Facebook Twitter

¹ ბს-273-419-კ-04 27 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა

შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ვ. ხრუსტალი,

ნ. სხირტლაძე (მომხსენებელი),

ი. ბიბილაშვილი,

მ. გოგიშვილი,

მ. ვაჩაძე,

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 14.08.01წ. ¹103 და 18.07.02წ. ¹106 ბრძანებების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან (ამჟამად ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან) არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის სამუშაო გეგმის მიხედვით, ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" კანონის თანახმად, ფასების ინსპექციის უფროსის 01.05.01წ. ¹40 ბრძანების საფუძველზე შემოწმდა ფასების და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვის მდგომარეობა თანდართული პროგრამის მიხედვით სს ,,ს.". შემოწმება მოიცავდა 1997წ. 1 იანვრიდან 2001წ. 1 იანვრამდე პერიოდს. შემოწმებით დადგინდა, რომ: სემეკ-ის 19.10.98წ. ¹6 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფმა შეადგინა 1,4 თეთრი/კვტ/ სთ-ში, რომელშიც სს ,,ს.” მიერ გაწეული მომსახურებისათვის ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე შეადგენდა 0,6 თეთრს. ამასთანავე, სემეკ-ის 21.10.98წ. ¹58 გადაწყვეტილებით გადაცემის ლიცენზიანტები ვალდებულნი იყვნენ დამოუკიდებლად გაეფორმებინათ ხელშეკრულებები ელექროენერგიის პირდაპირ მომხმარებელთან ან/და გადაცემის ან/და წარმოების ლიცენზიანტებთან, ხოლო ხელშეკრულებების გაფორმებისას გამოეყენებინათ სემეკ-ის 19.10.98წ. ¹6 დადგენილებით დამტკიცებული ტარიფები. აღნიშნული გადაწყვეტილება 01.11.98წ. შევიდა ძალაში. მიუხედავად ამისა, ხსენებული სამუშაოები 1999წ. აპრილამდე არ შესრულებულა. 1998წ ნოემბერ-დეკემბერში სს ,,ს." მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდებოდა სს ,,ს." და სახელმწიფო კომპანია ,,ს." შორის 16.09.96წ. დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 31.12.98წ. დამთავრდა, 1999წ. იანვრიდან მარტის ჩათვლით სს ,,ს." მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების საკითხი მოუგვარებელი იყო. სახელმწიფო კომპანია ,,ს." ცნობით 1999წ. იანვრიდან მარტის ჩათვლით რეალიზებული ელექტროენერგიის რაოდენობა შეადგენდა 1110516247 კვტ/სთ-ს, აქედან სს ,,ს." კუთვნილიმა წილმა ელექტროენერგიის გადაცემის ყოველ კილოვატზე 0,6 თეთრიდან გამომდინარე 6663097,48 ლარი შეადგინა. ამდენად, შემოწმების შედეგად შედგენილ აქტში აღინიშნა, რომ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევით სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზიანმა _ გადაუხდელი გადასახადების, კერძოდ, დღგ-ის თანხა 1110738,34 ლარი შეადგინა, საჯარიმო თანხის გათვალისწინებით 2221476,7 ლარი (111078,34 X 2) ბიუჯეტში გადარიცხვას დაექვემდებარა.

1999წ. აპრილსა და მაისში ,,ს." წილობრივი თანხის გადაანგარიშებისათვის ენერგოკომპანიებთან გამოყენებულია ტარიფი _ 0,4 თეთრი კვტ/სთ-ზე, ნაცვლად სემეკ-ის 19.10.98წ. ¹6 დადგენილებით დამტკიცებული ტარიფისა 0,6 თეთრი კვტ/სთ-ზე. შემოწმების აქტში აღინიშნა, რომ დადგენილ ტარიფთან შედარებით დაბალი ტარიფის გამოყენების შედეგად, სს ,,ს." მიუღებელმა შემოსავლებმა 1158631,89 ლარი შეადგინა, რის გამო სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზიანმა (დღგ-ს გადასახადი) 193028 ლარი შეადგინა, ,,ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” კანონის თანახმად საჯარიმო თანხა _ 386056 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებას.

სს ,,ს." და საერთაშორისო კომპანია ,,ვ. ი." შორის დადებული ხელშეკრულების და სს ,,ს." ელექტროენერგიის იმპორტის ლიცენზიის საფუძველზე, 2000წ. თებერვალ-მარტში იმპორტირებულ იქნა ელექტროენერგია, რომლის შესასყიდი ფასი ხელშეკრულებით იყო დადგენილი 2,3 ცენტი კვტ/სთ-ზე. 2000წ თებერვალ-აპრილში იმპორტირებული ელექტროენერგია საბითუმო ბაზარს მიეყიდა 5,08 თეთრად 1 კვტ/სთ-ზე, ანუ სემეკ-ის 01.02.2000წ. ¹5 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ტარიფით. უკანასკნელი გადაწყვეტილება მოდიფიცირებულ იქნა სემეკ-ის 29.12.2000წ. ¹87 გადაწყვეტილებით, რომლითაც გაგრძელდა ლიცენზიის მოქმედების ვადა, ამასთანავე განისაზღვრა გასული პერიოდის 2000წ. ნოემბერ-დეკემბერში რეალიზებული (ფაქტობრივი) ელექტროენერგიის ტარიფი (4,78 თეთრი _ 1 კვტ/სთ-ზე). შემოწმების აქტში აღინიშნა, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად კომისიის ნორმატიული აქტია დადგენილება, ტარიფები უნდა იყოს დამტკიცებული კომისიის დადგენილებით და არა გადაწყვეტილებით, შესაბამისად უკანონოდ იქნა მიჩნეული გადაწყვეტილებით დამტკიცებული ტარიფებით მიღებული შემოსავლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,ს." და საერთაშორისო კომპანია ,,ვ. ი." განხორციელებული ოპერაციის საფუძველზე სემეკ-ის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ტარიფების გამოყენების შედეგად მიღებული 557585 ლარი უკანონო შემოსავლად იქნა მიჩნეული, ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის მიხედვით ფასების და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული მთელი უკანონო შემოსავალი, იმავე ოდენობის საჯარიმო თანხასთან ერთად გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

შემოწმების აქტით იურიდიული ძალის არმქონედ იქნა მიჩნეული სემეკ-ის 17.02.99წ. ¹11, 19.11.98წ ¹67, 30.10.98წ. ¹64, 20.01.99წ. ¹5, 27.09.99წ. ¹56 გადაწყვეტილებებით დამტკიცებული ტარიფები. ამ გადაწყვეტილებებით დამტკიცებული დაბალი ტარიფების გამოყენების გამო, მიჩნეულ იქნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ზიანი, კერძოდ: სს ,,ე. თ." დადებული ხელშეკრულებით 1999წ. მაისში მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 818199,66 ლარი, აქედან სახბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზიანმა გადაუხდელი დღგ-ის სახით _ 136393,94 ლარი შეადგინა, 1999წ. ივლის-დეკემბერში მიუღებელმა შემოსავალმა _ 557365,69 ლარი შეადგინა, აქედან ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზიანმა დღგ-ს სახით – 92912,92 ლარი. სს ,,რ." ანგარიშსწორებისათვის დამტკიცებული ტარიფის გამოყენების შედეგად 1999წ. აპრილ-მაისში სს ,,ს." მიუღებელმა შემოსავალმა 31460 ლარი შეადგინა, სახბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზიანმა გადასახდელი დღგ-ის სახით _ 5244,4 ლარი შეადგინა. აქტის მიხედვით სს ,,მ." 1999წ. იანვრიდან მაისის ჩათვლით მიუღებელმა შემოსავალმა 6988,84 ლარი შეადგინა, სახბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი გადაუხდელი დღგ-ს სახით 1165 ლარს შეადგენს. შპს ,,ს. რ." დამტკიცებული დაბალი ტარიფების შედეგად 1999წ. მარტსა და აპრილში ვერ იქნა მიღებული 35465,98 ლარის შემოსავალი, აქედან სახბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი (დღგ) არის 5912,36 ლარი. 1999წ. ოქტომბერში სემეკ-ის დადგენილებით დამტკიცებულ ტარიფთან შედარებით მაღალი ტარიფის გამოყენებით უკანონო შემოსავალმა შეადგინა 2199,4 ლარი. შპს ,,ა.-პ." ანგარიშსწორებისას გამოყენებული დაბალი ტარიფის შედეგად სს ,,ს." მიერ მიუღებელმა შემოსავალმა 1999წ. დეკემბრისა და 2000წ. იანვარ-ივლისის ჩათვლით 141930,7 ლარი შეადგინა, ბიუჯეტისათვის მიყენებულმა ზიანმა დღგ-ს სახით _ 23659,91 ლარი. საბოლოოდ შემოწმების 05.06.01წ შედგენილი აქტის თანახმად, ფასდარღვევის საერთო თანხამ 4.792654,4 ლარი შეადგინა.

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 14.08.01წ. ¹103 ბრძანებით, ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ამოღებულ იქნა საჯარიმო თანხის გათვალისწინებით სს ,,ს." ანგარიშსწორების ანგარიშიდან ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული ზედმეტი შემოსავალი 4792654,4 ლარი.

12.10.01წ. სს გაერთიანებული ელექტროსისტემა ,,ს." სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სამინისტროს 14.08.01წ. ¹103 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის მიერ ყველა პირდაპირი მომხმარებლისა და ენერგოკომპანიისათვის დაგზავნილ იქნა ხელშეკრულების პროექტები, მიუხედავად ამისა, შეთანხმება ხელშეკრულების დადებაზე ვერ მოხერხდა, ვინაიდან ყველა მათგანს ხელშეკრულება უკვე ჰქონდა გაფორმებული ,,ს." და არ სურდათ ცალ-ცალკე ხელშეკრულების გაფორმება სხვადასხვა ლიცენზიანტებთან, მითუმეტეს, რომ აღრიცხვიანობა წარმოებდა მხოლოდ ,,ს." ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით. ამასთანავე, 1999წ. 10 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო ელექტროენერგეტიკის საბითუმო ბაზარი, რის შედეგადაც ხელშეკრულების გაფორმება უშუალოდ ერთ ენერგოობიექტთან _ ელექტროენერგეტიკის საბითუმო ბაზართან მოხდებოდა. აღნიშნულის გამო მოსარჩელე იძულებული შეიქმნა მიემართა ,,ს." ხელმძღვანელობისათვის თხოვნით, რათა 1999წ. პირველ კვარტალიდან ენერგომომხმარებლებზე წარდგენილ ანგარიშ-ფაქტურებში გაეთვალისწინებინათ ,,ს." წილიც. ,,ს." გაითვალისწინა მოსარჩელის თხოვნა, რის შედეგადაც 1999წ. I კვარტალში მათ შორის დამყარდა ფინანსური ურთიერთობა. ,,ს." მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურები ითვალისწინებდა ელექტროენერგიის მთლიან ღირებულებას შესაბამისი საბიუჯეტო დარიცხვებით, მათ შორის, სს ,,ს." კუთვნილ თანხასაც, რაც დასტურდება ,,ს." ხელმძღვანელობის 08.08.01წ. წერილით. 1999წ. პირველი კვარტლის ბიუჯეტის კუთვნილი თანხა დაერიცხა და გადახდილ იქნა ,,ს.” მიერ და არავითარი დანაკარგი ბიუჯეტს ამ მხრივ არ განუცდია, რაც დასტურდება საგადასახადო ორგანოების წერილებით.

მოსარჩელე არ დაეთანხმა აგრეთვე საერთაშორისო კომპანია ,,ვინგლდ ინტერნეიშენელთან" სს ,,ს." მიერ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული ოპერაციის შედეგად შემოსავლის სახით 557585 ლარისა და იმავე ოდენობის საჯარიმო თანხის დარიცხვას, ვინაიდან სემეკ-ის 31.08.2000წ. დადგენილების 4.1 მუხლის მიხედვით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფი განისაზღვრება სემეკ-ის გადაწყვეტილებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. უსაფუძვლოა ინსპექციის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რადგან ელექტროენერგიის იმპორტზე ტარიფი დადგენილია გადაწყვეტილებით, იგი ბათილია, ხოლო მის საფუძველზე მიღებული შემოსავალი უკანონოა და საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით ექვემდებარება ბიუჯეტში ამოღებას. სს ,,ს." თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობდა ,,ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონით, რომლის 5.2 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ ინდივიდუალურ საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ლიცენზიანტების და მომხმარებლებისათვის, მათი შეუსრულებლობის გამო კომისია ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის მე-14 მუხლის თანახმად უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დააკისროს პირს პასუხისმგებლობა. აღნიშნულის გამო, სს ,,ს." ხელმძღვანელობდა კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტარიფებით. მოსარჩელემ მიუთითა აგრეთვე, რომ ფასდარღვევის საერთო თანხისა და საჯარიმო თანხების შეჯამებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, აქტში აღწერილი ეპიზოდების მიხედვით თანხა შეადგენს 4257,6 ათას ლარს, ნაცვლად აქტში და მინისტრის ბრძანებაში მითითებული 4792,6 ათასი ლარისა, ანუ თანხა ხელოვნურად გაზრდილია 535,0 ათასი ლარით. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 18.07.02წ. ბრძანებით ცვლილებები და დამატებები იქნა შეტანილი მინისტრის 14.08.01წ. ¹103 ბრძანებაში, ბრძანებას დაემატა სამოტივაციო ნაწილი, ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად სს ,,ს." ანგარიშსწორების ანგარიშიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებას დაექვმდებარა (საჯარიმო თანხის გათვალისწინებით) 4257678,54 ლარი, მათ შორის: 1999წ. იანვარ-მარტში სს ,,ს." მიერ დაშვებული ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის გამო _ 2221476,68 ლარი; 1999წ. აპრილსა და მაისში ფასების და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის გამო _ 386056 ლარი; 2000წ. თებერვალ-აპრილსა და ნოემბერ-დეკემბერში _ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის გამო 1115170 ლარი; 1999-2000 წლებში სს ,,ს." მიერ ,,ე. თ.", სს ,,რ.", სს ,,მ.", სს ,,ა. პ." და შპს ,,ს. რ." ანგარიშსწორებისას ფასების და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად _ 534975,86 ლარი.

სს ,,ს." დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 14.08.01წ. ¹103 და 18.07.02წ. ¹106 ბრძანებების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სემეკ-ის 21.10.98წ. ¹58 გადაწყვეტილება ელექტროსადგურებისა და სახ. კომპანიების მიმართვების გათვალისწინებით იქნა გამოცემული, მისი შესრულებით მოსარჩელეც იყო დაინტერესებული, რადგან ყველანაირად აწყობდა უშუალოდ მომხმარებლებთან ხელშეკრულების დადება. ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმებისათვის საჭიროა ორმხრივი ნების გამოვლენა, ვერ მოხერხდა ხელშეკრულების გაფორმება, რადგან მომხმარებლებს უკვე ჰქონდათ ხელშეკრულებები გაფორმებული ,,ს.". აღნიშნულის გამო, 1999წ. I კვარტლის სს ,,ს." მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება მთლიანად აისახა ,,ს." შემოსავალში. სემეკ-ის 19.10.98წ. ¹6 დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების ტარიფები დანაკარგების ჩათვლით სს ,,ს." შეადგენს 0,6 თეთრს იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ჩართულია უშუალოდ სს ,,ს." კუთვნილ მაღალი ძაბვის ქსელში, რასაც პრაქტიკულად ადგილი არ აქვს. დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პირდაპირი მომხმარებლების მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის რაოდენობა და ტარიფი განისაზღვრება მხარეების მიერ სემეკ-ში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, დადგენილი წესით. სწორედ ამ ნორმის შესასრულებლად გამოცემულია სემეკ-ის გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება სავალდებულოა სს ,,ს.". დავის საგანი ფაქტობრივად ეხება სემეკ-ის მიერ გამოცემული გადაწყვეტილებების ბათილად გამოცხადებას, რისი უფლება ,,ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის მე-15 მუხლის თანახმად, აქვთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან საქართველოს უზენაეს სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა აგრეთვე, რომ მინისტრის 14.08.01წ. ¹103 ბრძანება ეწინააღმდეგება სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ნაწილებს, ხოლო 18.07.02წ ¹106 ბრძანება სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილს, ორივე ბრძანება არღვევს სზაკ-ის მე-7 მუხლის, მე-60 მუხლის I ნაწილის ,,გ" და “დ" ქვეპუნქტების მოთხოვნებს. ბრძანებების მომზადებისას არსებითად დარღვეულია აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი საჯარო და ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესები.

სამინისტრომ სს ,,ს." სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მინისტრის 14.08.01წ. ¹103 და 18.07.06წ. ¹106 ბრძანებები მომზადდა და გამოიცა სზაკ-ის ნორმების მოთხოვნათა სრული დაცვით, სს ,,ს." შემოწმების მასალებისა და შემოწმების აქტის მიმართ ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება, 16.06.01წ. სს ,,ს." ფასების ინსპექციას წარუდგინა შენიშვნები შემოწმების აქტის მიმართ, ხოლო 26.07.02წ. ინსპექციაში სს ,,ს." და ინსპექციის წარმომადგენლების მიერ განხილულ იქნა შემოწმების აქტი, რომლის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს გაეცა ამომწურავი პასუხი. მოპასუხემ აღნიშნა, რომ სემეკ-ის 21.10.98წ. ¹58 გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებს დაევალათ დამოუკიდებელი ხელშეკრულებების გაფორმება ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლებთან და გამოეყენებინათ სემეკ-ის 11.08.98წ. ¹4 და 19.10.98წ. ¹6 დადგენილებებით დამტკიცებული ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო ტარიფები. სს ,,ს." ამ გადაწყვეტილების მოთხოვნათა დარღვევით არ გააფორმა ხელშეკრულებები ენერგოკომპანიებსა და სხვადასხვა მომხმარებლებთან, 1999წ. პირველ კვარტალში ელექტროენერგიის გადაცემის მიუხედავად, არ მიუღია მომსახურების საფასური ანუ გამოიყენა ნულოვანი ტარიფი, რაც გამოწვეული იყო აღრიცხვიანობის სისტემის მოუწესრიგებლობით. ამ პერიოდში სს ,,ს." კუთვნილი 0,4 თეთრი კვტ სთ-ზე აისახა სახკომპანია ,,ს." შემოსავალში, სახელმწიფო ბიუჯეტს ამის გამო გადაუხდელი დღგ-ს სახით დააკლდა 1110738,38 ლარი, რაც საჯარიმო სანქციებთან ერთად 2221476,68 ლარს შეადგენს. 1999წ. აპრილსა და მაისის თვეში მოსარჩელე ენერგოკომპანიებთან და სხვა მომხმარებლებთან გაწეულ მომსახურებაზე თვითნებურად იყენებდა ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფს, მის მიერ ანგარიშსწორებისათვის გამოყენებული ტარიფი არ ყოფილა დადგენილი სემეკ-ის არც დადგენილებით და არც გადაწყვეტილებით. 2000წ. თებერვალ-აპრილში სს ,,ს." “ვ. ი." დადებული ხელშეკრულების შესაბამისად განახორციელა ელექტროენერგიის იმპორტი 5,08 თეთრად კვტ სთ-ზე, რაც დადგენილი იყო სემეკ-ის 01.02.2000წ. ¹5 გადაწყვეტილებით. მოპასუხეს უნდა ესარგებლა სემეკ-ის 31.05.99წ. ¹1 დადგენილებით დამტკიცებული ტარიფით, რომელიც 6,2 თეთრს შეადგენდა, ვინაიდან სემეკ-ის გადაწყვეტილება არ არის ნორმატიული აქტი, შესაბამისად, მოპასუხე თვლის, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილებით დამტკიცებული იმპორტირებული ელექტროენერგიის სარეალიზაციო ტარიფის გამოყენებით მიღებული შემოსავალი უკანონო შემოსავლად უნდა იქნეს მიჩნეული. შემოწმების აქტში დაფიქსირებული ყველა დანარჩენი დარღვევა სემეკ-ის გადაწყვეტილებით დამტკიცებული შემცირებული ტარიფების გამოყენების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებულ ზიანს ეხება. “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების საბითუმო და საცალო ტარიფები უნდა დადგინდეს სემეკ-ის დადგენილებით. ამდენად, სს ,,ს." მიერ სემეკ-ის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ტარიფების გამოყენება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რის გამო მას ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" კანონის შესაბამისად, სწორად დაერიცხა უკანონო შემოსავლები და შესაბამისი სანქციები. მინისტრის 18.07.02წ. ¹106 ბრძანებასთან დაკავშირებით მოპასუხე განმარტავს, რომ ბრძანებით გასწორებულ იქნა 14.08.01წ. ¹103 ბრძანებაში თანხის დაანგარიშებისას დაშვებული მექანიკური შეცდომები, გაფართოვდა ბრძანების სამოტივაციო ნაწილი, ფასდარღვევის საერთო თანხა წარმოდგენილ იქნა თითოეული დარღვევის მიხედვით, რათა მოსარჩელისათვის უფრო ცხადი გამხდარიყო, თუ რა დარღვევისაგან შედგებოდა ფასდარღვევების საერთო თანხა.

მესამე პირის _ სემეკ-ის წარმომადგენელი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და თვლის, რომ 14.08.01წ. ¹103 ბრძანება ეწინააღმდეგება სზაკ-ის 52-ე, 53-ე, 63-ე, 95-ე და 96-ე მუხლებს, რადგან არ გააჩნია წერილობითი დასაბუთება, რომელშიც მითითებული იქნება ყველა ის გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას, ამ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 18.07.02წ. ბრძანების გამოცემის დროს დარღვეულია სზაკ-ის 63-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან ბრძანება უნდა მომზადებულიყო ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით. სემეკის გადაწყვეტილებით ნებადართულ იქნა პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება გარკვეული კვოტების ფარგლებში, დანარჩენი მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა განხორციელებულიყო. სემეკის რიგი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობით ფასების სახელმწიფო ინსპექცია გასცდა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს და მიითვისა არა მხოლოდ სემეკ-ის, არამედ სასამართლოს ფუნქციები.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგის 17.06.03წ. გადაწყვეტილებით სს ,,ს." სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კოლეგიამ მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო რეგულირებადი ფასი (ტარიფი) ელექტროენერგიის განაწილების თაობაზე უნდა დადგენილიყო სემეკ-ის არა გადაწყვეტილებით, არამედ დადგენილებით, რომელიც ძალაში შედის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონით დადგენილი წესით. ამდენად, სემეკ-ის გადაწყვეტილებებით დადგენილი ტარიფები არ წარმოადგენდა სახელმწიფოს მხრიდან ტარიფის რეჟიმის დამდგენ დოკუმენტს და არ ატარებდა მოსარჩელისათვის სავალდებულო ხასიათს. კანონმდებლობა ტარიფის შემუშავება-დამტკიცების მკაცრ რეგლამენტაციას იძლევა, რომლის დაცვაც ასევე მნიშვნელოვანია ტარიფის, როგორც სახელმწიფო რეგულირებადი ფასის, იმპერატიულობისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტში დაფიქსირებული დარღვევები, რომლებიც 1999წ. აპრილსა და მაისში ენერგოკომპანიებთან, ცენტრალურ მომხმარებლებთან (სს ,,ე. თ.", სს “მ.", სს ,,რ.", შპს ,,ს. რ.", “ა.-პ.") და საერთაშორისო კომპანია ,,ვინგფილდ ინტერნეიშნლ"-თან სემეკ-ის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ტარიფის გამოყენების გამო საჯარიმო სანქციის გამოყენებას უკავშირდება, ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" კანონის შესაბამისია. კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ 1999წ. I კვარტალში სს ,,ს." ახორციელებდა ელექტროენერგიის გადაცემას, მაგრამ მომსახურების საფასური არ მიუღია, სს ,,ს." კუთვნილი 0,4 თეთრი კვტ. სთ-ზე აისახა სახელმწიფო კომპანია ,,ს." შემოსავლებში. კოლეგიამ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სს ,,ს." ბიუჯეტში კუთვნილი თანხა დღგ-ს სახით არ გადაუხდია, რის გამო ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს. კოლეგიამ მიუთითა აგრეთვე, რომ სზაკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაესწორებინა ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, კოლეგიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სადავო აქტების ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები.

საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სს ,,ს." მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, რომლის მიხედვითაც კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ ინდივიდუალურ საკითხებზე კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, ასეთი გადაწყვეტილებები სავალდებულოა ლიცენზიანტებისა და მომხმარებლებისათვის. სს ,,ს." არის ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი, რომლისთვისაც სემეკ-ის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტს წარმოადგენს. თუ სემეკ-მა არასწორად მიიღო გადაწყვეტილება, ფასების სახელმწიფო ინსპექციას ჯერ უნდა მიემართა სემეკ-თვის და მოეთხოვა მისი გასწორება. სასამართლოს არ მიუცია შეფასება სემეკ-ის გადაწყვეტილებებისათვის, არ უმსჯელია გადაწყვეტილების ინდივიდუალურ ხასიათსა და მის კანონშესაბამისობაზე. კასატორი თვლის, რომ ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ" კანონის პირდაპირი აკრძალვის მიუხედავად, მოხდა ერთი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების მითვისება და განხორციელება. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის გარეშე ფასების სახელმწიფო ინსპექცია მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა სემეკ-ის გადაწყვეტილების კანონიერებაზე. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ საგადასახადო ორგანოები არიან უფლებამოსილნი უზრუნველყონ გადასახადების სრულად და დროულად გადახდის სახელმწიფო კონტროლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ კოდექსით გათვალისწინებულია გადასახადების აკრეფა სხვა ორგანოების მიერ. ,,ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, ფასების და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული მთელი უკანონო შემოსავალი, ასევე იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა ინსპექციის წარდგინებით და სამინისტროს გადაწყვეტილებით გადაიხდევინება სახელმწიფო ბიუჯეტში. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, არც ფასების სახელმწიფო ინსპექცია და არც სამინისტრო არ არიან უფლებამოსილნი კონტროლი გაუწიონ გადასახადების გადახდა-არგადახდას. სასამართლოს მიერ არ ყოფილა დადგენილი, მოქმედებდა თუ არა ფასების სახელმწიფო ინსპექცია მისი უფლებამოსილების ფარგლებში და გადაამეტა თუ არა მან თავის უფლებამოსილებას. არ ყოფილა დადგენილი აგრეთვე ,,ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" კანონით გათვალისწინებული რა სახის დარღვევა ჩაიდინა სს ,,ს.". ფასების სახელმწიფო ინსპექციამ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რადგან დღგ, როგორც გადასახადის ფორმა, გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსით და მისი ამოღება და გადასახადის გადახდაზე კონტროლი მხოლოდ საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას შეადგენს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სს ,,ს." შუამდგომლობა ექსპერტიზის ჩატარების შესახებ და არ მისცა შეფასებები იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სს ,,ს." მიერ გაწეული მომსახურებიდან გადახდილი დღგ სრულად არის ჩარიცხული სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც არანაირი ზარალი არ განუცდია. თუ სასამართლოს ეჭვი შეჰქონდა მოცემული ფაქტის სინამდვილეში, მას უნდა დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს პირდაპირ მოვალეობას შეადგენდა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მესამე პირად სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილის _ სს ,,ს." ჩართვა, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.

კასატორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც დაშვებულია ელექტროენერგიის იმ საწარმოთა საგადასახადო ვალდებულებათა შესრულება მესამე პირის _ გადასახადის არაუშუალო გადამხდელის მიერ, რომელზეც სემეკ-ის მიერ გაცემულია ლიცენზია ელექტროენერგეტიკულ საქმიანობაზე. მოცემული ნორმის გამოყენება სასამართლოს სხვაგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემდა. კასატორს მიაჩნია აგრეთვე, რომ საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში რეგულირებადი რეჟიმის ნაცვლად გამოიყენება სახელშეკრულებო ფასი, ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფის რეგულირებას არ ახდენს არც სემეკი და არც რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყება, რის გამო იმპორტზე ტარიფი არ დადგენილა არც გადაწყვეტილებით და არც დადგენილებით. იმპორტზე ტარიფი დადგინდა ხელშეკრულებით და იმპორტის ლიცენზიით, ლიცენზიის გაცემაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია იმ გარემოებამ, რომ სახელშეკრულებო ფასი არ იწვევდა სამომსახურებო ტარიფის ზრდას.

სასამართლომ არ გამოიყენა სზაკ-ის 52-ე მუხლი, რომელიც იმპერატიულად მოითხოვს ადმინისტრაციულ აქტში იმ ორგანოს მითითებას, რომელშიც შეიძლება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის (ან სარჩელის) წარდგენის ვადა. მოწინააღმდეგე მხარის მიერ ადმინისტრაციულ აქტში ცვლილებების შეტანისას არ ყოფილა დაცული იგივე წესი, რაც იყო დადგენილი ასეთი ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის, სასამართლომ არ გამოიყენა სზაკ-ის 95-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე. სზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევით ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარმეოება. ფასების სახელმწიფო ინსპექციამ დაარღვია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის

კანონმდებლობით გათვალისწინებული წესი, რაც სზაკ-ის 60.1 მუხლის ,დ" ქვეპუნქტის თანახმად, აქტის ბათილობას იწვევს. სასამართლომ შეფასება არ მისცა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 07.05.02წ. წერილს, რომლის მიხედვით გამანაწილებელი კომპანიის ტარიფი მოიცავს სს ,,ს." კუთვნილ ტარიფს, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 273.3 მუხლის გათვალისწინებით, სს ,,ს." 1999წ. I კვარტალში ვალდებული იყო სხვა ენერგოკომპანიაზე და პირდაპირ მომხმარებელზე ელენერგიის მიწოდება მოეხდინა სს ,,ს." ტარიფის გათვალისწინებით, შესაბამისად ბიუჯეტთან ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო სრული ტარიფიდან, ხოლო სს ,,ს." მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის და საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უნდა მოეხდინა საგადასახადო ჩათვლა და შესაბამისი ხარჯების გამოქვითვა. შპს ,,ს.-....." 21.08.01წ. წერილის მიხედვით სს ,,ს." კუთვნილი ტარიფი _ 0,4 კვტ/სთ-ზე აისახა სახ. კომპანია ,,ს." შემოსავლებში, რომელიც ეტაპობრივად აისახება სახ. ბიუჯეტის მიმართ დავალიანებაში. სემეკ-ის 03.09.01წ. წერილით ტარიფების დადგენა სემეკ-ის პრეროგატივას შეადგენს, კონკრეტულ საკითხზე იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ძალაშია და სავალდებულოა შესასრულებლად ყველა ლიცენზიატისა და მომხმარებლისათვის. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, სზაკ-ის მე-60 მუხლის მე-5, მე-6 ნაწილების თანახმად, სს ,,ს." იძულებული იქნება მიმართოს სასამართლოს სემეკ-ის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და აქტის გამოცემით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს ,,ს." სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. საქმეში მესამე პირად ჩაბმული სემეკ-ის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სს ,,ს." საკასაციო საჩივარს. მოწინააღმდეგე მხარის _ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და სამინისტროსთან არსებული ფასების ინსპექციის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის მოტივები არ ცნეს უსაფუძვლობის გამო და ითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ფასების (ტარიფების) დადგენას და მათი რეგულირების წესს განსაზღვრავს და ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე. ,,ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებს, კომისიის ნორმატიული აქტია დადგენილება, კომისიის დადგენილებით მტკიცდება ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირების წესები, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების საბითუმო და საცალო ტარიფები და მათი დადგენის საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესები. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 151 მუხლის თანახმად, სემეკ-ის ნორმატიული აქტია კომისიის დადგენილება, კომისიის დადგენილება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილებისა და მოხმარების ტარიფები სემეკ-ის დადგენილებით უნდა განისაზღვროს. ,,ენერგეტიკის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ენერგეტიკის ობიექტებისათვის, საკუთრების ფორმის მიუხედავად, სავალდებულოა დარგობრივი ნორმატიული აქტების და წესების მოთხოვნათა შესრულება. ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და მისი რეჟიმი, სატარიფო რეჟიმები, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ" და ,,ი" ქვეპუნქტების თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება, რაც ასევე განაპირობებს სატარიფო რეჟიმის იმპერატიულობას. ამდენად, კანონმდებლობა ტარიფის შემუშავება-დამტკიცების მკაცრ რეგლამენტაციას იძლევა, რომლის დაცვა სავალდებულოა ტარიფის, როგორც სახელმწიფო რეგულირებადი ფასის იმპერატიულობისათვის. განსახილველ შემთხვევაში გადაცემის ტარიფი განისაზღვრა სემეკ-ის 19.10.98წ. ¹6 და 31.05.99წ. ¹1 დადგენილებებით. ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს მეწარმის მიერ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიღებული მთელი უკანონო შემოსავალის, ასევე იმავე ოდენობის საჯარიმო თანხის ფასების ინსპექციის წარდგინებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას სამინისტროს გადაწყვეტილებით. 05.06.01წ. შემოწმების აქტით ბიუჯეტში გადარიცხვას დაექვემდებარა არა შემოსავალი, არამედ მიუღებელი შემოსავლიდან გამოანგარიშებული დღგ-ის თანხა და იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევის შესახებ, ვინაიდან ინსპექციის შემოწმების საგანს შეადგენდა არა საგადასახადო დარღვევების, არამედ ფასების და ფასწარმოქმნის დარღვევების ფაქტების გამოვლენა. ინსპექციის მიერ შედგენილი აქტი არ ისახავდა მიზნად გადასახადების სრულად და დროულად გადახდაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, გადასახადების აკრეფას, ფასების ინსპექციამ ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის საფუძველზე გამოავლინა ფასდარღვევა და გამოიყენა ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" კანონით გათვალისწინებული ღონისძიება, რომელიც მდგომარეობს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის, გამოხატული გადაუხდელი სახელმწიფო გადასახადების თანხის და იმავე ოდენობის საჯარიმო თანხის ამოღებაში. ფასების ინსპექცია არ გასცილებია თავისი კომპეტენციის კანონით განსაზღვრულ ფარგლებს, ფასების ინსპექცია ხელმძღვანელობდა ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის მეორე წინადადებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციებით, რომლის თანახმად, მონოპოლიურად მაღალი ფასების გამოყენებით მიღებული მთელი დამატებითი შემოსავალი და იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა ან მონოპოლიურად დაბალი ან დემპინგური ფასების დაწესების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი (გადაუხდელი სახელმწიფო გადასახადების თანხა) და იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა ფასების სახელმწიფო ინსპექციის წარდგინების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ამოიღება სამინისტროს გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ენერგეტიკის სფეროში კონკურენცია ძირითადში დაიშვება ელექტროენერგიის მწარმოებელთა და არა გადამცემთა შორის, სს ,,ს." თავისი საქმიანობის შინაარსით ფაქტობრივად ბუნებრივ მონოპოლისტს წარმოადგენს, თუმცა ოფიციალურად იგი ასეთად არაა ცნობილი. ელექტროენერგიის სექტორში მთლიანად და განსაკუთრებით ელექტროგადაცემა-განაწილება მიეკუთვნება ბუნებრივ მონოპოლიებს (აღნიშნულს ადასტურებს სემეკ-ის შესაგებლებიც), სახელდობრ მონოპოლიზაციის დონე განაპირობებს ამ სფეროში ფასებისა და ფასწარმოქმნის სახელმწიფო რეგულირებას.

სს ,,ს." კუთვნილი ტარიფი განსაზღვრული იყო “ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფის შესახებ” სემეკ-ის 19.10.98წ. ¹6 დადგენილებით (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე", 1998წ. ¹2, III ნაწ. მუხ.60), რომლის მე-2 მუხლით ელექტროენერგიის გადაცემისათვის (გადაცემის ქსელში დანაკარგების ჩათვლით) ტარიფი მთლიანობაში განისაზღვრა 1.4 თეთრი/კვტ სთ, მათ შორის ,,ს." საშუალოდ _ 1,0; ,,ს." _ 0,6; ,,თ." _ 0,3; დუშეთის ენერგოკომპანიისათვის _ 0,2. ამდენად, სემეკ-ის 19.10.98წ. ¹6 დადგენილებით ზღვრული ფასის ფარგლებში განსაზღვრული იყო გადაცემის ლიცენზიატებისათვის გაწეული მომსახურებისათვის საშუალო ფასი მხოლოდ ,,ს.", დანარჩენი გადაცემის ლიცენზიატებისათვის, მათ შორის სს ,,ს.", განსაზღვრული იყო ფიქსირებული ფასი. ხსენებული ნორმა ითვალისწინებდა მხოლოდ ,,ს.", დადგენილი ტარიფის შეცვლის შესაძლებლობას ტარიფის ზღვრული საზღვრის (1.4 თეთრი/კვ. სთ) დაცვის პირობებში, დანარჩენი გადაცემის ლიცენზიატებისათვის, მათ შორის, სს ,,ს.", დადგენილებით განისაზღვრა გაწეული მომსახურებისათვის სახელმწიფო ფიქსირებული ფასი. მიუხედავად აღნიშნულისა, სს ,,ს." სემეკ-ის 19.10.98წ. ¹6 დადგენილებით განსაზღვრული ფასის ნაცვლად (0,6 თეთრი/კვტ.სთ) ელექტროენერგიის ცენტრალურ მომხმარებლებთან ფაქტობრივად იყენებდა ნაკლებ ტარიფს, კერძოდ: სს ,,ე. თ." _ 0,2 თეთრ /კვტ/ სთ-ზე, სს ,,რ." _ 0,2 _ 0,4 თეთრი /კვტ/სთ-ზე, სს .,მადნეულთან" _ 0,4 თეთრი/კვტ/სთ-ზე, შპს ,,ს. რ." _ 0,2-0,4 თეთრი /კვტ/სთ-ზე. სემეკ-ის 19.10.98წ. ¹6 დადგენილებით დამტკიცებული ტარიფის გაუქმების, მის ნაცვლად სემეკ-ის 31.05.99წ. ¹1 დადგენილებით (“საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, 1999წ. ¹26 (33), მუხ. 489) დამტკიცებული სს ,,ს." ელექტროენერგიის გადაცემისათვის ძაბვების მიხედვით შემცირებული ტარიფების შემოღების მიუხედავად, სს “ს." დადგენილზე უფრო ნაკლებ ტარიფებს იყენებდა შპს ,,ა.-პ.", სს ,,ე. თ." მიმართ. შპს ,,ს. რ." მიმართ სემეკ-ის 31.05.99წ. დადგენილების მოქმედების პერიოდში გამოყენებულია დადგენილზე უფრო მეტი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ წინა პერიოდის საანგარიშო დოკუმენტაციაში გაწეული ხარჯების საფასურის შემცირება არ იძლეოდა დადგენილი წესის დარღვევით ტარიფის გაზრდის საშუალებას. ენერგეტიკული პოლიტიკა ხორციელდება საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებით ენერგორესურსებზე ფასების (ტარიფების) რეგულირებით. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ინდივიდუალური აქტებით და წერილებით ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას, ნორმატიული აქტებით დადგენილი ტარიფის შეცვლას ადმინისტრაციული აქტის მეშვეობით. დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება (გამოცემა) და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება (გამოცემა). ამდენად, ის გარემოება, რომ “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-14 მუხლის მიხედვით, სემეკ-ის გადაწყვეტილება, დადგენილებასთან ერთად, სავალდებულოა ლიცენზიატისათვის, არ ქმნის ნორმატიული აქტით დადგენილი მომსახურების ღირებულების ტარიფის ინდივიდუალური აქტით შეცვლის საფუძველს, სს ,,ს.", როგორც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს, უნდა დაეცვა კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის განსაზღვრული ტარიფი. ნორმატიული აქტით განსაზღვრული ტარიფის ადმინისტრაციული აქტით შეცვლის საფუძველს არ იძლეოდა აგრეთვე 19.10.98წ. ¹6 დადგენილების მე-3 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა სემეკ-ში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე დადგენილი წესით ტარიფის განსაზღვრას. ამდენად, მართებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილებები, რომლითაც სს “ს.” დაუდგინდა ტარიფები ცენტრალურ მომხმარებლებთან, კერძოდ: სს ,,ე. თ.", სს “რ.”, სს “მ.”, შპს “ს. რ.” და შპს “ა.-პ.”, არ წარმოადგენდა სს “ს.” სახელმწიფოს მხრიდან სატარიფო რეჟიმის დამდგენ დოკუმენტს და არ ატარებდა მისთვის შესასრულებლად სავალდებულო ხასიათს. დიდი პალატა ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ განჩინებებში გატარებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს რეგულირებადი ფიქსირებული ფასი სემეკ-ის დადგენილებით და არა გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს, კანონიერი ნდობა პირს შეიძლება წარმოეშვას ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი აქტის მიხედვით, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს კანონით დადგენილი წესის დარღვევით მიღებული აქტის მიმართ (სზაკ-ია მე-60 მუხ.) კანონიერი ნდობა არ წარმოიშობა იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიანტს უნდა სცოდნოდა და დაეცვა კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ტარიფი. ტარიფების დადგენილი წესის დარღვევით რეგულირება არღვევს ტარიფების სახელმწიფო რეგულირების ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა მომხმარებელთა თანასწორობა, ყველა მომხმარებლისათვის დადგენილი წესის თანახმად დამტკიცებული ტარიფების მიხედვით ელექტროენერგიის მიწოდება, მომხმარებლებისა და საზოგადოებისათვის სემეკ-ის მასალების ხელმისაწვდომობა, ტარიფის დადგენის პროცედურის გამჭირვალობა (საჯარო განაცხადის გაკეთება, დაინტერესებული მხარეების მიერ შენიშვნების წარდგენა, ტარიფის დამტკიცების შემთხვევაში მისი ძალაში შესვლის ვადის დაცვა (სემეკ-ის 01.07.98წ. ¹3 დადგენილება, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონის VI თავი, სზაკ-ის XV, IX თავები)), ენერგიის გადაცემაზე კომერციული ორგანიზაციების დანახარჯების ეკონომიკური დასაბუთებულობის უზრუნველყოფა. ამდენად, 1999-2000 წლებში ,,ე. თ.", სს ,,რ.", სს ,,მ.", სს ,,ა. პ.", შპს ,,ს. რ." ანგარიშსწორებისას ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის გამო, მართლზომიერად განისაზღვრა სს ,,ს." ანგარიშსწორების ანგარიშიდან 534975,86 ლარის ამოღება. მართებულია აგრეთვე 1999წ. აპრილსა და მაისში ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის, კერძოდ, სემეკ-ის 19.10.98წ. ¹6 დადგენილებით დამტკიცებული ტარიფის ნაცვლად 0,4 თეთრი/კვტ/სთ-ზე გამოყენების გამო, სს ,,ს." 386056 ლარის გადახდის დაკისრება. სს სეგ ,,ს." ვერ წარმოადგინა ამ პერიოდში შემცირებული ტარიფის დადგენილი წესით განსაზღვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ 1999წ. აპრილსა და მაისში სს “ს.” თვითნებურად, კანონდარღვევით გამოიყენა ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი.

სემეკ-ის 21.10.98წ. ¹58 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, გადაცემის ლიცენზიატები ვალდებული იყვნენ დამოუკიდებლად გაეფორმებინათ ხელშეკრულებები ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელთან ან/და განაწილების ან/და წარმოების ლიცენზიანტებთან, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებისას გამოეყენებინათ სემეკ-ის 19.10.98წ. ¹6 დადგენილებით დამტკიცებული ტარიფები. სს “ს.” 1999წ. პირველ კვარტალში არ შეასრულა ამ გადაწყვეტილების არც ერთი მოთხოვნა, კერძოდ, არ დადო ხელშეკრულებები ენერგოკომპანიებთან და სხვადასხვა მომხმარებლებთან, არ გამოიყენა სემეკ-ის დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი. 21.10.98წ. ¹58 გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 1998წ. 1 ნოემბერიდან. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებები არ დაიდო 1999 წლიდან ელექტრობაზრის შემოღებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების კონტრაჰენტების ნების არარსებობის გამო. საქართველოს პრეზიდენტის 13.06.99წ. ¹370 ბრძანებულებით, ელექტობაზარს 1999წ. 1 ივლისიდან უნდა დაეწყო ფუნქციონირება, ამასთანავე, სემეკ-ის 21.10.98წ. ¹58 გადაწყვეტილება ემყარებოდა ,,საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის (სებ) ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 20.07.98წ. ¹421 ბრძანებულებას და სავალდებულო იყო ყველა ლიცენზიატისათვის. 1998წ. ნოემბრისა და დეკემბრის თვეში სს ,,ს." მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება სს ,,ს." და სახელმწიფო კომპანია ,,ს." შორის 16.09.96წ. დადებული კონტრაქტის საფუძველზე დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედება 1998წ. 31 დეკემბრამდე გაგრძელდა. 1999წ. იანვრიდან მარტის თვის პერიოდისათვის სს ,,ს." არ დაუდია პირდაპირი ხელშეკრულებები კონტრაჰენტებთან, ამასთანავე, ამ პერიოდში არ გაგრძელებულა სს ,,ს." და სახელმწიფო კომპანია ,,ს." შორის 18.09.96წ. დადებული კონტრაქტის მოქმედების ვადა, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი ითვალისწინებდა მოქმედების ყოველწლიური გაგრძელების შესაძლებლობას, ამასთანავე კონტრაქტი, სს ,,ს." მიერ მომსახურების ანაზღაურების მიზნით ითვალისწინებდა სს ,,ს." მიერ შედგენილი და სახელმწიფო კომპანია ,,ს." შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის სს ,,ს." და სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს" გენერალური დირექტორების მიერ დამტკიცებას. სს ,,ს." არ წარმოუდგენია 1999წ. I კვარტალში გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლის საწარმოს ბალანსზე ასახვის რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, გაწეული მომსახურეობის მიუხედავად, სს “ს.” მომსახურების საფასური არ მიუღია და არც მოუთხოვია სახელმწიფო კომპანია “ს.”. ამდენად, სს “ს.” მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების საკითხი 1999წ. იანვრიდან მარტის ჩათვლით მოუგვარებული იყო, სს “ს.” არც პირდაპირი ხელშეკრულებები დაუდია და არც სახელმწიფო კომპანია “ს.” 1996წ. დადებული ხელშეკრულების მოქმედება გაუგრძელებია, რაც წარმოადგენს 1999წ. პირველ კვარტალში ელექტროენერგიის გადაცემისათვის მიუღებელი შემოსავლიდან ფასების და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის, კერძოდ გადაუხდელი სახელმწიფო გადასახადის (დღგ) და საჯარიმო თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღების საკმარის საფუძველს. ამდენად, ,,ს." ანგარიშიდან სს ,,ს." კუთვნილი გადასახადის ასახვა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანებაში არ წარმოადგენს ,,ფასების და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" კანონით გათვალისწინებული სანქციებისაგან კასატორის გათავისუფლების საფუძველს. თითოეული ორგანიზაციის მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორება ინდივიდუალურად უნდა მომხდარიყო, რაც დასტურდება მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 07.06.02წ. წერილით. შპს “ს.-....-ის” 08.08.01წ. წერილით დასტურდება, რომ 1999წ. პირველ კვარტალში სს “ს.” და სახელმწიფო კომპანია “ს.” შორის ანგარიშსწორება არ მომხდარა სს “ს.” მიერ ანგარიშ-ფაქტურების წარუდგენლობის გამო. შპს ,,ს.-...." არ წარმოადგენს ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობიდან წარმოშობილ სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს, შესაბამისად არ არსებობდა სასამართლოს მიერ სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მისი საქმეში მესამე პირად ჩაბმის საფუძველი. უსაფუძვლოა ხსენებულ წერილებსა და საკასაციო საჩივარში მითითება საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებაზე. საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ორგანოებთან შეთანხმების საფუძველზე, ელექტროენერგეტიკული სექტორის კომპანიების საგადასახადო ვალდებულება შეიძლება დაიფაროს მესამე პირის (გადასახადის არაუშუალო გადამხდელის, მათ შორის გადასახადის გადამხდელის მოვალეების) მიერ, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების სახით შეტანილია სადავო პერიოდის – 1999წ. I კვარტლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე 1999წ. იანვარ-მარტში დაშვებული ფასების და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის გამო, კასატორს მართლზომიერად დაეკისრა 2221476,68 ლარის გადახდა.

დიდი პალატა იზიარებს რა საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაცემის ტარიფი სემეკ-ის დადგენილებით და არა გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვრულიყო, არ ეთანხმება სადავო აქტებით 2000წ. თებერვალ-აპრილსა და ნოემბერ-დეკემბერში ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის გამო სს ,,ს." ანგარიშსწორების ანგარიშიდან 1115170 ლარის ამოღებას. საქმის მასალების მიხედვით, 2000წ. თებერვალ-აპრილში სს ,,ს." მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია საბითუმო ბაზას მიეყიდა 5,08 თეთრად ერთ კვტ/სთ-ზე, ანუ სემეკ-ის 01.02.2000წ. ¹5 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ტარიფით, ხოლო ნოემბერ-დეკემბერში 4.78 თეთრად ერთ კვტ/სთ-ზე. სემეკ-ის 29.12.2000წ. ¹87 გადაწყვეტილებით მოდიფიცირებულ იქნა სემეკ-ის 01.02.2000წ. ¹5 გადაწყვეტილებით სს ,,ს." სახელზე გაცემული ელექტროენერგიის იმპორტის ლიცენზია, მასში შეტანილი ცვლილებების შედეგად ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელდა ერთი წლით, 2000წ. ნოემბერ-დეკემბერში რეალიზებული (ფაქტობრივი) ელექტროენერგიის ტარიფი დადგინდა 4,78 თეთრი კვტ/თ-ზე. დიდი პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ელექტროენერგიის იმპორტი არ ექვემდებარება სახელმწიფოებრივი რეგულირების სფეროს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოებრივ რეგულირებას ექვემდებარება არა ელექტროენერგიის შესყიდვის ფასი, არამედ ელექტროენერგიის იმპორტის და ექსპორტის წესი, იმპორტირებული ელექტროენერგიის საქართველოში რეალიზაციის ფასი. ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ფასწარმოქმნა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობაში ხორციელდება საერთაშორისო პრაქტიკაში საყოველთაოდ მიღებული პრინციპების საფუძველზე. საექსპორტო და საიმპორტო საქონელზე (მომსახურებაზე) ფასების ფორმირებისას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, პრიორიტეტი ენიჭება ექსპორტის სტიმულირებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდას და ქვეყნის შიდა ბაზრის სტაბილიზაციას. განსახილველ შემთხვევაში იმპორტირებული ელექტროენერგიის რეალიზაციის ფასის განსაზღვრა, რომლებიც სემეკ-ის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტების _ 01.02.2000წ., აგრეთვე, 29.12.2000წ. გადაწყვეტილებების მეშვეობით, ასევე, სემეკ-ის 29.12.2000წ. გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების ძველ პერიოდზე, კერძოდ 2000წ. ნოემბერ-დეკემბერზე გავრცელება, არ იძლეოდა საერთაშორისო კომპანია ,,ვ. ი." დადებული ხელშეკრულების საფუძველზე იმპორტირებული ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული მთელი შემოსავალის უკანონო შემოსავლად მიჩნევის საფუძველს. სემეკ-ის 01.02.2000წ. ¹5 და 29.12.2000წ. ¹87 გადაწყვეტილებების მიღება მოხდა იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე სემეკ-ის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ტარიფის მოქმედების, კერძოდ, სემეკ-ის 31.05.99წ. ¹1 დადგენილების მოქმედების პერიოდში, რომლითაც განსაზღვრული იყო იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფი (6.2. ლ). ამდენად, უკანონო შემოსავლად უარეს შემთხვევაში უნდა მიჩნეულიყო სხვაობა დადგენილებით და გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ტარიფებს შორის და არა ელექტროენერგიის იმპორტიდან მიღებული მთელი შემოსავალი. ამასთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სემეკ-ის 31.05.99წ. ¹1 დადგენილებით განისაზღვრა იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო, შეწონილი ტარიფი, ხოლო სს ,,ს." მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია საბითუმო ბაზარს 2000წ. თებერვალ-აპრილში მიეყიდა იმ ფასად, რომელიც იყო განსაზღვრული სემეკ-ის 01.02.2000წ. გადაწყვეტილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის იმპორტის ლიცენზიის ძირითადი მონაცემებით (5,08 თეთრი/კვტ/სთ). რაც შეეხება ,,ვ. ი." 2000წ. ნოემბერ-დეკემბერში იმპორტირებულ ელექტროენერგიას, მხედველობაშია მისაღები, რომ სემეკ-ის 31.05.99წ. ¹1 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა სემეკ-ის 31.08.2000წ. ¹8 დადგენილებით, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფი უნდა განსაზღვრულიყო სემეკ-ის გადაწყვეტილებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

05.06.01წ. შემოწმების აქტის ¹17 დანართი ადასტურებს, რომ ,,ვ. ი." დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უკანონო შემოსავლად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლისათვის გადახდილი და ბაზარზე რეალიზებული თანხის სხვაობა, კერძოდ, თებერვალ-აპრილში-471081 ლარი (6157976,0-5686895,0), ხოლო ნოემბერ-დეკემბერში 86504 ლარი (3883272,0-3796768,0), სულ 557585 ლარი.ამდენად, დიდი პალატა თვლის, რომ შემოწმების აქტი, აგრეთვე სადავო აქტები იმ ნაწილში, რომლებიც ეხება 2000წ. თებერვალ-აპრილსა და ნოემბერ-დეკემბერში ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის გამო სს სსგ ,,ს." ანგარიშსწორების ანგარიშიდან 1.115170 ლარის დაკისრებას (557585 ლარის შემოსავალს მიმატებული იმავე ოდენობის საჯარიმო თანხა), არ არის დასაბუთებული. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს და საქმეში დაცულ მტკიცებულებებს, გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს. ამდენად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით, ხელახალი არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ამ ნაწილის ფაქტობრივი გარემოებები, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სათანადო შეფასება უნდა მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

საფუძველს მოკლებულია აგრეთვე საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითება იმის შესახებ, რომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სადავო აქტებით სს ,,ს." გადასახდელად დაეკისრა 4792654,4 ლარი. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 18.07.01წ. ბრძანებით დადგინდა აღნიშნული თანხის სს ,,ს." ანგარიშსწორების ანგარიშიდან ამოღება. ამასთანავე, “საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს 14.08.01წ. ¹103 ბრძანებაში ,,საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ფასების სახელმწიფო ინსპექციის მიერ 2001წ. II კვარტალში სს ,,ს." ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დაცვის სისწორის შემოწმების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შესახებ" ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 18.07.02წ. ¹01/01-01/100 ბრძანებით სს ,,ს." ანგარიშსწორების ანგარიშიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებას დაექვემდებარა (საჯარიმო თანხის გათვალისწინებით) 4257678,54 და არა 4792654,4 ლარი. სზაკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, რაც არ ქმნის აქტის გაუქმების, ახალი აქტის გამოცემის საფუძველს. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მინისტრის 18.07.02წ. ბრძანების გამოცემით განხორციელდა არა შესწორების შეტანა, არამედ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. სზაკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს ზუსტად თუ რა უნდა იქნეს მიჩნეული არსებით ცვლილებად, აღნიშნულის დადგენა კანონმდებელმა პრაქტიკას მიანდო. მინისტრის სადავო ბრძანებები მიღებულია 05.06.01წ. შემოწმების აქტის საფუძველზე, მათ საფუძვლად უდევთ შემოწმების მასალები, მინისტრის 18.07.02წ. ბრძანება გამოცემულია 14.08.01წ. ბრძანებაში დაშვებული მექანიკური უზუსტობის აღმოფხვრის მიზნით. ამოსაღები თანხის დაზუსტება, საერთო თანხის (4257678,54 ლარი) შემადგენელი ნაწილების და ფასების და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის პერიოდების მითითება არ სცილდება შემოწმების მასალებს, ბრძანებით არ არის დამატებული ან უარყოფილი შემოწმების პერიოდში სს ,,ს." მიერ დაშვებული ფასების და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის რომელიმე დარღვევა, არ არის მოშველიებული შემოწმების აქტში მოყვანილი არგუმენტებისაგან რაიმე განსხვავებული მოტივი, 18.07.02წ. ბრძანების გამოცემით არ მომხდარა მხარეთა უფლება-მოვალეობების ისეთი კორექტირება, რომელიც არ არის დაკავშირებული ტექნიკურ და გამოთვლით შეცდომასთან. ამდენად, ადგილი არ ჰქონდა აქტის არსებით შესწორებას, მინისტრის 18.07.02წ ბრძანება არ საჭიროებდა ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის დადგენილი პროცედურის ხელახლა ჩატარებას. რაც შეეხება სზაკ-ის 52-ე მუხლის მოთხოვნებისადმი მინისტრის სადავო აქტების შეუსაბამობას, საკასაციო საჩივრის ეს მოტივი არ წარმოადგენს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს. პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ აქტში იმ ორგანოს არმითითება, რომელშიც შეიძლება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, მისი მისამართის და საჩივრის (ან სარჩელის) წარდგენის ვადის მიუთითებლობა, არის საჩივრის (სარჩელის) წარდგენის ვადის გაგრძელების, გასაჩივრების უფლების და წესის დაინტერესებული მხარისათვის გაცნობის მომენტიდან ხანდაზმულობის ათვლის და არა აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

სადავო ბრძანებები ამოღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტსა და ფასების ინსპექციის ანგარიშზე განაწილების ნაწილში არ ეხება კასატორის ინტერესებს, არ აყენებს მას პირდაპირ და უშუალო ზიანს (სასკ-ის 22-ე მუხ. მე-2 ნაწ). ამოსაღები თანხის საბოლოო განსაზღვრისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მოქმედი კანონმდებოლობის გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტოს თანხის ჩარიცხვის საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სს ,,ს." საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სადავო ბრძანებების იმ ნაწილის ბათილად ცნობის მოთხოვნაზე სს გეს ,,ს." სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, რომელიც ეხება სს ,,ს." ანგარიშსწორების ანგარიშიდან 2000წ. თებერვალ-აპრილსა და ნოემბერ-დეკემბერში ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის გამო 1115170 ლარის დაკისრებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და დაუბრუნდეს ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს. საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, სს გეს ,,ს." საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. დიდი პალატა ითვალისწინებს, რომ კასატორს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით, ხოლო ფასების ინსპექცია ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ჟ" ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს გაერთიანებული ენერგოსისტემა ,,ს." საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის (ამჟამად ეკონომიკური განვითარების) მინისტრის 14.08.01წ. და 18.07.02წ. ბრძანებების იმ ნაწილის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, რომლითაც სს ,,ს." ანგარიშსწორების ანგარიშიდან 1115170 ლარის ამოღება დადგინდა და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.