ბს-235-374-კ-03 23 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 14 იანვარს დ. ა-ემ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის ......... რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შსს-ს მიმართ და მოითხოვა შს მინისტრის 2001წ. 31 აგვისტოს ¹365პ/შ ბრძანების გაუქმება მოსარჩელის ........ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანამდებობიდან განთავისუფლების ნაწილში და განთავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ იგი მუშაობდა შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოს ......... საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანამდებობაზე. 2001წ. 28 ივლისს იგი შსს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი მთავარი სამმართველოს მუშაკებმა თანმხლებ პირებთან ერთად, ნასვამი დააკავეს ქ. თბლისში, ......... პროსპექტზე, და წარადგინეს ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რომლის 2001წ. 29 ივლისის დასკვნის თანახმად, შემოწმების მომენტში იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ.
მოსარჩელის განმარტებით, ამ ფაქტის საფუძველზე მასზე გაფორმდა სამსახურეობრივი ატესტაცია იმის შესახებ, რომ იგი არ შეეფერებოდა დაკავებულ თანამდებობას და 2001წ. 31 აგვისტოს შს სამინისტრომ გამოსცა ¹356პ/შ ბრძანება მისი შს ორგანოებიდან დათხოვნის თაობაზე, რის შესახებაც მისთვის ცნობილი გახდა 2001წ. დეკემბერში. მისი სამსახურიდან დათხოვნა მოხდა წინასწარი შეტყობინების გარეშე, იგი დადიოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. როგორც შემდგომ გაიგო, მისი განთავისუფლების საფუძველი გახდა ის, რომ თითქოსდა იგი დაკავებისას ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო, რაც არასწორია, რადგან ნარკოტიკი არასდროს არ მიუღია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა შს მინისტრის 2001წ. 31 აგვისტოს ¹356 ბრძანების გაუქმება ......... საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანამდებობიდან განთავისუფლების ნაწილში და მისი ადრე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა.
მოპასუხემ _ შს სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2001წ. 29 ივლისის ¹1643 დასკვნით დ. ა-ე შემოწმების მომენტში კლინიკურად იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ, რაც თავადაც აღიარა 2002წ. 29 ივლისს მიცემულ ახსნა-განმარტებაში.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს საქართველოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება ან მოქმედება, რადგან მოსარჩელემ იცოდა, რომ 2001წ. 31 აგვისტოს დათხოვნილი იყო შს ორგანოებიდან, მან კი სასამართლოში სარჩელი შეიტანა 2002წ. 11 იანვარს.
თბილისის ......... რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით დ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს შს მინისტრის 2001წ. 31 აგვისტოს ¹356 ბრძანება დ. ა-ის დათხოვნის შესახებ და იგი აღდგენილ იქნა პირვანდელ თანამდებობაზე, შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის საგამოძიებო სამმართველოს ........ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის თაობაზე, ვინაიდან სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გასაჩივრებული ბრძანება მოსარჩელეს არ გაგზავნია და იგი ცნობილი არ იყო მისთვის.
სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია გასაჩივრებულ ბრძანებაში ,,საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის გამოყენება, ვინაიდან, სასამართლოს განმარტებით, დადგენილი არ იყო სამსახურებრივი შეუფერებლობა და ნარკოტიკული საშუალებების ზეგავლენის ქვეშ ყოფნის ფაქტი.
თბილისის ......... რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს-ომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისის განჩინებით საქართველოს შს სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის .......... რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილება.
სასამართლომ გადაწყვეტილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV და VI თავის დებულებები, კერძოდ, 52.1.2, 53-ე და 96-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ასევე დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით გამოუკვლეველი გარემოება ან ფაქტი.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას საერთოდ არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება, რითაც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის მოთხოვნები, რომელთა თანახმად მოსარჩელე დ. ა-ე უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შს სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით შსს-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ განჩინების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა შს მინისტრის 2001წ. 31 აგვისტოს ¹356 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV და VI თავებით დადგენილი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის წესების დაუცველობის გამო, ვინაიდან, სასამართლოს განმარტებით, შს მინისტრის 2001წ. 31 აგვისტოს ¹356 ბრძანებით შეწყდა საჯარო-სამართლებრივი სამსახურებრივი ურთიერთობა. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო-სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტა და არა ადმინისტრაციული აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სამსახურებრივი ატესტაცია და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით დადგენილი სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაცულობის საკითხი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს შს სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის .......... რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებას შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დ. ა-ე მუშაობდა რა შსს საგამოძიებო სამმართველოს ....... საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად, საქართველოს შს სამინისტროს 2001წ. 31 აგვისტოს ¹356 ბრძანებით დათხოვნილ იქნა “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის ,,დ” პუნქტით სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო საატესტაციო წესით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და მიღებული საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რაიონული სასამართლოს მიერ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გაზიარებულ იქნა დ. ა-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ სადავო ბრძანება მისთვის 2001წ. დეკემბერში გახდა ცნობილი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე გამოცემული ბრძანება განიხილებოდა როგორც ადმინისტრაციული გარიგება, მისი გასაჩივრების ვადის ათვლისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო სკ-ის 130-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ შს სამინისტროს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველოს ცნობის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ. ა-ეზე ხელფასის გაცემა 2001წ. 31 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილი იყო. ......... საგამოძიებო სამსახურის 2003წ. 6 მაისის ¹39/1-476 ცნობაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც დ. ა-ეს 2001წ. აგვისტოდანწ. ბოლომდე არც ერთი სისხლის სამართლის საქმე წარმოებაში არ ჰქონია, სასამართლომ არ გაიზიარა დ. ა-ის მტკიცება მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების თაობაზე, შესაბამისად სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დ. ა-ისათვის გასაჩივრებული ბრძანების თაობაზე ცნობილი იყო იმთავითვე, ხოლო მან სასამართლოს სარჩელით მიმართა ერთი თვის ვადის დარღვევით, რის გამოც მისი სარჩელი, როგორც ხანდაზმულობის ვადის დარღვევით შეტანილი, არ უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ა-ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გამოყენებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” 67-ე მუხლის ”დ” პუნქტი. ამ ნორმის შესაბამისად შს მინისტრის 1998წ. 26 ნოემბრის ¹601 ბრძანებით დამტკიცებული იყო ,,ინსტრუქცია საქართველოს შს ორგანოების რიგით და ოფიცერთა შემადგენლობის მიერ ატესტაციის წესის გავლის შესახებ”, რომელიც მოქმედებდა 2001წ. 29 ივლისისათვისაც და 31 აგვისტოსათვისაც. სააპელაციო პალატამ აღნიშნული ინსტრუქცია საერთოდ არ გამოიყენა. მისი დათხოვნა კი სწორედ ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის სარჩელის მიმართვის ვადის ათვლის საწყისი მომენტის განსაზღვრისათვის მტკიცებულება შეიძლება იყოს მხოლოდ დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მას გამოეცხადა შს მინისტრის 2001წ. 31 აგვისტოს ბრძანება ხელმოწერით, ასეთი მტკიცებულება კი საქმეში არ მოიპოვება. შესაბამისად, კანონშეუსაბამოა საოლქო სასამართლოს მსჯელობა ვადის ათვლის მომენტთან და ერთთვიანი ვადის გაშვებასთან დაკავშირებით. საოლქო სასამართლოს არა აქვს დადგენილი ვადის ათვლის კონკრეტული თარიღი. აღნიშნულის მტკიცებულებად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხელფასის დარიცხვის შეწყვეტა, რაც მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რადგან ხელფასები დაგვიანებით ეძლეოდათ.
კასატორის განმარტებით, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობად არ შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ იგი არ აწარმოებდა არც ერთი საქმის გამოძიებას. აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ის არ ასრულებდა სხვა მოვალეობას, რადგან იგი ამ პერიოდში დადიოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს აკისრია და მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, ხოლო თუ მოპასუხე ამას არ ან ვერ გააკეთებდა, სასამართლო უფლებამოსილი იყო, თავად გამოეთხოვა საჭირო მტკიცებულებები, რაც არ გაკეთებულა.
კასატორის მითითებით, შეუსაბამობებია გასაჩივრებული ბრძანების თარიღსა და მის საფუძვლად მითითებულ შუამდგომლობის თარიღში _ 2001წ. 31 აგვისტოს ბრძანების საფუძვლად მითითებულია 2001წ. 23 სექტემბრის ¹39/სდ-1702 შუამდგომლობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორის _ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის თაობაზე, რომ დ. ა-ემ სარჩელით სასამართლოს მიმართა კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დ. ა-ის დაკავების მეორე დღეს, 2001წ. 30 ივლისს, შედგა შსს-ს საატესტაციო კომისიის სხდომა და გაიცა დასკვნა, რომ დ. ა-ე თავისი საქმიანი და პირადი თვისებებით არ შეეფერებოდა დაკავებულ თანამდებობას, იმსახურებდა განთავისუფლებას და შს ორგანოებიდან დათხოვნას. აღნიშნულ დასკვნას გაეცნო თავად დ. ა-ე და თავისი ხელით გააკეთა მინაწერი, რომ ატესტაციის დასკვნას გაეცნო, დაუშვა ისეთი საქციელი, რომელიც არ შეეფერებოდა, რისთვისაც იმსახურებს დასჯას, ანუ ფაქტობრივად, დ. ა-ესათვის უკვე ამ პერიოდისათვის ცნობილი იყო მისი მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. შსს სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარ, სამმართველოს ცნობის თანახმად, დ. ა-ეზე 2001წ. 31 აგვისტოს შემდეგ ხელფასების დარიცხვა შეწყდა. ასევე დადასტურებულია, რომ კასატორს 2001წ. აგვისტოდანწ. ბოლომდე წარმოებაში არ ჰქონია არც ერთი სისხლის სამართლის საქმე. ხელმძღვანელობის მითითებით დ. ა-ეს ბოლომდე არ გაუვლია აკადემიის სასწავლო ცენტრში პირველადი მომზადების კურსები მისი საკითხის გარკვევის მოტივით. მითითებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ა-ისათვის გასაჩივრებული ბრძანების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ კასატორს იგი არ ჩაბარებია, ცნობილი იყო იმთავითვე, ხოლო სარჩელით სასამართლოს მიმართა 2002წ. 14 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა, მართალია, არ უსპობს პირს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, მაგრამ წარმოადგენს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს და სასამართლოს მიერ იმ გარემოებების დადგენისას, რომ მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილია მოცემული დავისათვის კანონით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა ხანდაზმულობის საკითხი და მიიღო საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ არსებობს კასატორ დ. ა-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილება.
ვინაიდან, ხანდაზმულობის ვადის გასვლა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, საკასაციო პალატა არ იმსჯელებს არსებითად საკასაციო საჩივრის სხვა სამართლებრივ საფუძვლებზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორის _ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.