Facebook Twitter

ბს-141-319-კ-03 16 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 31 ოქტომბერს მოსარჩელეებმა ვ. და ქ. გ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ მ. ი-ისა და დედოფლისწყაროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელეები სარჩელში აღნიშნავდნენ, რომ ისინი ცხოვრობდნენ დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ზემო მაჩხაანში, მუშაობდნენ კოლმეურნეობაში და ითვლებოდნენ საკოლმეურნეო კომლად. კომლის წევრი იყო მათი შვილი _ გ. გ-იც ორ შვილთან ერთად, ხოლო მისი მეუღლე მ. ი-ი კომლის წევრად არ ირიცხებოდა. მათ შვილს, გ. გ-ს, სხვა ცხრა წევრთან ერთად 1996 წელს ერთი სამეურნეო წლით, იჯარით გაფორმებული ჰქონდა 234,6 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი, სადაც შედიოდა ვ. გ-ის სახნავი მიწის ნაკვეთი 30 ჰექტარზე. 1998 წელს, გ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ, იჯარა დაიშალა და ყველას ცალ-ცალკე გაუფორმდა ხელშეკრულება 9 წლის ვადით.

მოსარჩელეების განცხადებით, მათ ეკავათ 30 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთი ე.წ. ,, ........ ” ¹601 კონტურში, რომელიც მათი შვილის, გ. გ-ის, სახნავ მიწასთან ერთად შეადგენდა 101 ჰა და მისი გარდაცვალების შემდეგ მთლიანად გადაუფორმდა მის ცოლს – მ. ი-ს და მათ კუთვნილ 30 ჰა მიწის ნაკვეთსაც ის ამუშავებს. აღნიშნულის გამო, ჯერ მიმართეს გამგეობას, ხოლო შემდეგ სასამართლოს და მოითხოვეს, რომ სასამართლოს შეეტანა ცვლილება მ. ი-ის საიჯარო ხელშეკრულებაში, კერძოდ, 30 ჰა გამოყოფილიყო მათზე და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს დავალებოდა ამ 30 ჰა-ზე მათთან ხელშეკრულების დადება.

სარჩელში მოსარჩელეები ასევე მიუთითებდნენ, რომ 1998 წელს კოლმეურნეობიდან შეისყიდეს კუშის წყლის ტერიტორიაზე მდებარე მეღორეობის ფერმა, რომლის შემოგარენში 100 ჰა საძოვარი გაფორმებული იყო მათ შვილზე _ გ. გ-ზე, რომელიც მათზე, როგორც კომლის წევრებზე, უნდა გადაფორმებულიყო კომლის წევრის გარდაცვალების გამო და არა მ. ი-ზე, რაც მიაჩნდათ უკანონოდ და ითხოვდნენ მ. ი-სა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმებას 100 ჰა საძოვარზე, ასევე ეს უკანასკნელი დაევალდებულებინა მოსარჩელეებთან იჯარის ხელშეკრულების დადებაზე, რადგან ფერმა, ფაქტობრივად, შესყიდული იყო მათ მიერ.

მოპასუხე მ. ი-მა თავის შესაგებელში მიუთითა, რომ მის მეუღლეს, გ. გ-ს, ერთი სამეურნეო წლით, იჯარით აღებული ჰქონდა 129,7 ჰა, სახნავი მიწა. საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა გ. გ-ის გარდაცვალება და ხელშეკრულების ვადის გასვლა. მიწის მესაკუთრეს _ სახელმწიფოს კი უფლება ჰქონდა გამონთავისუფლებული მიწა იჯარით გაეცა ნებისმიერ პირზე. მან სახელმწიფოსაგან იჯარით აიღო 101,8 ჰა და არა 129,7 ჰა, რაც ჰქონდა მის მეუღლეს. მოსარჩელეთა მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია თუნდაც ის გარემოება, რომ გასულია 2-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, აგრეთვე მიაჩნია, რომ სასამართლო მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და, შესაბამისად, არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

დედოფლისწყაროს გამგეობამ თავის შეპასუხებაში მიუთითა, რომ რაიონის გამგეობა ნაწილობრივ ცნობდა სარჩელს, კერძოდ, იგი არ იქნებოდა წინააღმდეგი მხარეთა შორის საიჯარო ხელშეკრულებით აღებული 101 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (სახნავი) მხარეთა შორის გადანაწილებაზე.

2002წ. 26 მარტს მ. ი-მა სარჩელით მიმართა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა გამგეობის 2001წ. 26 აგვისტოს ¹53 და 2001წ. 26 სექტემბრის ¹65 დადგენილებების ბათილად ცნობა მისთვის საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის ნაწილში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის I პუნქტის ,,ა”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების საფუძველზე.

რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 მარტის განჩინებით მოცემული სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და ზემოაღნიშნულ სარჩელთან ერთად გაერთიანდა ერთ წარმოებად.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით ვ. და გ. გ-ების სასარჩელო მოთხოვნა დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობისა და მ. ი-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; მ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. და გ. გ-ების მიერ. სააპელაციო საჩივარში მხარე მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ დაუშვა უხეში პროცესუალური და სამართლებრივი შეცდომები. სასამართლომ არ გაარკვია და არ დააკონკრეტა მათი მოთხოვნები. მათი აზრით, ფაქტობრივად, განხილული იყო არა მათი, არამედ საქმეზე პროცესუალური ნორმების დარღვევით დართული საქმე მ. ი-სა და დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობას შორის.

სასამართლომ არ გამოიკვლია 1998წ. 25 მაისის საიჯარო ხელშეკრულების მ. ი-თან გაფორმების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულით უგულებელყოფილ იქნა სკ-ს 540-ე, 1464-ე, 1323-ე მუხლები. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 590-ე მუხლი, არ გამოყენა სკ-ს 54-ე მუხლი. დარღვეულ იქნა ამავე კოდექსის 66-ე მუხლი, რადგან არ იქნა გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ წლების მანძილზე გარდაცვლილსა და მათ საერთო მეურნეობა ჰქონდათ. სასამართლოს არ გაურკვევია, რამდენად კანონიერი იყო იჯარის ხელშეკრულების გაფორმების და შემდგომში ვადის გაგრძელების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტები ითხოვდნენ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით აპელანტების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დედოფლიწყაროს რაიონული სასამართლის 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის 2003წ. 26 აგვისტოს ¹53 და 2001წ. 26 სექტემბრის ¹65 დადგენილებები დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობასა და მ. ი-ს შორის 1998წ. 25 მაისს 412 ჰა საძოვარზე დადებული საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი.

სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო შემდეგ მოსაზრებებს:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ აპელანტები წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ფლობდნენ სადავო 30 ჰა სახნავ ფართობს და 101 ჰა საძოვარს, რადგან მათი მხრიდან შესაბამისი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 1996წ. 28 ივნისის ,,სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლითაც რეგულირდებოდა აღნიშნული კატეგორიის მიწის იჯარით გაცემის წესი, სსკ-ის 1505-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად ჩაითვალა 1997წ. 25 ნოემბრიდან. დებულება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ” დამტკიცებულ იქნა 1998წ. 2 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ¹446 ბრძანებულებით, რის გამოც 1998წ. 25 მაისს სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემა და სათანადო ხელშეკრულების გაფორმება ხდებოდა სკ-ს 592-606-ე მუხლების საფუძველზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობის წარმოშობისას დაცული იყო მოქმედი სკ-ს დებულებები.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილება ვ. და გ. გ-ებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორები საკასაციო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა გაუქმებას, ვინაიდან იგი მიღებული იყო მატერიალური და პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევით, კერძოდ, დარღვეული იყო სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი პუნქტი და სსკ-ს 384-ე მუხლის მოთხოვნა.

სასამართლო ტენდენციურად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სკ-ს 1505-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, 1996წ. 28 ივნისის კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ ძალადაკარგულად ჩაითვალა და ამავე კოდექსის 592-ე და 505-ე მუხლებზე მითითებით ცდილობს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაფორმებული ხელშეკრულების კანონიერად წარმოჩენას, მან არ გამოიყენა სკ-ს 590-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, მ. ი-ს, როგორც გარეშე პირს, მიწას ვერ გაუფორმებდნენ.

სასამართლომ ასევე არ გამოიყენა კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ მე-7 მუხლის ,,გ” პუნქტი და 23-ე მუხლი, რომლის თანახმად გამგეობა უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვდნენ ბათილად ყოფილიყო ცნობილი გამგეობასა და მ. ი-ს შორის 1998წ. 25 მაისს დადებული ხელშეკრულება 30 ჰა მიწის ფართზე და 101 ჰა საძოვარზე.

მოწინააღმდეგე მხარე მ. ი-ი არ დაეთანხმა საკასაციო საჩივარს. აღნიშნულის მოტივად მან, ფაქტობრივად, მიუთითა იმავე გარემოებებზე, რაზეც საოლქო სასამართლოში და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დედოფლისწყაროს რაიონის მუდმივმოქმედი კომისიის 1997წ. 25 აგვისტოს სხდომის ოქმით კრედიტორებს და, მათ შორის, გ. გ-ს 601-ე კონტურში გაუგრძელდა საიჯარო ხელშეკრულების ვადა 1 წლით, რაც დამტკიცებულ იქნა დედოფლისწყაროს გამგეობის 1997წ. 31 ოქტომბრის ¹102 დადგენილებით.

სააპელაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 1998წ. 25 მაისს სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება დაიდო დედოფლისწყაროს გამგეობასა და მ. ი-ს შორის.

მხარეთა შორის სადავოდ არ ქცეულა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნულ ორივე შემთხვევაში საუბარია მიწის ერთსა და იმავე ნაკვეთზე.

საოლქო სასამართლომ მ. ი-თან დადებული ხელშეკრულება ისე მიიჩნია სკ-ს ნორმათა დაცვით დადებულ გარიგებად, რომ არ უმსჯელია იჯარით დატვირთული ქონების ხელმეორედ გაცემის დასაშვებობაზე, კერძოდ, თუ გ. გ-თან დადებული ხელშეკრულება გაგრძელებული იყო 1 წლის ვადით, რის საფუძველზე მოხდა მიწის იჯარით მე-3 პირზე გადაცემა ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ დედოფლისწყაროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის გამცემი კომისიის 2001წ. 27 ივლისის ¹45 სხდომის ოქმით მ. ი-ს იჯარის ხელშეკრულების ვადა გაუგრძელდა 49 წლამდე.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 1998წ. 25 მაისისათვის მიწის იჯარის ხელშეკრულებების გაფორმება ხდებოდა სკ-ს 592-606-ე მუხლების შესაბამისად, მაგრამ აქვე სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 49 წლით გაგრძელების საკითხს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია ხელშეკრულების ავტომატურ გაგრძელებაზე საუბარი, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულების მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ” საქართველოს კანონის გაუქმებამდე ამავე კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება არ დაექვემდებარა გადაფორმებას ან გაუქმებას, თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მხრიდან დარღვეული არ იყო ხელშეკრულების პირობები, ხოლო ამავე ბრძანებულების მე-4 პუნქტით იჯარის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა 49 წელი.

ამდენად, ზემოაღნიშნულ დებულებაში საუბარია ხელშეკრულების გადაფორმების აუცილებლობის არარსებობაზე, ხოლო რაც შეეხება ხელშეკრულების ვადის 49 წლამდე გაზრდას, აღნიშნული ნორმა გათვალისწინებულ იქნა ახალი აქტით, რომელითაც ხელშეკრულების დადებისათვის განისაზღვრა და დადგინდა ახალი მექანიზმი.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მ. ი-თან 49 წლით დადებული ხელშეკრულების ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ დებულების” მოთხოვნებთან მიმართებაში განხილვის საკითხს.

საკასაციო სასამართლო სსკ-ს 404-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე საოლქო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ პროცესუალურ შეუსაბამობებზე, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. საყურადღებოა, რომ მ. ი-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისათვის შესული იყო კანონიერ ძალაში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულს ყურადღება უნდა მიექცეს საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებისას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. და ქ. გ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.