ბს-242-378-კ-03 29 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
25.10.02წ. თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ოთხმა ფიზიკურმა პირმა: ........ პარტიის ცკ-ის თავმჯდომარე ჯ. კ-მა, სსდპ-ის ცკ-ის საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე რ. ჟ-მა, სსდპ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ც. ს-ამ, სსდპ-ის ცკ-ის გაზეთ “ე-ას” რედაქტორმა ც. ქ-ემ, მოპასუხის _ იუსიტიციის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეები ითხოვდნენ “საქართველოს ......... პარტიის ცვლილებებითYრეგისტრაციის შესახებ” იუსიტიციის სამინისტროს 03.07.02წ. ¹559 ბრძანების ბათილად ცნობას. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2000 წელს სსდპ-დან გარიცხულმა ა. ვ-მა და მ. ჟ-ამ, პარტიისათვის უცხო ადამიანთა შეკრების ხარჯზე, ორჯერ (27.05.2000წ. და 25.01.02წ.) ჩაატარეს სსდპ-ის ე.წ. X და XI ყრილობები. იუსიტიციის სამინისტრომ 25.01.02წ. ¹33 და 12.03.02წ. ¹88 ბრძანებებით, ყრილობების ლეგიტიმურობა არ იქნა ცნობილი პარტიის ყრილობის მოწვევისას “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიენებების შესახებ” ორგანული კანონის და პარტიის წესდებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველოვბის გამო. საოლქო სასამართლოს კოლეგიის 15.04.02წ. განჩინებით, სსკ-ს 186ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოებაში არ იქნა მიღებული ა. ვ-ის და მ. ჟ-ას სარჩელი იუსიტიციის სამინისტროს 12.03.02წ. ¹88 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა ა. ვ-მა და მ. ჟ-ამ, კერძო პირების დახმარებით, დაიკავეს სსდპ-ის კუთვნილი შენობა და ოფისში არ უშვებდნენ პარტიის ხელმძღვანელობას. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.04.02წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსდპ თავმჯდომარის ჯ. კ-ის სარჩელი, მოპასუხეები ა. ვ-ი და მ. ჟ-ა გამოსახლებულ იქნენ ქ. თბილისში, ...... მდებარე სსდპ შტაბ-ბიდან.
იუსტიციის სამინისტროს 03.07.02წ. ¹559 ბრძანების საფუძველზე, რომლითაც რეგისტრაციაში გატარდა სსდპ მე-11 რიგგარეშე ყრილობაზე მიღებული წესდებაში შეტანილი ცვლილება-დამატებები, 07.07.02წ. ა. ვ-მა, მ. ჟ-ამ, ლ. გ-ამ, ი. კ-მა მოსთხოვეს მოსარჩელეებს პარტიის ოფისის უპირობო დატოვება. მოსარჩელეები არ ეთანხმებიან იუსიტიციის სამინისტროს მიერ (უკვე მეორე) მე-11 რიგგარეშე სსდპ ყრილობაზე მიღებული შეცვლილი წესდების რეგისტრაციას და თვლიან, რომ საგანგებო, რიგგარეშე ყრილობა არ ჩატარებულა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილე პარტიას არ შეეძლო ერთდროულად ეფიქრა 06.06.02წ. საგანგებო რიგგარეშე ყრილობის ჩატარებაზე. მოსრჩელეები თვლიან რომ სახელმწიფომ, იუსიტიციის სამინისტროს სახით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გარერთიანებების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის დარღვევით, ვერ უზრუნველყო სსდპ-ის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ჩაერია პარტიულ ცხოვრებაში. კერძოდ, სამინისტროს რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა, რომელმაც იცოდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. ვ-ის და მ. ჟ-ას პარტიის შენობიდან გამოსახლების შესახებ, აგრეთვე 2000წ. მათი პარტიის რიგებიდან გარიცხვის შესახებ, აქტიურად შეუწყო ხელი არარსებული მე-11 ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებების რეგისტრაციას. კანონის მე-16, მე-17 მუხლების დარღვევით XI ყრილობაში მონაწილეობა არ მიუღია პარტიის ხელმძღვანელ, აღმასრულებელ და მაკონტროლებელ ორგანოებს, წარდგენილი დოკუმანტაცია არ შეიცავს მითითებას პარტიის წევრთა ჯგუფის მიერ არჩეული წარმომადგენლების მონაწილეობაზე, იუსიტიციის სამინისტრომ არ შეამოწმა ა. ვ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორე, სამინისტრომ სადავო გადაწყვეტილებით ფაქტობრივად გააუქმა კრწანისი-მთაწმინდის 02.04.02წ. გადაწყვეტილება, რეგისტრაციის სამმართველომ დაუმალა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სამინისტროს ხელმძღვანელობას. სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიამ საკმარისად მიიჩნია პარტიის თავმჯდომარის ბრძანებით გაფორმებული ყრილობის მომზადების უფლებამოსილების გადაცემა პირისათვის, რომელიც არასოდეს შედიოდა პარტის ხელმძღვანელობაში, მას არ ჰქონდა ყრილობის მოწვევის თარიღის, დროს, ადგილის, დღის წესრიგის დამტკიცების, ყრილობაზე ასარჩევი დელეგატების კვოტის დადგენის უფლება. ყრილობაზე პარტიის თავმჯდოომარეს და ცენტრალური საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს უნდა გაეკეთებია 2000-2002 წლების საანგარიშო მოხსენებები. სამინისტროში წაროდგენილ დოკუმენტაციაში მოხსენიებული ნ. კ-ე ნოტარიულად დამოწმებული განცხედებით მიმართა სახელმწიფო და იურისიციის მინისტრებს, რომელშიც ის უარყოფს რაიმე ფორმით მონაწლეობას რიგგარეშე ყრილობაზე და უარყოფს თავის ხელმოწერას წარდგენილ დოკუმენტაციაში. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის დასკვნის თანახმად იუსიტიციის სამინისტროს, “მოქალაქეთა პოლიტიური გარეთიენებების შესახებ” ორანული კანონის 24.2 და 23.4 მუხლების თანახმად, უარი უნდა ეთქვა წარმოდგენილი წესდების ცვლილებების რეგისტრაიაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 03.06.03წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხვნის დაკმაყოფილებაზე. კოლეგიამ აღნიშნა, რომ სასამართლო დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტი _ იუსიტიციის სამინისტროს 03.07.02წ. ¹559 ბრძანება “საქართველოს ........ პარტიის ცვლილებებით რეგისტრაციის შესახებ”, სსდპ ყრილობის მოწვევის და ჩატარების ვადა სასამართლო განხილვის საგანს არ შეადგენს. კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ იუსიტიციის სამინისტროს განცხადებით მიმართა ა. ვ-მა, რომელმაც მოითხოვა 06.06.02წ. ჩატარებული სსდპ-ის რიგგარეშე XI ყრილობაზე მიღებული წესდების ცვლილებების და დამატებების რეგისტრაცია. განკარგულებას თან ერთვოდა დანართის სახით შესაბამისი დოკუმენტები. კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსდპ-ის რიგებში წარსულშიც ქონდა ადგილი შიდაპარტიულ დაპირისპირებას. კლეგიამ გაიზიარა იუსიტიციის სამინისტროს მოსარზება იმის შესახებ, რომ სანოტარო წესით დამოწმებას საჭიროებს დოკუმენტები, მხოლოდ პარტიის დაფუძნების (ანუ დოკუმენტაციის თავდაპირველი რეგისტრაციის) დროს. კოლეგიამ დადგენიად მიიჩნია, რომ სამინისტროსათვის ცნობილი იყო შიდაპარტიული დაპირისპირების შესახებ, რაც დასტურდება ა. ვ-ის განცხადებაზე გაკეთებული რეზოლუციების შენაარსითაც. კოლეგიამ აღნიშნა, რომ სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიამ ცხრა წევრის შემადგენლობით, იუსიტიციის სამინისტროს 26.06.2000წ. ¹127 ბრძანებით დამტკიცებული სარეგისტრაციო კომისიის დებულების შესაბამისად, შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტები, მოისმინა სსდპ-ის პირველადი პარტიული ორგანიზაციების რიგი წარმომადგენლების ახსნა-განმარტება და მივიდა დასკვნამდე, რომ ცვლილებები უნდა გატარებულიყო რეგისტრაციაში. კოლეგიამ მიიჩნია, რომ საკითხის განხილვისას სარეგისტრაციო კოლეგიამ სრულად გაითვალისწინა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის და სზაკ-ის მოთხოვნები, სადავო ბრძანება გამოიცა უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი აღსრულება არ გამოიწვევს დანაშაულს, მისი აღსრულება რეალურად შესაძლებელია, არ დარღვეულა ბრძანების მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამო არ არსებობს საზკ-ს 60-ე და 61-ე მუხლებით გათვალისწინებული სადავო აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.
საოლქო სასამართლოს კოლეგიის 03.06.03წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსდპ ცკ-ის თავმჯდომარის ჯ. კ-ის, სსდპ ცენტრალური საკონტროლო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის რ. ჟ-ის, სსდპ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ც. ს-ას, სსდპ ცკ გაზეთ “ე-ას” რედაქტორის ც. ქ-ის მიერ. კასატორები აღნიშნავენ, რომ იუსიტიციის სამინისტრომ არაერთხელ უთხრა უარი ვ-ი _ ჟ-ას ჯგუფს მათი სახელით სსდპ-ის რეგისტრაციაში გატარებაზე. ა. ვ-ის და მ. ჟ-ას სარჩელი იუსიტიციის სამინისტროს 12.03.02წ. ¹88 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 15.04.02წ. განჩინებით არ იქნა მიღებული წარმოებაში. 22.04.02წ. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით პარტიიდან გარიცხული ა. ვ-ი და მ. ჟ-ა გამოსახლებულ იქნა პარტიის შტაბ-ბინიდან. გადაწყვეტილების აღსრულებიდან სამი დღის შემდეგ ვ-ი _ ჟ-ას ჯგუფმა ძალის გამოყენებით დაიკავა პარტიის შტაბ-ბინა. ა. ვ-ის 06.06.02წ. განცხადება პარტიის XI რიგგარეშე ყრილობის ჩატარების შესახებ დაკმაყოფილდა, ცვლილებები რეგისტრირაბულ იქნა სამნისტროს მიერ ყოველგვარი შემოწმების გარეშე, გასაიდუმლოებულ ვითარებაში. სსდპ-ის მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამორიცხავდა დროის ამ პერიოდში ახალი ყრილობის მოწვევის ორგანიზაციას. სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით იუსიტიციის მინისტრისადმი პარტიის ხელმძღვბენელობის არაერთი მიმართვის მიუხედავად სამნისტრომ სზაკ-ის ნორმების დარღვევით უპასუხოდ დატოვა ყველა წერილი. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ნ. კ-ემ სანოტარო განცხადებით მიმართა სახელმწიფო და იუსიტიციის მინისტრებს, რომლითაც უარყოფს რაიმე ფორმით თავის მონაწილეობას რიგგარეშე XI ყრილობის მუშაობაში და ფალსიფიცირებულად თვლის თავის ხელმოწერას ყრილობის დოკუმენტზე. კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დავის საგანს არ წარმოადგენს XI ყრილობის ჩატარების დროს და მომწვევი პირის დადგენა ეწინააღმდეგება კოლეგიის 20.12.02წ. განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც კოლეგია მოითხოვდა მოსარჩელებისაგან მოსარჩელე პირების ლეგიტიმურობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას. სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა, რომ სამინისტროში წარდგენილი ყველა დოკუმენტი იყო ყალბი, ა. ვ-ის მიერ წარდგენილ დოკემენტაციაში პირველადი პარტიული ორგანიზაციები არ ემთხვევა იუსიტიციის სამინისტროში რეგისტრირებულ სსდპ-ის რეგიონულ, საქალაქო და რაიონულ ორგანიზაციებს, რომ რიგგარეშე XI ყრილობაზე არ მონაწილეობდა წინა ყრილობაზე არჩეული არცერთი ორგანო, ყალბია აგრეთვე ჯ. კ-ის მიერ ლ. გ-ასთვის გადაცემული რწმუნებულება პარტიის XI ყრილობის მომზადების შესახებ. სასამართლო კოლეგიამ მოტივაციის მიღმა დატოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ვ-ი _ ჟ-ას ჯგუფის პარტიიდან გარიცხვისა და მათი შტაბ-ბინიდან გამოსახლების შესახებ. კასატორები თვლიან, რომ სადავო ბრძანებით იუსტიციის სამინისტრომ ფაქტობრივად გააუქმა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება. კოლეგია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მსჯელობს პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევებზე, ხოლო სარჩელი ეხება წესდების ცვლილებების რეგისტრაციის კანონიერებას. სასამართლო უთითებს, რომ სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიამ განიხილა წარმოდგენილი მასალები იუსიტიციის სამინისტროს 26.06.2000წ. ¹127 ბრძანებით დამტკიცებული იუსიტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის დებულებით დამტკიცებული წესის თანახმად. სამინისტროს არ წარმოუდგენია საოლქო სასამართლოსათვის მითითებული დებულება, შესაბამისად, მხარეებისათის უცნობი რჩება ამ დებულების შინაარსი და მის საფუძველზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორე, რაც ადასტურებს სზაკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევას. კასატორები ითხოვენ კოლეგიის 03.06.03წ. გადაწყვეტილების გაუქმებას და სადავო აქტის ბათილად ცნობას ან ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალების მიცემას საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის _ იუსიტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და აღნიშნა, რომ სამინისტროსათვის პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სასამართლო დავებიდან გამომდინარე ცნობილი იყო რა პარტიის შიგნით არსებული განხეთქილების შესახებ, სამინისტრომ მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში დეტალურად შეისწავლა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, დამატებით შეკრიბა და გამოითხოვა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმანტაციასთან დაკავშირებული ყველა მასალა. ყრილობის ლეგიტიმურობის დასადგენად გადამოწმდა მისი მოწვევის სამართლებრივი რეჟიმი, მათ შორის დოკუმენტაციაზე ჯ. კ-ის ხელმოწერის ნამდვილობა, რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენელთა ყრილობაზე მონაწილეობის საკითხი, სამინისტროს დამატებით წარედგინა თითოეული რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის პერსონალური განცხადებები, რითაც ისინი ეთანხმებოდნენ რიგგარეშე ყრილობის მოწვევის მოთხოვნასა და შემდგომ ყრილობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, პარტიის XI ყრილობის გადაწყვეტილებებს ეთანხმება აგრეთვე ნ. კ-ე, რომელმაც აღნიშნულის თაობაზე მიმართა სამინისტროს 24.07.02წ. განცხადებით. სარეგისტრაციო დოკუმანტაციაში ინახება აგრეთვე ა. ვ-ის და გ. ჩ-ას ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერის ნიმუშები. სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით მის ხელთ არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ყველა გარემოება და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. საკითხი კომისიური წესით იქნა განხილული სამინისტროს რეგისტრაციის კომისიის მიერ. ამ ორგანოს მუშაობაში მონაწილეობდნენ საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლები, საჯარო სამსახურის (სახელმწიფო კანცელარია, იუსიტიციის სამინისტრო) და საზოგადოებრივი ორგანმოზაციების (გაეროს ასოციაცია, თავისუფლების ინსტიტუტი) წარმომადგენლები. სწორედ აღნიშნული კომისიის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით და წარმოდგენილი დოკუმანტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობიდან გამომდინარე გამოიცა იუსიტიციის მინისტრის 03.07.02წ. ¹559 ბრძანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენელმა ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის გამო, გასაჩივრეებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
მესამე პირებმა _ ა. ვ-მა და მ. ჟ-ამ საკასაციო სასამართლოს სხდიმაზე მხარი დაუჭირეს მოპასუხის _ იუსიტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებებს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში პარტიულ სიაში დასახელებული პირველი თხუთმეტი კაცი არ იყო სსდპ-ის წევრი, რის გამო სსდპ აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, რაც არჩევნების შედეგებშიც აისახა. სსდპ-ის ხელმძღვანელი და მაკონტროლებელი ორგანოები, წარმოადგენენ ჯ. კ-ის ვიწრო გარემოცვას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მასთან ნათესაურ და საქმიან-ფინანსური ურთიერთობებით, ამ ხალხს არ აქვთ რაიმე იდელოგიური კავშირი პარტიასთან. იუსიტიციის სამინისტროში წარმოდგენილ იქნა ყველა აუცილებელი დოკუმენტი ცვლილებების რეგისტრაციაში გატარებისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ იუსიტიციის სამინისტროს 25.01.02წ. ¹33 და 12.03.02წ. ¹88 ბრძანებებით არ იქნა ცნობილი 27.05.2000წ. და 25.01.02წ. ჩატარებული სსდპ-ის ყრილობების ლეგიტიმურობა პარტიის ყრილობის მოწვევისას “მოქალაქეთა პოლიტიკური გარეთიანებების შესახებ” ორგანული კანონის და პარტიის წესდებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობის გამო. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.04.02წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსდპ თავმჯდომარის ჯ. კ-ის სარჩელი, ა. ვ-ი და მ. ჟ-ა გამოსახლდნენ ქ. თბილისში, ...... მდებარე სსდ პარტიის შტაბ-ბინიდან.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იუსტიციის სამინისტროს სადავო აქტი ეწინააღმდეგება და ფაქტობრივად აუქმებს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.04.02წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად ა. ვ-ი და მ. ჟ-ა გამოსახლდნენ ქ. თბილისში, ..... მდებარე ........ პარტიის შტაბ-ბინიდან. კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა ფართიდან გამოსახლება, ხოლო რაიონული სასამართლოს 22.04.02წ. გადაწყვეტილების შემდეგ სსდპ-ის 06.06.02წ. რიგგარეშე XI ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად იუსიტიციის სამინისტროს 03.07.02წ. გამოცემული ¹559 ბრძანება ეხება სსდპ-ის ცვლილებებით რეგისტრაციას. ამდენად, 22.04.02წ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებას არ უკავშირდება სადავო აქტის გამოცემის მართლზომიერების საკითხს, ის გარემოება, რომ სამინისტროსათვის ცნობილი იყო ხსენებული გადაწყვეტილების არსებობის შესახებ არ გამორიცხავდა სამინისტროს მიერ სადავო აქტის მიღების შესაძლებლობას, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 22.04.02წ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, სსკ-ს 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, არ აქვს პრეიუდიციული მნიშვნელობა განსახილველი საქმის მიმართ.
საქმის მასალებით არ დასტურდება აგრეთვე საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ა. ვ-ი და მ. ჟ-ა 2000 წელს გაირიცხნენ სსდპ-ის რიგებიდან. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიენებების შესახებ” კანონის 15.4 მუხლის თანახმად პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას წესდებით განსაზღვრულ შემთხვევაში წერილობითი გადაწყვეტილების სახით იღებს წესდებით უფლებამოსილი ორგანო, ეს გადაწყვეტილება წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული, იგი შეიძლება გასაჩივრდეს პარტიის ზემდგომ ორგანოში. სსდპ-ის წესდების მიხედვით პარტიიდან გარიცხვა ხდება მოტივირებული გადაწყვეტილების საფუძველზე პირველად ორგანიზაციაში (3.5.ჰ). ამდენად, ცენტრალური საკონტროლო-სარევიზიო კომისია არ წარმოადგენს პარტიის რიგებიდან წევრის გარიცხვაზე უფლებამოსილ ორგანოს.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი აგრეთვე, რომ 06.06.02წ. იუსტიციის სამინისტროს წარედგინა ა. ვ-ის განცხადება პარტიის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების რეგისტრაციის შესახებ. ცვლილებების რეგისტრაციაში გატარების მართლზომიერება დასტურდება სსდპ ცენტრალური კომიტეტის 12.05.02წ. სხდომის ოქმით, რომლითაც განისაზღვრა ყრილობის ჩატარების თარიღი, ადგილი, ყრილობაზე დამსწრე პირთა კვოტა, ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე ჯ. კ-ი, სსდპ ცკ-ის თავმჯდომარის ჯ. კ-ის 15.05.02წ. ¹7 ბრძანებით ლ. გ-ას პარტიის პოლიტიკური კოლეგიის სამდივნოს ხელმძღვანელად დანიშვნისა და ლ. გ-ასათვის 06.06.02წ. სსდპ მე-11 ყრილობის მოწვევისა და ჩატარების უზრუნველყოფის დავალების შესახებ, სსდპ რიგგარეშე XI ყრილობის მოწვევისა და ჩატარების საორგანიზაციო კომიტეტის 20.05.02წ სხდომის ოქმით, სსდპ ქ. თბილისის საქალაქო ორგანიზაციის მე-14 კონფერენციის 25.03.02წ. ოქმით, სსდპ რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების 04.06.02წ. საერთო კრების ოქმით, სსდპ რიგგარეშე XI ყრილობის სამანდატო კომისიის 06.06.02წ. მოხსენების ტექსტით, სსდპ რიგგარეშე მე-11 ყრილობის 06.06.02წ. ოქმით, რომელსაც თან ერთვის სსდპ ყრილობის თავმჯდომარის გ. ს-ის ხელმოწერის ნამდვილობის სანოტარო დადასტურება (06.06.02წ., ¹1-1840). იუსიტიციის სამინისტროს 03.07.02წ. ¹559 ბრძანებით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონისა და იუსიტიციის მინისტრის 26.06.2000წ ¹127 ბრძანებით დამტკიცებული იუსიტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის დებულების შესაბამისად ცვლილებებით გატარდა რეგისტრაციაში ........ პარტია.
იუსიტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის მიერ 27.02.98წ. ¹7/39 დადგენილებით რეგისტრირებული სსდპ წესდების 4.9 მუხლის მიხედვით რიგგარეშე ყრილობა მოიწვევა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის, ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით ან პარტიული ორგანიზაციების 1/4-ის მოთხოვნით. აღნიშნულის შესაბამისად, განმცხადებლის მიერ იუსიტიციის სამინისტროში წარმოდგენილ იქნა სსდპ-ის 12.05.02წ. ცემტრალური კომიტეტის სხდომის ოქმი, რომელსაც თავმჯდომარეობს და ხელს აწერს თავად ჯ. კ-ი. სამინისტროს წარედგინა აგრეთვე ჯ. კ-ის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც იგი ნიშნავს ლ. გ-ას პარტიის პოლიტიკური კოლეგიის სამდივნოს ხელმძღვანელად და მასვე ავალებს სსდპ-ის მე-11 ყრილობის მოწვევას და ჩატარების უზრუნველყოფას. მოგვიანებით, როდესაც ეჭვქვეშ დადგა აღნიშნული ხელწერილის ნამდვილობის საკითხი, ხელმოწერის ნიმუში გამოსაკვლევად გადაეგზავნა ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს, რომლის სავარაუდო დასკვნის მიხედვით გამოსაკვლევი ხელმოწერა ჯ. კ-ს ეკუთვნის.
სსდპ წესდების 4.9 პუნქტის თანახმად, რიგგარეშე ყრილობის მოწვევის საფუძველს, სსდპ-ის ცკ-ის სხდომის ოქმის გარდა, იუსიტიციის სამინისტროში შეტანილი ........ პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების 04.06.02წ. საერთო კრების ოქმი წარმოადგენდა. საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამინისტროში წარმოდგენილი პარტიული ორგანიზაციების სია არ ემთხვევა იუსიტიციის სამინისტროში რეგისტრირებულ სსდპ-ის რეგიონულ, საქალაქო და რაიონულ ორგანიზაციებს არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად პარტიის პირველადი ადგილობრივი ორგანიზაციების რეგისტრაცია იუსიტიციის სამინისტროში არ ხდება. რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენელთა ყრილობაზე მონაწილეობის საკითხის ეჭქვეშ დადგომის გამო იუსტიციის სამინისტროში წარდგენილ იქნა რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის პერსონალური განცხადებები, რომლითაც ისინი ეთანხმებოდნენ ყრილობის მოწვევის მოთხოვნასა და შემდგომ ყრილობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რასაც ადასტურებენ ხელმოწერით და ორგანიზაციის ბეჭდით. ამასთანავე “პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანული კანონის 23-ე, 24-ე მუხლების მიხედვით პარტიის ყრილობის ოქმი არ საჭიროებს სანოტარო დამოწმებას, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის და მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სანოტარო დამოწმებას საჭიროებს პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი.
საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ წარმოადგენს ნ. კ-ის განცხადება სახელმწიფო და იუსიტიციის მინისტრების სახელზე, რომლითაც იგი უარყოფს პარტიის XI რიგგარეშე ყრილობაში მონაწილეობას. საქმის მასალებში დაცულია ნ. კ-ის 24.07.02წ. ¹01/20-4225 განცხადება იუსტიციის მინისტრისადმი, რომელშიც იგი ეთანხმება პარტიის XI ყრილობას, ნ. კ-ე განცხადებით იუსიტიციის მინისტრს მიმართა მას შემდეგ, რაც ჯ. კ-მა სადავოდ გახადა რეგისტრაცია. ყრილობის საქმიანობაში მონაწილეობას ჯ. კ-ე ადასტურებს აგრეთვე 28.03.03წ. მიმართვით საოლქო სასამართლოს კოლეგიისადმი. საქმეში დაცულია აგრეთვე ერთ-ერთი თანამოსარჩელის _ ც. ქ-ის 08.08.02წ. განცხადება, რომლითაც იგი აღიარებს 06.06.02წ. ჩატარებული რიგგარეშე XI ყრილობის გადაწყვეტილებებს და ეთანხმება სსდპ ახალი წესდების მოთხოვნებს.
მცდარია საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ იუსიტიციის სამინისტროში წარმოდგენილი პარტიის წარმომადენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ნოტარიულად არ ყოფილა დამოწმებული. საქმის მასალებში და სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცულია ა. ვ-ისა და გ. ჩ-ას ნოტარიულად დამოწმებული (06.06.02წ., ¹1-1839) ხელმოწერის ნიმუშები, ამდენად დაცულია “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის მოთხოვნა. პარტიის XI ყრილობის ჩატარების ნამდვილობას ადასტურებს აგრეთვე ყრილობის ოქმი, რომელსაც თან ახლავს ყრილობის თავმჯდომარის და მდივნის ხელმოწერა, ყრილობის თავმჯდომარის ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულია ყრილობაზე მოწვეული ნოტარიუს ნ. ხ-ას მიერ (06.06.02წ. რეესტრი ¹1-1840).
საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე სადავო აქტი გამოიცა სზაკ-ის 96-ე მუხლის დარღვევით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების გარეშე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე სადავო აქტი გამოიცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სადავო რეგისტრაციის საკითხი კომისიური წესით განიხილა იუსიტიციის სამინისტროს სათათბირო ორგანო _ იუსიტიციის სამინისტროს რეგისტრაციის კომისიის მიერ, კომისიამ მოისმინა მოწვეული პირების ახსნა-განმარტებები, შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტები, რომელთა განხილვის და ერთმანეთთან შეჯერების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე სადავო აქტი გამოიცა სზაკ-ს 96-ე მუხლის დარღვევით, რის გამო არარსებობდა საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ სასკ-ს 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის და ადმნისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების მიცემის საფუძველი. 03.07.02წ. ¹559 ბრძანება გამოიცა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონისა და იუსტიციის მინისტრის 26.06.2000წ. ¹127 ბრძანებით დამტკიცებული იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის დებულების შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მინისტრის 26.06.2000წ. ¹127 ბრძანებით დამტკიცებული იუსიტიციის სამინისტროს სარეგიოსტრაციო კომისიის დებულება გასაიდუმლოებულია, იგი არ წარდგენილა საოლქო სასამართლოსათვის, რის გამო უცნობი რჩება ამ დებულების შინაარსი და მის საფუძველზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების მართლზომიერება. “საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის დებულებისა და კომისიის წევრთა შემადგენლობის დამტიცების შესახებ” იუსიტიციის მინისტრის 26.06.2000წ. ¹127 ბრძანება წარმოადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იგი “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრირებულია იუსიტიციის სამინისტროში, შეტანილია ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, მინიჭებული აქვს რეგისტრაციის ნომერი (010.012.004.312), გამოქვეყნებულია ნორმატიული აქტების გამოქვეყნების ოფიციალურ გამოცემაში (“საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” III ნაწ., 2000წ. ¹59, მუხ. 548) და ამდენად, მისი ტექსტი ყველასათვის არის ხელმისაწვდომი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმნისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. კ-ის, რ. ჟ-ის, ტ. ს-ას, ც. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 03.06.03წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.