Facebook Twitter

¹ბს-22-19-კ-04 21 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 22 აპრილს ნ. ე.-მ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ შსს-ს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიმართ სარჩელი აღძრა და მის მიერ გამოცემული ¹39/2-403 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, მეუღლის 10 წლის ხელფასისა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, ასევე, მეუღლის მშობლების საპენსიო უზრუნველყოფა მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1994წ. 5 იანვარს მისი მეუღლე _ ტყიბულის შინაგან საქმეთა საქალაქო ... სამსახურის ...-ი გ. წ.-ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს 1994წ. 8 აპრილის დასკვნით იქნა დამტკიცებული.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს გადაეგზავნა, რომელსაც მატერიალური დახმარების და საპენსიო საკითხების უზრუნველყოფის მიზნით “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, ერთდროული კომსპენსაციის – 10 წლის ხელფასის ოდენობისა და დაკრძალვის ხარჯები უნდა აენაზღაურებინა.

მოსარჩელის თქმით, მისთვის 2002წ. მარტამდე არ იყო ცნობილი ამ დასკვნის შესახებ, ასევე იმის თაობაზე, რომ შეეძლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქმრის 10 წლის ხელფასის ანაზღაურება მოეთხოვა და აღნიშნული იყო მხოლოდ მიზეზი იმისა, რომ მას ამ დრომდე შს სამინისტროსთვის ზემომითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით არ მიუმართავს. დოკუმენტაცია შს სამინისტროს კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში მისი თანდასწრებით შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ კომპენსაცია და დაკრძალვის ხარჯები გაცემული არ ყოფილა, მაგრამ აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან წერილობითი პასუხი მიიღო, რომ მინისტრის 1997წ. 7 აგვისტოს ¹460 ბრძანების თანახმად, დოკუმენტაცია განადგურდა და შს სამინისტროს არ შეეძლო დაედგინა, ჰქონდა თუ არა მას აღნიშნული დახმარებები მიღებული.

2002წ. 9 სექტემბრის განცხადებით მოსარჩელემ სარჩელის საგანი დააზუსტა და მოპასუხისაგან მეუღლის 10 წლის ხელფასის – 11356.8 ლარისა და დაკრძალვის ხარჯების – 2000 ლარის, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკრძალვის ხარჯების – 500 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

მოპასუხე შსს-ს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ნ. ე.-მ საქართველოს 1964წ. რედაქციის სამოქალაქო სამართლის კოდექსით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გაუშვა. ამასთან, მოსარჩელეს ან გარდაცვლილის ოჯახის რომელიმე წევრს “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანაზღაურება ჰქონდა თუ არა მიღებული, ვერ დადგინდა.

2002წ. 31 ივლისის საოქმო დადგენილებით საქმეში მესამე პირად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ჩაება.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ე.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ე.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტის მოსაზრებით, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ შსს დოკუმენტაცია ხელაღებით განადგურებულიყო, ყოველ შემთხვევაში დოკუმენტის განადგურების აქტი უნდა შედგენილიყო, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომელი და რა შინაარსის დოკუმენტი იყო განადგურებული. ამასთან, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია, მოპასუხის მიერ სსკ-ის ნორმების დარღვევას, კერძოდ, არ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელიც მასთან ინახებოდა და რომელზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებდა, რითაც პროცესის დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები უგულებელყო.

აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის მე-80 მუხლი (1964წ. რედაქციის). გადაწყვეტილებაში ფაქტობრივად და იურიდიულად დასაბუთებული არ იყო, თუ რა გარემოებებსა და მტკიცებულებებს უკავშირებდა იგი მოსარჩელის მხრიდან სარჩელის უფლების წარმოშობის რეალურ დროს.

აპელანტი აღნიშნავდა, რომ პენსიის დანიშვნის დროს შსს-ს დასკვნა და შესაბამისად კომპენსაციის მიღების უფლება არ არსებობდა და, ამდენად, შეუძლებელი იყო ამის შესახებ გაეგო. ამიტომ, სასამართლოს მსჯელობა, რომ თითქოს მას პენსია მიმართვისას დროულად დაენიშნა და აუცილებლად უნდა შეეტყო კომპენსაციის შესახებაც, უსაფუძვლო იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინებით ნ. ე.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 სექტემბრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ნ. ე.-ის მეუღლე 1994წ. 5 იანვარს გარდაიცვალა, სარჩელი კი 2002წ. 22 აპრილს იქნა აღძრული, 1964წ. რედაქციის სკ-ის 75-ე მუხლის თანახმად, რომელიც სამწლიან ხანდაზმულობის ვადას ითვალისწინებდა, სარჩელი ხანდაზმული იყო. ამასთან, ამავე კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა სასარჩელო უფლების წარმოშობის დღიდან იწყებოდა, ნ. ე.-მ კი საპატიო მიზეზი, რის გამოც კანონით დადგენილ ვადაში დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოს არ მიმართა, ვერ მიუთითა.

აღნიშნული განჩინება ნ. ე.-მ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ნ. ე.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი და სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, რაც სსკ-ის შესაბამისად, განჩინების გაუქმების საფუძველია.

“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უნაზღაურდება ერთდროული კომპენსაცია 10 წლის ხელფასის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯებსაც სახელმწიფო გაიღებს. ამავე კანონის თანახმად, შსს გენერალური ინსპექტორის შიდასამსახურებრივი მოკვლევის დასკვნა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ უნდა დამტკიცდეს, რათა დადგინდეს, რომ პოლიციის მუშაკი ნამდვილად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა და მის ოჯახს შესაბამისი კომპენსაცია ეკუთვნის.

საქმის მასალებით დადგენილია და არც შსს-ს წარმომადგენელს გაუხდია სადავოდ, რომ კასატორის მეუღლე გ. წ.-ე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაიღუპა, შედგა ასევე შსს გენერალური ინსპექციის შიდასამსახურებრივი მოკვლევის დასკვნა და იგი შსს მინისტრის მიერ დამტკიცდა.

საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოსა და მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ ხსენებული აქტი _ შსს მინისტრის მიერ დამტკიცებული დასკვნა ნ. ე.-ს არ გაგზავნია და აღნიშნულის თაობაზე არც სხვა წესით გამხდარა მისთვის ცნობილი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ერთჯერადი კომპენსაციის სახით 10 წლის ხელფასის მიღების ანაზღაურებაზე ნ. ე.-ის მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან მისთვის ცნობილი არ ყოფილა მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი.

1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. 1997წ. სკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, როგორც ვხედავთ, ორივე მუხლის დეფინაციაში მთავარი მოთხოვნაა, რომ პირმა უნდა შეიტყოს მოთხოვნის ან უფლების წარმოშობის შესახებ, რათა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმულად არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა მოთხოვნის წარმოშობის შესახებ, ხოლო სამოქალაქო კანონმდებლობის დებულება, რომ კანონის არცოდნა ან არასათანადო გაგება ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, აღნიშნულ შემთხვევას არ შეესაბამება, რადგან მოცემულ დავაში არა კანონის, არამედ მინისტრის დასკვნის არცოდნაზეა საუბარი, რომელიც ნ. ე.-ს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებას ანიჭებდა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ შსს-ში დოკუმენტების განადგურების გამო, ვერ დგინდება, აქვს თუ არა ნ. ე.-ს 10 წლის კომპენსაციის თანხა უკვე მიღებული და განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი შსს სამინისტროს ეკისრება. ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებით კასატორის მიერ კუთვნილი კომპენსაციის მიღებაც არ დასტურდება. ამდენად, აღნიშნული სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

საკასაციო სასამართლო დამატებით არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და განმარტავს _ ის ფაქტი, რომ ნ. ე.-მ განცხადებით მიმართა სოცდაზღვევის ფონდს და მეუღლის გარდაცვალების გამო, სამი არასრულწლოვანი შვილისათვის მარჩენლის დაკარგვის გამო პენსია დაენიშნა, არ ნიშნავს, რომ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ მას 10 წლის კომპენსაციაც ეკუთვნოდა, რადგან ხსენებული კომპენსაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია გათვალისწინებული, თუ პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპება, აღნიშნულზე შიდა სამსახურებრივი აქტი შედგება და იგი შსს მინისტრის მიერ დამტკიცდება. მარჩენლის დაკარგვის გამო პენსია კი მას და მის შვილებს კანონით გათვალისწინებული წესით ეკუთვნოდათ და აღნიშნული ერთმანეთთან სამართლებრივ კავშირში არ არის. უმართებულოა იმის მტკიცება, რომ, რადგან მან სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მიმართა, მისთვის შსს მინისტრის დასკვნის თაობაზეც ცნობილი იყო.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები საჭიროებს დამატებით და სრულყოფილ გამოკვლევას, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ე.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.