Facebook Twitter

ბს-238-406-კ-03 19 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტისა და გარიგების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “დ.-ის” დირექტორმა ზ. ბ.-მ, შპს “ნ”-ის დირექტორმა ლ. ქ.-მ, ჯ. ბ.-მ, ე. ბ.-მ, ნ. გ.-მ და ე. ჩ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ამხანაგობა “...-ის” თავმჯდომარე ს. ხ.-ის მიმართ, მესამე პირის _ ნ. გ.-ისა და მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვეს 2000წ. 29 ოქტომბერს გაფორმებული გარიგების 2000წ. 10 თებერვალს გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ 1998 წელს ჩამოყალიბდა ამხანაგობა “...-ი”, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება და ... მცხოვრებ მობინადრეთა ბინით დაკმაყოფილება. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად ამხანაგობა “...-ის” თავმჯდომარემ ს. ხ.-მ ზემომითითებულ მისამართზე სამსართულიან სახლში მცხოვრებ მოსარჩელეთაგან მიიღო ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, რათა მომხდარიყო ნახევრად ავარიული სახლის დანგრევა და მის სანაცვლოდ ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება.

1999წ. 15 სექტემბერს მთაწმინდის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ამხანაგობა “...-ის” თხოვნა და ნება დაერთო თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის დანგრევასა და ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 1999 წელს თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ იქნა მიწის ნაკვეთის გეგმა, ხოლო თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიურომ გასცა ამხანაგობა “...-ის” სახელზე ტექნიკური პასპორტი, რის შემდეგაც ამხანაგობა “...-ი" რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში ... მდებარე 756 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.

ამასთან, მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1999წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილება ამხანაგობა “...-ს” ავალდებულებდა მიწის მართვის დეპარტამენტთან სადავო მიწის ნაკვეთზე აღნაგობის უფლების გაფორმებას და აღნიშნულის საფუძველზე მიწის გადასახადის გადახდას.

2000წ. 24 ოქტომბერს “ა.-სა” და “ჯ.-ს” შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ... მდებარე ამხანაგობა “...-ის” კუთვნილი მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების თანახმად, შპს “ჯ.-ა” ვალდებული იყო, 2001წ. 30 იანვრამდე შეესრულებინა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადაეხადა “ა.-სთვის” სესხის სახით აღებული 50000 აშშ დოლარი. სარჩელის აღძვრის დროისათვის შპს “ჯ.-ს’’ ერიცხებოდა 37524 აშშ დოლარის დავალიანება 72%-იანი საჯარიმო განაკვეთით.

მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ ამხანაგობა “...-ის” თავმჯდომარე ს. ხ.-მა ... მცხოვრებ მობინადრეთა მოტყუებით და მათი ნებართვის გარეშე გაასხვისა სადავო მიწის ნაკვეთი, რითაც დაარღვია სკ-ის 234-ე მუხლის I ნაწილი, რადგან 2000წ. 29 ოქტომბერს ს. ხ.-ისათვის მოსარჩელეთა მიერ გაცემული თანხმობა წარმოადგენს სკ-ის 81-ე, 82-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოტყუებით დადებულ გარიგებას, რის გამოც, იგი, მოსარჩელეთა მოსაზრებით, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

მოპასუხე ამხანაგობა “...-ის” თავმჯდომარემ ს. ხ.-მ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვამდე ... მდებარე ქონების ყიდვა-გაყიდვის, გასხვისებისა და აუქციონის წესით გაყიდვის შეჩერება შემდეგ გარემოებათა გამო:

... მდებარე კორპუსი არის მწვავე ავარიული, რომლის დანგრევა გათვალისწინებული იყო 1991 წელს, რის გამოც კორპუსის მობინადრეებისათვის ქალაქის სხვადასხვა ადგილას გამოიყო ბინები. აღნიშნულის მიუხედავად, 1995 წელს მობინადრეთა მიერ პრივატიზებულ იქნა ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ბინები.

1999წ. 15 სექტემბრის ¹245 გადაწყვეტილებით მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ამხანაგობა “...-ს” ნება დართო ზემოთ მითითებული პრივატიზებული საცხოვრებელი სახლის დანგრევასა და მის ნაცვლად ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებაზე.

მოპასუხე ამხანაგობა “...-ის” თავმჯდომარემ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა 2000წ. 29 ოქტომბრის გარიგებისა და 2000წ. 10 თებერვლის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ იმდენად, რამდენადაც თვლიდა, რომ იპოთეკით დაიტვირთა არა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული პრივატიზებული ბინები, არამედ ამხანაგობა “...-ის” საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი, რაც სკ-ის 290-ე მუხლის საფუძველზე, უფლებას აძლევდა მას, ერთი და იგივე უძრავი ნივთი იპოთეკით რამდენჯერმე დაეტვირთა.

2001წ. 29 მაისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განჩინებით უარი ეთქვა ზ. ბ.-ს, ლ. ქ.-სა და სხვებს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აუქციონის შეჩერებაზე იმ მოტივით, რომ სსკ-ის 198-ე მუხლი არ ითვალისწინებდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აუქციონის შეჩერების შესახებ ღონისძიების გამოყენებას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის XI თავის 70-ე მუხლი აუქციონის შეჩერების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ კრედიტორის თანხმობით, არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში.

2001წ. 25 მაისს მოსარჩელეებმა შპს “დ.-ის” დირექტორმა ზ. ბ.-მ, შპს “ნ-ის’’ დირექტორმა ლ. ქ.-მ, ჯ. ბ.-მ, ე. ბ.-მ, ნ. გ.-მ, ნ. ჩ.-მ, თ. თ.-მ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ამხანაგობა “...-ის” თავმჯდომარე ს. ხ.-ის, თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ, მესამე პირების _ ნოტარიუს ნ. გ.-ის, სს “ა.-ის”, შპს “ჯ.-ისა’’ და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მონაწილეობით და მოითხოვეს 2000წ. 29 ოქტომბერს ს. ხ.-თან მოტყუებით დადებული გარიგების, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000წ. 18 თებერვალს ამხანაგობა ,....-ზე” გაცემული საკუთრების მოწმობის, მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1999წ. 18 იანვრის ¹166 და 1999წ. 15 სექტემბრის ¹245 გადაწყვეტილებების, აგრეთვე, სს “ა.-სა” და “ჯ.-ს’’ შორის 2000წ. 3 ნოემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელეებს ამხანაგობა “...-ის” თავმჯდომარის _ ს. ხ.-ის მიერ განხორციელებული ქმედებები მიაჩნდათ უკანონოდ, ვინაიდან მას მოსარჩელეთა თანხმობა საცხოვრებელი სახლის დანგრევაზე სჭირდებოდა სადავო ქონების ასათვისებლად, უფრო მეტიც 2000წ. 18 თებერვალს, ანუ მობინადრეთაგან თანხმობის მიღებამდე, მოპასუხე ამხანაგობა “...-ის” თავმჯდომარემ ს. ხ.-მა დაისაკუთრა სადავო მიწის 756 კვ.მ ნაკვეთი. გარდა ამისა, 1999წ. 15 სექტემბერს მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეყრდნობა მობინადრეთა ყალბ 1999წ. 16 ივნისის კრების ოქმს, რომლითაც თითქოსდა ... მცხოვრები მობინადრეები ითხოვდნენ საცხოვრებელი სახლის დანგრევას და ახალი თანამედროვე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას.

მოსარჩელეთა მოსაზრებით, 1999წ. 16 ივნისის კრების ოქმი ყალბი იყო, რადგან ინდივიდუალური ამხანაგობა “...-ის” საინიციატივო ჯგუფის წევრთა სიიდან არც ერთი იყო ... მცხოვრები მობინადრე, უფრო მეტიც, თავად ამხანაგობის თავმჯდომარე ს. ხ.-ი არ წარმოადგენდა აღნიშნული სახლის მობინადრეს, შესაბამისად, მთაწმინდის რაიონის გამგეობას არ ჰქონდა უფლება, ყალბი საბუთის საფუძველზე მიეღო სადავო ადმინისტრაციული აქტი.

მესამე პირი თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტი არ დაეთანხმა სარჩელს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ კ. შ.-მ მიიჩნია, რომ თბილისის საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ ამხანაგობა “...-ის” საკუთრების უფლების რეგისტრაციისას არ დარღვეულა კანონმდებლობა და შესაბამისად, დაცულ იქნა საქართველოს კანონის “მიწის რეგისტრაციის შესახებ” და “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” მოთხოვნები. ამასთან, მიწის მართვის დეპარტამენტმა თხოვნით მიმართა სასამართლოს, რომ მოცემული საქმის განხილვა მომხდარიყო მათი დასწრების გარეშე.

მესამე პირმა ნოტარიუსმა ნ. გ.-მ სარჩელი არ ცნო, ვინაიდან მის მიერ განხორციელებული სანოტარო მოქმედებები მიაჩნდა კანონიერად და მოითხოვა მოცემული საქმის განხილვა მისი დასწრების გარეშე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე საოქმო განჩინებით მოცემული საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაერთო თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების სამსახური.

2001წ. 12 დეკემბერს მოქალაქე დ. დ.-მ სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მის მიერ შეძენილი ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის მიწის მართვის დეპარტამენტისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დავალება, აგრეთვე უძრავ ქონებაზე (არასაცხოვრებელ ფართზე) მესაკუთრედ აღიარება შემდეგი საფუძვლით:

2000წ. 29 დეკემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა თბილისში ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 57 კვ.მ ოდენობით.

2001წ. 12 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 2001წ. 24 იანვარს მოსარჩელეს გადაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. აღნიშნულის მიუხედავად, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტმა არ გაატარა რეგისტრაციაში უძრავი ქონების შეძენის ფაქტი იმ მიზეზით, რომ დ. დ.-ის მიერ შეძენილი ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართი წარმოადგენს ამხანაგობა “...-ის” საკუთრებას.

ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის უარი უძრავი ქონების რეგისტრაციაზე მოსარჩელეს მიაჩნდა უკანონოდ, ვინაიდან დარღვეულ იქნა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის 2.1 მუხლი, 4.7 მუხლის “ბ” პუნქტი, სკ-ის 183.1, 311.1 მუხლები, საქართველოს კანონის “მიწის რეგისტრაციის შესახებ” 19.3, 26-ე მუხლები.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის I ნაწილის საფუძველზე მოცემული საქმის განხილვაში მესამე პირად იქნა ჩართული ამხანაგობა “...-ი”.

მოპასუხე თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტმა დ. დ.-ის სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებათა გამო:

დ. დ.-ს კანონიერად ეთქვა უარი ... მდებარე 57 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ რეგისტრაციაზე საქართველოს კანონის “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, “პირს უარი ეთქმევა რეგისტრაციაზე თუ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაა”.

2002წ. 7 მაისს დ. დ.-ის მიერ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება მოპასუხეების თბილისის მიწის მართვის დეპატამენტისა და ამხანაგობა “...-ის”, სს “ა.-ის” მონაწილეობით და მოითხოვა თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტში არსებული, ... მდებარე უძრავი ქონებისა და მიწის მესაკუთრედ ამხანაგობა “...-ის” შესახებ, ჩანაწერის გაუქმება, მიწის მართვის დეპარტამენტისათვის საჯარო რეესტრში მოსარჩელის მიერ შეძენილი უძრავი ქონების (57 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის) რეგისტრაციაში გატარების დავალება და სადავო ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირება საჯარო რეესტრში შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ ამხანაგობა “”...-ს” ... არსებული უძრავი ქონება და მიწის ნაკვეთი საკუთრებაში დაუმაგრდა უკანონოდ იმდენად, რამდენადაც 1998წ. 28 ოქტომბრის კანონი “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” ძალაში შევიდა მისი გამოქვეყნების დღიდან, კერძოდ, 1998წ. 20 ნოემბრიდან. აღნიშნული კანონის 3.1 მუხლი კერძო საკუთრებად მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთების გამოცხადებას ითვალისწინებდა, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე სარგებლობის უფლებით ჰქონდათ გამოყოფილი პირებს.

მოპასუხის მოსაზრებით, ამხანაგობა “...-ს” სარგებლობაში არ ჰქონდა გამოყოფილი მიწის ნაკვეთი 1998წ. 20 ნოემბრამდე. გარდა ამისა, თბილისის მთაწმინდის გამგეობის მიერ მიღებული 1999წ. 18 ივნისისა და 1999წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით დარღვეულ იქნა საქართველოს კანონი “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ”, რომლის შესაბამისად, თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროსა და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი, ამხანაგობა “...-ი” გაეტარებინა რეგისტრაციაში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ. უფრო მეტიც, თბილისში მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1999წ. 15 სექტემბრის ¹245 გადაწყვეტილებით ამხანაგობა “...-ს” ევალებოდა ორი თვის ვადაში მიწის მართვის დეპარტამენტთან გაეფორმებინა მიწის ნაკვეთზე აღნაგობის უფლება და გადაეხადა შესაბამისი მიწის გადასახადი, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. აღნიშნული, მოსარჩელის მოსაზრებით, ნიშნავდა იმას, რომ ხელშეკრულება არ გაფორმებულა და, შესაბამისად, მხარეთა შორის ურთიერთვალდებულებები და უფლებები არ წარმოშობილა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში 2002წ. 5 ივლისის სასამართლო სხდომაზე დ. დ.-ის წარმომადგენელმა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და პირვანდელ მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა “ა.-სა” და შპს “ჯ.-ს’’ შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აგრეთვე აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოცემულ საქმეში მოპასუხეებად სს “ა.-სა” და ამხანაგობა “...-ის” ჩართვა. ასევე, მოითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული ბ.-ის, ქ.-ისა და სხვათა სასარჩელო საქმესთან მოცემული საქმის გაერთიანება, რაც დაკმაყოფილდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის განჩინებით და საქმე დ. დ.-ის სარჩელის გამო, გადაეგზავნა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

2002წ. 8 ივლისს დ. დ.-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის, თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს, ამხანაგობა “...-ის” მიმართ, მესამე პირების _ სს “ა.-სა” და შპს “ჯ.”-ის მონაწილეობით და პირვანდელ დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა: 1) თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტის (... არსებული უძრავი ქონებისა და მიწის მესაკუთრედ ამხანაგობა “...-ის” შესახებ) გაუქმება; 2) თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 1999წ. 7 დეკემბრის მიწის ნაკვეთის გეგმის ბათილად ცნობა; 3) თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტში არსებული ჩანაწერის გაუქმება, (რომლითაც სადავო უძრავი ქონებისა და მიწის მესაკუთრედ ამხანაგობა “...-ი” იყო რეგისტრირებული); 4) ამხანაგობა “...-სა” და “ა.-ს” შორის 2000წ. 24 ოქტომბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 5) თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტში (საჯარო რეესტრში) არსებული ჩანაწერის (თბილისში, ... არსებული უძრავ ქონებაზე სს “ა.-ის” სასარგებლოდ იპოთეკის ჩანაწერის) გაუქმება; 6) თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურისათვის მიწის ნაკვეთის ახალი გეგმის გაცემის დავალება.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. ბ.-ის, ლ. ქ.-ის, კ. ბ.-ის, ე. ბ.-ის, ნ. გ.-ის, ნ. ჩ.-ს, თ. თოფურიძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გაუქმდა (ძალადაკარგულად ჩაითვალა) თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1998წ. 18 ივნისის ¹166 და 1999წ. 15 სექტემბრის ¹245 გადაწყვეტილებები, თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000წ. 18 თებერვალს ამხანაგობა “...-ზე” გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა და ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობა “...-სა” და სს “ა.-ს” შორის 2000წ. 24 ოქტომბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო 2000წ. 29 ოქტომბერს ს. ხ.-თან დადებული გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ.

ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. დ.-ის სარჩელი, კერძოდ, გაუქმდა თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში არსებული ჩანაწერი თბილისში, ... არსებული უძრავი ქონებისა და მიწის მესაკუთრედ ამხანაგობა “...-ის” აღრიცხვის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული პასპორტი თბილისში, ... არსებული უძრავი ქონებისა და მიწის ამხანაგობა “...-ის” საკუთრებასთან დაკავშირებით, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი 1999წ. 7 დეკემბრის თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული გეგმა სადავო მიწის ნაკვეთზე, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტში არსებული ჩანაწერი სადავო უძრავი ქონებისა და მიწის მესაკუთრედ “...-ის” აღრიცხვის შესახებ და თბილისში ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტში არსებული ჩანაწერები თბილისში, ... არსებული უძრავი ქონების “ა.-ის” სასარგებლოდ დატვირთვის შესახებ, ხოლო, სასარჩელო მოთხოვნების დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა დ. დ.-ს უსაფუძვლობის გამო.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა “...-ის” თავმჯდომარემ ს. ხ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება ნაწილობრივ, კერძოდ, გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1999წ. 18 ივნისის ¹166 გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, აგრეთვე, მესამე პირმა სს “ა.-მ” და მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სს “ა.-სა” და ამხანაგობა “...-ს” შორის 2000წ. 24 ოქტომბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივლისის განჩინებით ს. ხ.-ისა და სს “ა.-ის” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მოტივაცია მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1999წ. 18.06 ¹166 გადაწყვეტილების არამართლზომიერების შესახებ სწორი იყო, ვინაიდან ¹166 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ... ინდივიდუალური ბინათმშენებლობის საინიციატივო ჯგუფის 1999წ. 16 ივნისის კრების ოქმი ¹1. ჩამოყალიბდა ამხანაგობა “...-ი” და დამტკიცდა საინიციატივო ჯგუფი.

1999წ. 16 ივნისის ¹1 ოქმით, რომელიც დამტკიცდა ¹166 გადაწყვეტილებით, ირკვეოდა, რომ შედგა შპს “...-ის” ბინათმშენებლობის საინიციატივო ჯგუფის კრება, რომლითაც შეიქმნა ამხანაგობა “...-ი”. 1999წ. 16 ივნისს შედგა არა ამხანაგობა “...-ის” შექმნის საინიციატივო ჯგუფის კრება, არამედ შპს “...-ის” ბინათმშენებლობის საინიციატივო ჯგუფის კრება, ოქმი ხელმოწერილი იყო არა ჯგუფის წევრების მიერ, არამედ ჯგუფის სახელით ს. ხ.-ის მიერ და დამოწმებულია შპს “...-ის” ბეჭდით. აღნიშნულის გამო გაიზიარა მოსარჩელეთა მტკიცება, რომ სადავო ¹166 გადაწყვეტილება მიღებულია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, რადგან გამგეობას არ გააჩნდა ... მცხოვრებთა მოთხოვნა ამხანაგობის ჩამოყალიბებაზე. ასევე, არ მოიპოვებოდა ... მცხოვრებ მოქალაქეთა ხელმოწერები ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “...-ის” შექმნის შესახებ, სახლის დანგრევასა და მის ნაცვლად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ და გაურკვეველი იყო, რას ეფუძნებოდა სადავო აქტის მითითება ბინაში მცხოვრებ მოქალაქეთა მოთხოვნის შესახებ, რადგან ამხანაგობა უნდა შექმნილიყო სკ-ის 216-232-ე მუხლების მიხედვით და არ გაიზიარა გამგეობის პოზიცია, რომ გამგეობის მიერ დამტკიცებულ იქნა ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) სკ-ის 930-ე მუხლის მიხედვით, რადგან ამგვარი ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობით გამგეობის დამტკიცებას არ საჭიროებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სადავო ¹166 გადაწყვეტილება არ ემყარებოდა რეალური ამხანაგობის ჩამოყალიბების კრების ოქმს, არსებითად არღვევდა მცხოვრებ (მესაკუთრებათა) მოქალაქეთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა აპელანტის _ სს “ა.-ის” მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი წარმოადგენდა ... მდებარე მიწის ნაკვეთის კანონიერ და ერთადერთ მესაკუთრეს, რადგან სს “ა.-მ” სადავო ქონება შეიძინა აუქციონზე, როგორც კეთილსინდისიერმა შემძენმა, კანონის სრული დაცვით შემდეგ გარემოებათა გამო:

ამხანაგობა “...-ის” თავმჯდომარეს ს. ხ.-ს უფლება არ ჰქონდა, წარმომადგენლობითი უფლებმოსილების გარეშე, სხვისი სახელით დაედო ხელშეკრულება და დაეტვირთა იპოთეკით ქონება, რომელიც არ წარმოადგენდა მის საკუთრებას, უფრო მეტიც, სკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. კონკრეტულ შემთხვევაში, ამხანაგობა “...-ი” გასაჩივრებული გადაწყვეტილებით – ძალადაკარგული ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე იყო რეგისტრირებული მესაკუთრედ თბილისში, ... მდებარე უძრავ ქონებაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს “ა.-ის” მიერ გასაჩივრებულ იქნა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება 2000წ. 24 ოქტომბრის სს “ა.-სა” და ამხანაგობა “...-ს” შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანის ნაწილში არ გასაჩივრებულა და იგი კანონიერ ძალაში იყო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ს. ხ.-მა და სს კომერციულმა ბანკმა “ა.-მ”. ს. ხ.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამათლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მოსარჩელეთა სარჩელი. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1999წ. 18 ივნისის ¹166 და 1999წ. 15 სექტემბრის ¹245 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. ასევე, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000წ. 18 თებერვალს ამხანაგობა “...-ზე” გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში არსებული ჩანაწერის ქ. თბილისში ... არსებული უძრავი ქონების და მიწის მესაკუთრედ ამხანაგობა “...-ის” სახელზე აღრიცხვის და 1999წ. 7 დეკემბერს თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული პასპორტის გაუქმების შესახებ.

სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი “ა.-ი” საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივლისის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ სს კომერციული ბანკი “ა.-ის” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, რომ სკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამხანაგობა “...-ის” თავმჯდომარეს არ ჰქონდა უფლება, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე, დაედო იპოთეკის ხელშეკრულება და ბანკს არ გაუსაჩივრებია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერები.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმომადგენელმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა, რადგან საქმის მასალებით დადასტურებული იყო, რომ ამხანაგობა “...-ის” მიერ ბანკისათვის წარდგენილი დოკუმენტი შექმნილი იყო კანონით დადგენილი ფორმით და ქონება ირიცხებოდა ამხანაგობის საკუთრებად, ხოლო ს. ხ.-ი წარმოადგენდა ამ ამხანაგობის თავმჯდომარეს.

სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არასწორად მიუთითა, რომ ბანკს გასაჩივრებული არ ჰქონდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ბათილად იყო ცნობილი ადმინისტრაციული აქტები, მათ შორის, საჯარო რეესტრის ჩანაწერი. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 312-ე მუხლი, რომლის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო რა ამხანაგობა “...-ზე” გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, ამით მხოლოდ ის დაადასტურა, რომ რეესტრის ჩანაწერი არასწორია. თავისთავად, ბანკს არ შეეძლო ემტკიცებინა ამ ჩანაწერის კანონიერება, რადგან დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბანკს არ გააჩნდა საფუძველი გაესაჩივრებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში ჩანაწერის გაუქმების ნაწილში და იგი არც ესაჭიროებოდა, რადგან ხელშეკრულების დადებისას ამხანაგობა “...-ის’’´უფლება რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრების მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ხ.-ის და სს კომერციული ბანკი “ა.-ის” საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივლისის განჩინება.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ბ.-ის, ლ. ქ.-ის, ჯ. ბ.-ის, ე. ბ.-ის, ნ. გ.-ის, ნ. ჩ.-ს, თ. თოფურიძისა და დ.დ.-ის სარჩელები. სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ს. ხ.-ის და სს კომერციული ბანკი “ა.-ის” მიერ. ს. ხ.-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1999წ. 18 ივნისის ¹166 გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში, ხოლო სს კომერციული ბანკი “ა.-ი” სს “ა.-სა” და ამხანაგობა “...-ს” შორის 2000წ. 24 ოქტომბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 264-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება გაუსაჩივრებელ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს ს. ხ.-ის საკასაციო საჩივრის იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ეხება თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1999წ. 15 სექტემბრის ¹245 გადაწყვეტილების გაუქმებას, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000წ. 18 თებერვალს ამხანაგობა “...-ზე” გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში არსებული ჩანაწერის, ქ. თბილისში ... არსებული უძრავი ქონების და მიწის მესაკუთრედ ამხანაგობა “...-ის” სახელზე აღრიცხვის და 1998წ. 7 დეკემბერს თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული პასპორტის, ბათილად ცნობას.

რაც შეეხება ს. ხ.-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1999წ. 18 ივნისის ¹166 გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში, სასამართლო განჩინების გაუქმებას და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1999წ. 18 ივნისის ¹166 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ... ინდივიდუალური მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის 1999წ. 16 ივნისის კრების ოქმი, ჩამოყალიბდა ამხანაგობა “...-ი” და დამტკიცდა საინიციატივო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე – ს. ხ.-ი, წევრები: მ. დ.-ი, ა. ტ.-ე, რ. შ.-ა, რ. ბ.-ა, დ. გ.-ე, დ. ფ.-ა. 1999წ. 16 ივნისის კრების ოქმის თანახმად, შედგა შპს “...-ის” ბინათმშენებლობის საინიციატივო ჯგუფის კრება. კრების ოქმი ხელმოწერილია საინიციატივო ჯგუფის სახელით ს. ხ.-ის მიერ და დამოწმებულია შპს ფირმა “...-ის” ბეჭდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გამგეობის ¹ 166 გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონიერი საფუძვლის გარეშე, რადგან 1999წ. 16 ივნისის ¹1 ოქმი არ წარმოადგენდა ... მცხოვრებ მოქალაქეთა მოთხოვნას ამხანაგობის ჩამოყალიბების შესახებ, რადგან ამხანაგობა “...-ის” წევრები არ წარმოადგენდნენ ... მდებარე სახლმთფლობელობის მესაკუთრეებს, ხოლო სკ-ის 216-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურ მესაკუთრეთა ერთობლიობა შეადგენს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობას. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მთაწმინდის რაიონის გამგეობის პოზიცია იმის შესახებ, რომ გამგეობის მიერ დამტკიცებულ იქნა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება, რადგან სკ-ის 930-ე მუხლის მიხედვით ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება გამგეობის მიერ დამტკიცებას არ საჭიროებდა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლობის გამო ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს სს კომერციული ბანკი “ა.-ის” საკასაციო საჩივარი.

დადგენილია, რომ სს კომერციულ ბანკ “ა.-ს”, შპს “ჯ.-სა’’ და ამხანაგობა “...-ს” შორის დადებული უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულებით, ს. ხ.-მა ამხანაგობა “...-ის” სახელით, შპს “ჯ.-ის’’ კრედიტის უზრუნველსაყოფად სს კომერციულ ბანკ “ა.-ის” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა ამხანაგობა “...-ის” ქონება, მდებარე თბილისში, ...

სკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია, ე.ი. ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ იგი შეზღუდული იყო სააპელაციო საჩივრის ფარგლებით და ვერ იმსჯელებდა საჯარო რეესტრში ამხანაგობა “...-ის” სახელზე არსებული ჩანაწერის კანონიერებაზე, რადგან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მიწის მართვის დეპარტამენტში არსებული ჩანაწერი ... არსებული უძრავი ქონებისა და მიწის მიესაკუთრედ ამხანაგობა “...-ის” აღრიცხვის შესახებ და ამ უკანასკნელზე 2000წ. 18 თებერვალს გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, შესული იყო კანონიერ ძალაში, ანუ დამტკიცებული იყო საჯარო რეესტრის მონაცემების უზუსტობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 60.7 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება ნიშნავს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა სკ-ის 111-ე მუხლზე, რადგან ს. ხ.-ს არ გააჩნდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქ. თბილისში, ... მდებარე სახლმფლობელობის მესაკუთრეთაგან, ხოლო საჯარო რეესტრის ჩანაწერი, ... მდებარე ქონებისა და მიწის მესაკუთრედ ამხანაგობა “...-ის” აღრიცხვის შესახებ, ბათილად იყო ცნობილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე პუნქტით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ხ.-ისა და სს კომერციული ბანკი “ა.-ის” საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივლისის განჩინება;

3. ს. ხ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის დენობით;

4. სს კომერციულ ბანკ “ა.-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.