ბს-122-302-კ-03 14 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: უძრავი ქონების გადასახადის დეკლარაციის გაუქმება, ახალი დეკლარაციის გაცემა და უძრავი ქონების გადაცემისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 29 ოქტომბერს ო. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სს “მ-ის” აქციონერთა 2001წ. 7 სექტემბრის რიგგარეშე საერთო კრების გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თოთხმეტი აქციონერის, მათ შორის, მოსარჩელის მოთხოვნა და აქციონერებს აქციების სანაცვლოდ კომპენსაციის სახით გადაეცათ საზოგადოების უძრავი ქონება მათი კუთვნილი აქციების პროცენტული წილის შესაბამისად. კრებამ დააკმაყოფილა აქციონერების მოთხოვნა შესატანის უკან დაბრუნების გზით საწესდებო კაპიტალის შემცირების თაობაზე.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ნოემბრის დადგენილებით აქციონერთა 2001წ. 7 სექტემბრის საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე შემცირდა სს “მ-ის” საწესდებო კაპიტალი და შევიდა შესაბამისი ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში.
სს “მ-ის” 2001წ. 7 სექტემბრის საერთო კრებისა და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე 2002წ. 25 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულებები საზოგადოებიდან წილის ნატურით გამოყოფის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, სს “მ-ის” საწესდებო კაპიტალში ცვლილებების, აქციონერების საზოგადოებიდან გასვლის შესახებ ეცნობა ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას, დამოუკიდებელ რეგისტრატორ “Iჩთ დელამენს.” განხორციელდა გასული აქციონერების საკუთრებაში არსებული აქციების ლიკვიდაცია, რაც დაფიქსირდა სს “მ-ის” აქციონერთა რეესტრში. აქციონერებს წილის სანაცვლოდ ქონების მიღებისათვის არ გადაუხდიათ თანხა, ვინაიდან ქონება გადაეცათ სს “მ-ის” საწესდებო კაპიტალში გამსვლელი აქციონერის პროცენტული წილის შესაბამისად. მიღებული საკუთრების _ უძრავი ქონების _ საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის, სს “მ-ის” აქციონერებმა მიმართეს ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს, სადაც სხვა დოკუმენტებთან ერთად მოითხოვეს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის მიერ გაცემული ქონების გადაცემისათვის გადასახადის დეკლარაცია. ქონების გადაცემისათვის გადასახადის დეკლარაციის მისაღებად საზოგადოებიდან უკვე გასულმა აქციონერებმა 2002წ. 23 მაისს ქ. თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციას მიმართეს განცხადებით, რომლითაც ითხოვეს იმის გარკვევა, იბეგრებოდა თუ არა შესატანის უკან დაბრუნება უძრავი ქონების გადაცემის გადასახადით.
მოსარჩელის განმარტებით, პასუხი ისანი-სამგორის საგადასახადო ინსპექციიდან საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში (20 დღე) აქციონერებმა ვერ მიიღეს.
2002წ. 16 სექტემბერს ო. მ-ემ ქ. თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსს მიმართა განცხადებით, რომლითაც ითხოვა დეკლარაცია და განმარტება, ეკუთვნოდა თუ არა საზოგადოების საწესდებო კაპიტალიდან მისი წილის ნატურით გატანისას მიღებული უძრავი ქონებისათვის (... მდებარე სასტუმრო “ს-ის” ნაწილი) უძრავი ქონების გადაცემისათვის გადასახადის გადახდა.
2002წ. 19 სექტემბერს ქ. თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციიდან აქციონერებმა მიიღეს პასუხი 2002წ. 23 მაისის განცხადებაზე. ინსპექციის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ქონების გადაცემისათვის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოში არსებული უძრავი ქონება, რომელზედაც ხდება საკუთრების უფლების გადაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აქციონერებისათვის აქციების სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემა წარმოადგენდა ამ გადაცემისათვის დადგენილი გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
მოსარჩელის განმარტებით, 2002წ. 26 სექტემბერს იგი იძულებული გახდა, გადაეხადა ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ დარიცხული 83,35 ლარი, საბალანსო ღირებულების _ 4167,92 ლარის _ 2%, ვინაიდან ექმნებოდა პრობლემა საჯარო რეესტრში ქონების რეგისტრაციის გამო. აღნიშნული თანხის გადახდით მოსარჩელემ მიიღო საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის ქონების გადაცემისათვის გადასახადის 2002წ. 26 სექტემბრის ¹....... დეკლარაცია.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მის მიერ გადახდილი 83,35 ლარი არ ექვემდებარებოდა დაბეგვრას საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ქონების გაცემისათვის შემდეგი გარემოებების გამო:
1. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების გადაცემისას დაბეგვრის ობიექტია საქართველოში არსებული უძრავი ქონება, რომელზედაც ხდება საკუთრების უფლების გადაცემა ან რომელიც გადაიცემა იჯარის, ან ქირავნობის ხელშეკრულებით სკ-ს შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლი განსაზღვრავს დასაბეგრ თანხას, რომლის საფუძველზეც იმავე კოდექსის 168-ე მუხლით განისაზღვრება უძრავი ქონების გადაცემისათვის გადასახადის განაკვეთი, რომელიც შეადგენს დასაბეგრი თანხის 2 პროცენტს;
2. საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლის თანახმად, დასაბეგრ თანხად ითვლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემული საკომპენსაციო თანხა (მაგრამ არანაკლებ საბაზრო ფასისა) მიღებული დავალიანების ჩათვლით. ეკონომიკის სამინისტროს 1998წ. 2 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული “უძრავი ქონების გადაცემისას საბაზრო ფასის განსაზღვრის წესის” პირველი თავის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა სახის უძრავი ქონების გაცვლა-გასხვისების ოპერაციები განიხილება, როგორც გარიგებები, რომელთა მიხედვითაც გამცვლელ (გამსხვისებელ) მხარეთაგან თითოეული ახდენს უძრავი ქონების გადაცემასა და შეძენას. ამასთან, ასეთი ოპერაციის დროს გადაცემული ყველა სახის უძრავი ქონების საბაზრო ფასი განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული უძრავი ქონების (დაბეგვრის ობიექტი) საბაზრო ფასი განისაზღვრება აღნიშნული წესის მიხედვით. წესში მითითებულ გარიგებებში მოიაზრება ისეთი გარიგებანი, რომლებიც სასყიდლიან გარიგებებს განეკუთვნება განსხვავებით ისეთი გარიგებებისგან, რომლებითაც ხდება ქონების გადაცემა მემკვიდრეობით და ჩუქებით. აღნიშნულის საფუძველზე ხორციელდება საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკუთრების უფლების გადაცემა, კერძოდ, გაცვლა-გასხვისების გარიგებანი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, აღნიშნული გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს პირდაპირ ან არაპირდაპირ საკომპენსაციო თანხის გადაცემას მიღებული ქონებისათვის;
3. საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკომპენსაციო თანხა არის ის თანხა, რომელსაც გარიგების ერთი მხარე მეორე მხარეს აღნიშნული ქონების მიღების სანაცვლოდ გადასცემს და ის უნდა შეესაბამებოდეს ქონების რეალურ საბაზრო ფასს, ანუ საკომპენსაციო თანხა ქონების ღირებულების ეკვივალენტია და გამოხატულია ფულადი სახით. გადაცემულ საკომპენსაციო თანხაში არ მოიაზრება ის კომპენსაცია, რომელსაც იღებს აქციონერი თავისი კუთვნილი წილის სანაცვლოდ ნატურით. მართალია, ნატურით გადაცემულ ქონებას გააჩნია ფულადი ღირებულება, მაგრამ იგი არ წარმოადგენს გარიგების საფუძველზე პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემულ საკომპენსაციო თანხას;
4. საკომპენსაციო თანხა რომ უძრავი ქონების მიღებისათვის გადაცემული ფულადი თანხაა, ამას ადასტურებს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის მიხედვითაც, იჯარის ან ქირავნობის შემთხვევაში დასაბეგრი თანხა გამოიანგარიშება იჯარის, ან ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად, გადასახდელი თანხის დისკონტირების გზით;
5. საწესდებო კაპიტალიდან წილის ნატურით გამოყოფის გზით უძრავი ქონების ო. მ-ისთვის, როგორც აქციონერისთვის, გადაცემის შემთხვევაში, მართალია, მას სასტუმრო “ს-ის” ნაწილი გადაეცა საკუთრებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, აღნიშნული ქონების მისთვის გადაცემა არ მომხდარა არც ნასყიდობის და არც გაცვლის გარიგების საფუძველზე და ქონების გადაცემისას ო. მ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია საკომპენსაციო თანხის გადახდას. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონმდებლობა საწესდებო კაპიტალიდან წილის ნატურის სახით გამოტანისას არ ითვალისწინებს რაიმე საკომპენსაციო თანხის გადახდას. საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ქონების ო. მ-ისთვის გადაცემისათვის გადახდილი ფულადი თანხა, ანუ დასაბეგრი თანხა, რომლის საფუძველზეც უნდა განისაზღვროს უძრავი ქონების გადაცემისათვის გადასახადის განაკვეთი, კერძოდ, დასაბეგრი თანხის 2 პროცენტი.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა: ქ. თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნის უკანონოდ ცნობა უძრავი ქონების გადაცემის გადასახადთან დაკავშირებით; ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციისათვის დავალება, რათა მას გაეუქმებინა უძრავი ქონების გადაცემის გადასახადის 2002წ. 26 სექტემბრის ¹........ დეკლარაცია და გაეცა ახალი დეკლარაცია, რომელშიც მიეთითებოდა, რომ საწესდებო კაპიტალიდან
ო. მ-ის წილის ნატურის სახით უძრავი ქონების გამოტანა არ ექვემდებარებოდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემისათვის გადასახადს; უძრავი ქონების გადაცემისთვის გადახდილი 83,35 ლარის მოსარჩელისთვის უკან დაბრუნება.
მოპასუხე ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომლითაც აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა უძრავი ქონების საკუთრებში მიღებას, რაც იძლეოდა დაბეგვრის საფუძველს. ამასთან, საგადასახადო ინსპექციამ ითხოვა ო. მ-ისთვის უძრავი ქონების გადაცემისათვის გადასახადის გადახდა 2769,21 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენდა კუთვნილი აქციების ღირებულების _ 142628 ლარის _ 2%-ს, ანუ 2852,56 ლარს გამოკლებული გადახდილი 83,35 ლარი.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2002წ. 19 სექტემბრის ¹03/2057 მოთხოვნა სს “მ-ის” აქციონერებისადმი მიღებული უძრავი ქონების გადაცემისათვის დადგენილი გადასახადის დაბეგვრის შესახებ; ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა 2002წ. 26 სექტემბრის ¹....... დეკლარაციის გაუქმება და ო. მ-ის სახელზე ახალი დეკლარაციის გამოცემა იმაზე მითითებით, რომ სააქციო საზოგადოებიდან წილის ნატურით მიღებისას, საგადასახადო კოდექსის მიხედვით, იგი ქონების გადასახადით არ დაიბეგრებოდა; ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა ო. მ-ისათვის 83,35 ლარის დაბრუნება.
საოლქო საგადასახადო ინსპექციას უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელზე.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო იასპექციამ, რომელმაც ითხოვა რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ო. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აგრეთვე, არ დაკმაყოფილდა თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის შეგებებული სარჩელიც.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 24 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. მ-ის წარმომადგენელმა რ. მ-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-3.3 და 51-ე მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში განხორციელებული შესატანის უკან დაბრუნების წესს და აქციის დეფინიციას. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 165-ე, 167-ე და 168-ე მუხლები. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზეც უთითებდა სარჩელში.
გარდა ამისა, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევით, გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მიიღო სააპელაციო საჩივარი წარმოებაში, ვინაიდან სსკ-ს 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. შესაბამისად, გასაჩივრების ერთთვინი ვადა უნდა ათვლილიყო 2002წ. 13 დეკემბრიდან.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა. იმისათვის რომ, საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილე მიჩნეულ იქნეს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირად, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ინსპექციის უფროსის სამუშაოზე არყოფნის ფაქტი, რის დამადასტურებელი მტკიცებულებაც აპელანტმა ვერ წარმოადგინა. ამდენად, კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არარსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევით დაადგინა ის გარემოება, რომ თითქოს გ. კ-ე უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა ინსპექციის უფროსის მოვალეობა და თავისი ხელმოწერით შეეტანა სააპელაციო საჩივარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ო. მ-ის სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სს “მ-ის” აქციონერთა 2001წ. 7 სექტემბრის კრების ¹2 ოქმის თანახმად, აღნიშნული სააქციო საზოგადოების აქციონერებს, მათ შორის _ ო. მ-ეს აქციების სანაცვლოდ გადაეცა უძრავი ქონება, ხოლო სს “მ-ის” საწესდებო კაპიტალი შემცირდა. 2002წ. 25 იანვრის სანოტარო წესით დამოწმებული ხერლშეკრულებით სს “მ-ის” აქციონერებს საწარმოს წილი გამოეყოთ ნატურით, კერძოდ, ო. მ-ეს 142628 ლარის ღირებულების 71314 აქციის ნაცვლად ნატურით გადაეცა უძრავი ქონება, რომელშიც შევიდა ქ. თბილისში, ... მდებარე 4167,92 ლარის საბალანსო ღირებულების 94,06 კვ.მ ფართობის უძრავი ქონება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლი, 165-ე მუხლის პირველი ნაწილი და 167-ე მუხლის პირველი ნაწილი.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, უძრავი ქონების გადაცემისას გადასახადის გადამხდელია უძრავი ქონების მიმღები. ამავე კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტია საქართველოში არსებული უძრავი ქონება, რომელზეც ხდება საკუთრების უფლების გადაცემა, ხოლო 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრ თანხად ითვლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემული საკომპენსაციო თანხა (არანაკლებ საბაზრო ფასისა) მიღებული დავალიანების ჩათვლით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ო. მ-ემ უძრავი ქონება მიიღო მის მიერ დათმობილი აქციების ნაცვლად და ამდენად, მოხდა საკომპენსაციო თანხის არაპირდაპირი გადაცემა, რაც საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს დასაბეგრ თანხას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ო. მ-ემ უძრავი ქონების მიღებისას სააქციო საზოგადოებას არც ფულადი თანხა გადაუხადა და არც რაიმე ეკვივალენტური ღირებულების ქონება გადასცა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უძრავი ქონების მისაღებად აქციების საწარმოსთვის გადაცემით ო. მ-ემ არაპირდაპირ გადასცა სააქციო საზოგადოებას საკომპენსაციო თანხა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა და სწორადვე განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი, კერძოდ, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა, ანუ გადაეცა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელშიც სრულად არის განმარტებული გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.
ვინაიდან ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 დეკემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან სააპელაციო წესით გასაჩივრების ერთთვიანი ვადა ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციას არ დაურღვევია, ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი სწორად ჩათვალა დასაშვებად.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001წ. 27 ივნისის ¹546 ბრძანებით დამტკიცდა საოლქო, ზონალური და რაიონული საგადასახადო ინსპექციების დებულება, რომლის თანახმად, საგადასახადო ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2002წ. 28 სექტემბრის ¹161 ბრძანებით ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი მოადგილე უფლებამოსილი იყო სააპალაციო საჩივარზე მოეწერა ხელი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მისთვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც კასატორს არ შემოუტანია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად სრულყოფილად არის დასაბუთებული და მისი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. მ-ის წარმომადგენელ რ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 აპრილის გადაწყვეტილება;
3. ო. მ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.