ბს-1132-915-კ-04 2 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბესიკ კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 13 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა პროკურორმა პ. ჯ.-მ მოპასუხეების: ლ., რ. და ნ. კ.-ების მიმართ, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ 2004წ. აპრილში დაკავებულ იქნა საქართველოს უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ლ. კ.-ე, რომელსაც სსკ-ის 332.1, 332.3 და 333.1 მუხლებით წარედგინა ბრალდება და პასუხისგებაში მიეცა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების გამო.
პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხეების: ლ. კ.-ისა და მისი ოჯახის წევრების _ რ. და ნ. კ.-ეების საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება:
ა) ქ. თბილისში, ... მდებარე, საერთო საკუთრების 457 კვ. მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული, საერთო სარგებლობის 505,78 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 32/96 (168,59 კვ.მ);
ბ) სოფ. ... მდებარე 0,15 მიწის ფართობი და მასზე განთავსებული სახლი, რომელიც 2002წ. 29 ნოემბრიდან ეკუთვნოდა ლ. კ.-ის დედას _ რ. კ.-ს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე;
გ) სოფ. ... მდებარე ლ. კ.-ის სახელზე რეგისტრირებული 0,15 მიწის ფართობი;
დ) ქ. თბილისში, ... ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს კუთხეში მდებარე 227 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის 1/5-ის მესაკუთრე არის ლ. კ.-ის და ნ. კ.-ე.
იყო დაუსაბუთებელი და იგი უნდა დაბრუნებოდა სახელმწიფოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII2 თავის შესაბამისად. ეჭვის საფუძველს, რომ აღნიშნული ქონება იყო დაუსაბუთებელი, პროკურორის აზრით, წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ლ. კ.-ე მსახურობდა მხოლოდ საჯარო სამსახურში და მის მიერ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებული ოფიციალური შემოსავლით შეუძლებელი იყო იმ ქონების შეძენა, რაც მას გააჩნდა. ლ. კ.-ე 1975-78 წლებში მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1978-98 წლებში შს სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1998-99 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილედ, ხოლო 1999წ. 10 თებერვლიდან 2002წ. 15 იანვრამდე _ უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსად. შს სამინისტროში ლ. კ.-ის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 35641 რუსული რუბლი, 4615,65 ლარი და 643 512 კუპონი, უშიშროების სამინისტროში მიღებულმა შემოსავალმა _ 9906,25 ლარი. აღნიშნული შემოსავალი, მოსარჩელის აზრით, არ იძლეოდა ლ. კ.-ისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის შესაძლებლობას.
მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე ასევე იშუამდგომლა ზემომითითებული ქონების დაყადაღებისა და ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რათა დადგენილიყო ამ ქონების საბაზრო ღირებულება.
სასამართლო კოლეგიის 2004წ. 24 ივნისის განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში, ასევე დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და სარჩელში მითითებულ ქონებას დაედო ყადაღა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხეთა წარმომადგენელმა ა. კ.-მ, რომელმაც აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ითხოვს მონაცემების არსებობას ქონების გასხვისების თაობაზე და არა პროკურორის მოსაზრების არსებობას. ლ. კ.-ის დაკავებიდან, 2004წ. 29 აპრილიდან, მოპასუხეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაესხვისებინათ სადავო ქონება, რაც მათ არ გაუკეთებიათ. ამავე დროს, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სარჩელი და შუამდგომლობა შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ და ისინი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.
სასამართლოს კოლეგიის 2004წ. 1 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმესთან ერთად განსახილველად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 12 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 13 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა წარმომადგენელ ა. კ.-ის შუამდგომლობა შესაგებლის წარდგენის ვადის 1 თვით გაგრძელების თაობაზე იმ მოტივით, რომ საჭირო მტკიცებულებები უნდა ყოფილიყო მოპასუხეებთან, ამასთან ერთად, განმცხადებელი არ უთითებდა, თუ რომელი მტკიცებულებების მოპოვება და ამ მტკიცებულებებით რისი დადასტურება სურდა.
მოსარჩელემ 2004წ. 14 ივლისს განცხადებით მიმართა სასამართლოს ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე მათ მიერ აღძრული შუამდგომლობის მოხსნასთან დაკავშირებით და სასამართლოსათვის წარდგენილ იქნა 2004წ. 16 ივლისის ექსპერტის ¹93/310 ცნობა.
2004წ. 16 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა სოფ. ... მდებარე 0,15 ჰა მიწის ფართობთან მიმართებაში, რადგან, როგორც დადგინდა, ეს ქონება არ იყო მოპასუხე ლ. კ.-ის საკუთრება.
2004წ. 20 ივლისს სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ. კ.-ის მეუღლე მ. კ.-მ და ითხოვა საქმეში მე-3 პირად ჩაბმა იმ მოტივით, რომ სადავო ქონება, რომელიც შეიძლებოდა ჩამორთმეული ყოფილიყო, იყო მისი ქონება, შეძენილი ქორწინების განმავლობაში.
სასამართლო კოლეგიამ საოქმო განჩინებით არ დააკმაყოფილა მითითებული შუამდგომლობა იმ საფუძვლით, რომ იგი აღძრული იყო პაექრობის სტადიაზე და საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ამ ეტაპზე შუამდგომლობის აღძვრასა და მის განხილვას, ამასთან, მოსარჩელე მ. კ.-ს არ ედავებოდა უშუალოდ ქონებას და მისი ქონება არ წარმოადგენდა დავის საგანს.
2004წ. 20 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა ა. კ.-მ აღძრა შუამდგომლობა სასამართლო კოლეგიის შემადგენლობის აცილების შესახებ, რაც სასამართლო კოლეგიის ამავე თარიღის განჩინებით არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
სასამართლო კოლეგიის 2004წ. 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად:
ა) ცნობილ იქნა დაუსაბუთებელად მოპასუხე ლ. კ.-ის ქონება _ საცხოვრებელი სახლი ქ. თბილისში, ..., საერთო საკუთრების 457 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 505,78 კვ.მ საერთო სარგებლობის ნაკვეთის შენობა-ნაგებობების 32/96 (168,59 კვ.მ) და გადაეცა სახელმწიფოს;
ბ) ცნობილ იქნა დაუსაბუთებლად მოპასუხე რ. კ.-ის (ლ. კ.-ის დედის) ქონება _ 0,15 ჰა მიწის ფართობი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე სოფ. ..., რომელიც 2002წ. 29 ნოემბრიდან, ¹1-4453 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ეკუთვნოდა ლ. კ.-ის დედას _ რ. ი. ასულ კ.-ეს და გადაეცა სახელმწიფოს.
გ) ცნობილ იქნა დაუსაბუთებლად მოპასუხე ნ. კ.-ის (ლ. კ.-ის დის) ქონება _ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 227 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის მშენებარე 1/5, მდებარე ქ. თბილისში, ... და მარჯვენა სანაპიროს კუთხეში, რომლის მესაკუთრეა ნ. კ.-ე (ლ. კ.-ის და) და გადაეცა სახელმწიფოს.
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2004წ. 13 თებერვლის ცვლილებების საფუძველზე დაემატა VII2 თავი _ თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც იქნა აღძრული სარჩელი ლ. კ.-ის, მისი დედისა და დის მიმართ. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის “ვ" პუნქტის თანახმად, დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვლება ქონება, აგრეთვე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები, რომელთა კანონიერი საშუალებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნია, ან იგი შეძენილია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.
სასამართლო კოლეგიამ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. კ.-ს 1979-1998 წლებში თავისი შრომითი საქმიანობით სულ მიღებული ჰქონდა 35,641 რუსული რუბლი, 4,615 ლარი, 75 თეთრი და 643.512 კუპონი. სადავო ბინა ლ. კ.-მ შეიძინა 1998წ. 3 ივლისს. სასამართლო კოლეგიამ, გაიზიარა რა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა ... მდებარე სახლთან მიმართებაში და, ასევე, გაითვალისწინა მისი შემოსავლებიდან საარსებო მინიმუმის დანახარჯი, მივიდა დასკვნამდე, რომ 208337 ლარის ღირებულების ქონების შეძენა მას არ შეეძლო იმ შემოსავლით, რაც კანონიერად ჰქონდა მიღებული. სასამართლომ ჩათვალა, რომ ლ. კ.-ს ქ. თბილისში, ... 3/ა ნომერში მდებარე 168,59 კვ.მ საცხოვრებელი ბინის კანონიერი საშუალებით შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნდა. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლით მისი ქონება ცნობილი უნდა ყოფილიყო დაუსაბუთებლად და ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით ის უნდა გადასცემოდა სახელმწიფოს.
ნ. კ.-ეს ქონებასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მას საკუთრებაში ჰქონდა ქ. თბილისში ... კუთხეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შესაყართან, 227 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 800 კვ.მ შენობა-ნაგებობების 1/5, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენდა ექვსას სამოცდაორი ათას ოთხას ლარს. ნ. კ.-ის წილი იყო 134,80 ლარი. აღნიშნული ქონება ნ. კ.-ის სახელზე რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში 2003წ. 25 აგვისტოს. ნ. კ.-ის მიერ წარმოდგენილი ცნობით, მისი ხელფასის შესახებ, 1982-1994 წლებში მას მიღებული აქვს 3662 რუსული მანეთი, მის სახელზე აღრიცხული ქონების ღირებულება კი 13480 ლარს შეადგენს. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ნ. კ.-ე ხელფასის თანხით ზემოაღნიშნულ ქონებას ვერ შეიძენდა. ნ. კ.-მ მიუთითა, რომ ის ამზადებდა მოსწავლეებს და იღებდა ამ საქმიანობისათვის შრომის საფასურს, ასევე მიღებული აქვს საჩუქრები. სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში არ მიიღო ნ. კ.-ის განცხადება მის მიერ მოსწავლეთა მომზადებისა და საჩუქრების მიღების შესახებ და არ ჩათვალა იგი კანონიერი გზით ქონების შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტად, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “ვ" პუნქტით.
სასამართლო კოლეგიამ რ. კ.-ის სახელზე რიცხული, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთსა და სახლთან მიმართებაში მიუთითა, რომ ამ ქონების ღირებულება ექსპერტის დასკვნით, შეადგენდა 450500 (ოთხასორმოცდაათი ათას ხუთას) ლარს. საქმეში არ მოიპოვებოდა არავითარი ცნობა რ. კ.-ის შემოსავლების შესახებ. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “ვ" პუნქტით, რ. კ.-ს ზემოაღნიშნული ქონების კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდა, ამიტომ მისი ქონება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლით ცნობილი უნდა ყოფილიყო დაუსაბუთებელად და გადაცემოდა სახელმწიფოს.
სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ., ნ. და რ. კ.-ის წარმომადგენელმა ა. კ.-მ, ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი მიუთითებს, რომ საოლქო სასამართლომ მოპასუხეებთან მიმართებაში დაარღვია “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ" ევროპის კონვენციის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, დამოუკიდებელი და მიუმხრობელი სასამართლოს მიერ საქმის სამართლიანად განხილვის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 84-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება, 85-ე მუხლის მე-3 ნაწილი, “საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლი და მე-7 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება, სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება, მე-5 მუხლი, მე-6 მუხლის პირველი წინადადება. კასატორის აზრით, სასამართლო კოლეგიას, დაავალა რა სარჩელზე ხელის მომწერ პირს _ პ. ჯ.-ს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა, მისი ხელმოწერით სარჩელი არ უნდა მიეღო წარმოებაში და სსკ-ის 186-ე მუხლის შესაბამისად, განუხილველად უნდა დაეტოვებინა. სასამართლოში შეტანილი სარჩელი არ წარმოადგენს პროკურატურის ბლანკზე დაბეჭდილ ნომრიან დოკუმენტს. სასამართლომ საქმე განიხილა ისე, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი ლ. კ.-ის ბრალდებულად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და სასამართლოსათვის უცნობი იყო, ნამდვილად ჰქონდა თუ არა მას ინკრიმინირებული სსკ-ის 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. სასამართლომ მათ არ მისცა საქმის მომზადებისა და მტკიცებულებების შევსებისათვის ვადა, რადგან ეს უკანასკნელი 30-წლიან მონაკვეთს მოიცავდა და მათ მოძიებას გარკვეული დრო სჭირდებოდა. სასამართლომ ისე დანიშნა მთავარი სხდომა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ექსპერტიზის დანიშვნის საკითხი, რომელიც მოსამზადებელ სხდომაზე წყდება, არ იყო გადაწყვეტილი. სასამართლომ არ უზრუნველყო მთავარი მოპასუხის _ ლ. კ.-ის პროცესში მონაწილეობა, რომლის ახსნა-განმარტებებიც, სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს წარმოადგენდა. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ უარი უთხრა ლ. კ.-ის მეუღლეს, მ. კ.-ს, საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება უდავოდ ეხებოდა მის უფლებებს.სასამართლომ თავად აღიარა, რომ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლებოდა შეხებოდა მ. კ.-ის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, მაგრამ მიუთითა, რომ ამ პირის პროცესში ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილება იყო და არა მისი ვალდებულება.
სასამართლო კოლეგიამ ასევე უსაფუძვლოდ განაცხადა უარი მათ მიერ დასახელებულ მოწმეთა დაკითხვაზე იმ მოტივით, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დასადასტურებლად და ფულადი სახსრების გადაცემაზე მოწმეთა ჩვენებები არ გამოიყენებოდა, რაც, კასატორის აზრით, არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სსკ-ის 624-ე მუხლი, რომელიც სესხის ხელშეკრულების ფორმას ეხება, მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმით სასამართლომ მათ მოუსპო გარკვეული გარემოებების დამტკიცების შესაძლებლობა.
სასამართლომ გადაწყვეტილება დაამყარა პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის ცნობაზე, რომელიც ექსპერტის დასკვნად მოიხსენია. ეს დოკუმენტი მომზადებულია სსკ-ის 163-ე მუხლის დარღვევით და იგი დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, ცნობა არ აკმაყოფილებს ამავე კოდექსის 170-ე მუხლის მოთხოვნებს. თავად ექსპერტის პასუხით, სრულყოფილი გამოკვლევის შემთხვევაში, გამოსაკვლევი ობიექტების შეფასებაში სხვაობა შეიძლება 10-20-30%-ც კი ყოფილიყო. მაგრამ არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
კასატორის მითითებით, 2004წ. 19 ივლისის სხდომა გრძელდებოდა სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ, მიუხედავად მათი პროტესტისა. სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული მათი არც ერთი შუამდგომლობა, ყოველივე ეს კასატორის აზრით, ნათლად ადასტურებს ზემომითითებულ ნორმათა დარღვევების ფაქტებს სასამართლოს მხრიდან.
კასატორი აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა ... მდებარე ლ. კ.-ის სახელზე რიცხული ბინის დაუსაბუთებლობის შესახებ. აღნიშნულ ბინასთან დაკავშირებით არ შეფასებულა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებანი, კერძოდ, ბინა შეძენილ იქნა მ. ე.-გან იაფ ფასში; დოკუმენტები, რომლებიც ასაბუთებდა სახლის ავარიულობას ბინის შეძენისას; ლ. კ.-ის მამის მიერ ამ ბინის შეძენამდე სხვა საცხოვრებელი სახლების გაყიდვის დოკუმენტები. არ იქნა დადგენილი, თუ რას შეადგენდა დღევანდელი მდგომარეობით ლ. კ.-ის სახელფასო შემოსავალი 35641 საბჭოთა მანეთის ოდენობით. ასეთივე სურათია ნ. კ.-სთან მიმართებაში, არ არის დასაბუთებული, თუ რას შეადგენს ნ. კ.-ის მიერ ხელფასის სახით მიღებული 3662 საბჭოთა მანეთი, არ იქნა დაკითხული ნ. კ.-ის მეზობელი, რომელიც დაადასტურებდა ნ. კ.-ის მიერ აბიტურიენტთა მომზადების ფაქტს, არ იქნა გაზიარებული თავად ნ. კ.-ის განცხადებები მის მიერ კერძო საპროექტო დავალებების შესრულების, ძვირფასეულობის ქონისა და მათგან შემოსავლის მიღების შესახებ.
კასატორს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს დასკვნა სოფ. ... მდებარე, რ. კ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის დაუსაბუთებლობის თაობაზე, რადგან საქმეში წარდგენილი უამრავი მტკიცებულება ადასტურებს ... ძველი სახლის შეძენასა და დანგრევას, 65000 აშშ დოლარის სესხად მიღებას, სახლის თურქეთის საელჩოსთვის მიქირავებას და შემოსავლის მიღებას. ყოველივე ეს გამოკვლევის გარეშე იქნა დატოვებული. კასატორის აზრით, სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, როგორიცაა ამონაწერი ლ. კ.-ის მეუღლისა და სიმამრის შრომის წიგნაკებიდან, ანდერძი და 65000 აშშ დოლარის სესხად გაცემის დამადასტურებელი ხელწერილი, ვერ ჩაითვლება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტებად, არის უბრალოდ განცხადება და იგი არაფრით არ არის გამყარებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორების _ ლ., რ. და ნ. კ.-ის წარმომადგენელ ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 20 ივლისის გადაწყვეტილება ლ. კ.-ის ქონების _ ქ. თბილისში, ... მდებარე საერთო საკუთრების 457 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 505,78 კვ.მ საერთო სარგებლობის ფართობის საცხოვრებელი სახლის 32/96-ის დაუსაბუთებლად ცნობისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, ხოლო სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ ლ. კ.-ის მეუღლის _ მ. კ.-ისთვის საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმით დარღვეულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის მოთხოვნა, რომ მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. კ.-ის მეუღლე სწორედ მითითებული 16.2 მუხლით განსაზღვრულ პირთა წრეში მოიაზრება და სასამართლოს მიერ იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩაბმული მესამე პირად ლ. კ.-ის სახელზე რიცხულ, ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე სახლის დაუსაბუთებლად ცნობის მოთხოვნის ნაწილში და მისი მონაწილეობით განხილულიყო ეს საკითხი, მით უმეტეს, რომ, როგორც აღინიშნა, მ. კ.-ე თავად ითხოვდა აღნიშნულს. მითითებული საპროცესო ნორმების დარღვევის შედეგად ამ სადავო ქონებასთან დაკავშირებით არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილება ამ ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ლ. კ.-ის სახელზე რიცხული, ... მდებარე სახლის დაუსაბუთებლად ცნობის და სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ამავე დროს საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დარჩენილ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “ვ" ქვეპუნქტის თანახმად, დაუსაბუთებელია ქონება, აგრეთვე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს არ გააჩნიათ ან იგი შეძენილია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით, ხოლო ამავე კოდექსის 216-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონებას მოსამართლე მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე ცნობს დაუსაბუთებლად, თუ საქმის წარმოების პროცესში მოპასუხემ ვერ წარუდგინა სასამართლოს ქონების ან ამ ქონების შეძენისთვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ან ამ ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ნ. კ.-ის მეზობლების მოწმის სახით დაკითხვა ნ. კ.-ის შემოსავლებთან მიმართებაში დაადასტურებდა ნ. კ.-ის მიერ აბიტურიენტთა მომზადების და შესაბამისი შემოსავლების მიღების ფაქტს და რომ უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული ნ. კ.-ის განცხადებები მის მიერ კერძო საპროექტო დავალებების შესრულების, ძვირფასეულობის ქონისა და მათგან შემოსავლების მიღების შესახებ, ვინაიდან მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მითითებულ ქონებაზე კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
უსაფუძვლობის მოტივით საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სოფ. ... მდებარე, რ. კ.-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლთან მიმართებაში, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ეს სახლი რ. კ.-მ ო. ნ.-ისაგან შეიძინა 2002წ. 29 ნოემბერს. მანამდე სადავო სახლი თურქეთის საელჩოსთვის მიქირავებული ჰქონდა ლ. ლ.-ს, იგი იღებდა იჯარის თანხას, იხდიდა შესაბამის გადასახადებს და ამდენად, ეს შემოსავლები არანაირად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს რ. კ.-ის შემოსავლებად. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ მითითებული 65000 აშშ დოლარის სესხად აღება არ ყოფილა მოპასუხეთა მიერ დეკლარირებული.
ამავე საფუძვლით საკასაციო პალატა არ იზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ მოქალაქე მ. ჭ.-ის ახსნა-განმარტებაში მითითებულ გარემოებებს მის მიერ ლ. კ.-ისთვის სოფ. ... სახლის აშენებისთვის 80000 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ, მით უმეტეს, რომ აღნიშნულის თაობაზე არ ყოფილა გაცხადებული არც თბილისის საოლქო სასამართლოში და არ არის მითითებული საკასაციო საჩვარში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ საკასაციო პალატის 2004წ. 22 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. კ.-ის წარმომადგენელ ა. კ.-ის შუამდგომლობა ლ. კ.-ის სასამართლო სხდომაზე წარდგენის შესახებ კასატორის სახით მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ თავად ლ. კ.-მ წერილობითი უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობის მიღებაზე. საკასაციო პალატა ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სოფ. ... მდებარე, რ. კ.-ის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლთან, ასევე, ქ. თბილისში ... და მარჯვენა სანაპიროს კუთხესთან მდებარე, ნ. კ.-ის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების 1/5-თან მიმართებაში სასამართლო კოლეგიის მიერ არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და საქართველოს, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარში მითითებული საპროცესო ნორმათა დარღვევები ვერ იქნება მიჩნეული გადაწყვეტილების ამ ნაწილის გაუქმების საფუძვლად.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების: ლ., ნ. და რ. კ.-ეების წარმომადგენელ ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ლ. კ.-ის ქონების _ ქ. თბილისში, ... მდებარე საერთო საკუთრების 457 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 505,78 კვ.მ საერთო სარგებლობის საცხოვრებელი სახლის 32/96-ის დაუსაბუთებლად ცნობისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში სასამართლო კოლეგიის 2004წ. 20 ივლისის გადაწყვეტილება, როგორც არსებითად სწორი, უცვლელად იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორების _ ლ., რ. და ნ. კ.-ეების წარმომადგენელ ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 20 ივლისის გადაწყვეტილება ლ. კ.-ის ქონების _ ქ. თბილისში, ... მდებარე, საერთო საკუთრების 457 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 505,78 კვ.მ საერთო სარგებლობის საცხოვრებელი სახლის 32/96-ის (168,59 კვ.მ.) დაუსაბუთებლად ცნობისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. სახელმწიფო ბაჟის მხარისთვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.