ბს-14-14-კ-04 10 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 3 მაისს ნ. ჟ.-მ სარჩელით მიმართა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ჩხოროწყუს რაიონის გამგეობის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე და მიუთითა შემდეგზე:
1996წ. 1 იანვრიდან მოსარჩელე ჩხოროწყუს რაიონის გაზეთის დირექტორად მუშაობდა, რომელიც რაიონის გამგეობის დაფუძნებული იყო და ნ. ჟ.-ც, შესაბამისად, გამგეობის თანამშრომლად, ანუ საჯარო სამსახურის მოხელედ ითვლებოდა. ჩხოროწყუს რაიონის გამგეობის 2002წ. 15 იანვრის ¹2 განკარგულებით მოსარჩელე ნ. ჟ.-ა “საქართველოს შკკ-ის” 34-ე და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე და 99-ე მუხლების საფუძველზე გათავისუფლდა გაზეთ “...-ს” რედაქტორის თანამდებობიდან.
მოსარჩელის თქმით, მან 2002წ. 31 იანვარს საჩივრით მიმართა ჩხოროწყუს კულტურის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის კომიტეტს, მაგრამ საჩივარს რეაგირება არ მოჰყოლია.
2002წ. 12 თებერვალს ნ. ჟ.-მ ჩხოროწყუს რაიონის გამგეობას წერილობით მიმართა და რაიონის გამგებლის 2002წ. 15 იანვრის ¹2 განკარგულების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა, რაზეც 2002წ. 4 აპრილის ¹9 წერილით უარი ეთქვა და განემარტა, რომ მისი გათავისუფლება იმ მოტივით იყო გამოწვეული, რომ იგი სამუშაოზე თვეების განმავლობაში არ ცხადდებოდა, რაც გაზეთის გამოშვების გაჭიანურებას იწვევდა.
მოსარჩელის თქმით, მან აღნიშნული წერილის მიღებისა და მისთვის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შემდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა და მისი უფლებების სასამართლო წესით დაცვა მოითხოვა.
ნ. ჟ.-ა აქვე დაამატებდა, რომ მას არასოდეს დისციპლინური სახდელიც კი არ დასდებია, რადგან ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხოლო გაზეთის გამოცემის შეყოვნება არა მისი ქმედებით, არამედ გამგეობის მხრიდან გაზეთის დაუფინანსებლობით იყო გამოწვეული.
საბოლოოდ, მან სამუშაოზე აღდგენა, იძულებით გაცდენილი თვეების: 2003წ. იანვრიდან მაისამდე მიუღებული ხელფასის _ 415 ლარისა და წინა წლების: 1999წ. – 1610 ლარი, 2000წ. – 332 ლარის, 2001 წლიდან – 2002 წლამდე 1992 ლარის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
მოპასუხე ჩხოროწყუს რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერი იყო.
სარჩელი არ ცნო არც მესამე პირმა მ. პ.-მ.
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ჟ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: იგი აღდგენილ იქნა გაზეთ “...-ს” რედაქტორის თანამდებობაზე, ამასთან, რაიონის გამგეობას ნ. ჟ.-ს სასარგებლოდ იძულებითი გაცდენილი დღეებისა და წინა წლების ანაზღაურება დაეკისრა, ხოლო მას 2003წ. იანვრიდან ამავე წლის მაისამდე გაცდენილი დროის, ანუ სარჩელის წარდგენამდე მისაღები ხელფასის – 415 ლარის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ჟ.-ს მხრიდან სამსახურში სისტემატური გამოუცხადებლობა და თანამშრომლებთან კონფლიქტი საქმის მასალებითა და მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდებოდა და გაზეთის გამოუქვეყნებლობის ერთადერთ მიზეზად დაუფინანსებლობა სახელდებოდა. ამასთან, რაიონის გამგეობას კანონდარღვევით ჰქონდა მიღებული სადავო განკარგულება ნ. ჟ.-ს გათავისუფლების შესახებ, რაც მისი ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის საფუძველი იყო. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს ხანდაზმულობის ვადა არ დაურღვევია და სარჩელი სასამართლოს კანონით დადგენილი წესით წარუდგინა.
ხსენებული გადაწყვეტილება ჩხოროწყუს რაიონის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ ნ. ჟ.-ს სარჩელი ხანდაზმული იყო, რის გამოც მისთვის სასამართლოს ხანდაზმულობის მოტივით უნდა ეთქვა უარი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 17 ოქტომბრის ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ნ. ჟ.-ს სარჩელი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულად და მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება ნ. ჟ.-მ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიიჩნია, რომ მას ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვია და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნ. ჟ.-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია. საკასაციო სასამართლოს არამართებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის მსჯელობა ნ. ჟ.-ს მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე და განმარტავს შემდეგს:
როგორც საქმის მასალებით დადგენილია, მოსარჩელე ნ. ჟ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ჩხოროწყუს რაიონის გამგებლის 2002წ. 15 იანვრის ¹2 განკარგულება იმავე წლის 20 იანვარს ჩაბარდა პირადად, რის შემდეგაც მან 2002წ. 12 თებერვალს ჩხროწყუს რაიონის გამგეობას მიმართა და მისი გათავისუფლების შესახებ განკარგულების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა. რაიონის გამგეობის 2002წ. 4 აპრილის ¹9 წერილით ნ. ჟ.-ს მოთხოვნა მისი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ხსენებული წერილი მას იმავე წლის 12 აპრილს ჩაბარდა. მოსარჩელემ, საბოლოოდ, დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოს სარჩელით 2002წ. 3 მაისს მიმართა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს სკ-ის დებულებებს და ხანდაზმულობის თაობაზე ზოგად ნორმებს მოიხმობს, რომლებიც ამ შემთხვევაზეც უნდა გავრცელდეს.
სკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამრიგად, მოსარჩელე ნ. ჟ.-მ თავისი დარღვეული უფლების შესახებ 2002წ. 20 იანვარს შეიტყო და მოთხოვნის ხანდაზმულობის ათვლაც ამ დღიდან დაიწყო, რადგან მას გასაჩივრებული განკარგულება ხელზე ამ დღეს ჩაბარდა. ამავე კოდექსით განმარტებულია, რომ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის ორი გზა არსებობს: 1. სარჩელის წარდგენა სასამართლოში და დარღვეული უფლებების სასამართლო წესით დაცვა და 2. დარღვეული უფლებების აღდგენის შესახებ იმ სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვა, რომელთა მოქმედებითაც პირის უფლებები შეილახა. ამდენად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს სკ-ის 138-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის, ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სკ იძლევა დარღვეული უფლების დაცვის ალტერნატიულ საშუალებას, რომელიც ნ. ჟ.-მ გამოიყენა და გასაჩივრებული განკარგულების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, 12 თებერვალს, მიმართა ჩხოროწყუს რაიონის გამგეობას, უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებული მოქმედებით _ ნ. ჟ.-ს მიერ გამგეობაში განცხადების შეტანით _ ხანდაზმულობა შეწყდა. დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნ. ჟ.-მ გამგეობიდან სამუშაოზე აღდგენის თაობაზე უარი 2002წ. 4 აპრილს ¹9 წერილით შეიტყო და სასამართლოს სარჩელით 2002წ. 3 მაისს მიმართა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ჟ.-ს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არა აქვს და ამ საფუძვლით არ შეიძლება მას სარჩელზე უარი ეთქვას. ამასთან, საქმის არსებით მხარეს საკასაციო სასამართლო ვერ შეეხება, რადგან მასზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და თვლის, რომ საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ჟ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.