Facebook Twitter

ბს-197-166-კ-04 15 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე, გ. ქაჯაია

დავის საგანი: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 26 ივნისს რ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის, კერძოდ, “1941-1945 წლებში მამაცური შრომისათვის” მედლით დაჯილდოების შესახებ გაცემული მოწმობის მის კუთვნილებად აღიარება.

მოსარჩელე განცხადებაში აღნიშნავდა, რომ 1949 წელს იქორწინა მემედ ბ.-ზე და მიიღო მეუღლის გვარი. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1949წ. 29 აგვისტოს ბრძანებულებით მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება, ლენინის ორდერი ¹..., ოქროს მედალი “ნამგალი და ურო ¹...”. აგრეთვე, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1946წ. 6 ივნისის ბრძანებულებით დაჯილდოვებულ იქნა “1941-1945 წლებში მამაცური შრომისათვის” მედლით, რის შესახებაც 1946წ. 12 ივლისს გაცემულია მოწმობა სერია ლ¹.... აღნიშნული იძლევა საპენსიო შეღავათებს და იღებდა პენსიას 35 ლარის ოდენობით.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდმა უარი უთხრა საპენსიო შეღავათის გავრცელებაზე იმ მოტივით, რომ აჭარის ა/რ სახელმწიფო არქივში არ არის რეგისტრირებული და არ მოიპოვება მონაცემები რ. შ.-ის აღნიშნული მედლით დაჯილდოვების შესახებ. მათი მონაცემებით, მედალი ¹... ირიცხება ქობულეთის რაიონის სოფ. ...-ში მცხოვრებ ე. შ.-ზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რ. ბ.-ე ითხოვდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენას, რომ მედლის მოწმობა, გაცემული 1946წ. 12 ივლისს, არის ნამდვილი და რომ აღნიშნული მოწმობა ნამდვილად ეკუთვნის რ. შ.-ს 1941-45 წლებში მამაცური შრომისათვის.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. ბ.-ის მოთხოვნა და დადასტურებულად იქნა ცნობილი ფაქტი მასზე, რომ მედალი ლ¹... “1941-1945 მამაცური შრომისათვის” დაჯილდოვების შესახებ და მოწმობა აღნიშნული მედლით დაჯილდოვების თაობაზე, ეკუთვნის რ. შ.-ს.

არ დაეთანხმა რა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწფიო ფონდმა და მოითხოვა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ აჭარის ა/რ ცენტრალურ სახელმწიფო არქივში ჩატარებული შემოწმებით რ. შ.-ის მიერ პენსიის გადასაანგარიშებლად წარმოდგენილი მოწმობის ¹... რეალობა არ დადასტურდა. მათი აზრით, რ. შ.-ე აღნიშნული მედლით დაჯილდოებული არ არის.

სახელმწიფო არქივში არსებული მასალების მიხედვით ¹... მოწმობა ეკუთვნის ე. შ.-ს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 იანვრის განჩინებით აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინების გამოტანისას ძირითადად დაეყრდნო შემდეგ გარემოებას, აჭარის ა/რ ომისა და შრომის ვეტერანთა ქობულეთის რაიონული საბჭოს მიერ 2003წ. 8 აგვისტოს გაცემული ცნობით დგინდება, რომ ქობულეთის ომისა და შრომის, სამხედრო ძალების ვეტერანთა რაიონულ საბჭოში აღრიცხვაზე იმყოფება მოქალაქე რ. შ.-ე, როგორც ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირი და დაჯილდოებულია მედლით “1941-45 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის”. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა აბსოლოტურ საფუძველს, რათა სასამართლოს საფუძვლიანად ჩაეთვალა სარჩელის მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით რ. ბ.-ის სარჩელი არ ყოფილიყო დაკმაყოფილებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას არ ითხოვს სსკ-ის 393-ე მუხლის საფუძველზე და არ დავობს სასამართლოს მიერ გამოყენებული კანონების არამართებულობაზე, მისი მხრიდან კასაციის ეტაპზე სადავოდაა გამხდარი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი, მართალია, მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არასწორია, მაგრამ საკასაციო პრეტენზიის დასასაბუთებლად ვერ მიუთითებს შესაბამის მტკიცებულებებზე, რის გამოც საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს ვერ გაიზიარებს დაუსაბუთებლობის მოტივით და დადასტურებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოქალაქე რ. შ.-ს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1949წ. 29 აგვისტოს ბრძანებით მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. დაჯილდოვებულია მედლებით “1941-45 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის", “1941-45 წლებში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისათვის”, “მამაცური შრომისათვის ვ.ი. ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად”.

სსკ-ის 102-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მიუხედავად იმისა, რომ კასატორი თავის პრეტენზიას ძირითადად აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მედალი ¹... და შესაბამისი მოწმობა არის ყალბი (კერძოდ, გადასწორებულია სახელი, გვარი და მამის სახელი), ვერ წარმოადგენს სიყალბის თაობაზე კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებას, რის გამოც საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მხრიდან გაკეთებულ ზემოაღნიშნულ განცხადებას და ადასტურებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას მითითებული არგუმენტის დაუსაბუთებლობის თაობაზე.

იმავე საფუძვლით საკასაციო სასამართლო მიუღებლად მიიჩნევს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ საარქივო ფონდის მონაცემებით, მედალი ¹... ირიცხება ე. შ.-ზე, მცხოვრები ქობულეთის რაიონის სოფ. ...-ს კომუნისტის სახელობის კოლმეურნეობაში, კერძოდ, კასატორმა საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე ვერ წარმოადგინა მტკიცებულება მითითებული პიროვნების რეალურად არსებობის თაობაზე ან იმის შესახებ, რომ აღნიშნული პიროვნება როდესმე არსებობდა, ხოლო რაც შეეხება აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებებს, იგი საქმეში წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები მართებულადაა გამოკვლეული და შეფასებული და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის III ნაწილით 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 იანვრის განჩინება;

3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.