსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციისა და საკასაციო ინსტანციაში დამატებით წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით, თავად ლ. მ.-ე მიუთითებს, რომ იგი არის ამ ბინის მესაკუთრე, ამხანაგობა “ა.-89-ის” წევრი. ვინაიდან 1994-2003 წლებში ლ. მ.-ის ლეგალური შემოსავალი 16754 ლარი იყო, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, თავად ლ. მ.-ის მიერ 150000 ლარად შეფასებული სადავო ბინის დაუსაბუთებელ ქონებად ცნობისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.

საოლქო სასამართლომ, დაუსაბუთებლობის გამო, არ გაიზიარა მოპასუხე (კასატორი) ვ. პ.-ის განმარტება, რომ მან სადავო ბინა 1997-98 წლებში შეიძინა თ. ხ.-ისაგან 1993 წელს გაცემული 18000 აშშ დოლარის სესხის სანაცვლოდ. საქმეში წარმოდგენილია 1993წ. 10 თებერვლის მარტივი წერილობითი ფორმით შესრულებული ხელწერილი, რომლის მიხედვით, თ. ხ.-მ ვ. პ.-ისაგან აიღო სესხი 18000 აშშ დოლარი 3წ. ვადით, 1996წ. 10 თებერვლამდე. ხელწერილის თანახმად, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ვალის დაფარვა მოხდებოდა ... მშენებარე 153 კვ.მ ფართით.

კასატორმა საკასაციო სასამართლოში საქართველოს ეროვნული ბანკიდან წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულებები, რომ 1992-93 წლებში ვ. პ.-ე იყო კომერციული ბანკი “თ.-ის" და “ე.-ს" გამგეობის თავმჯდომარე და რომ ერთი პირის საწარმო “ს.-ა", იგივე, ვ. პ.-ე, იყო ბანკი “ე.-ს" დამფუძნებელი, რომლის საწესდებო შენატანი შეადგენდა 6,5 მლნ მანეთს, ხოლო 1996წ.ათვის ვ. პ.-ის შენატანი კ/ბ “ე.-ში" 31384 ლარი იყო. აღნიშნული დოკუმენტაციით, კასატორის აზრით, დასტურდება, რომ 1992-93 წლებში ორი კომერციული ბანკის დამფუძნებელსა და გამგეობის თავმჯდომარე ვ. პ.-ს მნიშვნელოვანი ფინანსები გააჩნდა, შეეძლო თ. ხ.-ისათვის ესესხებინა 18000 აშშ დოლარი და ... ქუჩაზე მდებარე ბინის კანონიერი მესაკუთრე გამხდარიყო, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

წარმოდგენილი კომერციული ბანკების სადამფუძნებლო დოკუმენტაციით დასტურდება ვ. პ.-ის მიერ გარკვეული თანხების დაბანდება, კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალში შეტანა, რის შედეგადაც თანხების მესაკუთრე გახდა კომერციული ბანკი, რაც ფინანსურად (ბუღალტრულად) ვ. პ.-ის ხარჯს (გასავალს) წარმოადგენს. კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხების სარფიანად დაბანდებისა და ვ. პ.-ის დივიდენდის (მოგების) მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამიტომ კასატორის მოსაზრებას, რომ ვ. პ.-ს 1992-93 წლებში გააჩნდა მნიშვნელოვანი თანხები 18000 აშშ დოლარის გასასესხებლად და ... ქუჩაზე მდებარე სადავო სახლი მის კანონიერ საკუთრებას წარმოადგენს, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს. სასამართლოს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ იურიდიულად 1997-98 წლიდან ბიძის _ ვ. პ.-ის სახელზე აღრიცხული ბინა, როგორც საკუთრება, ლ. მ.-ის მიერ ფიქსირებულია 2001-2003 წლების თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში, რომელსაც როგორც საკუთარს, ფლობდა და სარგებლობდა ლ. მ.-ის ოჯახი, შეძენილია 1998 წელს, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მუშაობის პერიოდში ლ. მ.-ის არაკანონიერ ქმედებათა შედეგად და როგორც დაუსაბუთებელი ქონება, სწორად ჩამოერთვა სასამართლოს მიერ, რადგან 16754 ლარის ხელფასით 150000 ლარად შეფასებული ქონების შეძენა შეუძლებელია;

6. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გარდაბნის რაიონის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დაუსაბუთებელ ქონებად მიჩნევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. რაც შეეხება ლ. მ.-ისა და მ. ქ.-ის ფულადი თანხების დაუსაბუთებელ ქონებად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, როგორც აღინიშნა, არ დაკმაყოფილდა პროკურატურის სარჩელი თანამდებობის პირის ფინანსურ დეკლარაციაში მითითებული თანხების ჩამორთმევის შესახებ. ამდენად, გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილი კასატორთა სასარგებლოა და ამიტომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.

ამრიგად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს ლ. მ.-ის, ლ. მ.-ის, ვ. პ.-ისა და ვ. პ.-ის საკასაციო საჩივარს, თვლის, რომ კასაცია არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლით, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. მ.-ის, ლ. მ.-ის, ვ. პ.-ისა და ვ. პ.-ის წარმომადგენლის, ადვოკატ ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილება;

3. კასატორ ლ. მ.-ს დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის, 5000 ლარის, გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.