¹ ბს-175-148-კ-04 25 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: საურავის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 18 იანვარს შპს “მ"-ის დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქონების მართვის სამინისტროსა და მესამე პირის _ სს “ თ-ის" მიმართ საურავის _ 36369 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: 1998წ. 11 მაისს შპს “მ-"-სა და მუნიციპალურ საწარმო “თ-ს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს “მ"-მა 34417 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, რაც იმ დროისათვის მოქმედი კურსით 25703 აშშ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული სამუშაოები დადგენილი წესით “თ-ს" ჩაჰბარდა. ვინაიდან ამ უკანასკნელმა მოსარჩელეს, ხელშეკრულებისა და საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგენილ დროში ვერ გადაუხადა კუთვნილი თანხა, ამიტომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მის ძირითად დავალიანებას 3441,7 ლარის საურავი დაერიცხა, რამაც 1999წ. 1 ივლისისათვის, იმ დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად, 19553 აშშ დოლარი შეადგინა.
მუნიციპალური საწარმო “თ-ის" სამართალმემკვიდრემ, მესამე პირმა “ თ-მა", ქონების მართვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 1999წ. 1 ივლისს ძირითადი დავალიანების ნაწილი _ 23500 ლარი გადაიხადა, ხოლო დარჩენილი თანხის _ 5917 ლარის გადახდა მას მოსარჩელემ აპატია. საურავის _ 36369 ლარის გადახდა კი ქონების მართვის სამინისტრომ იკისრა, რომელიც, მიუხედავად მოსარჩელის არაერთგზის გაფრთხილებისა, არ გადაუხდია.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ფინანსთა სამინისტრო ჩაება. საქმის განხილვის სტადიაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმეში თანამოპასუხედ ქ. თბილისის მერიის ჩაბმის თაობაზე. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 9 ივნისის საოქმო განჩინებით, სსკ-ის მე-10 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მერია, ნაცვლად თანამოპასუხისა, საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 აპრილის საოქმო განჩინებით, ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, სსკ-ის მე-16 მუხლის მესამე ნაწილისა და სასკ-ის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქმე განსჯადობით ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “მ"-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მის სასარგებლოდ 15390 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარებში გადახდა დაეკისრა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად ბაჟის გადაუხდელობის გამო, რომელიც აპელანტს 2002წ. 14 ივლისამდე უნდა შეევსო. ამავე სასამართლოს 2002წ. 20 აგვისტოს განჩინებით აპელანტს ვადა ხარვეზის შესავსებად 2002წ. 12 სექტემბრამდე გაუგრძელდა. აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული და ზემომითითებული სასამართლოს 2002წ. 13 სექტემბრის განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
აღნიშნულ განჩინებაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ კერძო საჩივარი შეიტანა და მოითხოვა მისი გაუქმება, ვინაიდან განჩინება ხარვეზის შესახებ მათ 2002წ. 13 სექტემბერს ჩაჰბარდათ, შესაბამისად, შეუძლებელი იყო ხარვეზი 2002წ. 12 სექტემბრამდე გამოესწორებინათ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 სექტემბრის განჩინება და სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს “მ"-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ მიუთითა, რომ 1999წ. 25 ივნისის შეთანხმებით სს “ თ-ის" ვალი შპს “მ"-ის მიმართ შეადგენდა 29417,65 ლარს და შპს “მ-" თანახმა იყო, თ-ს აღნიშნული ვალიდან 23500 ლარი დაეფარა, ხოლო დარჩენილ 5917,65 ლარს შპს პატიებდა “ თ-ს". 23500 ლარის გადახდის შემდეგ დავალიანება ჩაითვლებოდა სრულიად დაფარულად და შპს “მ-ს’’ არ ექნებოდა არანაირი პრეტენზია “ თ-ის" მიმართ. ეს შეთანხმება სააპელაციო სასამართლომ ახალ ხელშეკრულებად ჩათვალა, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა ურთიერთვალდებულებები და ამ ხელშეკრულებით საურავის გადახდა გათვალისწინებული არ იყო. სასამართლომ მიუთითა სკ-ის 448-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას.
სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სს “თ-სა" და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის, 1998წ. 21 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით გამორიცხული ვალდებულებების დაკმაყოფილებაზე, მათ შორის, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ საურავის გადახდაზე. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, 15390 აშშ დოლარი აღარ წარმოადგენდა ე.წ. გამორიცხულ ვალდებულებას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “მ-მა’’, ითხოვა გასაჩივრებუილი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორმა მიუთითა, რომ “მ-ს’’ თ-ისთვის ვალი საურავის სახით არ უპატიებია, პირიქით, იგი სისტემატურად ითხოვდა მათგან აღნიშნულის გადახდას. კასატორი თვლის, რომ სს “თ-ი" პასუხისმგებელია მხოლოდ იმ ვალდებულებებზე და პრეტენზიებზე, რომელებიც წარმოიშვა 1999წ. 4 იანვრის შემდეგ და ასევე იმ ვალდებულებებზე, რომელიც წარმოშობილი იყო მანამდე და შევიდა ნაკისრ ვალდებულებათა ნუსხაში. სხვა დარჩენილ ვალდებულებებსა და პრეტენზიებზე, რომლებიც არ შევიდა ნაკისრ ვალდებულებების ნუსხაში და დარჩა უცნობი “თ-ისთვის", პასუხისმგებლობა დაკმაყოფილებაზე იკისრა საქართველოს სახელმწიფომ, რაზეც ასევე მიუთითებდა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილის საინფორმაციო წერილი. კასატორის აზრით, შპს “მ"-სა და “თ-ს" შორის 1999წ. 25 ივნისის შეთანხმება არანაირად არ ცვლის და არც აუქმებს ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შპს “მ"-ის ნების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს “მ-ის’’ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და “ე-ი."-ს შორის 1998წ. 21 დეკემბერს სს “თ-ის" აქციათა 75%-ის ნასყიდობის ხელშეკრულებით, 6.1 მუხლის თანახმად, “ე."-ი კისრულობდა პასუხისმგებლობას დარიცხულ პროცენტებთან მიმართებაში 1000000 ლარის მოცულობით, ანუ სახელმწიფომ თავისი ვალდებულებები საურავებთან დაკავშირებით აღნიშნული თანხის ფარგლებში შესასრულებლად “ თ-ს" გადასცა და შპს “მ"-ს უფლება ჰქონდა, 1998წ. 21 დეკემბრის შემდეგ ძირითად თანხასთან ერთად, რომლის გადახდაც ნაკისრი ვალდებულებების 2.1.გ. ცხრილის თანახმად “თ."-მა იკისრა 34 417 ლარის ოდენობით, ამ უკანასკნელისთვის ძირითადი თანხის გადაუხდელობისთვის დარიცხული საურავიც მოეთხოვა, რაც მას არ გაუკეთებია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორსა და სს “ თ-ს" შორის 1999წ. 25 ივნისს მოხდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ 1999წ. 25 ივნისისათვის “ თ-ის" ვალი შპს “ მ"-ის მიმართ შეადგენდა 29417,65 ლარს და შპს “მ." თანახმა იყო “ თ-ს" დაეფარა ვალი 1999წ. ივლისში 23500 ლარის ოდენობით, დარჩენილ 5917,65 ლარს შპს “მ." პატიებდა “ თ-ს" და 23500 ლარის გადახდის შემდეგ ამ უკანასკნელის დავალიანება შპს -ს მიმართ ჩაითვლებოდა სრულიად დაფარულად და შპს “მ"-ს არ ექნებოდა არანაირი პრეტენზია “ თ-ის" მიმართ. აღნიშნული შეთანხმება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სკ-ის 448-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ვალის პატიება მხარეთა შორის იწვევს ვალდებულების შეწყვეტას.
საკასაციო პალატა საქმეში არსებული სახელმწიფო ქონების მინისტრის ყოფილი მოადგილის ინფორმაციული ხასიათის წერილს ვერ განიხილავს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სარჩელით მოთხოვნილი საურავი 15390 აშშ დოლარის ოდენობით არ წარმოადგენს გამორიცხულ ვალდებულებას და რომ სახელმწიფო არ არის ვალდებული აღნიშნული თანხის ანაზღაურებაზე, სრულიად ულოგიკოა კონკრეტულ შემთხვევაში ერთი პირის _ “თ-ის" მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მეორე პირისთვის, ამ შემთხვევაში ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახით სახელმწიფოსთვის საურავის დაკისრების მოთხოვნა, მით უმეტეს, რომ, როგორც აღინიშნა, კასატორსა და “თ-ს" შორის ძირითად ვალზე შეთანხმება იქნა მიღწეული.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს “მ"-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ შპს “მ"-ის დირექტორის, დ. დ-ის, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. შპს “მ-ს" დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1107 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ზიანის ანაზღაურების ვალდებულება; მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება