Facebook Twitter

ბს-1278-1081-კ-04 17 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: თანამდებობის პირის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს გენერალური პროკურატურის 2004წ. 10 მაისის დადგენილებით ტ. ხ.-ი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 162-ე და 163-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ ტ. ხ.-ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და არჩევნებში საზოგადოების ნების განხორციელებისთვის ხელშეშლა.

2004წ. 26 აგვისტოს აჭარის ა/რ პროკურატურამ ბრალდებულ ტ. ხ.-ის მიმართ სარჩელი აღძრა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის საფუძველზე და შემდეგი მოტივით მოითხოვა მოპასუხის ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა და ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა:

მოსარჩელის მითითებით, ტ. ხ.-ი 2002 წლიდან 2004წ. 19 იანვრამდე მუშაობდა აჭარის ა/რ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად და თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხელფასის სახით სულ მიღებული აქვს 3939,65 ლარი. 2004წ. იანვრიდან 6 მაისამდე ტ. ხ.-ი იყო ქ. ქობულეთის გამგებელი და ხელფასის სახით მიღებული აქვს 404,25 ლარი. მოსარჩელის აზრით, აჭარის ა/რ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად, ასევე ქ. ქობულეთის გამგებლად მუშაობის დროს მიღებული შემოსავალი ვერ უზრუნველყოფდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანის შეძენას, ქონება დაუსაბუთებელია და მოპასუხეს უნდა ჩამოერთვას. სახელდობრ, მოსარჩელე მოითხოვდა ტ. ხ.-ის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონების დაუსაბუთებელ ქონებად ცნობას და ჩამორთმევას:

1. ქ. ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2, რომელიც დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებულია 50 000 ლარად;

2. ქობულეთის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი;

3. ავტომანქანა “BMჭ 525”, რომელიც თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციით ტ. ხ.-ის მიერ შეფასებულია 7000 ლარად.

მოპასუხე ტ. ხ.-მა ქონების დაუსაბუთებლად ცნობისა და ჩამორთმევის შესახებ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხის განმარტებით, ქ. ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 არის კანონიერი საკუთრება, რადგან იგი მიღებული აქვს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, კერძოდ, ზემოაღნიშნული სამსახურებრივი დანიშნულების 3-ოთახიანი ბინა მას, როგორც ქობულეთის რაიონის გამგეობის თავმჯდომარეს, გამოეყო ქობულეთის საკრებულოს გამგეობის 1997წ. 26 ივლისის ¹19 დადგენილების საფუძველზე. ამავე გამგეობის 1998წ. 12 თებერვლის ¹1 დადგენილებით ტ. ხ.-ისათვის გაცემული ბინა ამოირიცხა სამსახურებრივი ბინების ჩამონათვალიდან და მასზე გაიცა ბინის ძირითადი ორდერი. 2003წ. 8 ოქტომბერს ტ. ხ.-მა აღნიშნული ბინის პრივატიზება განახორციელა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე და ამდენად, სადავო ბინა მის კანონიერ და დასაბუთებულ ქონებას წარმოადგენს.

მოპასუხის განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლოა, ასევე, სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის დაუსაბუთებელ ქონებად ცნობის ნაწილშიც, რადგან აღნიშნული სახლი აშენებულია მისი აწ გარდაცვლილი მამის, რ. ხ.-ის მიერ 1952 წელს და დღეისათვის ოჯახის უფროსია მისი დედა, ნ. ხ.-ი. მოპასუხის აზრით, სარჩელი ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ავტომანქანის ნაწილშიც, რომელიც წარმოადგენს მის კანონიერ საკუთრებას.

მოპასუხე ტ. ხ.-ი პირადად არ დასწრებია აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში სარჩელის განხილვას, ვინაიდან მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. მაგრამ საქმის განხილვას ესწრებოდა და ტ. ხ.-ის ინტერესებს იცავდა მისი წარმომადგენელი, ადვოკატი ვ. თალაკვაძე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს უარი ეთქვა ქობულეთის რაიონის სოფ. ... მდებარე, ტ. ხ.-ის დედის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, ასევე ქ. ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 დაუსაბუთებელ ქონებად ცნობასა და ჩამორთმევაზე; ტ. ხ.-ს დაეკისრა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებით გაუმჯობესების კომპენსაცია 15000 ლარი; სარჩელი დაკმაყოფილდა და დაუსაბუთებელ ქონებად ცნობილ იქნა 7000 ლარად შეფასებული ტ. ხ.-ის კუთვნილი ავტომანქანა “BMჭ 525”. სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე ტ. ხ.-ს 2002 წლიდან 2004წ. 19 იანვრამდე პერიოდში აჭარის ა/რ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად მუშაობის პერიოდში ხელფასის სახით მიღებული აქვს 3939,65 ლარი, ხოლო 2004წ. იანვრიდან 6 მაისამდე _ ქობულეთის რაიონის გამგებლად მუშაობის პერიოდში – 404, 25 ლარი. სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ ტ. ხ.-ის დედას, ნ. ხ.-ს სოფ. ... საცხოვრებელ სახლთან ერთად გააჩნია 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი სრულმოსავლიანი ციტრუსის ნარგავით, სადაც ყოველწლიურად კრეფენ 10-15 ტ ციტრუსს. სხვა დამოუკიდებელი შემოსავალი მოპასუხეს არ გააჩნია.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის დაუსაბუთებელ ქონებად ცნობისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში, რადგან სადავო სახლი 1952 წელს აშენებულია ტ. ხ.-ის აწ გარდაცვლილი მამის, რ. ხ.-ის მიერ და ამჟამად წარმოადგენს ტ. ხ.-ის დედის, ნ. ხ.-ის საკუთრებას. სასამართლომ დაადგინა, რომ ბოლო წლებში საცხოვრებელი სახლის გადაკეთება-რეკონსტრიქცია არ მომხდარა.

სასამართლომ უსაფუძვლობის მოტივით ასევე არ დააკმაყოფილა სარჩელი ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 დაუსაბუთებელ ქონებად ცნობის შესახებ, რადგან აღნიშნული ქონება მოპასუხეს 2003წ. 8 ოქტომბერს მიღებული აქვს კანონიერად, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო სახლის ღირებულება პრივატიზების მომენტისათვის შეადგენდა 14 244 ლარს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი აუდიტორის დასკვნის მიხედვით, სახლის ღირებულებაა 50 000 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს აზრით, სახლის ღირებულება საკმაოდ გაზრდილია და ბინის გაუმჯობესებაზე დახარჯული სახსრები, წარმოადგენს დაუსაბუთებელ ქონებას. რის გამოც ტ. ხ.-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა აღნიშნული სახლის გაუმჯობესების კომპენსაციის სახით 15 000 ლარის გადახდა.

სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა სარჩელი ტ. ხ.-ის კუთვნილი ავტომანქანა “BMჭ 525-ის” დაუსაბუთებელ ქონებად ცნობისა და ჩამორთმევის ნაწილში, რადგან ავტომანქანა თავად ტ. ხ.-ის მიერ შეფასებულია 7 000 ლარად და მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მისი კანონიერი სახსრებით შეძენის ფაქტი. სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 660 ლარის გადახდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ, კერძოდ გადაწყვეტილება ნაწილობრივ გასაჩივრდა აჭარის ა/რ პროკურატურის მიერ, რომელიც დაუსაბუთებლობის მოტივით ითხოვს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილება გაუგებარია უკანონო გაუმჯობესებათა კომპენსაციის სახით ტ. ხ.-ისათვის 15 000 ლარის დაკისრების ნაწილში, რადგან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პრივატიზების მომენტისათვის სახლის ღირებულება 14 244 ლარს შეადგენდა, აუდიტის დასკვნით სახლის დღევანდელი ღირებულებაა 50000 ლარი. კასატორის აზრით, სასამართლოს ასევე არ უმსჯელია მოპასუხის ფინანსური საშუალებების შესახებ, რომელიც საჭირო იყო ამ ქონების შესაძენად.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გასაჩივრდა ასევე ტ. ხ.-ის მიერ, რომელიც მის გაუქმებას ითხოვს მისთვის კომპენსაციის სახით 15000 ლარის დაკისრების, ასევე, კუთვნილი ავტომანქანის დაუსაბუთებელ ქონებად ცნობისა და ჩამორთმევის ნაწილში. კასატორის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს როგორც უკანონო, ვინაიდან გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევით და მას არ მიეცა სასამართლოში თავისი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება ავტომანქანის დაუსაბუთებელ ქონებად ცნობისა და ჩამორთმევის, ასევე, ქობულეთში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევაზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს, ხოლო სახლის გაუმჯობესებაზე გაწეული თანხების საკომპენსაციოდ 15 000 ლარის ტ. ხ.-ისათვის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ გენერალური პროკურატურის 2004წ. 10 მაისის დადგენილებით ტ. ხ.-ი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 162-ე და 163-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და არჩევნების ჩატარების ხელშეშლისათვის. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ტ. ხ.-ი 2002 წლიდან 2004წ. 19 იანვრამდე მუშაობდა აჭარის ა/რ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად და თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ხელფასის სახით სულ მიღებული აქვს 3939, 65 ლარი. 2004წ. იანვრიდან 6 მაისამდე ტ. ხ.-ი იყო ქ. ქობულეთის გამგებელი და ხელფასის სახით მიღებული აქვს 404,25 ლარი. 2004წ. 26 აგვისტოს აჭარის ა/რ პროკურატურამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლების საფუძველზე სარჩელი აღძრა ტ. ხ.-ის მიმართ დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ, რადგან დასაბუთებული ეჭვი გააჩნდა, რომ ტ. ხ.-ის მიერ ლეგალურად მიღებული 4343,9 ლარი არ იძლეოდა სარჩელში მითითებული შემდეგი ქონების შეძენის შესაძლებლობას:

1. ქ. ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2, რომელიც დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებულია 50000 ლარად;

2. ქობულეთის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი;

3. ავტომანქანა “BMჭ 525”, რომელიც თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში თავად ტ. ხ.-ის მიერ შეფასებულია 7000 ლარად.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს უარი ეთქვა ქობულეთის რაიონის სოფ. ... მდებარე, ტ. ხ.-ის დედის _ ნ. ხ.-ის კუთვნილი, 1952 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის დაუსაბუთებელ ქონებად ცნობასა და ჩამორთმევაზე, რაც საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, თანახმად სსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ასევე არ დაკმაყოფილდა ქ. ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 დაუსაბუთებელ ქონებად ცნობასა და ჩამორთმევაზე, მაგრამ ტ. ხ.-ს დაეკისრა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებით გაუმჯობესების კომპენსაცია 15000 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა და დაუსაბუთებელ ქონებად ცნობილ იქნა 7000 ლარად შეფასებული ტ. ხ.-ის კუთვნილი ავტომანქანა “BMჭ 525”. სასამართლო გადაწყვეტილება მხარეთა მიერ საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ქობულეთში მდებარე სახლის, სარემონტო ხარჯებისა და ავტომანქანის ნაწილში და საკასაციო პალატა სსკ-ის 404-ე მუხლის თანახმად, პროცესუალურად უფლებამოსილია, გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმოს საკასაციო საჩივრების ფარგლებში;

2. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს ტ. ხ.-ის საკასაციო საჩივარს კუთვნილი ავტომანქანა “BMჭ 525-ს” დაუსაბუთებელ ქონებად ცნობისა და ჩამორთმევის ნაწილში. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, დაუსაბუთებელია ქონება, რომლის კანონიერი საშუალებებით შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია. სადავო ავტომანქანა “BMჭ 525”, საავტომობილო ტრანსპორტის სარეგისტრაციო ბარათის მიხედვით ტ. ხ.-ის საკუთრებად რეგისტრირებულია 2004წ. 7 თებერვლიდან, ე.ი. ტ. ხ.-ის ქ. ქობულეთის გამგებლად მუშაობის პერიოდში. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ავტომანქანა თავად ტ. ხ.-ის მიერ შეფასებულია 7000 ლარად. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2002წ. იანვრიდან აჭარის ა/რ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად, ასევე ქ. ქობულეთის გამგებლად მუშაობის პერიოდში ტ. ხ.-ის ხელფასი სულ შეადგენდა 4343,9 ლარს, რაც, ბუნებრივია, არ იძლევა 7000 ლარად შეფასებული ავტომანქანის შეძენის საშუალებას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ქონების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ სარჩელებთან დაკავშირებით მოპასუხე თანამდებობის პირი ვალდებულია წარუდგინოს სასამართლოს სადავო ქონების ან ამ ქონების შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები. ტ. ხ.-მ, აღნიშნული ნორმის შესაბამისად სასამართლოს ვერ წარუდგინა სადავო ავტომანქანის შეძენისათვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულება, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კი მისი ლეგალური შემოსავალი შეადგენდა მხოლოდ 4343 ლარს. ამიტომ საკასაციო პალატა ამ ნაწილში დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს ტ. ხ.-ის საკასაციო საჩივარს და სრულად ეთანხმება აჭარის ა/რ სასამართლოს გადაწყვეტილებას ტ. ხ.-ის კუთვნილი ავტომანქანა “BMჭ 525” დაუსაბუთებელ ქონებად ცნობისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ, ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერია, შეესაბამება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლს და უცვლელად უნდა დარჩეს;

3. უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, საკასაციო პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს ტ. ხ.-ის მითითებას საპროცესო ნორმების დარღვევით საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის, კერძოდ, მისი მონაწილეობის გარეშე საქმის უკანონოდ განხილვის შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებულ საპროცესო დარღვევას, ისევე, როგორც “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სამართლიანი სასამართლოსა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული დაცვის უფლების ხელყოფას ადგილი არ ჰქონია და ამ ნაწილში კასაცია უსაფუძვლოა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაცვის უფლება ყველასათვის გარანტირებულია და სსკ-ის მე-4 მუხლის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, დაიცვან თავი სარჩელისგან. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მიხედვით, მოქალაქეებს შეუძლიათ სასამართლოში საქმე აწარმოონ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, რითაც კონკრეტულ შემთხვევაში ისარგებლა კიდეც ტ. ხ.-მა, რომელიც საქმეს დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის თაობაზე შეუზღუდავად აწარმოებდა წარმომადგენლის, ადვოკატ ვ. თალაკვაძის მონაწილეობით. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილით გარანტირებული დაცვის უფლების ხელყოფას აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში ადგილი არ ჰქონია, მოპასუხე უზრუნველყოფილი იყვო დაცვით და საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის მეშვეობით, რაც მისი პროცესუალური უფლებაა;

4. საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ასევე ვერ გაიზიარებს პროკურატურის საკასაციო საჩივარს ქ. ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 დაუსაბუთებელ ქონებად ცნობასა და ჩამორთმევაზე უარის თქმის ნაწილში, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნული ქონება ტ. ხ.-ს იმჟამად მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობის უფლებით გამოეყო ქ. ქობულეთის საკრებულოს გამგეობის 1997წ. ¹19 და 1998წ. ¹1 დადგენილებებით. კანონიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის პრივატიზება ტ. ხ.-მ 2003წ. 8 ოქტომბერს მოახდინა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების შესაბამისად და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა სახლის ნაწილი. ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახლები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემოდათ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად თანამდებობისა. საცხოვრებელი სახლის უსასყოდლოდ პრივატიზება არ წარმოადგენდა მხოლოდ თანამდებობის პირთა პრივილეგიას. ამოტომ საკასაციო პალატა აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს პროკურატურის საკასაციო საჩივარს და სრულად ეთანხმება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქ. ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 დაუსაბუთებელ ქონებად ცნობასა და ჩამორთმევაზე უარის თქმის ნაწილში, რადგან საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო სახლი ტ. ხ.-ის მიერ შეძენილია კანონიერი გზით და წარმოადგენს მის კანონიერ საკუთრებას;

5. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ტ. ხ.-ს დაეკისრა ქობულეთში მდებარე ზემოაღნიშნული სახლის გაუმჯობესებაზე გაწეული თანხების კომპენსაცია 15000 ლარი, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ. საკასაციო პალატა კომპენსაციის ნაწილში იზიარებს საკასაციო საჩივრებს და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებლობის მოტივით უნდა გაუქმდეს, სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე და ამ ნაწილში ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან საჭიროა ფაქტობრივ გარემოებათა დამატებითი დადგენა. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ პრივატიზების მომენტისათვის, 2003წ. 8 ოქტომბრისათვის, ქ. ქობულეთში მდებარე სადავო სახლის 1/2-ის ღირებულება შეადგენდა 14244 ლარს. შპს “კ.-ის” მიერ მომზადებული დასკვნით სადავო ქონების ღირებულებაა 50000 ლარი. საქმეში წარმოდგენილია ასევე შპს “ე.-ის” დასკვნა, რომლითაც იგივე სახლი შეფასებულია 20000 აშშ დოლარად. აღნიშნულ დასკვნაში, განსხვავებით პროკურატურის მიერ წარდგენილი შპს “კ.-ის” დასკვნისა, მოცემულია სახლის დახასიათება, რომ შენობის პირველი და მეორე სართული არ არის საცხოვრებლად კეთილმოწყობილი, კარები და ფანჯრები სინესტისაგან გაშავებულია, ზოგან საკეტი არ აქვს, კედლები აჭრელებულია საღებავისგან, ელ.გაყვენილობის სისტემა დაზიანებულია და აივანს არა აქვს მოაჯირის რიკულები. აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლი გაუმჯობესებული იყო ტ. ხ.-ის მიერ, რაც დაუსაბუთებელ ქონებად ცნო და გაწეულ გაუმჯობესებათა კომპენსაციის სახით მოპასუხეს დააკისრა 15000 ლარის გადახდა, რაც, საკასაციო პალატის აზრით, დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. სასამართლო ვალდებულია გამოიკვლიოს და დაადგინოს რეალურად რა მდგომარეობაშია სახლი, როგორია მისი ღირებულება, ადგილი ჰქონდა თუ არა ტ. ხ.-ის მიერ სახლის გაუმჯობესებას და თუ ჰქონდა, რა მოცულობით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ უნდა გადაწყდეს გაუმჯობესებათა კომპენსაციის თანხების დაკისრების საკითხი.

ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრებს ტ. ხ.-ის კუთვნილი ავტომანქანისა და ქობულეთში მდებარე სახლის ნაწილში, ხოლო სახლის გაუმჯობესებათა საკომპენსაციო თანხის 15 000 ლარის ტ. ხ.-ისათვის დაკისრების ნაწილში საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ პროკურატურისა და ტ. ხ.-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ტ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს ავტომანქანა “BMჭ 525” დაუსაბუთებელ ქონებად ცნობისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. აჭარის ა/რ პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს ტ. ხ.-ის კუთვნილი ქ. ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2-ის დაუსაბუთებელ ქონებად ცნობასა და ჩამორთმევაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება;

4. აჭარის ა/რ პროკურატურისა და ტ. ხ.-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ტ. ხ.-შის მიერ ქ. ქობულეთში მდებარე სახლის უკანონო გაუმჯობესებათა გამო კომპენსაციის სახით 15 000 ლარის ტ. ხ.-ისათვის დაკისრების ნაწილში. ამ ნაწილში გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

5. ტ. ხ.-ს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 280 ლარის გადახდა;

6. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.