ბს-248-399-კ-03 29 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამინისტროს ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ფასების სახელმწიფო ინსპექციის მცხეთა-თიანეთის ფასების ინსპექციამ, ინსპექციის 19.04.01წ ¹8 და 16.05.01წ. ¹10 ბრძანებების საფუძველზე, შეამოწმა სს ,,მ-ის” მიერ სახელმწიფო რეგულირებადი ფასების გამოყენების სისწორე. შემოწმების შედეგად შედგა შემოწმების აქტი, რომლითაც სს ,,მ-ს” საჯარიმო სანქციის გათვალისწინებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 101591,86 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა. შემოწმების აქტი განსახილველად ფასების სახელმწიფო ინსპექციას გადაეგზავნა, რომელმაც კანონიერად მიიჩნია აქტში დაფიქსირებული დარღვევები და ბრძანების გამოსაცემად მიმართა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს.
ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ 25.07.01წ., ¹96 ბრძანებით, ,,ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, სს ,,მ-ს” ფასებისა და ფასწარმოქმნის დარღვევისათვის (საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით), 101591,86 ლარის გადახდა დაეკისრა. სს ,,მ-ის” მიმართ სადავო ბრძანების გამოცემას სამინისტრომ ის გარემოება დაუდო საფუძვლად, რომ სს ,,მ-ი” ბუნებრივი გაზის განაწილებაზე სემეკ-ის 23.02.2000წ ¹11 გადაწყვეტილებით დადგენილი სახელმწიფო რეგულირებადი ფასით (ტარიფით) სარგებლობდა, რომელიც ,,ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის მე-5 და ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-7 მუხლების მოთხოვნების დარღვევით იყო მიღებული, კერძოდ, სემეკ-ის მიერ ბუნებრივი გაზის განაწილებაზე სახელმწიფო რეგულირებადი ფასი (ტარიფი) სს ,,მ-ისათვის” დადგენილების და არა გადაწყვეტილების ფორმით უნდა დაწესებულიყო, ვინაიდან დადგენილება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და სახელმწიფო რეგულირებადი ფასი (ტარიფი) მხოლოდ ნორმატიული აქტით დგინდება, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანას ექვემდებარება და ძალაშია ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან. ამდენად, ფასების სახელმწიფო ინსპექციამ სს ,,მ-ის” მიერ სემეკ-ის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული მთელი შემოსავალი უკანონო შემოსავლად მიიჩნია და საჯარიმო სანქციის გათვალისწინებით სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებას დაექვემდებარა.
სს ,,მ-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს პირველი მოპასუხის – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, მეორე მოპასუხის – ფასების ინსპექციის მცხეთა-თიანეთის ფასების ინსპექციის და მესამე პირის _ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) მიმართ. მოსარჩელე ითხოვდა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 25.07.01წ ¹96 ბრძანების და ამავე ბრძანების დანართის იმ ნაწილის ბათილად ცნობას, რომელიც ითვალისწინებდა სს ,,მ-ის” ანგარიშსწორების ანგარიშიდან 101591,8 ლარის ამოღებას, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 25.07.01წ. ¹96 ბრძანების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობას, მოპასუხე მხარისათვის გაწეული ხარჯების და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2539,80 ლ) დაკისრებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 05.12.01წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძალადაკარგულად გამოცხადდა სამინისტროს 25.07.01წ. ¹96 ბრძანების და ამავე ბრძანების დანართის ის ნაწილი, რომელიც სს ,,მ-ის” ანგარიშსწორების ანგარიშიდან ფასების და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის 101591,80 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებას ეხება. სარჩელის სხვა ნაწილში დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. ამავე გადაწყვეტილებით სამინისტროს დაეკისრა სს ,,მ-ის” სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 07.06.02წ. განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს (ფასების ინსპექციის) საკასაციო საჩივარი. გაუქმდა საოლქო სასამართლოს კოლეგიის 04.12.01წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ მიუთითა,რომ კანონიერი ნდობა პირს შეიძლება წარმოეშვას ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი დაპირების შემთხვევაში, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სზაკ 9.4. მუხ), ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო რეგულირებადი ფასი (ტარიფი) ბუნებრივი გაზის გამოყენებაზე სემეკ-ის დადგენილებით და არა გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვრულიყო. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება იმის შესაებ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებას ექვემდებარება სს ,,მ-ის” მიერ სემეკ-ის გადაწყვეტილების გამოყენებით მიღებული მთელი შემოსავალი და მიუთითა, რომ სემეკ-ის 23.02.2000წ. ¹11 გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელე სარგებლობდა ბუნებრივი გაზის გამოყენებაზე დადგენილი სახელმწიფო რეგულირებადი ფასით (ტარიფით), რომლითაც იღებდა შემოსავალს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 15.05.03წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე – სს ,,მ-მა” დააზუსტა სარჩელი, მოსარჩელემ მოპასუხეებად განსახილველ დავაში დაასახელა: ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტოსთან არსებული ფასების ინსპექცია და აგრეთვე ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების ინსპექციის მცხეთა-თიანეთის ფასების ინსპექცია (ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 12.03.02წ. ¹01/01-01/34 და 26.03.02წ. ¹01/01-01/43 ბრძანებებით განხორციელებული ინსპექციის რეორგანიზაციის შედეგად – ამჟამად აღმოსავლეთის ფასების ინსპექცია), მესამე პირი – ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი). მოსარჩელემ მოითხოვა: ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 25.07.01წ. ¹96 ბრძანების იმ ნაწილისა და ამავე ბრძანების დანართის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომელიც ეხება სს ,,მ-ის” ანგარიშსწორების ანგარიშიდან ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლების 101591,8 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებას; ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 25.07.01წ ¹96 ბრძანების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა; მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2539 ლ) გადახდის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 15.05.03წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე – სს ,,მ-ს” მთლიანად ეთქვა უარი სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე. კოლეგიამ აღნიშნა, რომ სემეკის 23.02.2000წ ¹11 გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა სახელმწიფოს მხრიდან სატარიფო რეჟიმის დამდგენ დოკუმენტს, რის გამო იგი არ წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის აქტს. კოლეგიამ მიიჩნია, რომ სემეკის აღნიშნული გადაწყვეტილების გამოყენებით საზოგადოებამ მიიღო ზედმეტი შემოსავალი, სულ 2000წ. 1 იანვრიდან 01 აპრილამდე ფასების და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად სს ,,მ-ს” მიღებული აქვს უკანონო შემოსავლები 50795,93 ლარის ოდენობით, რომელიც ,,ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საჯარიმო თანხის გათვალისწინებით, 101591,86 ლარის ოდენობით ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებას სს ,,მ-ის” ანგარიშსწორების ანგარიშიდან, რომლიდანაც თანხის 75% ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას, ხოლო 25%-ფასების ინსპექციის ანგარიშზე. კოლეგიამ მიუთითა, რომ სემეკის 23.02.02წ. ¹11 გადაწყვეტილება გამოცემული იყო ,,ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის და ,,ფასების და ფასწარმოქმნის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ ტარიფი სს ,,მ-ისათვის” უნდა დაწესებულიყო დადგენილების და არა გადაწყვეტილების ფორმით, დადგენილების ძალაში შესვლა საჭიროებდა იუსტიციის სამინისტროს მიერ ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანას და ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 15.05.03წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს ,,მ-ის” მიერ. კასატორი არ ეთანხმება კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილების გამოყენებით სს ,,მ-ის” მიერ მიღებული მთელი შემოსავალის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის შესახებ მაშინ, როდესაც სემეკ-ის გადაწყვეტილების მიღებამდე სს ,,მ-ს” ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ყოველ 1000 კუბურ მეტრზე 8 ლარი ჰქონდა განსაზღვრული, იგივე ტარიფი იყო გათვალისწინებული სს ,,მ-ის” მიერ სს ,,ი-ასთან” 15.11.97წ. დადებული ხელშეკრულებით გაზის ტრანსპორტირებისათვის, იგივე ტარიფი განისაზღვრა სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რაც ადასტურებს იმას, რომ სს ,,მ-ს” ზედმეტი შემოსავალი არ მიუღია. კასატორი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
მოწინააღმდეგე ორგანიზაციების წარომადგენლები საკასაციო საჩივრის საფუძვლები ცნეს ნაწილობრივ და აღნიშნეს, რომ ეკონომიკის მინისტრის 09.09.98წ. ¹55 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად გაზის ტრანსპორტირების ტარიფი სემეკ-ის დადგენილებით და არა გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვრულიყო, ადგილობრივი მმართველობის ორგანო არ იყო უფლებამოსილი განესაზღვრა გაზის მიწოდების ტარიფი, ადრე მოქმედი კანონმებლობით, სემეკ-ის შექმნამდე ტარიფს განსაზღვრავდა გაზის კორპორაცია, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა კასატორის მოთხოვნას სადავო აქტის და მისი დანართის სს ,,მ-ის” ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე არ დაეთანხმნენ, ამასთანავე, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას სემეკის განკარგულებამდე გაზის მიწოდების ტარიფზე, გამოთქვეს აზრი საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების თაობაზე.
საქმეში მესამე პირად ჩაბმული, სემეკ-ის წარომომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სემეკ-ი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია კონკრეტულ საკითხზე, რომელიც არ ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, მიიღოს გადაწყვეტილება. სემეკ-ის ადმინისტრაციუოლ-სამართლებრივი აქტის გაუქმებამდე ან ბათილად ცნობამდე სემეკ-ის ნებისმიერი აქტი, მათ შორის ¹11 გადაწყვეტილება ძალაშია და სავალდებულოა შესასრულებლად. ფასწარმოქმნის კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ახორციელებს პოლიტიკას ფასწარმოქმნის სფეროში, ამდენად იგი უფლებამოსილი იყო განესაზღვრა ტარიფი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს ,,მ-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 13.03.02წ. ¹01/01/34 და 26.03.02. ¹01/01-01/43 ბრძანებებით განხორციელდა სამინისტროსთან არსებული ინსპექციის რეორგანიზაცია, რომლის შედეგად მცხეთა-მთიანეთის ინსპექციის და სხვა რეგიონალური ინსპექციების საფუძველზე შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოს ფასების ინსპექცია, საოლქო სასამართლოს კოლეგია ერთ-ერთ მოპასუხედ კვლავინდებურად ასახელებს მცხეთა-მთიანეთის ფასების სახელმწიფო ინსპექციას.
დაუსაბუთებელია საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სს ,მ-ის” მიერ ,,სააქციო საზოგადოებისათვის ,,კ-ი” და ,,მ-ი” პირდაპირ მომხმარებელზე ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფების შესახებ” სემეკ-ის 23.02.2000წ. ¹11 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირდაპირი მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფის (8,0 ლარი) გამოყენებით მიღებული მთელი შემოსავალი (50795,93 ლარი), ტარიფის ნორმატიული აქტით (დადგენილებით) დაუმტკიცებლობის გამო, ,,ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მიხედვით დადგენილ საჯარიმო თანხასთან ერთად, რაც მთლიანობაში 101591,86 ლარს შეადგენს, ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას. საოლქო სასამართლოს კოლეგიის ეს მოსაზრება მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან სემეკ-ის 23.02.2000წ. გადაწყვეტილების გამოყენებამდე ბუნებრივი აირის (გაზის) ტრანსპორტირება და განაწილება არ იყო უფასო, მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურებისათვის სს ,,მ-ს” უნდა მიეღო გარკვეული ანაზღაურება, შესაბამისად დავის სწორი გადაწყვეტისათვის კოლეგიას უნდა დაედგინა მომსახურების ის ტარიფი, რომელიც ჰქონდა განსაზღვრული სს ,,მ-ს” სემეკ-ის 23.02.2000წ. გადაწყვეტილებამდე, ტარიფის განმსაზღვრელი ორგანო, მისი უფლებამოსილება. მიუხედავად იმისა, რომ საოლქო სასამართლო კოლეგიას, როგორც საქმის პირველი ინსტანციის წესით განმხილველ სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 07.06.02წ. განჩინებით მიეთითა, რომ სადავო აქტის – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 25.07.01წ. ¹96 ბრძანების გასაჩივრებული ნაწილის კანონიერების დადგენა საჭიროებდა სემეკ-ის გადაწყვეტილებამდე არსებული მდგომარეობის გარკვევას, საქმის ხელახალი განხილვისას კოლეგია შემოიფარგლა შემოწმების პერიოდში (2000წ. 01 იანვრიდან 2001წ. 01 აპრილამდე) კასატორის მიერ მიღებული მთელი შემოსავლის დადგენით, რომლის მთლიანად უკანონო შემოსავლად მიჩნევის შედეგად, ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის გამოყენებით, სს ,,მ-ს” განესაზღვრა 101591,86 ლარის გადახდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს ,,მ-ისათვის” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა არ არის დასაბუთებული, ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია სსკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, საქმის ფაქტობრივი გარემოების, კერძოდ, სემეკ-ის 23.02.2000წ. ¹11 გადაწყვეტილების გამოტანამდე სს ,,მ-ისათვის” აირის ტრანსპორტირების და განაწილების განსაზღვრული ტარიფის, ტარიფის განმსაზღვრელი ორგანოს დადგენის, საქმეში დაცული რიგი მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასების გარეშე. სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევით გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის აღნიშნული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას. საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე, კერძოდ, კოოლეგიამ არ მისცა შეფასება საქმეში დაცულ, მცხეთის რაიონის გამგებლის მიერ 15.05.98წ. დამტკიცებულ სს ,,მ-ის” მეურნეობის საწარმოს გაანგარიშებას ქსნის მინის ტარის ქარხნის ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე, სასამართლოს არ უმსჯელია ტარიფის განსაზღვრის სფეროში გამგეობის კომპეტენციაზე, სემეკ-ის 27.08.99წ. ¹5 დადგენილებით დამტკიცებულ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში გაზის ტრანსპორტირების და განაწილების ტარიფებზე, სახ. საწარმო ,,ს-ს”, სს ,,მ-ს” და სს ,,ი-ას” შორის ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ 15.11.97წ. ¹48 ხელშეკრულებით დადგენილ გაზის მიწოდების ფასზე. მითითებული გარემოების დადგენა შესაძლებლობას იძლევა სატარიფო რეჟიმის დარღვევის არსებობის, უკანონო შემოსავლის მიღების დადგენის შესაძლებლობას, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 25.07.01წ. ¹96 ბრძანებით, ,,ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის ოდენობის მართლზომიერების დადგენის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილ შემოწმებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,მ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 15.05.03წ. გადაწყვეტილება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
2. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანისას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.