ბს-126-106-კ-4 2 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსნებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
26.02.98წ ე. ჟ.-მ სარჩელი აღძრა წალენჯიხის რაიონის სასამართლოში მოპასუხე ი. შ.-ს მიმართ. სარჩელში აღინიშნა, რომ მოსარჩელეს, როგორც დიდი სამამულო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდს, 1988 წელს ჩხოროწყუს სოცუზრუნველყოფის განყოფილებამ გამოუყო მსუბუქი ავტომანქანა “ვაზ-21063”, რომელიც მოსარჩელემ თავის სახელზე გაიფორმა. 15.04.91წ. წალენჯიხის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა ე. ჟ.-ს შვილს _ ფ. ჟ.-ს, რომელიც მამის კუთვნილ ავტომანქანას მართავდა მინდობილობით, ჩამოართვეს ავტომანქანა. გამომძიებელმა ე. ჟ.-ს განუმარტა, რომ ავტომანქანა იყო სადავო და გამოძიებით უნდა დადგენილიყო ავტომანქანის კუთვნილების საკითხი. მიუხედავად აღნიშნულისა, ავტომანქანა გამომძიებელმა გადასცა წალენჯიხის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ვინმე გ. კ.-ს. სადავო ავტომანქანა გაფორმებული დარჩა ე. ჟ.-ს სახელზე, რომელმაც 26.08.91წ. დაინახა, რომ სადავო ავტომანქანას მართავდა მ. კ.-ს შვილი, წაართვა მას იგი და მივიდა წალენჯიხის რაიონის პროკურორთან, რომელმაც ავტომანქანის სახლში წაყვანის ნება დართო მოსარჩელეს. იმავე დღეს მოსარჩელეს მიაკითხეს წალენჯიხის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა და დალუქეს ავტომანქანა. მეორე დღეს, 27.08.91წ., მოსარჩელეს კვლავ მიაკითხეს სახლში წალენჯიხის პოლიციის თანამშრომლებმა და მისი ავტომანქანა იძულებით ჩააყენებინეს ჩხოროწყუს პოლიციის ეზოში, სადაც ავტომანქანას ე. ჟ.-მ გადააფარა თავისი კუთვენილი ბრეზენტი, ავტომანქანა დაილუქა პოლიციის ლუქებით საქმის გარკვევამდე. მოსარჩელის განმარტებით, მან შემდგომში გაიგო, რომ ავტომანქანა ჩხოროწყუს რაიონის პოლიციიდან წაუყვანიათ წალენჯიხის რაიონის პოლიციის თანამშრომლებს და ისევ გადაუციათ გ. კ.-სათვის. ავტომანქანა კვლავ ირიცხებოდა ე. ჟ.-ს სახელზე, მაგრამ მას უკანონოდ ფლობდა გ. კ.-ა. ე. ჟ.-ს განცხადების პასუხად, წალენჯიხის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა თ. ფ.-მ 23.06.97წ წერილით აცნობა მას, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, აუცილებელი იყო ორი ეჭვმიტანილის _ გ. კ.-სა და ბ. კ.-ს წარდგენა პოლიციაში, რაც იმჟამად ვერ ხერხდებოდა.
ე. ჟ.-მ სარჩელში აღნიშნა, რომ მისი კუთვნილი ავტომანქანის დაკარგვაში ბრალი მიუძღოდა მოპასუხეს _ გამომძიებელ ი. შ.-ს, რომლის ბრალით დაკარგა, აგრეთვე, ე. ჟ.-ს კუთვნილი, 200 აშშ დოლარის ღირებული ბრეზენტი. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 3200 აშშ დოლარის დაკისრება. შემდგომში მოსარჩელემ მეორე მოპასუხედ მიუთითა გამომძიებელ თ. ფ.-ზე.
მოსარჩელე ე. ჟ.-ს შუამდგომლობით, წალენჯიხის რაიონის სასამართლოს 07.09.98წ განჩინებით, მოცემული საქმე აცილებულ იქნა წალენჯიხის რაიონის სასამართლოს, საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელმაც საქმე აცილების წესით განსახილველად გადაუგზავნა ჩხოროწყუს რაიონის სასამართლოს. ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 29.06.01წ გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე. ჟ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე ს . შ.-ს დაეკისრა 4000 ლარის, ხოლო თ. ფ.-ს _ 400 ლარის გადახდა.
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 29.06.01წ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ე. ჟ.-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ამის შემდეგ საქმე რამდენჯერმე განიხილეს ზემდგომი ინსტანციის სასამრათლოებმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 26.08.02წ განჩინებით დაკმაყოფილდა ე. ჟ.-ს შუამდგომლობა და არასათანადო მოპასუხეები _ ი. შ.-ა და თ. ფ.-ა შეიცვალენ სათანადო მოპასუხით _ შინაგან საქმეთა სამინისტროთი. საქმე განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.11.02წ გადაწყვეტილებით ს. შ.-ს და თ. ფ.-ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 29.06.01წ გადაწყვეტილება, ე. ჟ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს ე. ჟ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 4400 ლარის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 01.10.03წ განჩინებით დაკმაყოფილდა თ. ფ.-ს და ი. შ.-ს საკასაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.11.02წ გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ წალენჯიხის რაიონის პროკურორის 15.03.01წ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ კანონიერ ძალაში შესული დადგენილებას, როგორც საქმეში არსებულ მტკიცებულებას, არ მისცა სრულყოფილი სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, სასამართლოს უნდა გაერკვია სადავო მანქანის კუთვნილების საკითხი, რის გამოც დაირღვა სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რაც გახდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 05.12.03წ. გადაწყვეტილებით ი. შ.-ს და თ. ფ.-ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 29.06.01წ. გადაწყვეტილება ე. ჟ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმის მასალების მიხედვით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ჟ.-ს 1988 წელს, როგორც ომის ინვალიდს, სახელმწიფომ გამოუყო ავტომანქანა “ვაზ-21069”, აღნიშნული ავტომანქანა 1990წ. მარტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო იყო ძარის და მთელი რიგი ნაწილების შეცვლა-შეკეთება.
05.06.90წ. წალენჯიხაში, ... ქუჩაზე, რესტორან “ლ.-ის” ეზოდან გაიტაცეს წალენჯიხის რაიონში, ... ქუჩის მეორე შესახვევში მცხოვრები ზ. ც.-ს კუთვნილი ავტომანქანა “ვაზ-21069” ავტომანქანის გატაცების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 14.03.01წ. დადგენილებით, რომელიც არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული, დადგენილ იქნა, რომ სადავო ავტომანქანა ეკუთვნოდა ზ. ც.-ს და იგი არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, ვინაიდან მოსარჩელის შვილმა ნაავარიევი მანქანის მხოლოდ ძრავის ბლოკი და ძარის ნომერი გადაიტანა სხვის კუთვნილ მანქანაში. ე. ჟ.-მ აღიარა ავტომანქანის ძარაზე მისი ნაავარიევი მანქანის გადაწყობის ფაქტი და აღნიშნა, რომ ზ. ც.-ს საკუთრება იყო მხოლოდ ავტომანქანის ძარა, ხოლო დანარჩენი ნაწილები იყო მისი საკუთარი ავტომანქანის, რის დასადასტურებლად მოიყვანა ზ. ც.-ს მეუღლის განმარტება. პალატამ აღნიშნა, რომ უკანასკნელს განმარტებები მიცემული აქვს ავტომანქანის მატერიალური ღირებულების დაკარგვის შემდეგ. პალატამ უარყო მოსარჩელის მოთხოვნა ბრეზენტის ღირებულების ანაზღაურების ნაწილშიც და აღნიშნა, რომ გ. კ.-ს მიერ მიცემული განმარტებით პოლიციიდან წამოყვანის დროს მანქანა ბრეზენტით გადახურული არ ყოფილა. სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 187-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ვინაიდან ფ. ჟ.-მ იცოდა, რომ ყიდულობდა მოპარულ ავტომანქანას, იგი ვერ გახდებოდა მანქანის მესაკუთრე, სკ-ის 187.2 მუხლის თანახმად მოძრავი ნივთის შემძენი ვერ იქნება კეთილსინდისიერი, თუ მესაკუთრეს ეს ნივთი მოპარეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ე. ჟ.-ს მიერ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი ნაავარიევი ავტომანქანის ნაწილები გადატანილია და გადაწყობილია ვ. კო.-საგან შეძენილი ავტომანქანის ძარაზე. 1991 წლიდან 2001 წლამდე წარმოებული გამოძიება მიმდინარეობდა ტენდენციურად, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების უხეში დარღვევებით, გამოძიება უმიზეზოდ გაჭიანურდა ათიწ. განმავლობაში და ბოლოს დაგვირგვინდა უკანონო და ყოვლად დაუსაბუთებელი სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებით, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში. გამოძიების მიმდინარეობის განმავლობაში მას არაერთხელ შესთავაზეს მანქანის სანაცვლოდ ფულის გადახდა, მანქანის სანაცვლოდ სხვა მანქანის მიცემა, რის შემდეგ ექსპერტს გამოძიების სასარგებლო დასკვნა შეადგენინეს. სასამართლო სხდომაზე ამ ფაქტების ი. შ.-ს მიერ უარყოფის გამო კასატორი იძულებული შეიქმნა, ზ. ც.-ს ავტომანქანის ძარაზე ნაავარიები მანქანის გადაწყობა დაედასტურებინა. მიუხედავად ამისა საქმის მასალებში საკმაოდ მოიპოვება ისეთი ფაქტები და გარემოებები, რომელთა სწორი სამართლებრივი შეფასების შემთხვევაში საქმეზე კასატორის სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო
კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან დაზარალებულ ზ. ც.-ს იმჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის საფუძველზე არ დაუყენებია შუამდგომლობა ავტომანქანის დაბრუნების თაობაზე, მანქანას უნდა დასდებოდა ლუქი და შენახულიყო. სისხლის სამაღთლის საპროცესო კოდექსის 76-ე, 77-ე მუხლების ითვალისწინებდნენ ნივთმტკიცების შენახვას განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ან საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ვადის გასვლამდე, ან სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში უნდა აღნიშნულიყო, თუ რა ბედი ეწია ნივთმტკიცებებს. ნივთის კუთვნილების შესახებ დავის აღძვრის შემთხვევაში დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყვეტილიყო. ავტომანქანის კუთვნილების საკითხი, რომ სადავო იყო, დასტურდება გამომძიებლის 15.08.92 წ. წერილით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მანქანის კუთვნილების დასადგენად საქმე გადაგზავნილ იქნა წალენჯიხის რაიონის სასამართლოში. ამდენად, გამომძიებლის მიერ დარღვეულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების მოთხოვნები ნივთმტკიცების ამოღების, შენახვისა და გადაცემის შესახებ. გამომძიებელი ვალდებული იყო, გამოეტანა დადგენილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ (სსსკ-ის 48-49-ე მუხლები). გამომძიებლის დადგენილებით სამოქალაქო მოსარჩელედ უნდა ცნობილიყო დაზარალებული ზ. ც.-ა, ხოლო სამოქალაქო მოპასუხედ _ დანაშაულის ჩამდენი ბ. კ.-ა. სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 14.03.01 წ. დადგენილება და გაერკვია სადავო ავტომანქანის კუთვნილების საკითხი.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მასალებით ცალსახად არ დგინდება, რომ ავტომანქანა მთლიანად ეკუთვნის ზ. ც.-ს. 13.08.99 წ. და 29.06.01 წ. სასამართლო სხდომის ოქმებში ასახული გამომძიებლის და დაზარალებულის მეუღლის ახსნა-განმარტებებში საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების საწინააღმდეგოდ ისინი აღიარებენ, რომ სადავო ავტომანქანის ძარა ეკუთვნოდა ზ. ც.-ს, ხოლო დანარჩენი ნაწილები _ ე. ჟ.-ს. 14.03.01 წ. დადგენილებით, გამომძიებლების ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ ავტომანქანა იყო გადაღებული, გადაწყობილი, ძარა გადაღებილი, ძრავის ნაწილები შეცვლილი და ის მთლიანობაში არ წარმოადგენდა ზ. ც.-ს საკუთრებას, მას დაკარგული ჰქონდა ყოფილი სახე და ხარისხი. ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენის შემდეგ სააპელაციო პალატას უნდა დაედგინა პირი, რომელიც გადაუხდიდა პატრონს ღირებულების დაბრუნების მომენტისათვის არსებული სახელმწიფო ფასების მიხედვით. სასამართლომ გამოიყენა ახალი სკ-ის 187-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას ბრეზენტის ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშიებით და აღნიშნავს, რომ მანქანის მისი კუთვნილი ბრეზენტით გადახურვა დასტურდება გამომძიებელ თ. ფ.-ს ახსნა-განმარტებით, ჩხოროწყუს შს განყოფილების უფროსის მოადგილის მიერ გაცემული ცნობით; სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. კასატორი თვლის, რომ გამომძიებლებმა უკანონოდ გადასცეს ნივთმტკიცება შესანახად იმ პირს, რომლის საკუთრებასაც იგი არ წარმოადგენდა, გამომძიებლის დაუდევარი მოქმედებით პოლიციის ეზოდან გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა კასატორის კუთვნილი ბრეზენტი. აღნიშნულ გარემოებათა დაუდგენლობის გამო სასმართლომ არ გამოიყენა 1964 წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 457-459-ე მუხლები და უკანონოდ უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ არ გამოარკვია ფაქტობრივი გარემოებები და არ გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რაც 393.3 მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს 05.12.03 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას, საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
მოწინააღმდეგე მხარეს _ შს სამინისტროსა და საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ ი. შ.-ს და თ. ფ.-ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ომის ინვალიდობასთან დაკავშირებით ე. ჟ.-ს სახელმწიფომ გამოუყო ავტომანქანა “ვაზ-21063”. 1990წ. მარტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანა დაზიანდა, მისი აღდგენისათვის საჭირო იყო ძარის და რიგი ნაწილების შეცვლა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 05.06.90 წ. წალენჯიხაში, ... ქუჩაზე, რესტორან “ლ.-ს” ეზოდან, გაიტაცეს წალენჯიხის რაიონში, ... ქუჩის მეორე შესახვევში მცხოვრები ზ. ც.-ს კუთვნილი ავტომანქანა “ვაზ-21063”. ავტომანქანის გატაცების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. შსს საგამოძიებო დეპარტამენტის წალენჯიხის ქვეგანყოფილების გამომძიებლის 14.03.01 წ. დადგენილებით, რომელიც დამტკიცებულ იქნა წალენჯიხის რაიონის პროკურორის მიერ, დადგინდა, რომ 05.06.90 წ. ქ. წალენჯიხაში, ... ქუჩიდან, ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ... მცხოვრებმა ბ. კ.-მ ფარულად გაიტაცა ზ. ც.-ს კუთვნილი ავტომანქანა “ვაზ-21063”. ბ. კ.-ა დაუკავშირდა მეზობლად მცხოვრებ გ. კ.-ს და ამ უკანასკნელის მეშვეობით 4000 რუსულ რუბლად მიჰყიდა მოპარული ავტომანქანა ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ფ. ჟ.-ს (ე. ჟ.-ს შვილს). ფ. ჟ.-მ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომანქანიდან ამოჭრა ძარის ნომერი და შეცვალა თავისი მშობლის _ ე. ჟ.-ს კუთვნილი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის ძარის ნომრით, ამასთანავე, ჩადგა ამავე ავტომანქანის ძრავის ბლოკი. დადგენილების თანახმად, საქმეზე წინასწარი გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ფ. ჟ.-ს მამამ _ ე. ჟ.-მ საჩივრით მიმართა საგამოძიებო ორგანოებს და აცნობა, რომ მისი კუთვნილი “ვაზ-21063” მარკის ავტომანქანა, რომლის ძარაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მწყობრიდან იყო გამოსული, აწყობილ იქნა მარტვილის რაიონის სოფ. ... მცხოვრები ვ. კო.-საგან შეძენილი თეთრი ფერის “ვაზ-2106” ავტომანქანის ახალი ძარის ბაზაზე. აღნიშნულის საფუძველზე ე. ჟ.-მ მოითხოვა ამოღებული ავტომანქანის დაბრუნება. წინასწარი გამოძიების მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ე. ჟ.-მ 1990 წელს შეიძინა ვ. კო.-საგან ავტომანქანის ძარა, რომელიც იყო არა ახალი, არამედ 1985წ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული, ხუთი წლის მანძილზე ღია ცის ქვეშ ნამყოფი ავტომანქანის ძარა. წინასწარი გამოძიებით მიჩნეულ იქნა, რომ ვ. კო.-საგან ძარის შეძენის შემთხვევაში ძარის ქარხნული, ანუ პირვანდელი ფერი უნდა ყოფილიყო თეთრი და არა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ე. წ. “საფარი” ფერის, ასეთი ფერი ჰქონდა ზ. ც.-საგან მოპარულ ავტომანქანას.
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ფ. ჟ.-ს მიერ ჩადენილი იყო სისხლის სამართლის დანაშაული, გათვალისწინებული იმჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით, 14.03.01 წ. დადგენილებით საქმე წარმოებით შეწყდა დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადის გასვლის და მასზე ამნისტიის გავრცელების გამო. დადგენილება პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა და ამჟამად კანონიერ ძალაში იმყოფებოდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დელიქტური სარჩელების წარდგენის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების, წინასწარი გამოძიების მიმდინარეობის დროს პროცესუალური ნორმების გამოყენების მართლზომიერების გადასინჯვის შესაძლებლობას, ძალაში შესული პროცესუალური აქტების გადასინჯვა გამოძიების განხორციელების პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის სასამართლო განხილვის შედეგად, ფაქტიურად გაუტოლდებოდა გამოტანილი პროცესუალური აქტების კანონიერების და დასაბუთებულობის კიდევ ერთი პროცედურის დაშვებას, გამოძიების პროცესუალური აქტების გადასინჯვის დადგენილი პროცედურის შეცვლას სარჩელის წარდგენის მეშვეობით. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს ე. ჟ.-ს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 14.03.01წ. დადგენილების კანონიერება. საფუძველმოკლებულია კასატორის მოსაზრება გამომძიებლის მიერ ნივთიერი მტკიცებულების ამოღების, შენახვის და გადაცემის შესახებ საპროცესო ნორმების მოთხოვნების დარღვევის, ასამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად ზომების მიუღებლობის შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შს წალენჯიხის რაგანყოფილების გამომძიებლის მიერ 12.02.92წ. ავტომანქანა გადაეცა დაზარალებულს შესანახად, ჩაბარების ხელწერილით გ. კ.-ა კისრულობდა ვალდებულებას ავტომანქანა გაეჩერებინა საკუთარ ეზოში, არ გაეწია მისთვის ექსპლუატაცია. სასხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 14.03.01წ. დადგენილებაში ნივთმტკიცების ბედი არ გადაწყდა, ვინაიდან დადგენილების გამოტანის დროისათვის ე. ჟ.-ს უკვე ჰქონდა შეტანილი სასარჩელო განცხადება სასამართლოში, ამასთან, წინასწარი გამოძიების ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ავტომანქანა ეკუთვნოდა ზ. ც.-ს, ანუ იგი არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას. 14.03.01წ. დადგენილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით არ გასაჩIვრებულა. ამდენად, არ დასტურდება გამომძიებლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კასატორისათვის ზიანის მიყენება, შესაბამისად არ არსებობს 1964წ. სკ-ის 458-460-ე მუხლებით ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
ზემოაღნიშნულთან ერთად, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის უარი ავტომანქანის ბრეზენტის ღირებულების ანაზღაურებაზე. ზ. ც.-ს მეუღლის _ გ. კ.-ს ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ ჩხოროწყუს შს რაიგანყოფილების ტერიტორიიდან მის მიერ წამოყვანილი ავტომანქანა, არ ყოფილა გადაფარული ბრეზენტით არ უარყოფს ე. ჟ.-ს მტკიცებას იმის შესახებ, რომ 1991წ. აგვისტოში ჩხოროწყუს შსს რაიგანყოფილების ეზოში ავტომანქანის გაჩერების შემდეგ მან ავტომანქანას გადააფარა ბრეზენტი, რაც დასტურდება, აგრეთვე, ჩხოროწყუს შს რაიგანყოფილების უფროსის მოადგილის მიერ გაცემული 05.05.02 წ. ცნობით, რომლის მიხედვით წალენჯიხის შს რაიგანყოფილების საგამომძიებლო ქვეგანყოფილების გამომძიებელმა თ. ფ.-მ გააჩერა ავტომანქანა შს ჩხოროწყუს რაიგანყოფილების საქმიან ეზოში, რომელიც დალუქული იქნა თ. ფ.-ს მიერ ბრეზენტგადაფარებულად. 29.06.01 წ. სასამართლო სხდომის ოქმში ასახული გამომძიებელ თ. ფ.-ს ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ სადავო ავტომანქანა ჩხოროწყუს შს რაიონული განყოფილების საქმიან ეზოში იქნა გაჩერებული, ავტომანქანას გადაეფარა ე. ჟ.-ს კუთვნილი ბრეზენტი და დაილუქა ლუქით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და ავტომანქანის კუთვნილების საკითხის გარკვევამდე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 14.03.01 წ. , ხოლო ავტომანქანას ლუქი 1992 წელს აეხსნა, მანქანა დაუბრუნდა გ. კ.-ს, რა დროსაც გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა ე. ჟ.-ს კუთვნილი ბრეზენტი. ამდენად, გ. კ.-ს ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ მისთვის ავტომანქანის გდაცემის დროს იგი ბრეზენტით არ იყო დახურული, არ უარყოფს ბრეზენტის გაურკვეველ ვითარებაში დაკარგვას, რის გამოც უსაფუძვლოა გ. კ.-ს განმარტების საფუძველზე ბრეზენტის ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმა. 1964 წ. სკ-ის 457-ე მუხლის თანახმად, მოქალაქის ქონებისათვის მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს ზიანის მიმყენებელმა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. ჟ.-ს მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. ჟ.-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილში სსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატა ათავისუფლებს კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ჟ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადომ საქმეთა პალატის 05.12.03წ. გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის ავტომანქანის ბრეზენტის ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. ე. ჟ.-ს სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს _ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს ე. ჟ.-ს სასარგებლოდ 400 ლარის გადახდა;
2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 05.12.03წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
3. მოპასუხეს _ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 16 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.