ბს-215-182-კ-04 7 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 30 იანვარს ლ. მ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლიდან იგი მუშაობდა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ისანი-სამგორის რაიონულ განყოფილებაში ზონის მოანგარიშედ.
სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2002წ. 7 ივნისის ¹02/126-მ და 1 ივლისის ¹02/157 ბრძანებების საფუძველზე ფონდის ქ. თბილისის რაიონულ განყოფილებებში ჩატარდა 2001წ. 1 იანვრიდან 2002წ. 1 მაისამდე პერიოდში ფულადი გზავნილებით (150 ლარის ზევით) საპენსიო თანხების მოძრაობის რეალობის თემატური შემოწმება. შემოწმების შედეგად ფონდის ისანი-სამგორის რაიონულ განყოფილებაში გამოვლინდა პირადი ანგარიშების უხეში დარღვევები, რის გამოც, აღნიშნული განყოფილების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეული მუშაობა ჩაითვალა არადამაკმაყოფილებლად.
სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2002წ. 31 დეკემბრის ¹02/467 ბრძანებით ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების ზონის მოანგარიშე ლ. მ.-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ლ. მ.-მ აღნიშნული ბრძანება მიიჩნია უკანონოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ არ უნდა გამოყენებულიყო შკკ-ის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” პუნქტი, რადგანაც მას ეკავა ყველაზე დაბალი თანამდებობა და პასუხისმგებელი არ იყო საპენსიო საქმეთა მონაცემების სისწორეზე, შესაბამისად, მის ქმედებაში არ ყოფილა განზრახი ბრალი. ლ. მ.-თან საპენსიო საქმე უკვე გამზადებული მიდიოდა, ხოლო მის სისწორეზე კონტროლი ევალებოდათ ზონის ინსპექტორსა და ბუღალტერ-კონტროლიორს.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ თუ მან შეცდომა დაუშვა, ადმინისტრაციამ მის მიმართ არასწორად გამოიყენა სასჯელის უმკაცრესი ზომა. იგი 1977 წლიდან მუშაობდა აღნიშნულ სისტემაში და ადმინისტრაციის მხრიდან ამ დროის განმავლობაში შენიშვნაც კი არ მიუღია.
მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ ასევე არასწორად იქნა გამოყენებული შკკ-ის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტი, რადგანაც აღნიშნული ნორმა მისი გამოყენებისას უკვე გაუქმებული იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2002წ. 31 დეკემბრის ¹02/467 ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა.
2003წ. 28 ივლისს მოსარჩელეებმა, აგრეთვე, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების ყოფილმა თანამშრომლებმა _ ნ. თ.-მ და თ. თ.-მაც აღძრეს სარჩელი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.
სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2002წ. 31 დეკემბრის ¹02/467 ბრძანებით, შკკ-ის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” პუნქტისა და 135-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად, მოსარჩელეები _ რაიონული განყოფილების ზონის მოანგარიშე თ. თ.-ი და ბუღალტერ-კონტროლიორი ნ. თ.-ი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.
მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლებას თვლიდნენ უკანონოდ შემდეგი გარემოებების გამო:
1. დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ მათ შეატყობინეს ტელეფონის საშუალებით, ხოლო შეტყობინება არ დაუდასტურებიათ ხელმოწერით. გარდა ამისა, მოსარჩელე ნ. თ.-ი იმყოფებოდა შრომისუუნარობის ფურცელზე;
2. მათ მიმართ არ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და არ დაკისრებიათ არავითარი ადმინისტრაციული სახდელი;
3. შკკ-ის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტი საერთოდ გაუქმებული იყო, ხოლო რაიმე დისციპლინური დარღვევა ან სასჯელი მოსარჩელეებზე ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით არ ყოფილა დაფიქსირებული;
4. დაირღვა შკკ-ის 371-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ადმინისტრაციის ინიციატივით, შრომის ხელშეკრულების მოშლა აკრძალულია ორგანიზაციის პროფკავშირის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ფონდის ისანი-სამგორის რაიონულ განყოფილებაში არსებობდა ... პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელშიც მოსარჩელეებიც იყვნენ გაერთიანებული. პროფკავშირის თანხმობა კი მათი თანამდებობიდან გათავისუფლებაზე არ ყოფილა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ითხოვეს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ¹02/467 ბრძანების ბათილად ცნობა და მათი აღდგენა თავდაპირველ თანამდებობებზე.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. მ.-ის, ნ. თ.-ისა და თ. თ.-ის წარმომადგენელ ბ. ყ.-ის შუამდგომლობა და ერთ წარმოებად გაერთიანდა ორი საქმე, კერძოდ, საქმე _ ლ. მ.-ის სარჩელის გამო მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე და საქმე _ ნ. თ.-ისა და თ. თ.-ის სარჩელის გამო სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით ნ. თ.-ის, თ. თ.-ისა და ლ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ლ. მ.-მ და თ. თ.-მ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ნოემბრის განჩინებით თ. თ.-ისა და ლ. მ.-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მაისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს თ. თ.-მ და ლ. მ.-მ.
კასატორი თ. თ.-ი თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება 2002წ. 2 დეკემბრის აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ ბრძანებას. მისი განმარტებით, სასამართლომ მტკიცებულებები გამოიკვლია არასრულყოფილად და არაობიექტურად, რაც უნდა გახდეს სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ნოემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.
კასატორმა ლ. მ.-მაც იგივე საფუძვლებზე მიუთითა თავის საკასაციო საჩივარში, რა საფუძვლებზეც მითითებული ჰქონდა სარჩელში.
კასატორებმა საკასაციო საჩივრებით ითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2002წ. 31 დეკემბრის ¹02/467 ბრძანებას საფუძვლად დაედო ამავე ფონდის 2002წ. 7 ივნისის ¹02/126-მ და 1 ივლისის ¹02/157 ბრძანებების საფუძველზე ფონდის ქ. თბილისის რაიონულ განყოფილებებში ჩატარებული 2001წ. 1 იანვრიდან 2002წ. 1 მაისამდე პერიოდში ფულადი გზავნილებით (150 ლარის ზევით) საპენსიო თანხების მოძრაობის რეალობის თემატური შემოწმება. გასაჩივრებული ბრძანების მე-3 პუნქტით ფონდის ისანი-სამგორის რაიონულ განყოფილებაში საპენსიო პირადი ანგარიშების დადგენილი წესის უხეში დარღვევებით წარმოების, გასული პერიოდის მიუღებელი პენსიების გაცემის მოტივით, არასრულყოფილი და საჭირო ძირითადი საბუთების გარეშე, აგრეთვე, გადასწორებული საბუთებით თანხების დანიშვნა-დარიცხვისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის, რამაც განაპირობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საპენსიო თანხების უკანონოდ ჩამოწერა-გაცემა, საქართველოს შკკ-ის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” პუნქტისა და 135-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად, ფონდის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების ზონის მოანგარიშეები _ თ. თ.-ი და ლ. მ.-ი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ლ. მ.-სა და თ. თ.-ს სარჩელი არ აღუძრავთ ფონდის ისანი-სამგორის რაიონულ განყოფილებაში შერჩევითი წესით შემოწმებული 2001წ. 1 იანვრიდან 2002წ. 1 მაისამდე პერიოდში ფულადი გზავნილებით საპენსიო თანხების მოძრაობის კანონიერების შესახებ 2002წ. 2 დეკემბრის აქტის ბათილობის მოთხოვნით, რომელშიც აისახა ლ. მ.-ისა და თ. თ.-ის მიერ ჩადენილი დარღვევები.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, რადგანაც ზემოაღნიშნული აქტი კანონიერ ძალაშია, სააპელაციო პალატამ სწორად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოტივაცია, რომ საქართველოს შკკ-ის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” პუნქტის თანახმად, საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეუძლია ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა იმ მუშაკის ბრალეული ქმედების გამო, რომელიც პასუხისმგებელია ფულად ან სასაქონლო ფასეულობებზე, თუ ეს ქმედება ადმინისტრაციის მხრიდან ქმნის მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შკკ-ის 135-ე მუხლის “დ” პუნქტის გამოყენებისა და დაკავებული თანამდებობებიდან თ. თ.-ისა და ლ. მ.-ის გათავისუფლების სრული უფლება ჰქონდა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სწორად გამოიყენა შკკ-ის 1351-ე მუხლის პირველი ნაწილი და 136-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელთა თანახმად, დისციპლინურ სასჯელს იყენებს ის ორგანო, რომელსაც უფლება აქვს ეს მუშაკი მიიღოს, დანიშნოს, აირჩიოს და დაამტკიცოს თანამდებობაზე, ხოლო ორგანიზაციის ადმინისტრაცია დისციპლინურ სასჯელს იყენებს გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.
რადგანაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში გაფორმებული არ არის ხელშეკრულება ვეტერანთა და პენსიონერთა პროფკავშირთან, ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. მ.-ისა და თ. თ.-ის თანამდებობებიდან გათავისუფლება კანონიერია.
რაც შეეხება კასატორთა განმარტებას, რომ 2002წ. 2 დეკემბრის აქტი მოცემულ საქმეში არ მოიპოვება სრულყოფილი სახით, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, დაყრდნობოდა ასეთ მტკიცებულებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო აღნიშნული აქტის მხოლოდ ნაწილი, რომელიც მათ უშუალოდ შეეხებოდა. ამდენად, სააპელაციო პალატას ხსენებულ აქტზე მსჯელობისას არ დაურღვევია სსკ-ის მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. თ.-ისა და ლ. მ.-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.