Facebook Twitter

ბს-201-394-კ-03 16 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 2 ივნისს თურქეთის ფირმა ,,ბ-ის” დირექტორის, ს. კ-ის, წარმომადგენელმა ა. ტ-იმ სარჩელი აღძრა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთისა” და მესამე პირის _ საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველო ,,ფოთის” მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ აღნიშნა, რომ ფირმა ,,ბ-ი” არასათანადო მოსარჩელეს წარომადგენდა, ვინაიდან სადავო ქონების მესაკუთრე იყო ფირმა ,,დ-ი” და დააყენა შუამდგომლობა არასათანადო მოსარჩელის, ფირმა ,,ბ-ის”, სათანადო მოსარჩელით _ ფირმა ,,დ-ით” შეცვლის თაობაზე.

სასამართლო კოლეგიამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ფირმა ,,ბ-ი” ცნობილ იქნა არასათანადო მოსარჩელედ და იგი შეიცვალა სათანადო მოსარჩელით _ ფირმა ,,დ-ით”.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2003წ. 12 მაისს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის დააკავეს გემი ,,სელიმ-1”, რომელიც კურსირებდა ბიჭვინთის პორტიდან და დატვირთული იყო 328 ცალი წიფლის მორით და 33 შეკვრა 70311 კვ.მ ხის ანათალით (ე.წ. “შპონით”). საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის, გემი ,,სელიმ-1” ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაჯარიმდა 200000 ლარით და დაპატიმრებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის უზრუნველსაყოფად.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გემზე არსებული ტვირთი გაფორმებული იყო საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ მიუხედავად მათი არაერთგზისი მოთხოვნისა, მოპასუხემ უარი განაცხადა ტვირთის გატანაზე, რაც იწვევდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანს, რადგან ტვირთი განთავსებული იყო ქ. ფოთის გემსაშენის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ და ყოველდღე მისი სასაქონლო ხარისხი და ღირებულება კლებულობდა.

მოსარჩელის განმარტებით, მან გემზე არსებული ტვირთის სრული გადასახადი გადაიხადა საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე და უარს აცხადებდა მის ხელმეორედ გადახდაზე.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა მოთხოვნა ტვირთის დაბრუნების ნაწილში და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება ტვირთის დანიშნულებისამებრ გატანის შესახებ ნებართვის გაცემის თაობაზე, ექსპორტის რეჟიმში განბაჟების გარეშე, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილზე განაცხადა უარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილებით თურქეთის ფირმა ,,დ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ სამმართველო ,,ფოთს” დაევალა ქ. ფოთის გემთსაშენის ტერიტორიაზე მდებარე ფირმა ,,დ-ის” კუთვნილი 328 ცალი 383171 მ3 წიფლის მორის და 33 შეკვრა 70311 კვ.მ წიფლის მორის ანათალის ექსპორტის რეჟიმში განბაჟება და მესაკუთრისათვის დაბრუნება.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გემ ,,სელიმ-1-ზე” არსებული ტვირთის, კერძოდ, 328 ცალი წიფლის მორის და 33 შეკვრა წიფლის მორის ანათალის (ე.წ. ,,შპონის”) მფლობელი იყო თურქული ფირმა ,,დ-ი” და მისი წარმომადგენელი ა. ტ-ი, ვინაიდან, სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სკ-ს 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს ან, რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფირმა ,,დ-ის” წარმომადგენელს ა. ტ-ის სრული უფლება ჰქონდა მოპასუხისაგან მოეთხოვა მისი კუთვნილი ტვირთის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის ნებართვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას პირადად და უშუალოდ ადგებოდა ზიანი.

სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ფირმა ,,დ-ი” წარმოადგენდა ტვირთის კეთილსინდისიერ მფლობელს, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ კი, აფხაზეთის ა/რ არალეგიტიმური საბაჟო კომიტეტის მიერ გაცემული ცნობით დასტურდებოდა, რომ აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელმა სრულად გადაიხადა როგორც ტვირთის, ისე განბაჟების გადასახადი. Aამასთანავე, რაიმე საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტით აფხაზეთის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა არ იყო აკრძალული, მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან, ამიტომ თურქული ფირმა ,,დ-ი” ვერ ივარაუდებდა, რომ აფხაზეთიდან რაიმე ტვირთის გატანა შეუძლებელი იყო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გემ ,,სელიმ-1-ზე” არსებული ტვირთი სახელმწიფო საზღვარს ვერ გადაკვეთდა საბაჟო გაფორმების გარეშე, კერძოდ, ტვირთი მოქცეული იყო ექსპორტის რეჟიმში და გადახდილი უნდა ყოფილიყო ასეთი ტვირთისათვის დადგენილი საბაჟო გადასახადი საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 19 მაისის ¹328 ბრძანებულების მე-7 პუნქტის თანახმად.

სასამართლოს განმარტებით, გემ ,,სელიმ-1-ის” კაპიტანმა დაარღვია აღნიშნული ბრძანებულებით დადგენილი წესი, რის გამოც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1911 მუხლით დაჯარიმდა 200 000 ლარით, ხოლო გემი დაკავებულ იქნა ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება ტვირთს, რომელიც აღნიშნულ გემზე იქნა აღმოჩენილი – გემის კაპიტანს რომ არ დაერღვია მოქმედი კანონმდებლობა, შესაძლებელი იქნებოდა, იგი მოქცეულიყო შესაბამის საბაჟო რეჟიმში მას შემდეგ, როცა კანონიერად შევიდოდა ფოთის საბაჟოში.

სასამართლოს განმარტებით, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეგიონალურ სამმართველო ,,ფოთს” და საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო ,,დასავლეთს” არ დაუდგენიათ და არც გემის კაპიტნის განმარტებიდან ირკვეოდა, რომ ტვირთის მფლობელს ჰქონდა განზრახვა საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას საბაჟო კონტროლისათვის დაემალა ტვირთი, რაც ფაქტობრივად გამორიცხავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პასუხისმგებლობას საბაჟო წესების დარღვევისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის” მიერ ტვირთი გაშვებული უნდა ყოფილიყო ექსპორტის რეჟიმში, რაც არ ითვალისწინებდა ტვირთის დეკლარირებას.

ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონური საბაჟო “დასავლეთის” განცხადების საფუძველზე სასამართლო კოლეგიამ 2003წ. 16 ივნისის განჩინებით განმარტა 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება და მიუთითა, რომ რეგიონალურ საბაჟო “დასავლეთს” უნდა მოეხდინა ფირმა “დ-ისათვის” ტვირთის დაბრუნება ექსპორტის რეჟიმში დეკლარირების გარეშე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თურქეთის ფირმა ,,დ-ის” წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სწორად ჰქონდა მითითებული იმის თაობაზე, რომ ტვირთი გაშვებული უნდა ყოფილიყო ექსპორტის რეჟიმში, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ერთხელ უკვე დეკლარირებული ტვირთის ხელმეორედ დეკლარირებას, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული მომენტი არ დააფიქსირა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში და მიუთითა ტვირთის ექსპორტის რეჟიმში განბაჟების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლით საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველო ,,ფოთისათვის” ფირმა ,,დ-ის” კუთვნილი 328 ცალი 383171 მ3 წიფლის მორის და 33 შეკვრა 70311 კვ.მ წიფლის მორის ანათალის მესაკუთრისათვის დეკლარირების გარეშე დაბრუნების დაკისრება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურმა საბაჟო ,,დასავლეთმაც”, რომელმაც აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო.

კასატორის განმარტებით, იგი ტვირთის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში ექსპორტს თურქეთის ფირმა ,,დ-ისათვის” დაბრუნებას დეკლარირების გარეშე ვერ მოახდენდა თუნდაც იმის გამოც, რომ ტვირთის გადაზიდვა ფოთის ნავსადგურიდან უნდა განხორციელებულიყო სხვა გემით, ვინაიდან გემი ,,სელიმ-1” ჯარიმის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული იყო მესაზღვრეების მიერ. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ტვირთის გადაზიდვა ფოთის ნავსადგურიდან უნდა განხორციელებულიყო სხვა გემით, მასზე გემის აგენტის მიერ გამოწერილი უნდა ყოფილიყო ახალი გემის მანიფესტი, კონოსამენტი და გენერალური დეკლარაცია, ხოლო მის მიერ უნდა გაფორმებულიყო სატვირთო საბაჟო დეკლარაცია.

ამდენად, კასატორის განმარტებით, იმისათვის, რომ მოსარჩელეს საბაჟო კანონმდებლობის დაცვით განეხორციელებინა ტვირთის შესაბამისი საბაჟო გაფორმება და დეკლარირება, აუცილებელი იყო საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001წ. 21 ნოემბრის ¹798-ე ბრძანების საფუძველზე საბაჟოსათვის სატვირთო დეკლარაციასთან ერთად წარმოედგინა შემდეგი საბუთები და ცნობები:

1. საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის მონაწილე სუბიექტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;

2. ანგარიშფაქტურა;

3. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის დამადასტურებელი საბუთი;

4. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი;

5. სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;

6. თუ საქონელი ექსპორტირებისას ექვემდებარება ლიცენზირებას, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო პალატის სასამართლო სხდომაზე თურქეთის ფირმა “დ-ის” წარმომადგენელმა ნ. ჯ-მა უარი განაცხადა მისი მარწმუნებლის მიერ შემოტანილ საკასაციო საჩივარზე და ითხოვა მათ საკასაციო საჩივარზე საკასაციო წარმოების შეწყვეტა. ამავე დროს შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა ტვირთის დაბრუნება ექსპორტის რეჟიმისა და დეკლარირებისაგან განთავისუფლების გარეშე.

კასატორმა, რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” წარმომადგენელმა დ. გ-მა ასევე შეამცირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნები და განაცხადა თანხმობა, მოსარჩელეს დაბრუნებოდა მისი კუთვნილი ტვირთი ექსპორტის რეჟიმისა და დეკლარირებისაგან განთავისუფლების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორის _ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის _ თურქეთის ფირმა “დ-ის” სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის, თურქეთის ფირმა “დ-ის” წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, მოხსნა მოთხოვნა აღნიშნული ტვირთის ექსპორტის რეჟიმსა და დეკლარირების გარეშე გატანის თაობაზე და ითხოვა საბაჟო “დასავლეთს” დავალებოდა ფირმის კუთვნილი 328 ცალი 383171 მ3 წიფლის მორისა და 33 შეკვრა 70311 კვ მ. წიფლის მორის ანათალის მესაკუთრისათვის დაბრუნება. Kკასატორის, საბაჟო “დასავლეთის” წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბაჟო “დასავლეთი” არაა წინააღმდეგი, მესაკუთრეს დაუბრუნდეს კუთვნილი საქონელი, მაგრამ არა ექსპორტის რეჟიმში დეკლარირების გარეშე, ანუ ფაქტობრივად ცნო მოსარჩელის შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა.

აღნიშნული გარემოებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თურქეთის ფირმა “დ-ის’’ სასარჩელო მოთხოვნა მისთვის, როგორც მესაკუთრისათვის, 328 ცალი 383171 კვ.მ. წიფლის მორისა და 33 შეკვრა 70311 კვ.მ. წიფლის მორის ანათალის დაბრუნების შესახებ საფუძვლიანია. ვინაიდან, საქმის გარემოებები ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო სსკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე.

საკასაციო სასამართლო ასევე თვლის, რომ თურქეთის ფირმა “დ-ის’’ წარმომადგენელმა უარი განაცხადა რა მათ მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარზე, შესაბამისად უნდა შეწყდეს მათ საკასაციო საჩივარზე საკასაციო წარმოებაც.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. კასატორის _ თურქული ფირმა “დ-ის” საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საკასაციო წარმოება;

2. კასატორის _ საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

4. თურქეთის ფირმა “დ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს;

5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო “დასავლეთს” დაუბრუნოს თურქეთის ფირმა “დ-ს” მისი კუთვნილი 383 171 მ3 წიფლის მორი და 33 შეკვრა 70311 მ2 წიფლის მორის ანათალი, რომელიც განთავსებულია ქ. ფოთის გემთსაშენის ტერიტორიაზე.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.