ბს-259-408-კ-03 5 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 21 ნოემბერს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “გ.-მ” მოპასუხე საქართველოს კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედებისა და კულტურის რესპუბლიკური ცენტრის მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა გაწეული ხარჯების, 11657 ლარის, ანაზღაურება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: საქართველოს კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედებისა და კულტურის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორსა და შპს “გ.-ს” შორის 1996წ. 30 დეკემბერს 2001წ. 1 აპრილამდე დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს “გ.-მ” აფთიაქის მოწყობის მიზნით იჯარით აიღო ქ. თბილისში, ... მდებარე სამუსიკო სტუდიის გლდანის ფილიალის პირველი სართულის ნაწილი _ 65 კვ.მ-ით. ამავე ხელშეკრულებით შპს “გ.-მ” აფთიაქის კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარებასთან ერთად ივალდებულა ჩაეტარებინა აღნიშნული სტუდიის სარემონტო სამუშაოები, კერძოდ: განეხორციელებინა წყლის, კანალიზაციის, ელექტროგანათების ქსელის წესრიგში მოსაყვანი სამუშაოები და მოეხდინა სტუდიის ოთახების შემინვა. ხელშეკრულებით შპს “გ.-ს” ასევე დაევალა იჯარის თანხის გადახდა. ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდეგ მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და ნება არ დართო შპს “გ.-ს”, ხელშეკრულების შესაბამისად, გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა სტუდიის სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით შპს “გ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს – კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედებისა და კულტურის რესპუბლიკურ ცენტრს შპს “გ.-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 11657 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ხალხური შემოქმედების სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა ც. ქ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
გაუქმდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
შპს “გ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ შპს “გ.-მ” სარჩელი ხარჯების ანაზღაურების შესახებ შეიტანა 2000წ. ნოემბერში სკ-ის 573-ე მუხლით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, შპს “გ.-ს” სარჩელი, კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “გ.-მ”.
საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებდა, რომ ხელშეკრულება დადებული იყო 2001წ. 1 აპრილამდე. 1998 წელს შპს “გ.-მ”, ფაქტობრივად, შეაჩერა საქმიანობა, ასევე _ იჯარის გადახდაც. ამასთან, არც მოპასუხეს და არც შპს “გ.-ს” არ დაუყენებია საკითხი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შესახებ. შესაბამისად, იგი ძალაში იყო მისი ვადის გასვლამდე.
სარჩელი “გ.-ს” მიერ შეტანილ იქნა 2000 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, მათი მხრიდან დაცული იყო სკ-ის 573-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
კასატორს მიაჩნდა, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 545-ე მუხლი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სკ-ის 573-ე მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
მოწინააღმდეგე მხარემ სარჩელი არ ცნო და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არა აქვს კანონის არასწორ გამოყენებასა თუ მის არასწორ განმარტებას და თვლის, რომ მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის მოტივით, კერძოდ, სსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქმეში წარმოდგენილია სასარჩელო განცხადება, რომელშიც მოსარჩელე (კასატორი) მიუთითებს, რომ, მიუხედავად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადისა, მოპასუხემ ხელშეკრულება შეწყვიტა ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის შემდეგ. აღნიშნული კასატორმა ასევე დაადასტურა საკასაციო სასამართლოს სხდომაზეც.
სკ-ის 573-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო, გამქირავებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს _ წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში.
ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების თაობაზე დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან.
ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის დენას კანონმდებელი უკავშირებს ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს.
მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება დადებულია 1996წ. 30 დეკემბერს. როგორც კასატორის განმარტებით დასტურდება, ხელშეკრულება ფაქტობრივად შეწყდა 1 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, 1997წ. 30 დეკემბერს. სარჩელი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილია 2000წ. 27 ნოემბერს. აღნიშნული კი უდავოდ ადასტურებს, რომ დამქირავებლის (კასატორის) მიერ გაშვებულია ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული პრეტენზიის წარდგენის 6-თვიანი ვადა, რაც წარმოადგენს სარჩელზე ხანდაზმულობით უარის თქმის საფუძველს.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო სარგებლობს რა სსკ-ის 48-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებით, მიიჩნევს, რომ კასატორს, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა შეუმცირდეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “გ.-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილება;
3. შპს “გ.-ს” გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.