¹ბს-1365-1121-კ-04 23 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სამხედრო სამსახურში დაავადებულად ცნობა და ომისა და სამხედრო ვეტერანებთან გათანაბრებული პენსიის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. თ-ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონული ფილიალისა და ხელვაჩაურის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიმართ და მოითხოვა სამხედრო სამსახურის დროს სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაავადებულ-დაინვალიდებულ პირად აღიარება და ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პენსიის, 35 ლარის, დანიშვნა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1960 წელს სამხედრო სამსახურის გავლის დროს, სამხედრო მოვალეობის შესრულებისას, მიიღო ტრავმა _ ხელების დამწვრობა, რის გამოც მკურნალობდა სხვადასხვა სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში და ვადაზე ადრე დემობილიზებულ იქნა სამხედრო არმიის რიგებიდან. 1980 წელს მიაკუთვნეს მეორე ჯგუფის ინვალიდობა და დაენიშნა პენსია. ჯერ ღებულობდა 80 მანეთს, შემდეგ _ 180 მანეთს. 1993 წლიდან კი ინვალიდობის პენსია მოუხსნეს და მისცეს ჩვეულებრივი სამოქალაქო პენსია ჯერ 13 ლარი, შემდეგ _ 14 ლარის, რაც მიაჩნია მისი საპენსიო უზრუნველყოფის გაუარესებად, მაშინ, როცა “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-10 და მე-11 მუხლების და “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის “თ” პუნქტის შესაბამისად, არის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაინვალიდებული ჯარისკაცი და ითხოვდა ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პენსიის დანიშვნას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა იგი ცნობილ იქნა სამხედრო სამსახურში მოვალეობის შესრულების დროს დაავადებულად და როგორც ომისა და სამხედრო ძალების სამხედრო ვეტერანებთან გათანაბრებულს, დაენიშნა პენსია.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონულმა ფილიალმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1960 წელს მიღებული დაზიანების შედეგად მკურნალობდა ქ. ოდესის საოლქო სამხედრო ჰოსპიტალში ხელების ქრონიკული, რეციდიული ეგზემით დაავადების დიაგნოზით, რომელიც მას მიღებული ჰქონდა სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს, რის გამოც იგი ცნობილი იყო სამხედრო საქმიანობისათვის უვარგის პირად.
ოდესის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის შემდგომ მ. თ-ე ცნობილ იქნა ჯერ მესამე, შემდგომ კი მეორე ჯგუფის ინვალიდად, 1980 წლიდან ღებულობდა პენსიას 80 მანეთის ოდენობით, 1984-1992 წლებში _ 180 მანეთს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან ხელების დაზიანება მ. თედორაძემ მიიღო სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს გამოცხადებულ სწავლებასთან დაკავშირებით, მდინარეზე პანტონის ხიდის მოწყობის დროს, ამიტომ უნდა ჩაითვალოს, რომ მან დაზიანება მიიღო სამხედრო მოვალეობის შესრულებისას, რამდენადაც მისი მოქმედება დაკავშირებული იყო სამხედრო მოვალეობის შესრულებასთან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ”ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-11 მუხლი ასევე ითვალისწინებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული დაზიანების შედეგად დაინვალიდებულ პირებსაც. მ. თ-ის ინვალიდობაც გამომდინარეობს შემდგომ პერიოდში სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინვალიდობიდან და ამიტომ მისი ომისა და სამხედრო ვეტერანებთან გათანაბრებულ პირად ცნობა კანონშესაბამისი იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონულმა ფილიალმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მ. თ-ეს ინვალიდობის მეორე ჯგუფი სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით დაუდგინდა 1980წ. 8 ივლისს სამხედრო საექიმო კომისიის 1960წ. 4 ნოემბერს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული მოწმობის საფუძველზე და ის ღებულობდა პენსიას, როგორც დაინვალიდებული პირი სამხედრო სამსახურის გავლის დროს.
“ომისა და სამხედრო შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის თანახმად კი მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფო ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ინვალიდებს მიეკუთვნებიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომ პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად. მ. თ-ეს ინვალიდობის მეორე ჯგუფი განსაზღვრული აქვს კანონმდებლობის სრული დაცვით სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აჭარის ა/რ ხელვაჩაურის რაიონული ფილიალის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 სექტემბრის განჩინება.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს. მ. თ-ე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ იქნა 1959 წელს. საქმეზე წარმოდგენილი ავადმყოფობის მოწმობით ¹3882 (1960წ. ნოემბერი) დადგენილია, რომ მ. თ-ე მიღებული დაზიანებების შედეგად მკურნალობდა ქ. ოდესის საოლქო სამხედრო ჰოსპიტალში ხელების ქრონიკული, რეციდიული ეგზემის დიაგნოზით. ასევე დადგინდა, რომ ეგზემით დაავადდა აქვს სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს, რის გამო იგი ცნობილ იქნა სამხედრო საქმიანობისათვის უვარგისად და ვადაზე ადრე გათავისუფლდა ვადიანი სამხედრო სამსახურიდან.
ოდესის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის შემდგომ მ. თ-ე ცნობილ იქნა ჯერ მესამე _ შემდგომ კი მეორე ჯგუფის ინვალიდად. 1980 წლიდან ღებულობდა პენსიას 80 მანეთის ოდენობით, 1984 წლიდან 1992 წლამდე კი _ 180 მანეთს.
უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. თ-ეს ინვალიდობის მეორე ჯგუფი დადგენილი აქვს სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით და არა სამხედრო მოვალეობის შესრულებისას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით სწორად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, ვინაიდან დადგენილია, რომ მ. თ-ემ დაზიანება მიიღო სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს გამოცხადებულ სწავლებასთან დაკავშირებულ მდინარეზე პანტონის ხიდის მოწყობის დროს, ავტომანქანაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის შედეგად. ამდენად, დადგენილია, რომ მ. თ-ემ დაზიანება მიიღო სამხედრო მოვალეობის შესრულებისას, რამდენადაც მისი მოქმედება დაკავშირებული იყო სამხედრო მოვალეობის შესრულებასთან.
ასევე, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. თ-ეს მიმართ არ უნდა იქნეს გავრცელებული “ომისა და სამხედრო შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონით გათვალისწინებული შეღავათები, რამდენადაც იგი არ განეკუთვნება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ სამხედრო მოსამსახურეს. “ომისა და სამხედრო შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მეორე მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფო ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ინვალიდებს მიეკუთვნებიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ მეორე მსოფლიო ომისა და შემდგომ პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად. ვინაიდან დადგენილად არის ცნობილი, რომ მ. თედორაძემ დაავადდა სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს, ამიტომ იგი განეკუთვნება ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ დაინვალიდებულ სამხედრო მოსამსახურეს.
საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ წარმოადგენს კასატორის მიერ “პენსიების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” დებულების 27-ე პუნქტის მოთხოვნაზე მითითება, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაითხოვეს სამსახურიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და აქვს სამხედრო საექიმო კომისიის დასკვნა ავადმყოფობის მიზეზობრივი კავშირის შესახებ, ინვალიდობის დადგენისას, მისი მიზეზის საკითხს განსაზღვრავს ზუსტად სამხედრო-საექიმო კომისიის დადგენილების ფორმულირების შესაბამისად. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ მითითებული ნორმა ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის ინვალიდობის ჯგუფის დადგენისას, სამხედრო-საექიმო კომისიის დადგენილების ფორმულირების შესაბამისად მიზეზობრივი კავშირის განსაზღვრას, რაც შემხებლობაში არ არის განსახილველი დავის საგანთან, რადგან მ. თ-ის მოთხოვნას არ წარმოადგენდა ინვალიდობის ჯგუფის დადგენა ან შეცვლა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხელვაჩაურის რაიონული ფილიალის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.