ბს-189-348-კ-03 31 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საპატიო მოქალაქის მინიჭების შესახებ აქტის გამოცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონის გამგეობის 28.07.99წ. ¹116 დადგენილებით რაიონის ტერიტორიაზე გამოცხადდა სანიტარული დასუფთავების ორთვიური, შეიქმნა საკონკურსო კომისია. კონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესდა ფულადი ჯილდო, საუკეთესო ინდივიდუალური ეზოს მფლობელი უნდა გამოცხადებულიყო საპატიო მოქალაქედ. გორის სანიტარული დასუფთავების ორთვიურის შედეგების დამდგენი კომისიის შემაჯამებელი სხდომის 15.10.99წ. ოქმით გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე ა. ე.-ი, მცხ. ..., საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმით დადგინდა მისთვის გამარჯვებისათვის განკუთვნილი პრიზის – 500 ლარის გადაცემა.
კონკურსში გამარჯვებულმა ა. ე.-მ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც მიუთითებდა, რომ მას გადაეცა მხოლოდ 200 ლარი. მოსარჩელე გორის რაიონული გამგეობისაგან მოითხოვდა 300 ლარის ანაზღაურებას და ასევე ინდივიდუალური აქტის გამოცემით მისთვის გორის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას.
რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე ა. ე.-მ, მოპასუხის მიერ ჯილდოს თანხის ანაზღაურების გამო, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა გორის საპატიო მოქალაქედ გამოცხადების აქტის გამოცემის დავალება.
მოპასუხემ არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა იმაზე მითითებით, რომ სათანადო კომისიის გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელი იყო სამართლებრივი აქტის გამოცემა.
გორის რაიონული სასამართლოს 29.11.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გორის რაიონის გამგეობას სათანადო პროცედურის დაცვით დაევალა სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ე.-ისათვის გორის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა სკ-ის 755-ე, 758-ე და სასკ-ის 23-ე, 33-ე მუხლებზე და მიუთითა, რომ ფულადი ჯილდოს გადახდით მოსარჩელემ პრაქტიკულად აღიარა სარჩელი, მას სათანადო პროცედურის დაცვით უფლება ჰქონდა გამოეცა სათანადო სამართლებრივი აქტი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გორის რაიონის გამგეობამ. სააპელაციო პალატის 22.05.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფულადი ჯილდოს გადაცემით აპელანტმა აღიარა სასარჩელო მოთხოვნა. ის გარემოება, რომ გორის საპატიო მოქალაქედ გამოცხადება გარკვეული პროცედურის დაცვას ითვალისწინებს, არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს, რადგან “გორის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ” დებულების 2.1. პუნქტის თანახმად, საპატიო მოქალაქის წოდებაზე კანდიდატურის წარდგენა შეუძლია გორის რაიონის მმართველობით და თვითმმართველობით ორგანოებს. ვინაიდან ძალაშია მმართველობის ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, ხოლო გამგეობა არ ასრულებს ამ აქტით მის მიერვე დადგენილ პირობას, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის _ ა. ე.-ის მხრიდან არსებობს სასკ-ის 23-ე მუხლით დადგენილი გარემოება მოითხოვოს აქტის გამოცემა, რასაც ხელს არ უშლის დადგენილი პროცედურის არსებობა, ადმინისტრაციული აქტი შეიძლება რეკომენდაციად იქნეს განხილული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გორის რაიონის გამგეობის მიერ. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ “გორის საპატიო მოქალაქის მინიჭების შესახებ” დებულების 2.2 მუხლის თანახმად, საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს გორის რაიონის გამგეობა გორის საპატიო მოქალაქის წოდების მიმნიჭებელი ექსპერტ-კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, კომისიის მიერ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, გამგეობა ვერ გამოსცემს მითითებულ ადმინისტრაციულ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
ა. ე.-ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას. შესაგებლის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა და განმარტა გორის რაიონის გამგეობის ნორმატიული აქტი, “გორის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ” დებულების 2.1 პუნქტის თანახმად, საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენა შეუძლია გორის რაიონის მმართველობით და თვითმმართველობით ორგანოებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, შემოქმედებით კავშირებს, ასოციაციებს. აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო, რომ ძალაშია და სავალდებულოა შესასრულებლად გორის რაიონის გამგეობის 28.07.99წ. ¹116 დადგენილება, რომლის მიხედვით გამგეობა ვალდებულია გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებული, სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება საქმის გარემოებათა ირგვლივ სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს. უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კონკურსში გამარჯვებულად ცნობისათვის დაწესებული ფულადი პრიზის ა. ე.-ისათვის გადაცემით მოპასუხემ აღიარა სასარჩელო მოთხოვნა. “გორის რაიონის ტერიტორიაზე სანიტარული დასუფთავების ორთვიურის გამოცხადების შესახებ” გორის რაიონის გამგეობის 28.07.99წ. ¹116 დადგენილების მე-3 პუნქტი ითვალისწინებდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან კონკურსში გამარჯვებულთათვის ფულადი თანხის გადაცემას. იმავე დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით საუკეთესო ინდივიდუალური ეზოს მფლობელი გამოცხადდებოდა გორის საპატიო მოქალაქედ. აღნიშნულის შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული ა. ე.-ი სასარჩელო განცხადებით სასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვდა გადაუხდელი თანხის, 300 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრებას და სასკ-ის 23-ე მუხლის თანახმად, საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებას. სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნის აღიარება, ა. ე.-ისათვის 300 ლარის გადაცემა, რის შედეგადაც სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი მოიხსნა მოსარჩელის მიერ, არ ადასტურებს მეორე სასარჩელო მოთხოვნის აღიარებას. ამასთანავე, სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, უკეთუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
გორის რაიონის გამგეობის 21.11.01წ. ¹256 დადგენილებით და ამ დადგენილებით დამტკიცებული “გორის საპატიო მოქალაქის მინიჭების შესახებ” დებულების თანახმად, აგრეთვე გორის რაიონის გამგეობის 25.02.02წ. ¹27 დადგენილებით, 12.02.03წ. ¹2 გადაწყვეტილების მიხედვით, გორის საპატიო მოქალაქის მინიჭება ხდება მიმნიჭებელი ექსპერტ-კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დადგენილი პროცედურის დაცვა არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს იმის გამო, რომ გორის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ დებულების მე-2 მუხლის თანახმად, საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კავშირებთან და ასოციაციებთან ერთად შეუძლია, აგრეთვე, რაიონის მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს. გორის რაიონის გამგეობის ზემოაღნიშნული აქტების თანახმად, კანდიდატების წარდგენა ხდება ექსპერტ-კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე. “გორის საპატიო მოქალაქის მინიჭების შესახებ” დებულების 2.2 პუნქტის თანახმად, საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხდება გორის საპატიო მოქალაქის მიმნიჭებელი ექსპერტ-კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს 29.11.02წ. გადაწყვეტილება, გორის რაიონის გამგეობას დაევალა, სათანადო პროცედურის დაცვით, გამოსცეს სამართლებრივი აქტი ა. ე.-ისათვის გორის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე. სათანადო პროცედურის დაცვა ითვალისწინებს საპატიო მოქალაქის მიმნიჭებელი ექსპერტ-კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე წოდების მინიჭებას, ამასთანავე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან გაუგებარი რჩება, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული დადგენილი პროცედურა კომისიის მიერ ასეთი რეკომენდაციის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მით უფრო, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენის შესაძლებლობა არ ნიშნავს სავალდებულო წესით კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატურისათვის რეკომენდაციის მიცემას.
საქმის მასალებს არ ემყარება, უფრო სწორად ეწინააღმდეგება მათ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასკ-ის 23-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა პროცედურის მიხედვით შეიძლება განხილულ იქნეს რეკომენდაციად. დამტკიცებული დებულების თანახმად, ამ უკანასკნელს გასცემს მხოლოდ საექსპერტო-კომისია და არა გამგეობა, ხოლო ა. ე.-ი სასარჩელო განცხადებით ითხოვდა არა რეკომენდაციის, არამედ გორის საპატიო მოქალაქის მინიჭების შესახებ აქტის გამოცემას.
უმართებულოა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის, კერძოდ, გორის რაიონის გამგეობის 28.07.99წ. ¹116 დადგენილების ძალაში ყოფნა, ავალდებულებს გამგეობას ამ აქტით დადგენილი პირობის შესრულებას. რაიონის გამგეობა კონკურსში გამარჯვებულისათვის გორის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების ნაწილში აშკარად გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთანავე, გორის რაიონის გამგეობის 28.07.99წ. ¹116 დადგენილებით კონკურსის გამოცხადება, კონკურსში გამარჯვებულისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საპრიზო ფონდის გამოყოფა, საუკეთესო ეზოს მფლობელის გორის საპატიო მოქალაქედ გამოცხადება თავისი არსით წარმოადგენს არა ადმინისტრაციულ აქტს, არამედ ცალმხრივ ადმინისტრაციულ გარიგებას – საჯარო მოწვევას, ხელშეკრულების დასადებად მოცემულ წინადადებას, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი. გორის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების ნაწილში გამოცხადებული კონკურსი არღვევს გამგეობის ნორმატიული აქტით დადგენილ წესს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს (სკ-ის 54-ე მუხლი). იმისათვის, რომ ჯილდოს საჯაროდ დაპირებას ჰქონდეს გარიგების ძალა და წარმოშვას შესაბამისი ვალდებულება, საჭიროა, რომ განცხადება ჯილდოს საჯაროდ დაპირების შესახებ შეიცავდეს ქონებრივი ხასიათის ჯილდოს დაპირების პირობას. ჯილდო, როგორც წესი, გამოიხატება ფულადი ფორმით, განსაზღვრული თანხის ოდენობით. რაც შეეხება წახალისების სხვა საშუალებების (სიგელის, დიპლომის და სხვ.) მინიჭების დაპირებას, ქონებრივი ხასიათის ჯილდოს გარეშე იგი არ ჩაითვლება ჯილდოს საჯაროდ დაპირებად. ამდენად, ა. ე.-მ უკვე მიიღო ქონებრივი ხასიათის ჯილდო (ფულადი პრემია), რაც შეეხება გორის საპატიო მოქალაქეობის მინიჭებას, აღნიშნული საჭიროებს სათანადო პროცედურის დაცვის შედეგად ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. ადმინისტრაციული გარიგება, რომელიც დაიდო ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ნაცვლად, ძალაში შედის იმ ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის შემდეგ, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია სათანადო აქტის გამოსაცემად (სზაკ-ის 68-ე მუხ.). აქტის გამოცემის ნაცვლად დადებული ადმინისტრაციული გარიგება საჭიროებს ამ აქტის გამოცემისათვის საჭირო პროცედურის დაცვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ა. ე.-ის სარჩელი. სსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატა ათავისუფლებს ა. ე.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გორის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.05.03წ. განჩინების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
2. ა. ე.-ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;