¹ ბს-249-216-კ-04 22 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: იურიდიული ფაქტის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 25 აგვისტოს მ. დ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ადიგენის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადიგენის რაიონული ფილიალის მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა: 1) დადგენილიყო, რომ იგი ნამდვილად მუშაობდა სოფ. ...-ის კოლმეურნეობაში; 2) მოპასუხეს დავალებოდა მისთვის პენსიის დანიშვნა.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: იგი დაიბადა 1947წ. 10 თებერვალს. 1966 წლიდან 1988 წლამდე მუშაობდა ადიგენის რაიონის სოფ. ...-ის კოლმეურეობაში რიგით კოლმეურნედ. ამჟამად არის საპენსიო ასაკის. 1989 წელს გაუქმდა სოფ. ...-ის კოლმეურნეობა და კოლმეურნეობის საბუთები ჩაბარდა ადიგენის რაიარქივს. იმის გამო, რომ მოსარჩელეს შრომის წიგნაკი არ ჰქონდა, მან მიმართა ადიგენის რაიარქივს შრომადღების ამოწერის თაობაზე, მაგრამ მიიღო უარი იმ მოტივით, რომ 1993წ. 14 იანვარს გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა არქივი და მათ შორის, სოფ. ...-ის კოლმეურნეობის დოკუმენტაციაც.
აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადიგენის რაიონულ ფილიალს პენსიის დანიშვნის თაობაზე, მაგრამ მიიღო უარი, ვინაიდან არ ჰქონდა მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
იმის დასადასტურებლად, რომ იგი ნამდვილად მუშაობდა სოფ. ...-ის კოლმეურეობაში, მოსარჩელე ითხოვდა ადიგენის რაიონის სოფ. წარბათუბანში მცხოვრები ნ. გ.-ისა და ა. ბ.-ის მოწმის სახით დაკითხვას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადიგენის რაიონული ფილიალის უფროსმა სასამართლოს განუმარტა, რომ მ. დ.-ამ მათ მიმართა განცხადებით 2003წ. 18 აგვისტოს და მოითხოვა პენსიის დანიშვნა, მაგრამ უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ მას არ წარმოუდგენია მუშაობის დამადასტურებელ დოკუმენტი ან რაიარქივიდან ამონაწერი. მოპასუხე ითხოვდა მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, კერძოდ, მისი განმარტებით, პენსიის დანიშვნა წარმოადგენდა ფილიალის პრეროგატივას, რის გამოც, სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ადიგენის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგენილ იქნა, რომ მ. დ.-ას ნამდვილად ჰქონდა შრომითი ურთიერთობა და იგი ნამდვილად მუშაობდა 1966 წლიდან 1988 წლამდე სოფ. ...-ის კოლმეურნეობაში რიგით კოლმეურნედ.
მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადიგენის რაიონულ ფილიალს დაევალა მოსარჩელისათვის პენსიის დანიშვნა.
რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადიგენის რაიონული ფილიალის მიერ.
სააპელაციო საჩივარში აღნიშნული იყო, რომ სასამართლომ საქმე განიხილა კანონის დარღვევით და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადიგენის რაიონული ფილიალი მოქალაქეებზე პენსიის დანიშვნას ახორციელებს მოქმედი დებულების “სახელმწიფო პენსიების დანიშვნისა და გაცემის წესის" შესაბამისად, ასაკისა და მუშაობის სტაჟის მიხედვით. შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, ამოწმებს მის ობიექტურობას. ადიგენის სახელმწიფო რაიონული არქივი დამწვარია, კოლმეურნეობები და საბჭოთა მურნეობები არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა განიხილოს და დაადგინოს, ჰქონდა თუ არა მერი დ.-ას ურთიერთობა სოფ. ...-ის კოლმეურნეობასთან, მაგრამ ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, მოპასუხეს არ უნდა დაავალოს პენსიის დანიშვნა.
აპელანტი ითხოვდა ადიგენის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას, საქმის არსებითად განხილვასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადიგენის რაიონული ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ადიგენის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი, რომლითაც სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადიგენის რაიონულ ფილიალს დაევალა მოსარჩელისათვის პენსიის დანიშვნა და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. მოსარჩელე მერი დ.-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე სოციალური დაზღვევის E ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადიგენის რაიონული ფილიალისგან ითხოვდა პენსიის დანიშვნას.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო პენსიის დანიშვნა და გაცემა წარმოადგენს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და მისი ფილიალების დისკრეციულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33.2 მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მტკიცება აღნიშნულზე და მიიჩნია, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადიგენის ფილიალს არ უნდა დავალებოდა მოსარჩელე მ. დ.-ასათვის პენსიის დანიშვნა, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენდა მისი, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, დისკრეციულ უფლებას.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. დ.-ამ.
კასატორი მიუთითებდა, გამომდინარე იქიდან, რომ დადგენილია კოლმეურნეობაში მისი შრომითი ურთიერთობის ფაქტი, სოცდაზღვევის ფონდის ფილიალი ვალდებულია, დაუნიშნოს მას პენსია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სათანადო დოკუმენტების განადგურება გამოიწვია ხანძარმა, რის გამოც კასატორი და ბევრი მისნაირი ადამიანი არ უნდა დაზარალდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 404-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული მუხლის დებულებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მ. დ.-ასათვის შრომითი ურთიერთობის დადგენის ნაწილში საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი არ არის, საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, შეამოწმოს გადაწყვეტილების კანონიერება აღნიშნულ ნაწილში და მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
რაც შეეხება პენსიის დანიშვნის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წრამოდგენილ მასალებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება.
კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2002წ. 6 თებერვლის ¹05/16-1982 მიწერილობა დაქვემდებარებული რაიონული განყოფილებებისადმი, რომლის შესაბამისადაც, იმ შემთხვევაში, თუ მთლიანად განადგურებულია საარქივო დოკუმენტაცია, შრომის სტაჟის დასადგენად დროებითი დებულების მიღებამდე, ფონდის რაიონულმა განყოფილებამ სტაჟის დამადასტურებელი საბუთების არქონისას მოქალაქეს უნდა მოსთხოვოს სასამართლო გადაწყვეტილება შრომის სტაჟის დადგენის თაობაზე, რომელიც უნდა მიიღოს, როგორც სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქმეში ასევე წარმოდგენილია სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადიგენის რაიონული ფილიალის 2003წ. 13 აგვისტოს წერილი ¹368, რომლის შესაბამისადაც, კასატორს პენსიის დანიშვნაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი არ ჰქონდა მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) მხრიდან საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე, გარდა სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობისა, ვერ დასახელდა ვერც ერთი მოტივი, რომლითაც მ. დ.-ა არ განეკუთვნება საპენსიო უზრუნელყოფის უფლების მქონე პირს.
რაც შეეხება სამუშაო სტაჟს, აღნიშნული დადგენილია ადიგენის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა, რომ მ. დ.-ა 1966 წლიდან 1988 წლამდე მუშაობდა სოფ. ...-ის კოლმეურნეობაში რიგით კოლმეურნედ.
ყველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას პენსიის გაცემაზე კანონით დადგენილი წესით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ პენსიის დანიშვნა წარმოადგენს სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და მისი რაიონული განყოფილებების დისკრეციულ უფლებამოსილებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. რაც შეეხება პენსიის დანიშვნას, აღნიშნული წარმოადგენს სოცდაზღვევის ფონდის ვალდებულებას, ყველა საპენსიო უზრუნველყოფის უფლების მქონე პირს კანონით დადგენილი წესით დაუნიშნოს პენსია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ მ. დ.-ას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უარი აქვს ნათქვამი პენსიის დანიშვნაზე, მიიჩნევს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელის საფუძველზე განიხილოს და სოცდაზღვევის სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ორგანოს გადაწყვეტილებით დაავალოს კასატორისათვის კანონით დადგენილი წესით პენსიის დანიშვნა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ. დ.-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადიგენის რაიონული ფილიალისათვის მ. დ.-ას სასარგებლოდ პენსიის დანიშვნის დავალების ნაწილში და მითითებულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. დ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდის ადიგენის რაიონულ ფილიალს დაევალოს მ. დ.-ასათვის პენსიის დანიშვნა კანონით დადგენილი წესით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.