Facebook Twitter

ბს-132-310-კ-03 15 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998წ. 30 იანვრის ¹2/57 ბრძანების მე-5 პუნქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის 784710 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 9 აგვისტოს მრავალდარგოვანმა საწარმოო კოოპერატივმა ფირმა “ნ-მა” სარჩელით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოპასუხე- სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და მესამე პირი – სს “ს-ის” მიმართ და მოითხოვა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998წ. 30 იანვრის ¹2-57 ბრძანების მე-5 პუნქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დაკისრება, სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით თურქმენეთის რესპუბლიკაში გადატვირთული ჩაის პროდუქციის ღირებულების 784710 აშშ დოლარის შესაბამისი თანხის ლარებში ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2002წ. 12 აგვისტოს სარჩელი განსჯადობისამებრ განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1993 წელს საქართველოსა და თურქმენეთის რესპუბლიკებს შორის დადებულ იქნა სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მხარეს, არსებული გაზის დავალიანების დაფარვის მიზნით, თურქმენეთის რესპუბლიკისათვის უნდა მიეწოდებინა ჩაის პროდუქცია. ვინაიდან საქმე ეხებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 31 დეკემბრის ¹963 დადგენილებით, აღნიშნული სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაში მონაწილეობის მიღება დაევალა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს. თავის მხრივ, ჩაის მწარმოებელ ორგანიზაციებთან ხელშეკრულების დადება დაევალა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო კომერციულ გაერთიანება “ჩ-ს”.

1995წ. 17 მაისს საქართველოს სახელმწიფოს სახელით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 31 დეკემბრის ¹963 დადგენილებით სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს სკგ “ჩ-მა” ჩაის მწარმოებელ მრავალდარგოვან საწარმო “ნ-თან” გააფორმა ხელშეკრულება კრილინგის წესით საკუთარი წარმოების ჩაის მიწოდებაზე თურქმენეთისათვის, საქართველოს სახელმწიფო ვალის დასაფარავად. აღნიშნული ხელშეკრულებით ფირმა “ნ-მა” თურქმენეთის რესპუბლიკას მიაწოდა 18 ვაგონი უმაღლესი ხარისხის 490444 კგ ჩაის პროდუქცია.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 6 სექტემბრის ¹639 დადგენილებით სახელმწიფოს (ე.ი. სკგ “ჩ-ს”) უნდა დაეფარა პროდუქციის ღირებულების 80% -784710 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარებში. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997წ. 27 ივნისის ¹2-184 ბრძანების საფუძველზე სკგ “ჩ-ის” ლიკვიდაციასთან დაკავშირებით არსებული დავალიანებიდან 130 ათასი ლარი დაფარა “ს-მა”. საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 8 ივლისის ¹267 განკარგულების მეორე პუნქტის თანახმად, რაიონებში ჩაის მწარმოებელ და თურქმენეთში პროდუქციის მიმწოდებელ სუბიექტს შორის ურთიერთანგარიშსწორების შემდეგ დარჩენილი თანხა სკგ “ჩ-ის” ნაცვლად, რომელიც ლიკვიდაციის პროცესში იყო, 1997წ. 1 ოქტომბრამდე უნდა ჩარიცხულიყო სს “ს-ის” ჩაის გადამტვირთავ ფაბრიკებსა და ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა მოვალეებთან საბოლოო ანგარიშსწორებისათვის.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული განკარგულების შესრულება დაევალა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს. განკარგულება არ ითვალისწინებს იმას, რომ “ნ-ის” მოვალე გახდა სს “ს-ი”, არამედ სკგ “ჩ-ის” ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თანხები, კრედიტორები, მათ შორის “ნ-ის” დავალიანების დასაფარავად უნდა ჩარიცხულიყო სს “ს-ის” ანგარიშზე მათთან ანგარიშსწორებისათვის და აღნიშნული საკითხი უნდა უზრუნველეყო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით მრავალდარგოვან საწარმოო კოოპერატიულ ფირმა “ნ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1997წ. 26 ივნისის ¹2-184 ბრძანების თანახმად, 1997წ. 1 ივნისის მდგომარეობით სკგ “ჩ-ის” დავალიანებამ მიმწოდებელი საწარმოო ფირმა “ნ-ის” წინაშე შეადგინა – 581,3 ათასი ლარი. ამავე ბრძანების მეორე პუნქტის თანახმად, სგკ “ჩ-ის” ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საწარმოო ფირმა “ნ-ის” წინაშე არსებული დავალიანებიდან 130 ათასი ლარის დაფარვა უნდა უზრუნველეყო სს “ს-ს”, როგორც სკ “ფ-ის” სამართალმემკვიდრეს, რაც ანაზღაურებულ იქნა, ხოლო ასანაზღაურებელი დარჩა 451,300 ათასი ლარი.

სასამართლო კოლეგიის აზრით, საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 8 ივლისის ¹267 განკარგულებით სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დაევალა კონტროლი და არა შესრულება იმაზე, რომ რაიონების ჩაის მწარმოებელ და თურქმენეთში პროდუქციის მიმწოდებელ სუბიექტს შორის ურთიერთანგარიშსწორების შემდეგ დარჩენილი თანხა, სკგ “ჩ-ის” ნაცვლად, უნდა ჩარიცხულიყო სს “ს-ის” 1997წ. 1 ოქტომბრამდე გადამტვირთავ ფაბრიკებსა და ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა მოვალეებთან საბოლოო ანგარისწორებისათვის.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997წ. 9 ივლისის ¹2-244 ბრძანების მესამე და მეოთხე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო კომერციული გაერთიანება “ჩ-ის” სალიკვიდაციო ბალანსზე რიცხული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები გადაეცა სს “ს-ს”.

სასამართლო კოლეგიამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹267 განკარგულება ცნობილი იყო მოსარჩელისათვის და მას იგი არ გაუსაჩივრებია. ფირმა “ნ-ისათვის” ცნობილი იყო აგრეთვე, რომ სკგ “ჩ-ზე” რიცხული დავალიანება მათთვის უნდა გადაეხადა სს “ს-ს” და თუ ფირმა “ნ-ი” არ ეთანხმებოდა აღნიშნულს, მაშინ მათ უნდა გაესაჩივრებინათ სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში და არა ხუთიწ. შემდეგ, როდესაც, ფაქტობრივად, გასული იყო გასაჩივრების ვადა და იგი ხანდაზმული იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მრავალდარგოვანი საწარმოო კოოპერატივი ფირმა “ნ-ის” წარმომადგენელმა ს. ღ-ამ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სასამართლო კოლეგია სრულიად დაუსაბუთებლად ადგენს, რომ ფირმა “ნ-ისათვის” ცნობილი იყო სკგ “ჩ-ზე” რიცხული დავალიანების სს “ს-ისათვის” გადაცემის შესახებ და მის მიერ გაშვებულ იქნა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998წ. 30 იანვრის ¹2-57 ბრძანების გაცნობის საშუალება მოსარჩელეებს მიეცათ 2002წ. 7 აგვისტოს, რასაც ადასტურებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აპარატის უფროსის 2002წ. 7 აგვისტოს წერილი.

კასატორის აზრით, სასამართლო კოლეგიამ სრულიად უკანონოდ დაადგინა, რომ დავალიანების სს “ს-ისათვის” გადაცემის ფაქტს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ფირმა “ნ-ს” თითქოს ატყობინებდა 1999წ. 22 დეკემბრის წერილით, მაშინ, როცა მოპასუხემ ვერანაირი არგუმენტით ვერ დაასაბუთა, რომ მითითებული წერილი ფირმა “ნ-ის” რომელიმე წარმომადგენელს ჩაბარდა.

სასამართლო კოლეგიამ ასევე კანონის უხეში დარღვევით თავისი გადაწყვეტილება დაამყარა იმაზე, რომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998წ. 30 იანვრის ¹2-57 ბრძანების მე-5 პუნქტი გასაჩივრებული იყო სს “ს-ის” მიერ და მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა, რომ სს “ს-ის” სარჩელთან დაკავშირებით საქმის განხილვის დროს ფირმა “ნ-ს” მონაწილეობა არ მიუღია, აგრეთვე არსებითად განსხვავებულია საფუძვლები და გარემოებები, ასევე მოდავე მხარეები.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა დააზუსტა მოთხოვნა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას გასაჩივრებული აქტის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998წ. 30 იანვრის ¹ 2-57 ბრძანება, რომლის მე-5 პუნქტის ბათილად ცნობას ითხოვს მოსარჩელე, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ან ჩაბარდა მოსარჩელეს.

სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 8 ივლისის ¹267 განკარგულება და მას იგი არ გაუსაჩივრებია. ფირმა ,,ნ-ის” დირექტორის 2002წ. 21 მარტის წერილზე დაყრდნობით, აგრეთვე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ სკგ ,,ჩ-ზე” რიცხული დავალიანება მისთვის უნდა გადაეხადა სს ,,ს-ს”, მაგრამ მას იგი არ გაუსაჩივრებია, რის გამოც გაუშვა გასაჩივრების ვადა. საკასაციო პალატის აზრით, საოლქო სასამართლოს კოლეგიის აღნიშნული მოსაზრება არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 8 ივლისის ¹267 განკარგულების მოსარჩელის მიერ გაუსაჩივრებლობა არ წარმოადგენს ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან ფირმა ,,ნ-ი” განსახილველი სარჩელით არ ითხოვს პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობას, არამედ სადავოდ ხდის მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998წ. 30 იანვრის ¹2-57 ბრძანების მე-5 პუნქტს.

საკასაციო პალატის აზრით, ასევე უსაფუძვლოა სასამართლო კოლეგიის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის გასვლის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ფირმა ,,ნ-ის” დირექტორის 2002წ. 21 მარტის წერილზე მითითება, ვინაიდან ფირმა ,,ნ-მა” სასამართლოს სარჩელით მიმართა 2002წ. 8 აგვისტოს, ანუ სასამართლოს მიერ მითითებული წერილიდან (2002წ. 21 მარტი), ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში.

საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული ბრძანების შესახებ ფირმა ,,ნ-ს” ეცნობა 1999წ. 22 დეკემბრის წერილით, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული წერილის მოსარჩელეზე ჩაბარების ფაქტს, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ადმინისტრაციული აქტის გასაჩივარების ვადის ათვლას უკავშირებს თვით ადმინისტრაციული აქტის გაცნობას და არა რაიმე სახით აქტის შესახებ შეტყობინებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრება ფირმა ,,ნ-ის” სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მრავალდარგოვანი საწარმოო კოოპერატიული ფირმა ,,ნ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 მარტის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.