Facebook Twitter

ბს-27-24-კ-04 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ფ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანების არაკანონიერად აღიარება იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა მის შტატგარეშე მოსამსახურედ გადაყვანას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებას.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ჯერ ...-ის სამმართველოს ... განყოფილების ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო შემდეგ ...-ის სამსახურის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარემ 2003წ. 20 თებერვალს გამოსცა ¹41-კს ბრძანება, რომელიც მას ჩაბარდა 27 თებერვალს. მან ბრძანება მიიჩნია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გამოცემულად და ითხოვდა მის არაკანონიერად აღიარებას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულების საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტის ახალი სტრუქტურა ამუშავდა 2002წ. 10 სექტემბრიდან. ამავე თარიღიდან გაუქმდა საბაჟო დეპარტამენტის ...-ის სამმართველო, სადაც ჩამოყალიბებულ ...-ის სამსახურში მუშაობდა გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საბაჟო დეპარტამენტში არ მომხდარა შტატების შემცირება და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად, არ მიუღია გაფრთხილება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას უსაფუძვლოდ მიაჩნდა გასაჩივრებულ ბრძანებაში გაფრთხილების შესახებ მითითება. გასაჩივრებული ბრძანებით მისი დანიშვნა საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დაცვის სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურედ მიაჩნდა არაკანონიერად, რადგან დარღვეული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 25-ე და 26-ე მუხლები. არ არსებობდა მისი თანხმობა ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, არ იყო განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი და დანამატები. ასევე აღნიშნავდა, რომ გასაჩივრებული ბრძანებით იგი გათავისუფლდა არა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი “...-ის სამსახურიდან”, სადაც იგი მუშაობდა 2002წ. 10 სექტემბრიდან, არამედ იმ სამსახურიდან, სადაც მუშაობდა 2002წ. 10 სექტემბრამდე, ანუ გათავისუფლდა ისეთი თანამდებობიდან, რომელიც 2002წ. 10 სექტემბრიდან ფაქტობრივად აღარ არსებობდა.

მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹318 ბრძანებულებით საბაჟო სისტემაში განხორციელდა სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია. ამავე ბრძანებულების მე-5 პუნქტის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტს დაქვემდებარებულ საბაჟო ორგანოებს შეუწყდათ უფლებამოსილება და ამოქმედდა ახალი სტრუქტურა, რის თაობაზეც მოსარჩელე გაფრთხილებული იყო. გატარებული რეორგანიზაციის შედეგად, ადრე არსებული 16 საბაჟოს ადგილზე შეიქმნა 8 რეგიონალური საბაჟო ორგანო, აგრეთვე, მოხდა ზოგიერთი სამმართველოების შერწყმა და ზოგიერთი თანამდებობის ფუნქციონალური გაუქმება. ფინანსთა მინისტრის 2002წ. 29 აგვისტოს ¹269 და 5 სექტემბრის ¹279 ბრძანებებით დამტკიცდა საბაჟო დეპარტამენტის დებულება და ახალი საშტატო განრიგი. მოსარჩელე 2002წ. 10 სექტემბრიდან ითვლებოდა განთავისუფლებულად საბაჟო დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს სამორიგეო-სადისპეტჩერო განყოფილების ინსპექტორის თანამდებობიდან, რადგან ასეთი სამმართველო და თანამდებობა აღარ არსებობდა. მართალია, მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანება გამოიცა 2003წ. 20 თებერვალს, მაგრამ იგი არ შეიძლებოდა განხილულიყო მისი შრომითი უფლების შემლახავად, რადგან კონკურსის ჩატარებამდე გ. ფ.-ს ეძლეოდა ხელფასი, ხოლო შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ გამოიცა ბრძანება მისი თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მასთან შტატგარეშე მოსამსახურედ ორთვიანი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. მოპასუხეს მიაჩნდა, რომ აღნიშნული ბრძანებით შეთავაზებულ იქნა თანამდებობა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად, ამით ადმინისტრაცია შეეცადა დაეცვა მოსარჩელის ინტერესი და კონკურსის ჩატარებამდე უზრუნველყო მოსარჩელისათვის სამუშაო ადგილი და მყარი ხელფასის გარანტია.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ფ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. არაკანონიერად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანება გ. ფ.-ის ნაწილში და იგი აღდგენილ იქნა საბაჟო დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს ... განყოფილების ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის ტოლფას თანამდებობაზე. მასვე აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი და სხვა დანამატებს შორის სხვაობა. დადგინდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ფ.-ის სარჩელი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საბაჟო დეპარტამენტში განხორციელებულ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს არ მოჰყოლია შტატების შემცირება და მიუთითა, რომ აღნიშნულის თაობაზე არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვებოდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ფ.-ი სწორად იქნა გათავისუფლებული, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირებისას. აგრეთვე, დაცული იყო კანონის 97.2 მუხლის მოთხოვნა, რადგან შესთავაზეს მას სხვა სამსახური და იგი გაფრთხილებული იყო შესაძლო გათავისუფლების შესახებ. რადგან გ. ფ.-მ უარი განაცხადა შეთავაზებაზე - შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნაზე, ამიტომ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 22 აპრილის ¹86-კს ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹46-კს ბრძანება გ. ფ.-ის შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი და შრომის კანონთა კოდექსი არ ითვალისწინებს სამუშაოზე აღდგენას სხვა ტოლფას თანამდებობაზე, რომელიც კანონიერი საფუძვლით დაკავებული აქვს სხვა საჯარო მოსამსახურეს და გ. ფ.-ის სამსახურში აღდგენით დარღვეული იქნება მესამე პირის უფლებები, ხოლო გ. ფ.-ის მიერ დაკავებული თანამდებობა რომ აღარ არსებობდა, დადგენილი იყო რაიონული სასამართლოს მიერ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ.-მა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საბაჟო დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნების შემცირებას ადგილი არ ჰქონდა და ყურადღება არ მიაქცია მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებას, რომ საბაჟო დეპარტამენტში საშტატო რიცხოვნობა რეორგანიზაციამდეც და რეორგანიზაციის შედეგადაც 1207 საშტატო ერთეული იყო და არასწორად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა შტატების რიცხოვნობის შემცირებას, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა.

სასამართლომ არ განიხილა და არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ იგი 2002წ. 10 სექტემბრიდან მუშაობდა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ ...-ის სამსახურის სამორიგეო განყოფილებაში ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად და მისი მოთხოვნაც ამ თანამდებობას ეხებოდა და არასწორად მიუთითა, რომ თანამდებობა, რომელზეც იგი მუშაობდა რეორგანიზაციის შედეგად, აღარ არსებობდა.

სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ გ. ფ.-ის განთავისუფლებისას დაცული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ზ” პუნქტის მოთხოვნა და არ გაითვალისწინა, რომ შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნა არ წარმოადგენს სხვა თანამდებობის შეთავაზებას “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-6 და მე-8 მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შესახებ და მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულება “ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიების შესახებ”, რომელიც საფუძვლად დაედო საბაჟო დეპარტამენტში განხორციელებულ რეორგანიზაციას, ითვალისწინებდა საბაჟო სისტემის სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაციის განხორციელებას საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტსა და დეპარტამენტს დაქვემდებარებული ორგანოებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე ფინანსთა მინისტრის 2002წ. 5 სექტემბრის ¹279 ბრძანებით დამტკიცდა საბაჟო დეპარტამენტის ახალი და გაუქმდა მანამდე მოქმედი საშტატო განრიგი, ჩატარდა ცენტრალური აპარატის რეორგანიზაცია. ...-ის სამმართველოს ...-ის განყოფილებისა და ...-ის სამმართველოს რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ...-ის სამსახური. ამდენად, ის სამმართველო, რომელშიც მუშაობდა გ. ფ.-ი, დაცვის სამსახურთან ერთად რეორგანიზებულ იქნა ...-ის სამსახურად. ფინანსთა მინისტრის 2002წ. 17 დეკემბრის ¹409 ბრძანებით დამტკიცდა “ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების დებულება”. რეორგანიზაციის შედეგად არსებული ყველა თანამდებობა გახდა ვაკანტური და კონკურსის წესით დასაკავებელი. ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტში გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე საჯარო მოხელეთა კონკურსი არ ჩატარებულა, ამიტომ რეორგანიზაციამდე მომუშავე მოხელეები შესაბამისად დასაქმებული უნდა ყოვილიყვნენ რეორგანიზებულ დაწესებულებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის აზრით, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹41-კს ბრძანებაში გ. ფ.-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობად საბაჟო დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს ... განყოფილების ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის მითითება არასწორია, რადგან ასეთი სამმართველო საბაჟო დეპარტამენტში ფინანსთა მინისტრის 2002წ. 5 სექტემბრის ¹279 ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში აღარ არსებობდა.

პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა რეორგანიზაციამდე სამსახურში მოსამსახურეთა შტატების შემცირება, მანამდე არსებულ სამსახურთან შედარებით, ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტში რეორგანიზაცია განხორციელდა 2002წ. სექტემბერში, ხოლო გ. ფ.-ი სამსახურიდან გათავისუფლდა და შტატშარეშე მოსამსახურედ დაინიშნა 2003წ. 20 თებერვლის ბრძანებით. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, ასეთ შემთხვევაშიც კი მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ. ფ.-ს ადმინისტრაციამ შესთავაზა სხვა სამსახური და იგი არ იყო თანახმა ამ შეთავაზებაზე. პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ გ. ფ.-ის შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნა წარმოადგენდა სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზებას და, რადგან არ იყო თანახმა შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნაზე, ამიტომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება საფუძვლიანი იყო.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ფ.-ის ორი თვის ვადით შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნა არ წარმოადგენს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განხორციელებულ შეთავაზებას სამუშაო ადგილისა და მყარი ხელფასით უზრუნველყოფის გარანტიით, რადგან იგი შტატგარეშე მოსამსახურედ დაინიშნა ორი თვის ვადით, რაც არ ნიშნავს მისი შრომითი მოწყობის საკითხის გადაჭრას. გ. ფ.-ი შტატგარეშე მოსამსახურედ დაინიშნა ისე, რომ დეპარტამენტმა არ გაარკვია, იყო თუ არა მოხელე თანახმა აღნიშნულ შეთავაზებაზე, მით უფრო, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, ხოლო ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან გ. ფ.-ი საბაჟო დეპარტამენტში მუშაობდა რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგაც და ასრულებდა მუდმივ სამუშაოს.

ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2003წ. 22 აპრილის ¹86-კს ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2003წ. 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანება გ. ფ.-ის შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნის ნაწილში, რაც იმით დაასაბუთა, რომ გ. ფ.-ი უარს აცხადებდა შეთავაზებაზე შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნის შესახებ, რომელიც გაზიარებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერაც და ყურადღება არ მიექცა იმ გარემოებას, რომ ¹86-კს ბრძანების გამოცემისას საბაჟო დეპარტამენტის ¹41-კს ბრძანება გ. ფ.-ის მიერ უკვე გასაჩივრებული იყო სასამართლოში (სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2003წ. 20 მარტს) და იგი სადავოდ ხდიდა, როგორც დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას, ისე შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნას. ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტის 2003წ. 22 აპრილის ¹86-კს ბრძანების კანონიერების შემოწმება სცილდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ამიტომ მასზე ვერ იმსჯელებს საკასაციო პალატა, მაგრამ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ¹86-კს ბრძანებით გასაჩივრებულ ¹41-კს ბრძანებაში, გ. ფ.-ის შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნის ნაწილში ბათილად ცნობის შედეგად, იგი დაკავებული თანამდებობიდან ისე იქნა გათავისუფლებული, რომ დეპარტამენტს მისთვის არ შეუთავაზებია სხვა სამსახური, რადგან ბათილად ცნობა ნიშნავს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანება გ. ფ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე და 97-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც იგი აღიარებულ უნდა იქნეს არაკანონიერად და გ. ფ.-ი აღდგენილ იქნეს ¹41-კს ბრძანების გამოცემამდე დაკავებულ თანამდებობაზე და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ. ფ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. არაკანონიერად იქნეს აღიარებული ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 20 თებერვლის ¹41-კს ბრძანება გ. ფ.-ის ნაწილში და გ. ფ.-ი აღდგენილ იქნეს საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დაცვის სამსახურის სამორიგეო განყოფილების ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად. მასვე აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.