ბს-236-375-კ-03 28 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 14 ივლისს თ. ბ-ემ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე პ. წ-ის მიმართ სარჩელი აღძრა და უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის, 15000 აშშ დოლარის, ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად Aშემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ გ. გ-ემ და გ. ო-ამ თაღლითური გზით მიითვისეს მისი კუთვნილი 8000 აშშ დოლარი, რომელიც პროცენტით უნდა დაებრუნებინათ და საერთო ჯამში 13000 აშშ დოლარი მიეღო. 1999წ. 1 თებერვალს თბილისის დიდუბის რაიონის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რაც შემდგომ შსს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის დიდუბის რაიონის განყოფილებას გადაეცა და 3 თებერვალს გამომძიებელ პ. წ-ს დაეწერა. 1999წ. 2 აგვისტოს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულებს: გ. გ-ესა და გ. ო-ას თ. ბ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად 13000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას პ. წ-მა უხეშად დაარღვია სამსახურებრივი მოვალეობა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც იმაში გამოიხატა, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ზომები არ მიიღო, კერძოდ, ბრალდებული გ. გ-ის საცხოვრებელი ბინა არ დააყადაღა, მაშინ, როცა დიდუბის რაიონის პროკურორმა კანონის საფუძველზე გამომძიებელს პირდაპირ მიუთითა, რომ დაზარალებულთა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად ზომები მიეღო.
თ. ბ-ე აღნიშნავდა, რომ მან რამდენჯერმე მიმართა გამომძიებელს გ. გ-ის ბინაზე ყადაღის დადების მოთხოვნით, მაგრამ მოპასუხემ არათუ გაითვალისწინა, არამედ, პირიქით, თხოვნით მიმართა ¹1 საგამოძიებო იზოლატორის უფროსის მოადგილეს, რათა მათზე რიცხული განსასჯელის, გ. გ-ის, ხელმოწერა დაედასტურებინა მინდობილობაზე, რომლითაც იგი თავის ქალიშვილს უფლებას აძლევდა მისი უძრავ-მოძრავი ქონება განეკარგა, ანუ მოპასუხე პ. წ-მა უკანონო ქმედებით თ. ბ-ეს ზარალის ანაზღაურების საშუალება არ მისცა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხის ბრალეული ქმედების შესახებ განცხადებით მიმართა საპარლამენტო ფრაქცია “მ-ის” ლიდერს მ. ს-ს, რომელმაც აღნიშნული განცხადება გენერალურ პროკურორს გადაუგზავნა, რის შემდეგაც პ. წ-ი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და შსს-ს სისტემიდან დაითხოვეს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურება არ მომხდარა. თ. ბ-ის მოსაზრებით, სკ-ს მე-18-997-ე და 1005-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხე პ. წ-ი ვალდებული იყო, მისი ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი აენაზღაურებინა.
მოპასუხე პ. წოწოკოლაურმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე, რომელიც 1999წ. 2 აპრილს გ. გ-ის მინდობილობით მის ქალიშვილსა და მ. ყ-ას შორის 8000 ლარზე დაიდო, თ. ბ-ეს სარჩელი ჰქონდა შეტანილი, რომელიც არ დაკმაყოფილდა და ნასყიდობის ხელშეკრულება კანონიერად იქნა აღიარებული.
მოპასუხე აღნიშნავდა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ გ. გ-ის სახელზე ირიცხებოდა ქ. თბილისში, ........ ქუჩაზე მდებარე ოროთახიანი ბინა 39 მ2 ფართით. 20 მ2 ფართის ერთი ოთახი ჯერ კიდევ 1998წ. იპოთეკის ხელშეკრულებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მ. მ-ს ეკუთვნოდა. აღნიშნული ბინა გ. გ-ემ პრივატიზაციის წესით 1992 წელს გაიფორმა და ამ ბინის თანამესაკუთრენი იყვნენ მისი რეგისტრირებული მეუღლე და ქალიშვილი. ამდენად, მოპასუხე პ. წ-ის მოსაზრებით, გ. გ-ეს სადავო ბინიდან წილი არ ეკუთვნოდა და ამ ბინის გაყიდვა თ. ბ-ის ზიანის ასანაზღაურებლად მაინც ვერ მოხდებოდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ბ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პ. წ-ისათვის 6500 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხე პ. წ-მა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და აღნიშნა, რომ ზარალი მან არ უნდა აანაზღაუროს, ვინაიდან ზარალი დადგა არა პ. წ-ის, არამედ გ. გ-ის უკანონო ქმედებით, აგრეთვე არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი გამომძიებლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 28 მაისის განჩინებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება თ. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 14 სექტემბრის განჩინებით თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 28 მაისის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 28 იანვრის განჩინებით თ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ, მოსარჩელის მოთხოვნით, შსს საქმეში მოპასუხედ ჩააბა. რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად გ. და გუ. გ-ეებიც ჩაებნენ.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს: შსს-ს და პ. წ-ს თ. ბ-ის სასარგებლოდ 6500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება პ. წ-მა იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით პ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა. თ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამომძიებელმა პ. წ-მა, დაზარალებულ თ. ბ-ის განცხადების მიუხედავად, არ მიიღო ზომები გ. გ-ის ქონების მოძიებისა და დაყადაღებისათვის, რაც მას იმჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე და 174-ე მუხლების შესაბამისად ევალებოდა, რითაც ფაქტობრივად ხელი შეუწყო გ. გ-ეს ბინის გასხვისებაში და, ამდენად, შეუძლებელი გახდა განაჩენის აღსრულება თ. ბ-ისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ, ამასთან, ჩათვალა, რომ ბინა რომელზეც ყადაღა უნდა დადებულიყო, ერთ ოთახს წარმოადგენდა და ისიც თანასაკუთრების უფლებით გ. გ-ის მეუღლესა და ქალიშვილს ეკუთვნოდათ. სააპელაციო სასამართლომ, მიიჩნია, რომ პ. წ-ის ქმედებით თ. ბ-ეს ზიანი არ მისდგომია. ზიანი მას მსჯავრდებულ გ. გ-ის ქმედებით მიადგა, რაც სასამართლოს განაჩენით იყო დადასტურებული.
აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ბ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ რაიონულ სასამართლოში პ. წ-ი და შსს თანამოპასუხეები იყვნენ, ამ უკენასკნელს კი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 266-ე მუხლის, 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტისა და სკ-ს 468-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე არ იმსჯელა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლი, 211-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 212-ე მუხლი. სასამართლომ არასწორად მიუთითა სკ-ს 1170-ე მუხლზე და არ გაითვალისწინა ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, არ გაურკვევია ქორწინების თარიღი და შესაბამისი ურთიერთობების წარმოშობის დრო.
კასატორის მოსაზრებით, მას ზიანი მიადგა არა მხოლოდ გ-ის, არამედ პ. წ-ის ქმედებითაც. ამ საკითხთან დაკავშირებით კი სასამართლოს უნდა ემსჯელა სკ-ს 317-ე, 1005-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე და 414-ე მუხლებით, რაც არ მომხდარა.
საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარეები მორიგდნენ და სასამართლოში შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი (შეთანხმება) წარმოადგინეს:
“თ. ბ-ე, პ. წ-ი და შსს-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი ს. დ-ი ვსარგებლობთ ჩვენთვის მონიჭებული უფლებით და გამოვხატავთ ნამდვილ ნებას ჩვენს შორის არსებული დავა დავასრულოთ მორიგებით, შემდეგი პირობებით:
1. პ. წ-ი უხდის თ. ბ-ეს 1000 აშშ დოლარს;
2. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის წინააღმდეგი და თანახმაა დავა დასრულდეს მორიგებით.
მხარეები ვადასტურებთ, რომ:
_ წინამდებარე მორიგება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ( ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი);
_ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით გაცნობილნი ვართ სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტსა და 273-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომელთა შესაბამისადაც მორიგების აქტის გაფორმებისა და სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში ჩვენს შორის არსებულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდება სასამართლოს განჩინებით და მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა მიმართონ სასამართლოს დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
_ წინამდებარე მორიგების პირობები ჩვენთვის ცნობილია და მისაღებია; წინამდებარე მორიგების აქტში გამოვლენილი ნება ნამდვილია _ გამოვლენილია უფლებამოსილი პირების მიერ ყოველგვარი იძულების ან მოტყუების გარეშე.
მხარეები ვთანხმდებით, რომ:
_ წინამდებარე აქტს (მორიგების პირობებს) დასამტკიცებლად წარვუდგენთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატას.
_ პ. წ-ის საკუთებაში არსებულ სახლს ყადაღა მოეხსნება წინამდებარე მორიგების პირობების ძალაში შესვლისა და პ. წ-ის მიერ წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდგომ.
წინამდებარე მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის მიერ დამტკიცების შემდგომ.
მხარეებისათვის ცნობილია, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს განჩინება მხარეთა მორიგების შესახებ (მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში) ექვემდებარება იძულებით აღსრულებას.
მხარეები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის წინაშე ვშუამდგომლობთ, რომ მისი განჩინებით გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილი და ხელმოწერილია 1 ფურცლად 2 გვერდზე _ 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა თ. ბ-ეს, ერთი ეგზემპლარი _ პ. წ-ს, ერთი ეგზემპლარი _ შსს-ს წარმომადგენელს, ხოლო ერთი ეგზემპლარი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატას. მხარეები ვადასტურებთ, რომ გავეცანით მორიგების აქტის ოთხივე ეგზემპლარის ტექსტს და იგი იდენტურია. ამასთან, მორიგების აქტის ყველა ეგზემპლარს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულს მხარეები ვადასტურებთ ხელმოწერით.”
სასამართლო სხდომაზე მორიგების აქტთან ერთად პ. წ-ის წარმომადგენლის მიერ სხდომის ოქში დაფიქსირდა, რომ იგი არ ცნობს სარჩელს, არამედ სურს საქმის დროული დამთავრება და ამიტომ მიდის მორიგებაზე.
საკასაციო სასამართლოში თ. ბ-ემ განცხადება წარმოადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ პ. წ-მა, მორიგების აქტის თანახმად, მას 1 000 Aაშშ დოლარი გადაუხადა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო 2004წ. 28 იანვრის მორიგების აქტს (შეთანხმებას) და თვლის, რომ მოცემულ დავაზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი. Aამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელ სპეციფიკას ითვალისწინებს და ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, არ ილახება სახელმწიფო (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია მორიგების აქტის (შეთანხმების) დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტითა და 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს თ. ბ-ეს, პ. წ-სა და შსს-ს უფლებამოსილ წარმომადგენელს ს. დ-ს შორის 2004წ. 28 იანვარს დადებული მორიგების აქტი;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება და თ. ბ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. მორიგება დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:
1. პ. წ-ი უხდის თ. ბ-ეს 1000 აშშ დოლარს;
2. შსს არ არის წინააღმდეგი და თანახმაა დავა დასრულდეს მორიგებით.
მხარეები ადასტურებენ, რომ:
_ წინამდებარე მორიგება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი);
_ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით გაცნობილნი არიან სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტსა და 273-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომელთა შესაბამისადაც, მორიგების აქტის გაფორმებისა და სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში ჩვენს შორის არსებულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდება სასამართლოს განჩინებით და მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა მიმართონ სასამართლოს დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
_ წინამდებარე მორიგების პირობები მხარეთათვის ცნობილია და მისაღებია; წინამდებარე მორიგების აქტში გამოვლენილი ნება ნამდვილია _ გამოვლენილია უფლებამოსილი პირების მიერ ყოველგვარი იძულების ან მოტყუების გარეშე.
მხარეები თანხმდებიან, რომ:
_ პ. წ-ის საკუთებაში არსებულ სახლს ყადაღა მოეხსნება წინამდებარე მორიგების პირობების ძალაში შესვლისა და პ. წ-ის მიერ წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდგომ.
მხარეებისათვის ცნობილია, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს განჩინება მხარეთა მორიგების შესახებ (მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში) ექვემდებარება იძულებით აღსრულებას.
4. მხარეებს განემარტოთ, რომ დავა იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.